გამოძიებიდან 6 თვის შემდეგ ე.წ. კაბელების საქმე ორად გაიყო. პროკურატურა ამბობდა, რომ საქმეში გამოჩნდნენ გამოძიებისთვის დაუდგენელი სხვა მაღალი თანამდებობის პირები, რომელბიც კავშირში არიან ფულის გაფლანგვასთან. თუმცა, ბრალდების მხარე ამ დრომდე არ ამბობს, ვინ არიან ეს სხვა მაღალი თანამდებობის პირები. მიუხედავად იმისა, რომ საქმე გაიყო, for.ge-ს პროკურატურის მაღალჩინოსანი უდასტურებს, რომ გამოძიებისთვის დაუდგენელი სხვა მაღალი თანამდებობის პირების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს.
რა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს და იცის თუ არა ბრალდებამ ვინ არიან სხვა ხელმძღვანელი პირები? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატს, სოსო ბარათაშვილს ესაუბრა.
ბრალდებაში, რომელიც 24 მარტს გადმოგეცათ, წერია, რომ ამ ადამიანებმა თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჩაიდინეს დანაშაული. შესაბამისად, „კაბელების საქმე“ ორ ნაწილად გაიყო. თქვენი ინფორმაციით რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ამ პირთა დასადგენად?
- არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ხელმძღვანელი პირები არ დაკითხულან.
ბრალდების მხარე თვლის, რომ ექსერტიზის დასკვნა უკანონო გზით გაქვთ მოპოვებული და ითხოვს, მის საქმიდან ამოღებას. დაასაბუთა პროკურატურამ თავისი მოთხოვნა?
- მოსამართლე გასულია განჩინების გამოსატანად. განჩინების გამოტანის კონკრეტული ვადები არ არსებობს. მოსამართლეს რამდენი ხანიც სჭირება, იმდენს მოანდომებს განჩინების მომზადებას. რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, მიგვაჩნია, რომ პროკურატურამ ვერ დაასაბუთა საკუთარი პოზიცია. მათ დააყენეს შუამდგომლობა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ორი ექსპერტიზისა და ასევე ცალკეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მტკიცებულებები დასაშვებად უნდა იქნას მიჩნეული, ვინაიდან ისინი კანონის მოთხოვნით არის წარდგენილი და ყველა შეკითხვას ექსპერტი ხელს აწერს.
მაშინ, რას ეფუძნება პროკურატურის პოზიცია, რომ ექსპერტიზის ის ნაწილი, რომელიც ტექნიკურ და ფინანსურ მხარეს ეხება, უკანონო გზით გაქვთ მოპოვებული, რა მტკიცებულების საფუძველზე აცხადებს ამას ბრალდება?
- ამ შემთხვევაში პროკურატურის პოზიციაა, რომ საინჟინრო-ტექნიკურ და სასაქონლე ექსპერტიზას ხელს არ აწერს ერთი ექსპერტი. ჩვენ დამაჯერებელი პასუხი გავეცით, პირველი ის, რომ ყველა შეკითხვას ხელს აწერს ექსპერტი იური მოდებაძე. დასკვნა დადასტურებულია საექსპერტო ცენტრის ხელმძღვანელის მიერ. ასევე არსებობს წერილი, სადაც „დელტა კომის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მოავლენდა თავის თანამშრომელს ექსპერტიზაზე დასასწრებად, რაც აშაკარად მიუთითებს, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ გამოუთქვამთ ექსპერტიზის ჩატარების დროს.
მეორე დასკვნა ეს გახლავთ ლინგვისტიკური ექპერტიზა, რომლის ჩატარების მიზანი გახლდათ ის ფაქტი, რომ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები ძალიან გავდა ერთმანეთს. ასეთი ჩვენებები მრავლად არის საქმეში წარმოდგენილი. ექსპერტმა დაადასტურა, რომ ტექსტის ძირითადი ნაწილი ერთმანეთს ემთხვევა და აქედან გამომდინარე, ახლა, უკვე, ჩვენ გვექნება შეკითხვა გამომძიებლების და მოწმეების მიმართ, როგორ მოხდა, რომ ერთმანეთს დაემთხვა ათეულობით გვერდი?!
მაგრამ პროკურატურა ამბობს, რომ ამ მტკიცებულებას შემხებლობა არ აქვს საქმესთან...
- პირიქით, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ძალზედ დიდი შემხებლობა აქვს საქმესთან და უშუალოდ მოწმეებს ეხება საქმე. ისინი ამბობენ, რომ თითქოს, ჩვენ მოწმეთა სანდოობაზე ჩავატარეთ ექსპერტიზა, რაც არასწორია. ჩვენ ვიკვლევდით რამდენად ობიექტურად იყვნენ ეს ადამიანები დაკითხული. როგორ შეიძლება ათეულობით გვერდი თავისი წერტილ-მძიმით დაემთხვას ერთმანეთს?!
დაცვის მხარემ დააყენა 4 შუამდგომლობა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებით. მათ შორის, პროკურატურის მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კანონის აშკარა დარღვევით არის შედგენილი. კერძოდ, დამოუკიდებლად ხდებოდა მტკიცებულების მოპოვება და რატომღაც, ექსპერტი ნებაყოფლობით მოგვევლინა პროკურატურის დამხმარედ მტკიცებულებათა მოპოვებაში. ასევე ვითხოვთ იმ დოკუმენტების დაუშვებლად ცნობას, რომელიც არ გადმოგვცა პროკურატურამ იმ მიზეზით, რომ ეს არის გასაიდუმლოებული დოკუმენტი. ვფიქრობთ, რომ ეს მტკიცებულებები დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი.
რას უპირისპირებთ პროკურატურის მტკიცებულებებს, რის საფუძველზეც შესაძლებელია დადგეს გამამართლებელი განაჩენი?
- ნათელი ვითარებაა, მთავარია ობიექტურად მოხდეს მტკიცებულებების გამოკვლევა. ბრალდებულების მიმართ არასწორად არის ბრალდება წარდგენილი, ისინი არ არიან ამ დანაშაულის სუბიექტები, რადგან მათ არც მიუღიათ და არც სხვისთვის არ გადაუციათ ეს თანხა. მათ არ ჰქონდათ დანაშაულებრივი მიზანი და განზრახვა, რაც ასევე გამოკვეთილი არ არის პროკურატურის მიერ.
რაც შეეხება პროკურატურის მიერ წარდგენილ მოწმეთა სიას, ვინ არიან ბრალდების მოწმეები?
- საერთო ჯამში, დაცვისა და ბრალდების მოწმეთა რაოდენობა 100 ადამიანს აღწევს. მათ შორის არიან კომპანიის წარმომადგენლები, გამომძიებლები. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომელთა ჩვენება ბრალდებას არ ადასტურებს.
ამ მოწმეებს შორის არის ირაკლი ალასანია და მისი მოადგილეები?
- მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა თვეების მანძილზე აპელირებას ახდენდა იმ გარემოებაზე, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი უნდა დაკითხულიყო,ირაკლი ალასანია მოწმეთა სიაში არ არის. თუმცა, მოწმეთა სიაში ფიგურირებენ ალასანიას მოადგილეები, ალექსანდრე ბატიაშვილი და ზაზა ბროლაძე, რომლებიც წინასწარი გამოძიების პროცესში დაიკითხნენ.