„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თემა მთლიანად პოლიტიზირებულია“

„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თემა მთლიანად პოლიტიზირებულია“

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ ბუბა კუდავას საქმიანობით პროკურატურა დაინტერესდეს. პრეტენზიები ფონდების ინვენტარიზაციისას, გაურკვევლობა ხელფასების გაცემის წესში და ხარვეზები შესყიდვების კანონში, - ეს იმ დარღვევების არასრული ჩამონათვალია, რაც განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აღმოაჩინა.

„როგორი მენეჯერი იყო ბუბა კუდავა, ამას გვაჩვენებს აუდიტის სამსახური. მასში არის დარღვევებზე საუბარი. იქ ვერ დავადგინეთ წესი, რის მიხედვით ნაწილდებოდა ხელფასები მივლინებაზე, ბიუჯეტირებაზე, შესყიდვების კანონის სისტემურ დარღვევებზე. კონტროლის პალატასაც მივმართავთ, რომ შეისწავლოს წინა წლების საქმიანობა“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ. ხოლო ის პროტესტი, რომელიც დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან ფიქსირდება, ნაწილობრივ პოლიტიკურად შეაფასა და განმარტა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ არასწორი ინფორმაცია.

თავის მხრივ, ბუბა კუდავამ თეთრი ძაფით ნაკერ საქმედ და ბოლშევიკური მეთოდით არასასურველი პერსონის ჩამოცილებად აღიქვა განათლების მინისტრის ბრალდება. მის დასაცავად გაფიცულმა თანამშრომლებმა კი რეაგირებისთვის პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს მიმართეს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან ბუბა კუდავას გათავისუფლებას საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავაც ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი ძმის გათავისუფლება აშკარად პოლიტიკურია, რადგან მთავრობას შეეწინააღმდეგა მისთვის ძვირფასი ფასეულობების გამო. კერძოდ, მამუკა კუდავა აცხადებს, რომ მისმა ძმამ არ დაუშვა ივანიშვილის მიერ მე-10 საუკუნის ლაილაშის ებრაულენოვანი ბიბლიის გასხვისება და ხელნაწერთა ცენტრის ტერიტორიის გაყიდვა. სწორედ ამიტომააცაა, რომ ყველა თანამშრომელი გვერდში დაუდგა განათლების სამინისტროს საპირისპიროდ.

უფრო ადრე გადაცემა „თეორემაში“ ბუბა კუდავამაც აღნიშნა, რომ ის წინ აღუდგა ლაილაშის ბიბლიის შესაძლო გატანას და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გადატანას სამების ტაძრის უკან არსებულ ტერიტორიაზე, ანუ შედარებით მცირე ფართზე.

ბუბა კუდავას თქმით, ლაილაშის ბიბლია, მე-10-11 საუკუნეების უნიკალური ებრაული ხელნაწერი და ძველი აღთქმის ერთ-ერთი სრული ტექსტი ებრაულ ენაზე, სამეცნიერო წრეებში დიდ დაინტერესებას იწვევს. 90-იან წლებში ამ ხელნაწერით დაინტერესებულნი იყვნენ კრიმინალებიც და ხელნაწერთა ინსტიტუტის მცველ ქალბატონს საცავიდან ხელნაწერის გატანის სანაცვლოდ, 50 ათას დოლარსაც დაჰპირდნენ, რაც ქალბატონმა არ შეასრულა.

კუდავას თქმით, სულ ახლახანს გარემონტდა ებრაელთა მუზეუმი, რისთვისაც ლაილაშის ბიბლიის გადაცემა მოითხოვეს. ხელნაწერთა მუზეუმმა ამაზე უარი განაცხადა, რადგან ხელნაწერთა დაბრუნება-გადაცემის თემა მათთან დახურულია იმ მოტივოთ, რომ ეს ქაოსს გამოიწვევს. ამ ლოგიკით, ნებისმიერი რელიგიური თუ სახელმწიფო ორგანიზაცია ნებისმიერი სიძველის გატანას მოითხოვს. ამიტომ ებრაელთა მუზეუმს ბუბა კუდავამ თანამშრომლობა შესთავაზა ლაილაშის ბიბლიის ფაქსიმილურ ასლთან დაკავშირებით. მართლაც, ეს ფაქსიმილური ასლი ებრაელთა მუზეუმში გამოიფინა. ამის მიუხედავად, მუზეუმის დირექტორი ითხოვდა ლაილაშის ორიგინალის დაბრუნებას და ამბობდა, ფაქსიმილური ასლი მანამდე დაგვრჩება ებრაელთა მუზეუმში, სანამ არ მივიღებთ ლაილაშის ბიბლიის ორიგინალსო.

ბუბა კუდავას თქმით, მისი ინსტიტუტის თანამშრომლები სწორედ ამან აღაშფოთა და გადაწყვიტეს ფაქსიმილური ასლის წამოღება მუზეუმიდან, რასაც განათლების სამინისტროს მხრიდან ზეწოლა მოჰყვა, რათა ფაქსიმილური ასლი ებრაელთა მუზეუმს დარჩენოდა.

რაც შეეხება სამინისტროს ბრალდებას ხარჯებისა და პრემიების არასწორ გადანაწილებასთან დაკავშირებით, კუდავა აცხადებს, რომ დაბალი ბიუჯეტის გამო პრემიები მათთან თითქმის არ გაიცემა, თუმცა მათი 8-ათასლარიანი დანამატი 35 თანამშრომელზე ნაწილდება და თითო პირზე დაახლოებით 180 ლარი გამოდის. თავად კუდავა ირწმუნება, რომ დანამატი და პრემია დირექტორობის პერიოდში არ აუღია და თამარ სანიკიძე განზრახ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს.

კულუარულად საუბრობენ იმაზეც, რომ საკითხი პოლიტიზირებულია და ბუბა კუდავა ისჯება ძმის - მამუკა კუდავას გამოც, რომელიც საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი იყო. ბუბა კუდავას დასაცავად გააქტიურდნენ ნაციონალებიც: დიმიტრი შაშკინი, გია ბარამიძე, სერგო რატიანი.

მართალია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ახალი დირექტორის მიღებას არ აპირებენ, მაგრამ ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მშვიდობიანად დასრულდება ყველაფერი და თოფით და იარაღით იქ არავინ მივა.

პროკურატურის მხრიდან ბუბა კუდავას საქმიანობით დაინტერესებას ზაზა აბაშიძე ეჭვის თვალით უყურებს. ის ფიქრობს, რომ ბუბა კუდავა, რომელსაც იგი ძალიან კარგად იცნობს (კუდავა და მისი მეუღლე ზაზა აბაშიძის სტუდენტები იყვნენ), უდანაშაულო იქნება.

„ინფორმაციას არ ვფლობ, თუ რა დასკვნა დადო აუდიტმა. არა მგონია, ფინანსური მაქინაციები იყოს, მართლა არ ვიცი მათი ხელფასები, მაგრამ, მე მგონი, ბუბა კუდავა არ იღებდა მაღალ ხელფასს, სხვა მხრიდან თუ ჰქონდა შემოსავალი, ეს მისი ნება იყო, არავინ უკრძალავდა, ჰქონოდა გვერდითი შემოსავლები. პოლიტიკური ნიშნით დევნა კი სასაცილოა. ხელისუფლებაში ყველა რგოლი ნაციონალებს უჭირავთ და რაღა მაინცდამაინც მამუკა კუდავას გამო მოუნდებოდათ ბუბასთან დაპირისპირება? ყოფილი ელჩები დღეს გაფურჩქნულები და აყვავებულები სხედან. ორშაბათს მხოლოდ კეთილი განწყობით მივალ ხელნაწერთა ცენტრში, რასაკვირველია, შევხვდები თანამშრომლებს, მინდა, რომ ცენტრის სტატუსი აიწიოს, ის გახდეს ქართული მეცნიერების კერა, ღირსეული ხელფასებით. თუ ეს მოვახერხე, ხომ კარგი, თუ არადა, წამოვალ. რაც შეეხება ბუბა კუდავას მიმართ საკუთარ თანამშრომელთა თანადგომას, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ადამიანები არასდროს არ უნდა იჩენდნენ უმადურობას. ძალზე კარგი თვისებაა, რომ თავის ყოფილ ხელმძღვანელს მხარს უჭერენ“, - გვითხრა ზაზა აბაშიძემ.

ჩვენ დავინტერესდით, როგორ შეძლებდა იგი თანამშრომლობას იმ ადამიანებთან, რომლებიც მხოლოდ ბუბა კუდავას ცნობდნენ დირექტორად, რაზეც ზაზა აბაშიძემ აღნიშნა, რომ ძალზე რთული იქნება მათთან თანამშრომლობა, მაგრამ იმედოვნებს, რომ ნორმალურ ურთიერთობას დაამყარებს, რადგან კომისიის სხდომაზე მას ობიექტურად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მიანიჭეს შვიდი ხმა.

„არ მგონია, გამიჭირდეს ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება, ჯერჯერობით, ეს არასდროს გამჭირვებია. ამ ინსტიტუტში ბევრ მეცნიერს ვიცნობ, მათ დიდ პატივს ვცემ, არიან არაჩვეულებრივი ისტორიკოსები, ეთნოლოგები. მათ შორის, კარგი ურთიერთობა მაქვს ბუბა კუდავას გუნდის წარმომადგენლებთან, ყველანი ჩემი სტუდენტები არიან და, მე მგონი, თვითონაც მიხვდებიან, რომ ახლა კონფრონტაციას აზრი არ აქვს“.

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მიიჩნევს, რომ ეს თემა მთლიანად პოლიტიზირებულია და ბუბა კუდავას იცავენ ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან დიმიტრი შაშკინი და გია ბარამიძე. უფრო მეტიც, როცა ინსტიტუტის თანამშრომლებისთვის ასე მიუღებელია შესანიშნავი მეცნიერი და პიროვნება ზაზა აბაშიძე, ეს უკვე გარკვეული დიაგნოზია ქართული კულტურისთვის. ეს ზუსტად ის ინსტიტუტია, რომელმაც 70-იან წლებში გააგდო ამ ინსტიტუტის ფუძემდებელი ილია აბულაძე და იგი ცოტა ხანში გულით გარდაიცვალა.

„მათი ყოფილი თანამშრომელი ვარ. სამი წელი ვიყავი ხელნაწერთა ინსტიტუტის ასპირანტურაში, ამის შემდეგ ინსტიტუტთან შეხება არ მქონია და არ ვარ ამ მოვლენებში კარგად ჩახედული. თუმცა არაფერი მარადიული არ არის და გაუგებარია, რატომ ცხადდება ერთი ადამიანი უალტერნატივოდ“,-აღნიშნა For.ge-სთან საუბარში ზაზა შათირიშვილმა.

ჩვენ დავუკავშირდით აღნიშნული ინსტიტუტის თანამშრომელს, პროფესორ მზექალა შანიძეს, მაგრამ იგი მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ დაადასტურა დაპირისპირება ინსტიტუტის თანამშრომლებსა და სამინისტროს შორის. აუდიტის სამსახურის დასკვნის შესახებ იგი ინფორმაციას არ ფლობდა და აცხადებდა, რომ არ ერეოდა ამ საკითხებში. ზოგადად, მას მიაჩნდა, რომ ასეთ თემებზე სატელეფონო საუბარი არ შეიძლებოდა.