დავით ნარმანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თამაზ შოშიაშვილის განცხადებას 5 ახალი მრჩევლის შესაძლო დანიშვნის შესახებ არ ადასტურებს.
საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, თამაზ შოშიაშვილი ამტკიცებს, რომ თბილისის მერს სავარაუდოდ ხუთი ახალი მრჩეველი ეყოლება. შოშიაშვილის თქმით, თბილისის მერმა 14 მაისს განაცხადით მიმართა საკრებულოს საშტატო ერთეულის 5 მრჩევლით გაზრდის შესახებ, ეს იმ დროს, როცა მერს ორი მრჩეველი, ვიცე-მერი და ხუთი მოადგილე ჰყავს.
„არჩევნების შემდეგ თბილისის მერიის სტრუქტურები 353 საშტატო ერთეულით გაიზარდა და დღეისთვის 3770-ს შეადგენს. გაზრდილი შტატებისთვის ბიუჯეტიდან თვეში, პრემიების გარდა, 500 000 ლარი იხარჯება. უკიდეგანოდ ხდება „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმება. რაც იყო, ის აღარ არის საკმარისი. დედაქალაქის მერია „ქართული ოცნების“ შტაბად იქცა. ხშირ შემთხვევაში, თანამდებობებს არაკომპეტენტური პირები იკავებენ. ასეულობით ახალი ადგილის შექმნით თბილისის მერია თბილისელების ხარჯზე ქმნის სამუშაო ადგილებს“,- აცხადებს თამაზ შოშიაშვილი.
საკითხს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი საკრებულოში წარდგენილ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.
ელისაშვილის განცხადებით, მისთვის წარმოუდგენელია რისთვის დასჭირდა ნარმანიას კიდევ 5 მრჩეველი, როდესაც ყავს ვიცე-მერი და მოადგილეები. ელისაშვილი ეჭვობს, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ნეპოტიზმთან.
„სულ უფრო გაუგებარი ხდება დავით ნარმანიას ქმედებები და გადაწყვეტილებები. 4 ათასი კაცი მუშაობს მერიაში, ყველას თავისი საქმე აქვს. ქალაქის მომსახურეობას რა დარგიც სჭირდება, იმ დარგის სპეციალისტია მათი აბსოლუტური უმრავლესობა. კიდევ რა მრჩევლები სჭირდება, ვერაფრით ვერ ვხვდები. ოკეანოლოგიის საკითხებში მრჩეველი სჭირდება, კოსმოსური კვლევების თუ რა? ეტყობა ნათესავების რაღაცა ნაწილი დარჩა დაუსაქმებელი. რა თქმა უნდა, ამას მხარს არ დავუჭერ“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
დედაქალაქის მერიაში კი განმარტავენ, რომ თბილისის მერიის საშტატო ნუსხის მიხედვით, წლების განმავლობაში მრჩევლის შტატი მერის, ვიცე-მერისა და მერიის სხვადასხვა სამსახურის აპარატებში იყო გადანაწილებული, რაც თავად მრჩევლის ინსტიტუტის ფუნქციას არაეფექტურს ხდიდა.
დავით ნარმანია ამბობს, რომ საკრებულოში წარდგენილი ცვლილებებით, უბრალოდ ადმინისტრაციაში სხვადასხვა მიმართულებით გაფანტული შტატების თავმოყრა ხდება. რაც შეეხება შოშიაშვილის ბრალდებას, რომ თბილისის მერიაში საშტატო ერთეულები „ხელოვნურადაა გაბერილი“, თბილისის მერი პასუხობს, რომ იქ, სადაც შტატების დამატება მოხდა, ობიექტური აუცილებლობით იყო გამოწვეული.
„რაიმე სახის დამატებითი მრჩევლების დანიშვნას ეს ცვლილება არ ითვალისწინებს. ადმინისტრაციაში სხვადასხვა მიმართულებით იყო შტატები გაფანტული, ამ ცვლილებით კი ხდება მათი თავმოყრა. მრჩევლები ჩვენ გვყავს ცენტრალურ აპარატში, ასე რომ, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამით არ ხდება“, - აცხადებს დავით ნარმანია.
for.ge-სთან საუბრისას საკრებულოს სარევოზო კომისიის თავმჯდომარე, ნუგზარ მალაღურაძე ამბობს, რომ მერიის სისტემაში გადანაწილებული მრჩევლის შტატები უქმდება და მერიის ადმინისტრაციის ქვეშ ერთიანდება.
„საშტატო განრიგი გაწერილია კანონში - სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი, მრჩეველი და თანაშემწე. მათ სხვადასხვა ფუნქცია-მოვალეობები აკისრიათ. უქმდება ეს რამდენიმე პოზიცია და მათ ნაცვლად შემოდის მრჩეველის პოზიცია. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სასწრაფო წესით, ახალმა საკრებულომ დაამტკიცა საშტატო განრიგი. ახლა მიმდინარეობს სტრუქტურული ცვლილებები იმისათვის, რომ გამართულად მოხდეს მერიის მუშაობა“, - აცხადებს ნუგზარ მალაღურაძე.
რაც შეეხება მრჩევლის თანამდებობას, შესაბამის ბრძანებულებაში, რომელსაც ხელს ნარმანია აწერს, გაწერილია, რომ ამ თანამდებობაზე მომუშავე პირის სახელფასო ანაზღაურება 1 700 ლარი იქნება, ასევე ამდენივე იქნება სახელფასო დანამატიც. ნუგზარ მალაღურაძე აცხადებს, რომ საუბარი არ არის ახალ თანხებზე.
„1700 ლარი ხელფასის სახით ჰქონდა მთავარ სპეციალისტს, რომელსაც ახლა ერქმევა მრჩეველი. სტრუქტურული ცვლილებების გამო, ასე მოითხოვა პოზიციამ“, - ამბობს ნუგზარ მალაღურაძე.