სპეციალისტები აცხადებენ, რომ თბილისის მეტროპოლიტენი დაუცველია და, განსაკუთრებით, მიწისქვეშა სიღრმეებში პლასტმასის ნასახი არ უნდა იყოს, რათა არ მოხდეს აალება.
გასულ წელს რამდენიმეთვიანი შუალედით, მეტროსადგურებში - „მარჯანიშვილი“, „ავლაბარი“, „გოცირიძე“ ხანძარი ერთი-მეორის მიყოლებით გაჩნდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი დედაქალაქისთვის მეტროს საევაკუაციო დანიშნულებაც აქვს, ცხადი ხდება, რომ პრობლემა საყოველთაოა და უსაფრთხოების მსგავს ადგილებში იაფფასიანი, აალებადი პლასტმასების გამოყენება დაუშვებელია.
ის, რაც სააკაშვილის დროს მეტროსადგურების რეაბილიტაციად ითვლებოდა, სავარაუდოდ, დღეს უკვე გამოსაცვლელია, რადგან მეტროს გვირაბებისა და მოსაცდელი ბაქნების უსაფრთხოება გაურკვეველია.
2006 წელს მეტროსადგურ „წერეთლის“ რეკონსტრუქციის შემდეგ ინტერიერის დიზაინი შეიცვალა და სადგური თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოეწყო, დამონტაჟდა ტელე-ეკრანებიც, თუმცა ეს შეღავათი არ ყოფილა, რადგან მეტროსადგურ „წერეთლის“ შავი მარმარილოს ფილები გააქრეს და მის ნაცვლად პლასტმასები ააკრეს.
კომპანია „EUROFASADI”-ს გენერალური დირექტორი ბესიკ საბაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უაღრესად სახიფათო მდგომარეობაა „წერეთლის გამზირზე“, „ვაგზლის მოედნის“ საბურთალოს ხაზის გადასასვლელზე, რადგან ჭერსა და კედლებზე აკრულია პლასტმასები, მაშინ, როცა, ნებისმიერმა მშენებელმა იცის, რომ, განსაკუთრებით, მიწისქვეშ პლასტმასის ნასახი არ უნდა იყოს.
„ამ შემთხვევაში, მე ვლაპარაკობ არა როგორც მხოლოდ სპეციალისტი, არამედ - როგორც მოქალაქე. ჩემი ოჯახის წევრებიც მეტროთი სარგებლობენ და არსად, არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არ გამოიყენება ასეთი აალებადი მასალები, მით უმეტეს, მეტროში. ნებისმიერი არქიტექტორი, მშენებელი დაგიდასტურებთ, რომ კომუნისტების პერიოდში რაღაც სტანდარტი მაინც არსებობდა. სამწუხაროდ, ეს სისტემა მოიშალა და დღეს საქართველოში სამშენებლო სფერო არ კონტროლდება, ვისაც რა მოუვა თავში, იმას აკეთებს. სახელმწიფო პროექტებში კი, რაც შეიძლება, იაფ მომსახურებაზე ფიქრობენ. ეს პლასტმასები გარეთ რომ ყოფილიყო, სადაც ჰაერი ბევრია, კიდევ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ადამიანი გარეთ გავიდოდა და ჰაერს ჩაისუნთქავდა, მეტროში კი ამის შესაძლებლობა არ იქნება. თანაც, ეს მასალები ასანთივით იწვის“, - აღნიშნა ბესიკ საბაშვილმა.
ამასთან, განმარტა, რომ დაახლოებით ორი-სამი წლის წინ შეხვედრები ჰქონდა მეტროს ადმინისტრაციასთან, იმ პერიოდში საუბარი შეეხებოდა „გურამიშვილის მეტროსადგურის“ რეკონსტრუქციას. კონკრეტულ შემთხვევაში, პლასტმასის თემა არ იყო აქტუალური, მაგრამ „გურამიშვილის“ მეტროში წყლები გადის და ფიქრობდნენ, ხარისხიანი მასალებით გაკეთებინათ მეტროს თაღი, ასევე, ლაპარაკი იყო „ვაგზლის მოედანზეც“, სადაც პლასტმასია გამოყენებული, მათ დააპროექტეს კიდეც ხსენებული სადგურები, მაგრამ არ განხორციელებულა.
„მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ განსაკუთრებული დაცვის ზონად უნდა გამოცხადდეს ის ადგილები, სადაც ხალხი მასობრივად იკრიბება - სასტუმროები, მეტროსადგურები, რესტორნები. უნდა შემოწმდეს, როგორი მოსაპირკეთებელი ნივთიერებებია ამ ობიექტებზე გამოყენებული და შეესაბამება თუ არა სამშენებლო ნორმებს.
„დღეს არაფერი არ მოქმედებს, სასწრაფოდ უნდა აღდგეს მშენებლობის სამინისტრო, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს არსებობდა, ხანძარმედეგობაზე მოწმდებოდა სამშენებლო პროიდუქცია. იქ იყო ოთხი კატეგორიის მასალები - ნახევრად წვადი, ძნელად წვადი და ა.შ. თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება ჰქონდა, თუ სად და როგორი გარემოსთვის სჭირდებოდათ. განსაკუთრებით, მოსაპირკეთებელი მასალები იყო დაკვირვების ქვეშ. როცა შეიქმნებოდა პროექტი, არქიტექტორებს მთელი ნებართვები სჭირდებოდათ იმის გასარკვევად, მასალას ცეცხლგამძლეობის როგორი თვისებები ჰქონდა, უნდა გამოეყენებინათ თუ არა ბუნებრივი მოსაპირკეთებელი.
ქობულეთში მომხდარი ტრაგედია სიგნალი უნდა იყოს, რომ თავშეყრის ადგილებზე სასწრაფოდ ჩატარდეს შემოწმებები. გარდა ამისა, სახანძრო ნორმები დარღვეულია, სასტუმროებს რომ აკეთებენ, უნდათ, ფართი მოიგონ და სათადარიგო გასასვლელები არ დატოვონ“, - აცხადებს ანზორ საკანდელიძე.
ამასთან, იმ ფაქტსაც იხსენებს, როცა „წერეთლის მეტროსადგური“ მარმარილოს ფილების გარეშე დატოვეს და მოცისფრო-მომწვანო პლასტმასებით აღჭურვეს. მისი თქმით, სააკაშვილის დროს იმდენ სისულელეს აკეთებდნენ, რომ შესაძლოა, ფილები მოხსნეს კიდეც და თურქეთში გაყიდეს, ან ვიღაც ჩინოსანს აგარაკზე მოპირკეთების მიზნით დაუმონტაჟეს.
ჩვენ მეტროსადგურის ადმინისტრაციასთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა, მას შემდეგ, რაც შეიტყვეს, რომ მეტროს უსაფრთხოების ირგვლივ გვინდოდა საუბარი, აგვიხსნეს, რომ მეტროს ხელმძრვანელობა თათბირობდა და ჩვენთვის არ ეცალა.