"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" ფარმაცევტული ბაზრის კვლევას იწყებს, ამის შესახებ აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი კაპანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აფბა-ს კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მედიკამენტებისა და სამედიცინო სერვისების ხარისხი და ფასწარმოქმნა, მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა.
“კვლევის პირველსავე ეტაპზე გამოიკვეთა შემაშფოთებელი ტენდენცია. კერძოდ, დოლარისა და ევროს მიმართ ლარის დევალვაციის გამო იზრდება სოციალურად დაუცველი ადამიანების რიცხვი, რომელთათვისაც სულ უფრო ძნელი ხდება საჭირო მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურებების მიღება. ამდენად, ფასების მოსალოდნელი მატება კიდევ უფრო ამძიმებს მოსახლეობის სოციალურ ყოფას და სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა იხმაროს მდგომარეობის შესამსუბუქებლად", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
"ახალგაზრდა ფინანსისტების" შეფასებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მთავრობას არ გააჩნია რეალური ბერკეტები, რათა წინ აღუდგეს ლოკალურად ამ დარგში ფასების მატებას.
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" მოუწოდებს ხელისუფლებას, დააჩქაროს მედიკამენტების ბაზრისა და სამედიცინო მომსახურების ისეთ სისტემაზე გადასვლა, რომელიც ევროპულ ხარისხს და ხელმისაწვდომ ფასებს უზრუნველყოფს.
კაპანაძის განცხადებით, აუცილებელია მოხერხდეს ხარჯეფექტიანობის ოპტიმალური სისტემის შემუშავება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ყველა სერვისსა და მომსახურებაზე.
მისივე პოზიციით, აუცილებლად უნდა მოხდეს მედიკამენტებზე ფასწარმოქმნის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რათა ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს წვდომა და სრული ინფორმაცია მედიკამენტების ფასწარმოქმნის პროცესთან დაკავშირებით.
“აუცილებელია, შემუშავდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა და მოხდეს კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრების, ასევე პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ანგარიშვალდებულობის გამჭვირვალობის გაზრდა. საამისოდ მნიშვნელოვანია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მისი ქართულ სინამდვილეში დროული ადაპტაცია", - განაცხადა კაპანაძემ.
საზოგადოება 2030–ის წევრის, მიხეილ დუნდუას მოსაზრებით, ლარის დევალვაციის არსებული მასშტაბიდან გამომდინარე, ვითარება მედიკამენტების და სამედიცინო სერვისების მოსალოდნელი გაძვირების თვალსაზრისით, შეშფოთების საფუძველს მართლაც იძლევა.
„აფბას შეშფოთებას ვიზიარებ, მედიკამენტებისა და სერვისების შესაძლო გაძვირება, რა თქმა უნდა სოციალურ ფონზე ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობას უკვე აქვს გაცხადებული იმ კომპლექსური მიდგომების შესახებ, რომელთა დანერგვასაც ჯანდაცვის სფეროში ის საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან თანამშრომლობის შედეგად გეგმავს. ვფიქრობ, პირველ რიგიში, აუცილებელია სფეროსა და მისი სუბიექტების გამჭვირვალობის ხარისხის ზრდაზე ზრუნვა და იმ ხარჯების მაქსიმალური ოპტიზაცია, რასაც ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ეწევა როგორც მოსახლეობა, ისე სახელმწიფო, ვგულისხმობ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას“, – აცხადებს მიხეილ დუნდუა.
For.ge დაუკავშირდა საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის Global Alliance for Health and Social Compact–ის ექსპერტს, იური სუბოტინს. „გლობალურ ალიანსსა“-სა და საქართველოს მთავრობას შორის აპრილის დასაწყისში გაფორმდა გრძელვადიანი ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად. ხელშეკრულების თანახმად, ალიანსი მუშაობს, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაზე. ასევე კონცენტრირებულია ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე როგორებიც არის:
სტანდარტებისა და ნორმების სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობას; ნაციონალური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლების შექმნა; სამედიცინო და ფარმაკოლოგიური პროდუქტების თანამედროვე, სამართლიანი და ეფექტური მარეგულირებელი სისტემის მშენებლობა და მათი უსაფრთხოების მონიტორინგი ხარისხის კონტროლის ჩათვლით.
სუბოტინის განცხადებით, მედიკამენტებისა და სამედიცინო სერვისების ბაზარი საქართველოში კარგად ვითარდება უსაფრთხოებისა და ზოგადად ევროპული მიდგომების მიღწევის თვალსაზრისით. მისი აზრით, საქართველო ამ რთული გზის მხოლოდ დასაწყისშია, თუმცა ექსპერტს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას ამ ამოცანის გადაჭრა რეალურად ხელეწიფება.
„შეიძლება ითქვას, რომ რეგიონში მიმდინარე ეტაპზე შექმნილმა ეკონომიკურმა სიტუაციამ საქართველოს ჯანდაცვის სექტორში დაგროვილი პრობლემები რამდენადმე გაამწვავა და ამან ასახვა ჰპოვა ხარისხიანი მომსახურებასა და პირველადი საჭიროების სამკურნალო საშუალებებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობაზეც. თუმცა, გამოვრიცხავ, რომ ამ ტენდენციამ საქართველოში სოციალური დაძაბულობის ზრდა გამოიწვიოს. საქართველოს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვთ სწორი გზა არჩეული, რადგან არსებობს არ მარტო სასიკეთო ცვლილებების სურვილი, არამედ კეთილი ნებაც, რომ ჯანდაცვის სფერო გახდეს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და რომ ეს პირველ რიგში, დაერდნოს მომხმარებლის ნდობის ზრდას ბაზრის მიერ შეთავაზებული სერვისებისა და მედიკამენტების ხარისხისადმი.
ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უკვე ხორციელდება ერთობლივი სამუშაოები საიმისოდ, რომ დარგში წლობით დაგროვილი პრობლემების გადაჭრა, მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, უმტკივნეულოდ განხორციელდეს“,– განაცხადა სუბოტინმა.