„კომერციული ბანკების დადანაშაულება, ეტყობა, ჩვენი მთავრობის ნამეტანმა „ჭკვიანმა“ პიარ-ჯგუფმა მოიფიქრა“

„კომერციული ბანკების დადანაშაულება, ეტყობა, ჩვენი მთავრობის ნამეტანმა „ჭკვიანმა“ პიარ-ჯგუფმა მოიფიქრა“

საბანკო სექტორთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება. კახი კალაძე უკვე მერამდენედ აკეთებს ღია მინიშნებას ლარის გაუფასურების პროცესში ორი უმსხვილესი ბანკის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით. საუბარია „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი“-ზე.

კონკრეტულად, კახი კალაძე ამბობს, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას კანონი არ აძლევს საშუალებას, მიიღოს ინფორმაცია, თუ რა ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებენ დიდი და კერძო ბანკები („თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“). ამ ინფორმაციას მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იღებს.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ 2014 წლის ნოემბრიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 280 მილიონი დოლარი გამოიტანა, რის შემდეგაც ეს რეზერვები მხოლოდ ორმა ბანკმა შეიძინა და იმის მაგივრად, რომ მიმოქცევაში გაეშვა, დაარეზერვა. „ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იყიდა ეს თანხა და რა რაოდენობით, უნდა იყოს ღია“, - მოითხოვს ვიცე-პრემიერი.

ამ თვალსაზრისს ეთანხმება „ორგანიზაცია 2030“-ის ექსპერტი მიხეილ დუნდუაც. ის ამბობს, რომ დიდი ბანკების მიერ განხორცილებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია დაფარულია. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ სპეკულაციური შეტევის დროს შექმნილი სიტუაციით ვიღაცამ ისარგებლოს, ეს შეიძლება, არ იყოს კომერციული ბანკი, მაგრამ იყოს მასთან დაკავშირებული პირთა ჯგუფი. „საქართველოს ბანკების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ზურაბ გვასალია კი აცხადებს, რომ ყველაფრის გამოძიება შეიძლება, თუმცა მსგავსი სქემის არსებობა გამორიცხულია.

როგორც ჩანს, სახელისუფლებო წრეებში ამ ბანკებისადმი სერიოზული ეჭვები არსებობს. სხვათა შორის, For.ge მიმდინარე თვის დასაწყისშიც წერდა, რომ „ლარის კურსის გაუფასურებით ისარგებლეს კომერციულმა ბანკებმა“. ამ ინფორმაციას მაშინ არა მარტო ქართველ ექსპერტთა ნაწილი ადასტურებდა, არამედ „ცენტრ-პოინტის“ წარმომადგენელი ვახტანგ რჩეულიშვილიც, რომელიც ხალხის გაღატაკების ხარჯზე მოწყობილ „ეკონომიკურ თამაშებში“ „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელის, ირაკლი გილაურის კვალს ხედავდა, რომელიც ნაციონალებისდროინდელი პრემიერის, ნიკა გილაურის ძმაა.

ექსპერტი საბანკო საქმეებში ლია ელიავა მაშინ ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ, კონკრეტულად, ვერ დაადასტურებდა „საქართველოს ბანკმა“ იხეირა თუ არა ლარის ინფლაციით და რა თანხები გაჰქონდა ამ ბანკს სავალუტო ჯიხურებიდან, მაგრამ ცხადი იყო, რომ ლარის დევალვაციით ისარგებლეს მათ, ვისაც ხელი მიუწვდებოდათ ვაჭრობაზე, მათ შორის, კომერციულმა ბანკებმა, რომელთაც გააჩნდათ დიდი თანხა კონვერტაციისათვის.

დღეს კი, კახი კალაძის მიერ ორი ბანკის დადანაშაულებას ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი.

For.ge- სთან საუბარში გია ხუხაშვილმა აღნიშნა, რომ შეთქმულების თეორიის ნაკლებად სჯერა. მისი თქმით, მთავრობის ნათქვამი რომც შეესაბამებოდეს სიმართლეს და კომერციულ ბანკებს მართლაც საბოტაჟი და ძირგამომთხრელი საქმიანობა რომ მოეწყოთ ჩვენი ქვეყნისთვის, ამის სააშკარაოზე გამოტანა საჭირო არ იყო, რადგან ფინანსური სისტემა მყიფეა და ასეთმა განცხადებებმა შესაძლოა, კიდევ უფრო უარესი პროცესები გამოიწვიოს.

„ჩვენ ხომ გვესმის, „საქართველოს ბანკის“ და „თიბისის“ წილი ჩვენს საფინანსო ბაზარზე რამხელაა? ფაქტობრივად, ისინი საკონტროლო პაკეტს ფლობენ, ამიტომ წარმოგიდგენიათ, მათთან დაპირისპირება რაში შეიძლება გადიაზარდოს?! ამაში ხომ უნდა გაერკვნენ? ეს უნდა ხდებოდეს კულისებში, ძალიან ჩუმად და ფაქიზად და არა - საჯარო განცხადებებით, რაც ძალზე სახიფათოა. რაში უნდა აწყობდეთ ჩვენს კომერციულ ბანკებს ლარის დევალვაცია? ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ ორი ვარიანტია: ერთი, რომ მათ არ აქვთ საბანკო ხედვა და ვერ ხვდებიან, რომ ეს, საბოლოო ჯამში, ისევ მათ შეუქმნით პრობლემას, რაც ამ ორი ბანკის („საქართველოს ბანკის“ და „თიბისის“) შემთხვევაში არასწორია, რადგან მათ კვალიფიკაცია ნამდვილად აქვთ და მეორეა, - პოლიტიკური დაკვეთა.

სიმართლე გითხრათ, ასეთი ტიპის პოლიტიკურ შეთქმულებაში ეჭვი მეპარება. სულ „მგელი-მგელის“ ძახილი არასწორია, ნაცმოძრაობას არ შეუძლია იმის მეათედიც კი, რასაც ეს ხელისუფლება პროპაგანდის ტონში მას აბრალებს. ფაქტობრივად, დღეს ჩვენი ხელისუფლება ოპოზიციის ოპოზიციად ჩამოყალიბდა“,- აცხადებს გია ხუხაშვილი და ამ ტიპის სპეკულაციებს და მოკლევდიან ხელის მოთბობას, საბოლოო ჯამში, დიდი ბანკების სტრატეგიისთვის ძალზე წამგებიანად მიიჩნევს.

მისი თქმით, როგორი მოგებაც არ უნდა ნახონ კომერციულმა ბანკებმა ასეთი ოპერაციებით, საბოლოო ჯამში, მაინც ზოგადი ეკონომიკური ფონი ფუჭდება, რისკები ჩნდება და საკრედიტო თუ სხვა ტიპის პოლიტიკას სერიოზული პრობლემები ექმნება. ამიტომ საღად მოაზროვნე, მეტ-ნაკლებად კვალიფიციური ბანკი, რომელიც ცხოვრობს არა დღევანდელი კვერცხით, არამედ ხვალინდელი ქათმის პრინციპით, ამას არ გააკეთებს. ეს ნიშნავს, რომ შეშის მიღების ხათრით ჭრიდე იმ ტოტს, რომელზეც ზიხარ.

თუმცა, ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ამ რყევების გამო ბანკები თავს იზღვევდნენ და რისკების დივერსიფიცირებას ახდენდნენ. ამას არა მარტო ეს ბანკები, არამედ - ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტი გააკეთებდა.

„ბანკი ასეთ ვითარებაში თავს იზღვევს. ვიღაც ამას მეტად აკეთებს, ვიღაც - ნაკლებად. გავიხსენოთ, როგორ ყალიბდება ვალუტის კურსი?-  სავალუტო ბირჟაზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის თანაფარდობით. ჩვენთან ეს მოთხოვნა უფრო მეტია, ვიდრე სავალუტო ბაზარზე მიწოდება არსებობს. ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი - შემცირებულია ფულადი გადმორიცხვები საქართველოში, ტურისტული აქტივობა დაცემული იყო იმ პერიოდში და, იმედია, ზაფხულში გამოცოცხლდება, ექსპორტი შემცირებულია. ამასთან, ჩვენ ვართ იმპორტიორი ქვეყანა, ანუ კომერციული სტრუქტურებისაგან მოთხოვნა ვალუტაზე არ შემცირებულა. შესაბამისად, რადგან ასეთი დისბალანსია მოთხოვნა-მიწოდებას შორის, ეს იწვევს ადგილობრივი ვალუტის ვარდნას“,- აცხადებს გია ხუხაშვილი და განმარტავს, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ზემოქმედების მოკლევადიანი ინსტრუმენტები, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს კოორდინაცია, რათა პანიკაში არ გადაიზარდოს ეს ყველაფერი და ცოტა ხნით ადმინისტრაციული რესურსი ჩართოს. მაგრამ, თუ ამ მოკლევადიან ზომას არ დახვდა ეკონომიკური გაჯანსაღება და მყარი, გრძელვადიანი ეკონომიკური საფუძველი თუ არ შექმნა მთავრობამ, ისე ლარს არაფერი ეშველება. ამიტომ ხელის გაშვერა და „საბოტაჟნიკების“ ძებნა ადვილია, მაგრამ სოლიდარული პასუხისმგებლობა მთავრობას და ეროვნულ ბანკს ორივეს ეკისრება. ისინი თუნდაც იმიტომ არიან პასუხისმგებელნი, რომ ვერ ახერხებენ თანამშრომლობას.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე For.ge- სთან საუბარში აცხადებს, რომ კომერციული ბანკების დადანაშაულება, ეტყობა, ჩვენი მთავრობის ნამეტანმა „ჭკვიანმა“ პიარ-ჯგუფმა მოიფიქრა, რადგან მთავრობა ორი წელია, უმოქმედოა და ახლა გამოსავალს ეძებს. ექსპერტის თქმით, კომერციული ბანკები არაფერ შუაშია და ხელისუფლების უსუსურობამ გამოიწვია, რომ კომერციულმა ბანკებმა მიიღეს უზარმაზარი მოგება.

„რა შუაშია კომერციული ბანკები? ეროვნული ბანკი წელიწადნახევარი, 2014 წლის სექტემბრიდან ასულიერებდა საქართველოს მთავრობას. როცა სიტუაცია აშკარად გართულდა, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა მაინც უსუსური იყო, დღეს გამოსავლის ძიებაში უკანა რიცხვით საუბარი და კახი კალაძის განცხადებები არასერიოზულია. რა თქმა უნდა, თუ ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა თავისი რეგულაციებით, კანონებით ხელს შეუწყობენ კომერციულ ბანკებს, კომერციული ბანკები ყოველთვის ისარგებლებენ ეროვნული ბანკის და მთავრობის სისუსტით. პირველ რიგში, საჭიროა საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ცხადი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომ სიტუაციის სტაბილიზება მოხდეს და შემდეგ, როცა სიტუაცია ნორმალიზდება, შეიძლება, შეიქმნას საგამოძიებო ჯგუფი. ისე კი, საქართველოს პარლამენტი ორი წლია, უპასუხისმგებლოდ იქცევა, თავის ფუნქციებს არ ასრულებს. ყალბი გუნდურობის პრინციპიდან გამომდინარე, მთავრობის წინაშე მოთხოვნებს გაურბის, არ სთხოვს პასუხს, თუ რატომ არის ქვეყანაში რთული მდგომარეობა და ზერელედ ეკიდება ეროვნული ბანკის საქმიანობას“, -  აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.