ეროსი კიწმარიშვილი: „მაგიდის ქვეშ გივი თარგამაძეც იმალებოდა“

ეროსი კიწმარიშვილი: „მაგიდის ქვეშ გივი თარგამაძეც იმალებოდა“

For.ge აგრძლებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას

არჩევნებამდე პოლიტიკურმა ტემპერატურამ მაქსიმალურ ზღვარს მიაღწია. ხელისუფლების მომხრეები სასტიკად სცემდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ნაძალადევში მაჟორიტარი კანდიდატი დაჭრეს, ვიღაცა მდინარე ყვირილაში გადააგდეს, ლევან პირველმა „რუსთავი 2“-ის ოფისში დებატების შემდეგ, ნაციონალ ბესო ჯუღელს თავი გაუხეთქა, უკვე ვთქვი რაც დაემართათ აჭარაში ჩასულ სააკაშვილის მომხრეებს. იმავე ლევან პირველმა რესტორან ძველ სახლში გივი თარგამაძეს სცემა და შემდეგ იარაღი მოუმარჯვა, რა დროსაც თარგამაძე სააკაშვილის მსგავსად მაგიდის ქვეშ შეძვრა და თავი ასე გადაირჩინა. ამ ამბებს ირონიით სულაც არ ვიხსენებ, მოგვიანებით ხელისუფლებაში მოსულმა სააკაშვილმა და მისმა ჯგუფმაც, ასევე წარმატებით განაგრძეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა სასტიკად სცემა და არა მარტო არჩევნების დროს. ხაშურელი დეპუტატი გელაშვილი ამის კარგი მაგალითია.

სახელისუფლებო ბლოკს ოპოზიციონერთა რუსეთის აგენტობისთვის დადანაშაულებაც არ დავიწყებია და პრეს-სპიკერმა ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ ნინო ბურჯანაძეს ბრალი დასდო: იგორ გიორგაძესთან აქვს კავშირი და რაღა თქმა უნდა, ბურჯანაძე რუსეთის აგენტიაო. ჰოი, საკვირველებავ! ამის შემდეგ, თავად სარიშვილი-ჭანტურია გიორგაძის პარტიას სათავეში ჩაუდგა და დღემდე უშიშროების ყოფილი და ამჟამად ძებნილი მინისტრის პოლიტიკურ პარტიას ხელმძღვანელობს. მისი შეფი კი კარგა ხანია მოსკოვში ცხოვრობს.

მშვიდად არც არჩევნების დღეს ჩაუვლია, ჩვენი კორესპოდენტები თბილისსა თუ რეგიონებში დიდი რისკის ხარჯზე აფიქსირებდნენ ყველა უკანონობას, ეს იქნებოდა ე.წ „კარუსელი“ თუ სხვა უმსგავსობა. რუსთავში მაკა ფანქველაშვილმა გადაიღი საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც საარჩევნო ყუთს სადღაც მიაცუნცულებდა, რომ ყუთი კარგად გაეტენა მმართველი პარტიის სასარგებლოდ შემოხაზული ბიულეტენებით.

ამ დარღვევების გაშუქების გამო, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერმა ინტელიგენციამ, როგორადაც თვის თავს უწოდებდა შევარდნაძისადმი მაამებლურად განწყობილი ელიტა, ჩვენ ოპოზიციურ ტელეკომპანიად, ანუ მხარედ გამოგვაცხადეს.

ჩვენ პატიოსნად ვაშუქებდით უკანონობის ამსახველ ვიდეომასალას და ნამდვილად არ მიფიქრია მხარე ვიყავი თუ ჰორიზონტი. მთავარია, არავის აეჭვებდა თავად გადაღებული ვიდეომასალის უტყუარობა, თავისუფალი მედია საშუალება ვიყავით და მოპოვებულ მასალას მაყურებელს შეულამაზებლად ვაჩვენებდით და თუკი ვინმეს მხარეზე ვიყავით, ვიყავით ხალხის, საზოგადოების მხარეს, რომელიც სიმართლის შესატყობად წლების მანძილზე შემოგვყურებდა. სიუჟეტებში ცუდად ჩნდებოდა ის ხალხი, ვინც ამ უკანონობას ჩადიოდა და ეს სახელისუფლებო პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერები იყვნენ, ვინაიდან გაყალბების საშუალება მხოლოდ მათ გააჩნდათ. ოპოზიციონრებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ და ამ გაჭირვებულებს რისი დაშავების თავი ჰქონდათ.

მოკლედ, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებმა ძალიან - ქართულად ჩაიარა. გაიტაცეს ყუთები, ურტყეს ერთმანეთს, და სიახლე აღმოჩნდა ის, რომ უამრავმა ადამიანმა ვერ მისცა ხმა, ვინაიდან საარჩევნო სიებში არ აღმოჩნდნენ. ეს ძირითადად დედაქალაქში ხდებოდა, თუ რატომ ამაზეც ვისაუბრებ.

ჩემსა და „გლობალ სტრატეჯი გრუპს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ეგზიტპოლის შედეგი არჩევნების დამთავრებისთანავე, ანუ 8 საათისათვის უნდა გადმოეცათ. ამ საათს მოუთმენლად ველოდებოდი. არჩევნების დასრულებამდე ერთი საათით ადრე მობილურ ტელეფონზე ზურა ჟვანიას გუნდის აქტიურმა წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა დამირეკა და მკითხა:

- ეროსი იცი შედეგები?

- საიდან უნდა ვიცოდე შედეგები, ჯერ ეგზიტპოლიც არ მიმიღია.

გოგორიშვილი მიხსნის, რომ მარცხდებიან, ვინაიდან ზურას მომხრეები საარჩევნო სიებიდან ამოუღიათ. ძალიან მეწყინა, ეს მოულოდნელი ინფორმაცია იყო, მაგრამ რას ვუშველიდი.

8 საათამდე ცოტა ხნით ადრე, თავად ზურა ჟვანიამ დამირეკა. ზურა მიხსნის, რომ არჩევნები გაუყალბეს და თუ მე ეგზიტპოლის შედეგს გამოვაქვეყნებ სწორი არ იქნება. დიდი კამათის შემდეგ, მას ვუთხარი, რომ მე აუცილებლად გამოვაქვეყნებდი ეგზიტპოლის შედეგს, ვინაიდან ეს „რუსთავი 2“-ის რეპუტაციის და ღირსების საკითხი იყო.

„ბოლო ხუთი წლის მანძილზე ხალხი მიეჩვია, რომ ჩვენ ეგზიტპოლის შედეგს ვაქვეყნებთ და რა ვუთხრა, რომ ჟვანიამ მთხოვა და ამიტომ არ გამოვაქვეყნე? მამაზეციერმაც რომ მთხოვოს, მე ამას ვერ გავაკეთებ“, - ვხაოდი ტელეფონში.

- ახლა მე ვეტყვი ნანა დევდარიანს, რომ ქუთაისში ორი უბანი ღამის 12 საათამდე არ დახუროს და იქნებ ამის მერე გაგეშვა ეგზიტპოლის შედეგი?“ - მეკითხება ჟვანია. ქუთაისში მართლა რაღაც ინციდენტები მოხდა, მგონი იქაც საარჩევნო ყუთები გაიტაცეს. ეს წესად ჰქონდათ, სადაც ხელისუფლება ვერ იმარჯვებდა იმ უბნებზე შუქებს აქრობდნენ და მერე საარჩევნო ყუთებს იტაცებდნენ.

- არა მეთქი ზურა, როგორც წესი და რიგია ისე მოვიქცევი, როცა მექნება შედეგები მაშინვე ვაქვეყნებ-მეთქი.

ამ პასუხმა ჟვანია ძალიან გააბრაზა და უცერემონიოდ გამითიშა ტელეფონი. ამასობაში 8 საათიც გახდა და მართლაც ქუთაისის ორი უბნის გარდა არჩევნები ყველგან დასრულდა. „გლობალ სტრატეგი გრუპ“-მა ეგზიტპოლის შედეგი არ გადმომიგზავნა. დავიძაბე. დავურეკე სკოტ ელდერს, ამ ჯგუფის ხელმძღვანელს და მეუბნება, რომ შედეგებს ამუშავებენ და ჯერ მზად არ აქვს. გახდა 9 საათი შედეგი კიდევ არ მოიტანეს. უკვე ძალიან გავბრაზდი, რადგან „კურიერშიც“ ვერ ვაჩვენებდით წინასწარ შედეგს და უკვე ელდერთან საჩხუბრად წასასვლელად გავემზადე, რომ ამ დროს გიგა ბოკერია მესტუმრა. სააკაშვილს ყველა მხრიდან ეუბნებიან, რომ არჩევნებს იგებს, მაგრამ მან არ იცოდა მე გამოვაქვეყნებდი თუ არა ეგზიტპოლის შედეგს. ბოკერია ამის გასაგებად გამომიგზავნა.

- არა გრცხვენია გიგა, რას ჰქვია არ ვაქვეყნებ, რა წუთშიც შედეგებს მომიტანენ, მაშინვე ვაჩვენებ - ვეუბნები ბოკერიას. ბოკერია გაიბადრა და გახარებულმა ჩემივე კაბინეტიდან დაურეკა სააკაშვილს და უთხრა, რომ - „ეროსი ეგზიტპოლის შედეგს აჩვენებს“.

ამ დროისათვის არც ერთი ტელეკომპანია ეგზიტპოლის არანაირ შედეგს არ აჩვენებდა, არადა, როგორც უკვე ვთქვი, ხელისუფლებამ პატარკაციშვილის ფულით „ნიკოლო მ“ დაიქირავა.

„თუკი ეგზიტპოლს ვერ გავუშვებ ვერავინ გაიგებს, რომ შევარდნაძე დამარცხდა“ - გამიელვა თავში და ეს მართლაც ასე იქნებოდა. რეალურ ანუ ხელისუფლებისთვის არასასურველ შედეგს არც ცენტრალური საარჩევნო კომისია და არც ეს „ნიკოლო მ“ არ გამოაქვეყნებდა და განრისხებული მივვარდი ჩემს მიერ დაქირავებული „გლობალ სტრატეგი გრუპი“-ს ოფისში. - ფული გადაგიხადე? გადაგიხადე. შევთანხმდით, რომ 8 საათზე შედეგებს მომცემდი? შევთანხმდით. მაშინ მომეცი შედეგი, ხომ ხედავ 10 საათი ხდება? - ვეუბნები სკოტს.

ეს დაბნეულია, არ იცის რა ქნას და მეუბნება, რომ მისი სათაო ოფისიდან დაურეკეს, რომ ეგზიტპოლის შედეგი არ გამოაქვეყნოს. გავგიჟდი - რა სათაო ოფისი? ხო არ გადაირიეთ, შედეგები მომეცით, - უკვე მკაცრად ვითხოვ კუთვნილს. ეჭვი გამიჩნდა, რომ ჟვანიამ დარეკა ამათ სათაო ოფისში და ახლა მათ თავისებურად აუხსნა, რომ ამ ეგზიტპოლის გამოქვეყნება არ შეიძლება, იმიტომ რომ არჩევნები გაყალბდა და ეს მათ რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედებს.

10 საათზე ეგზიტპოლის შედეგი ხელთ მქონდა, სკოტ ელდერი დამნებდა, ვინაიდან ნახა, რომ სხვა გამოსავალს ნამდვილად არ დავუტოვებდი. თერთმეტის რაღაც წუთებზე ეგზიტპოლის შედეგი მაყურებელს ვაჩვენე:

„ნაციონალური მოძრაობა“ - 20,8; „ახალი საქართველოსთვის“ - 12,9; “ლეიბორისტები”-12,8; “აღორძინება”- 9.7; “ბურჯანაძე- დემოკრატები”- 7,6; “ახალი მემარჯვენეები”- 7,0

ამ შედეგის ნახვის შემდეგ გახარებული სააკაშვილი მომხრეებთან ერთად ქუჩაში გავარდა და გამარჯვებას ზეიმობდა. ამასთან, გაიძახოდა, რომ ძალიან წუხდა, რომ „ბურჯანაძე- დემოკრატებმა“ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს?! თუმცა ეგზიტპოლი ამას არ უჩვენებდა, ზურა მეხუთე ადგილზე გავიდა და დიდი რისკი იყო, რომ ბარიერს მიღმა დარჩენილიყო, თუმცა სააკაშვილი მაინც ავად წინასწარმეტყველებდა. ზურა დეპრესიაში ჩავარდა. მას ეჭვი გაუჩნდა, რომ სააკაშვილი სახელმწიფო მინისტრს გაურიგდა და ესენი მის პარლამენტს გარეთ დატოვებას ცდილობდნენ.

მართლაც ყველაზე მეტად საარჩევნო სიები აირია იმ უბნებში სადაც ზურას მყარი ელექტორატი ჰყავდა: მთაწმინდაზე, ვაკეში, საბურთალოზე, დიდუბეში, ჩუღურეთში. მას ქალაქის ცენტრალურ უბნებში ბევრმა მომხრემ ხმა ვერ მისცა, დაიჩაგრნენ მისი დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატებიც.

სამ ნოემბერს მთაწმინდის საარჩევნო უბანზე “ბურჯანაძე- დემოკრატების” მაჟორიტარმა კანდიდატმა გიგი წერეთელმა დაიჩივლა, რომ მისი მომხრეები არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საარჩევნო სიებიდან ამოიღეს და უამრავმა მხარდამჭერმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო. საპირისპიროდ, კი მთაწმინდის ოლქს სამთავრობო დაცვის ორი ათას კაციანი კონტიგენტი მიაწერეს და მათმა უმრავლესობამ ზემდგომთა ბრძანებით, ხმა სახელისუფლებო ბლოკის კანდიდატს თბილისის ყოფილ პრემიერს ზურა ბიბილეიშვილს მისცა.

“ მთაწმინდა ირჩევს ნაღდ მთაწმინდელს,”- გამოეპასუხა წერეთელს ბიბილეიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი - გოგა ხაინდრავა, რომელიც საპროტესტო ღონისძიებებზე 15 ნოემბერს გამოჩნდა. რევოლუციამდე სამი დღით ადრე, ახალგაზრდა მწერლებთან ერთად უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და განაცხადა - კიი, აბა, ამ უსინდისო ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბაო. ვითომ თავად არ ხელმძღვანელობდა იმ კანდიდატის საარჩევნო შტაბს, რომელმაც გაყალბებული ხმებითაც ვერ მიაღწია სრულ გამარჯვებას და მეორე ტურში გავიდა. მეორე ტურში რეალურად გია თორთლაძე გადიოდა, მაგრამ ბიბილეიშვილმა ის უბნები გააუქმებინა, სადაც თორთლაძე ლიდერობდა. რევოლუციურ მთავრობაში ხაინდრავა კონფლიქტების დარეგულირების მინისტრი გახდა. თუ რევოლუცია დამარცხდებოდა, ამაგს არც შევარდნაძის კარზე დაუკარგავდნენ.

3 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც რაღა თქმა უნდა, ეგზიტპოლის შედეგებისგან სახელისუფლებო ბლოკის სასარგებლოდ განსხვავდებოდა:

“ნაციონალური მოძრაობა“ - 23,5%; “ახალი საქართველოსთვის” - 24,3%; “ლეიბორისტები” - 14,7%; “აღორძინება”- 8,1%; “ბურჯანაძე- დემოკრატები”- 8,8%; “ახალი მემარჯვენეები” - 6,7%; “მრეწველები” – 7%.

ამ შედეგმა სააკაშვილი გაახელა და უმალვე საპროტესტო აქციები წამოიწყო. ზურას დიდად ეიმედებოდა, რომ არჩევნებს მოიგებდა და შედეგად მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა, სათუო გახდა საერთოდ გადალახავდა თუ არა საარჩევნო ბარიერს. ის დეპრესიაში ჩავარდა და ვაშლიჯვრის ოფისში გამოიკეტა.

სამ ნოემბერს სააკაშვილის საპროტესტო აქციას სულ რამდენიმე ასეული კაცი დაესწრო. მიშა ითხოვდა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეალური შედეგი გამოექვეყნებინა და მისი გამარჯვება ეღიარებინა, ისე როგორც ამას ჩვენი ეგზიტპოლი აჩვენებდა.

მეეჭვებოდა, რომ მარტო სააკაშვილი რაიმე შედეგს მიაღწევდა, ის არ იყო დედაქალაქში პოპულარული და თბილისის მოსახლეობის საპროტესტოდ მოსამართად აუცილებელი იყო - ზურა ჟვანიას გააქტიურება.

ზურას საკმარისად ვიცნობდი, მისი ხასიათიდან გამომდინარე ის აუცილებლად ძალიან უნდა გამეღიზიანებინა, რომ დეპრესია დაევიწყებინა და ამოქმედებულიყო. 2001 წლის თვითმართველობის არჩევნებში დამარცხების შემდეგ ზურა პოლიტიკიდან საერთოდ ჩამოშორებას აპირებდა და ოჯახთან ერთად ამერიკაში ლექციების წასაკითხად მიემგზავრებოდა. ნაბიჯს, რომელსაც გადავდგამდი, ზურა გარანტირებულად უნდა გაემწარებინა. ვფიქრობდი, მოცემულ მომენტში მას რა გაბრაზებდა ყველაზე მეტად და მოვიფიქრე: ვაშლიჯვრის ოფისში ზურასთან შესახვედრად - გიგა ბოკერია წავიყვანე. ჯერ ისე ეზიზღებოდა ეს ბოკერია და ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ, ზურაზე ისე იმოქმედა - გამარჯვებული ბოკერიას დანახვამ. კაბინეტში შესვლისთანავე მეცა - შენ დაღუპე ყველაფერი, რაც ხდება სულ შენი ბრალიაო და ამისთვის მლანძღა და მთათხა. გაბრაზდა.

- ზურა ფანჯარასთან მოდი, რაღაც უნდა გაჩვენო, - ვეუბნები მას და ზურა გაკვირვებული მოვიდა.

- ხომ ხედავ ახლა შენი ოფისის ეზოში რამდენი მანქანა დგას? თუ ხვალიდანვე ქუჩაში არ გამოხვალ ერთი კვირის შემდეგ აქ მხოლოდ შენი მანქანა იდგება.

ჟვანიამ ჩემზე უკეთ იცოდა, რომ დამარცხებულ ზურას თანამებრძოლები მიატოვებდნენ, მაგრამ ბოკერიას თანდასწრებით რომ ამას ვეუბნებოდი, ეს არჩევნებში მარცხზე მეტად აღელვებდა. მან კიდევ იბუზღუნა, იბუზღუნა და ჩვენ წამოვედით.

(გაგრძელება იქნება)