გაძვირდება თუ არა ჯანდაცვა?

გაძვირდება თუ არა ჯანდაცვა?

ლარის დევალვაციამ გააჩინა მოლოდინი, რომ შესაძლოა გაძვირების პროცესი სოციალურად მნიშვნელოვან ისეთ ფაქიზ სექტორსაც  შეეხოს, როგორიც სამედიცინო სფეროა. ჯერ–ჯერობით, მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებზე ფასები კრიტიკულად გაძვირებული არ არის, მაგრამ საზოგადოება შეშფოთებით აკვირდება პროცესებს და ხელისუფლებისგან პრევენციული ზომების მიღებას ითხოვს.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხელისუფლების ყველაზე წარმატებულ პროექტად სამართლიანად ითვლება. თუ მის მიმდინარეობას რაიმე ხელშესახები საშიშროება დაემუქრა, ეს ხელისუფლების რეიტინგზე უარყოფითად იმუშავებს. ამდენად, უნდა ვიფიქროთ, რომ შესაბამისი სახელისუფლო მიმართულებები ამ გამოწვევის მნიშვნელობას რეალურად აფასებენ.

ეკონომიკური პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციამ, – ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ, რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მედიკამენტებზე  და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდის  გაგრძელება, ხელს  შეუშლის  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და შესაძლოა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა საგრძნობლად დაამძიმოს.

არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, დააჩქაროს მედიკამენტების ბაზრის და სამედიცინო მომსახურეობის ისეთ სისტემაზე გადასვლა, რომელიც  ევროპულ ხარისხს და ხელმისაწვდომ ფასებს მოიტანს.

"ამისათვის აუცილებელია, ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ყველა მომსახურებასა და სერვისზე ხარჯეფექტიანობის ოპტიმალური სისტემის შემუშავება და მედიკამენტებზე ფასწარმოქმნის გამჭვირვალობის უზრუნვლეყოფა მოხდეს. აუცილებელია ასევე შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რათა კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ანგარიშვალდებულების გამჭვირვალობის გაზრდა მოხდეს და აღნიშნული ინფორმაცია მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს", - აღნიშნავენ ახალგაზრდა ფინანსისტები გავრცელებულ მედია–რელიზში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მედიკამენტებისა და სამედიცინო სერვისების გაძვირების პრობლემა არ არის ისეთი აქტუალური, როგორიც, მაგალითად, ამ 2 თვის წინ იყო. მისი თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებმა მაშინ დიდი სამუშაო გასწიეს და პრაქტიკულად ყველა წამყვანი კლინიკისა და საააფთიაქო ქსელის ადმინისტრაციასთან ისაუბრეს და დაარწმუნეს ისინი, რომ ფასების გაზრდის გადაწყვეტილება არ მიეღოთ მანამ, ეს პროცესი უკიდურეს კრიტიკულ ნიშნულს არ მიაღწევდა. საბედნიეროდ, სექტორის ყველა რგოლის წარმომადგენელთან მოხერხდა ურთიერთგაგების მიღწევა და ახლა, როცა გაცვლითი კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება, ბუნებრივია, ეს პრობლემა ისეთი აქტუალური აღარ არის, – ასე ფიქრობს მინისტრის მოადგილე.

კარგია, რომ სამინისტრო მუშაობს  და კონტროლს უწევს მიმდინარე პროცესებს, მაგრამ არც მას და არც მთლიანად მთავრობას არანაირი რეალური ბერკეტი არ გააჩნია, რომ თუკი მომავალში მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებზე გაძვირების ტენდენცია შეუქცევადი გახდება, მას წინ აღუდგეს.

კვარაცხელია კი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, მთავრობა წავა ეკონომიკური თვალსაზრისით ისეთ არაპოპულარულ, მაგრამ აიცილებელ ნაბიჯებზე, როგორიც არის პროდუქტებსა და მომსახურებაზე ზედა ზღვარის დაწესება ან/და გარკვეული მიმართულებების სუბსიდირებაზე. თუმცა, ფაქტია, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება საბაზრო ეკონომიკის პირობებში იოლი ნამდვილად ვერ იქნება და არც გრძელვადიან პერსპექტივაში მოიტანს შედეგს.

გარდა ამისა, კვარაცხელია საუბრობს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "Global Alliance for Health and Social Compact"-თან ურთიერთობაზე, რომელთანაც მთავრობამ გრძელვადიან შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ჩვენ გვჭირდება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მათი შეჯერება ჩვენს ხედვებთან და ამ გზით ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების დროულად მიღება. უმთავრესი მიზანია, შევქმნათ ხარჯეფექტური და იმავდროულად ხელმისაწვდომი სისტემა და გავაუმჯობესოთ ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის დონის ყველა კომპონენტი. „ალიანსთან“ ურთიერთობა ამ ამოცანების გადაჭრაში ფასდაუდებელ სამსახურს გაგვიწევს, – ამბობს კვარაცხელია.

თავის მხრივ, "Global Alliance for Health and Social Compact"-ის ექსპერტი იური სუბოტინი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი სამუშაო გასწია ხარისხის გაზრდისა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მისი თქმით, მედიკამენტებისა და სამედიცინო სერვისების ბაზარი საქართველოში კარგად ვითარდება,  როგორც უსაფრთხოების, ისე ზოგადად ევროპული მიდგომების დანერგვის თვალსაზრისით. თუმცა, საქართველო ამ რთული გზის მხოლოდ დასაწყისშია. მაგრამ მთავარია, რომ მთავრობას  გააზრებული აქვს ამ ამოცანის გადაჭრის სირთულე, რეალურად ხელეწიფება მისი გადაჭრა  და რაც მთავარია, აქვს საამისო კეთილი ნება, – აცხადებს „გლობალური ალიანსის“ ექსპერტი.

სუბოტინს მიაჩნია, რომ  მთავრობა აკონტროლებს ვითარებას და მედიკამენტებზე დანახარჯების შეკავების მექანიზმებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. ის, ამ ნიადაგზე, არანაირ სოციალურ დაძაბულობას არ ელის, რამდენადაც აცხადებს, რომ ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უკვე ხორციელდება ერთობლივი სამუშაოები საიმისოდ, რომ დარგში წლობით დაგროვილი პრობლემების გადაჭრა მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალური  გათვალისწინებითა და უმტკივნეულოდ მოხდეს. 

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ხუნდაძის აზრით, მედიკამენტებზე და სერვისებზე ფასების სტაბილურობა მიღწეულია და ახლა მთავარი ამოცანა ხარისხის კონტროლის გამკაცრებაა. საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში ის აცხადებს, რომ დღეისათვის 500-მდე მედიკამენტი ფიქსირდება სხვადასხვა ნამატით, მაგრამ ბაზარზე მიმოქცევაში არის 15 000-ზე მეტი ფარმაცევტული მედიკამენტი, რომელთა ფასიც დღემდე უცვლელია. მის აზრით,  ეს არ არის მასშტაბური რიცხვი და აპოკალიფსური შედეგი, თუმცა მიიჩნევს, რომ ერთი მედიკამენტის გაძვირებაც, რომელიც  სჭირდება სოციალურად დაუცველს ან პენსიონერს, მნიშვნელოვანია.

ხელმისაწვდომობის პრობლემას მწვავედ სვამენ უფლებადამცველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც. მაგალითად, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ ხარისხი და ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე უფლებაა და არა ფუფუნება და რომ მთავრობამ, სოციალური პაკეტების გაუმჯობესება და ხარჯვის ეფექტიანობის გაზრდა უნდა უზრუნველყოს.

ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლები საკითხს ფრთხილად უდგებიან. ერთ–ერთი მსხვილი სააფთიაქო ქსელის, GPC-ის ხელმძღვანელი, დავით კილაძე ამბობს, რომ მედიკამენტები იაფი ვერ იქნება. საამისო არგუმენტად მას ის ფაქტი მოაქვს, რომ თითო მედიკამენტის შემუშავება და სხვადასხვა საჭირო კვლევის შესაბამის პირობებში ჩატარება, საშუალოდ, ნახევარი მილიარდი დოლარი ჯდება. მისივე თქმით, ვინაიდან მედიკამენტებიც ეკონომიკური აქტიურობის ნაწილს წარმოადგენს, ვალუტის რყევა და ფასების ცვლილება მათზეც აისახება. მედიკამენტიც ეკონომიკური აქტიურობის ნაწილია. შესაბამისად, როდესაც იცვლება ვალუტის ღირებულება, ამას ცხადია, მედიკამენტის გაძვირებაც თან ახლავს. მაგრამ იმ სოციუმიდან გამომდინარე, სადაც ვცხოვრობთ, რა გარემოშიც გვიწევს ფუნქციონირება, ჩვენ ვცდილობთ ეს კატაკლიზმური, ნახტომისებური ცვლილებები ფასზე არ აისახოს, – აცხადებს კილაძე.

მედიკამენტებსა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ჯერ არ გამოხმაურებია ჰოსპიტალური სექტორი. სავარაუდოდ, ეს ბიზნესიც გაწეული დანახარჯების, მათ შორის კაპიტალური ხარჯების, სიდიდესა და სერვისის მარალკვალიფიციურობაზე გააკეთებს აქცენტს. რა თქმა უნდა, ეს მომენტები ფასწარმოქმნისას გასათვალისწინებელია, მაგრამ ყველაფერი ხომ დათვლადია?! ჩვენ კი, ამ სერვისების მიმღებმა პირებმა, არ ვიცით რისგან შედგება ის ფასები და ტარიფები, რისი გადახდაც ამ პროდუქტებისა თუ სერვისების შეძენისას გვიხდება (მოარულ ხმებს, რომ ჰოსპიტალური სექტორი ცდილობს მაქსიმალურად „გაბეროს“ ფასები და ამ გზით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან რაც სეიზლება მეტი შემოსავალი მიიღოს, ან დადასტურება სჭირდება, ანაც უარყოფა). ამის უფლება კი ნამდვილად გვაქვს. ეს ცოდნა სამართლიანი არჩევანის გაკეთებაშიც დაგვეხმარება და არც მოტყუებულად ვიგრძნობთ თავს და აღარც ბიზნესს ჩავთვლით საზოგადოების მძარცველად. არადა, სამწუხაროდ, დღეს ბიზნესს საქართველოში, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ასეთად მიიჩნევს საზოგადოება და ასევე სამწუხაროდ, საამისო არგუმენტებიც არსებობს.

ბუნებრივია, ბიზნესის ბუნებაა, იყოს მაქსიმალურ მოგებაზე ორიენტირებული. მაგრამ სახელმწიფო არსებობს და ფუნქციონირებს იმიტომ, რომ ეფექტიანად ამუშაოს მარეგულირებელი მექანიზმები, არ დაუშვას ბაზრებზე კარტელური გარიგებები და მონოპოლიები, რათა ამით არ დამძიმდეს მისი მოქალაქეების მდგომარეობა. 

რაც შეეხება კონკრეტულად  სამედიცინო სექტორს, ის რასაც აცხადებს მთავრობა და კერძოდ ჯანდაცვის სამინისტრო, რომ გეგმავენ სექტორის გამჭვირვალობის ხარისხისა და  საკუთრივ მედიკამენტებისა და სერვისების ხარისხის კონტროლის მაქსიმალურად გაზრდას, ხარჯეფექტურობის მიღწევას, ამ გზაზე საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებას და საბოლოო ჯამში ევროპული ხარისხის სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფას, განცხადებებად კარგია, ვერაფერს იტყვი. თუმცა მთავარია, განცხადებები განცხადებებად არ დარჩეს და სწორი გადაწყვეტილებები დროულად იქნას მიღებული და ამოქმედებული.