აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“ საქართველოში კარბამიდის ქარხნის პროექტის მშენებლობა შეაჩერა. კომპანიის პრეზიდენტის, როვნაგ აბდულაევის განმარტებით, 700 მილიონიანი პროექტის შეჩერების მიზეზი საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებში წარმოშობილი პრობლემა გახდა.
„საწარმოს მშენებლობის პროექტი დროებით გაიყინა. ეს მოხდა იმის გამო, რომ ჩვენ ვერ შევძელით საქართველოს ხელისუფლებასთან გარკვეული მოლაპარაკებების დასრულება“, - აცხადებს სოკარის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი.
როგორც „სოკარის“ ქართული წარმომადგენლობის გვერდზეა ნათქვამი, ქარხანას ყოველწლიურად 660 00 ტონა პროდუქციის წარმოება უნდა უზრუნველეყო. მშენებლობის პერიოდში 1 500 ადამიანი დასაქმდებოდა, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ობიექტზე დაახლოებით 300 ადამიანი იმუშავებდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულების მოცულობა მინიმუმ 7000 მილიონი აშშ დოლარი იყო, მშენებლობის დასრულება 2016 წლის ბოლოს იგეგმებოდა.
„სოკარი“ საქართველოში უმსხვილესი ინვესტორების ათეულში იმყოფება. თავისთავად, მსგავის პროექტების შეჩერება საქართველოში შემოსული ინვესტიციების მოცულობაზე უარყოფითად აისახება. თუმცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, რომ საქართველოს მთავრობის ზეწოლით შეჩერდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის განხორციელება, სიმართლეს არ შეესაბამება.
ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ამ ინვესტიციაზე მისი მთავრობა 2012 წელს მოელაპარაკა აზერბაიჯანის მთავრობასა და კომპანია „სოკარს“.
„ამ ქარხანას პირდაპირ და ირიბად უნდა შეექმნა ათობით ათასი სამუშაო ადგილი და სერიოზულად გაეძლიერებინა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი. ის ასევე ნამდვილი ხსნა იყო ფოთისთვის. „სოკარი“ დათანხმდა ამხელა თანხის ჩადებაზე, იმიტომ რომ, ქრთამს არავინ თხოვდა. ახლა კი, შეჩერდა ზუსტად იმავე მიზეზით, რომ ენერგეტიკის სამინისტრო და მისი მაკონტროლებელი ივანიშვილი მოითხოვდა ამ ბიზნესის წილს.
ამასთან ივანიშვილის მარიონეტულმა მთავრობამ, არა მხოლოდ არ გამოთქვა შეშფოთება ამ ინვესტიციის შეჩერების გამო, არამედ გამოაცხადა, რომ მაინც არ გვაწყობდა ამ ქარხნის აშენება, რაც ადამიანურ ენაზე ითარგმნება შემდეგნაირად - რაც აწყობს ათასობით დასასაქმებელ ოჯახს, ქართულ ეკონომიკას, საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას, მაგრამ ფული არ მოაქვს ივანიშვილის ჯიბისთვის, არ აწყობს ოლიგარქს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რომლის განცხადებით, ყველა ეკონომიკური მაჩვენებლის გაუარესების ფონზე, ივანიშვილის პირადი ბანკის მოგება 17,5 ჯერ გაიზარდა.
სააკაშვილის ბრალდებების მიუხედავად, როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, პროექტი კონკრეტული ტექნიკური შეუთანხმებლობის გამო შეჩერდა. როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარემოცვის წევრი აცხადებს, გარდა ქართულ-აზერბაიჯანული მხარისა, ამ პროცესში ასევე ჩართულია საერთაშორისო ინსტიტუტები. პროექტის დეტალებში გაჩნდა სირთულეები, რისი გადალახვა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
„ყოფილი ხელისუფლების მიერ ისეთი ვალდებულება იყო აღებული, რის გადახედვა მოითხოვა ახალმა ხელიუფლებამ, რადგან სახელმწიფოებრივად არ იყო სწორი. ამიტომაც, მოლაპარაკება მიდის პროექტის კორექტირებაზე. ამ პროექტში ჩადებული იყო წინა ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების პირადი ინტერესი, რაზეც დღევანდელმა ხელისუფლებამ დემონსტრაციულად თქვა უარი და კონკრეტული ინტერესის ნაცვლად პირობების კორექტირება მოითხოვა. ეს ხდებოდა საწყის ეტაპზე, ანუ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს“, - უთხრა for.ge-ს ყოფილ პრემიერთან დაახლოებულმა პირმა.
როგორც ცნობილია, აპრილში საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა აბდულაევი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები გრძელდება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის განცხადებით, ქარხნის მშენებლობის გეგმების დროებით შეჩერების მიზეზი ისაა, რომ პროექტი ფინანსურად არამომგებიანია.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „სოკარს“ საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტები აქვს და აქედან გამომდინარე, ფიქრობს, რომ ეს პროექტი მომავალში განხორციელდება.
„ეს არის საკმაოდ დიდი პროექტი, შეიძლება არის ისეთი ობიექტური მიზეზი, რის გამოც ვერ განხორციელდა მისი მშნებლობა. საერთოდ, ასეთ დიდ პროექტებს სჭირდება თავისი ეკონომიკური დასაბუთება. შესაძლებელია, შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ პროექტი ეკონომიკურად ვერ იქნებოდა წარმატებული და ამიტომაც შეჩერდა მისი განხორციელება - ასე ხდება დიდი პროექტების განხორციელების დროს. სადაც სახელმწიფო პოლიტიკასთან გარკვეული კვეთა არსებობს, იქ მოლაპარაკებები საკამოდ რთულად მიდის.
ხშირ შემთხვევაში ადვილი არ არის შეთანხმების მიღწევა იმიტომ, რომ ორივე მხარე ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას თავისი ინტერესები. საკმაოდ ლოგიკურია კალაძის განცხადება. იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროექტი საბოლოოდ კი არ არის უარყოფილი, არამედ შეჩერებულია. მოლაპარაკებები გრძლედება და მხარეები, საბოლოო ჯამში, რაღაცაზე შეთანხმდებიან. მთავარია, რომ აქ ყველა ინტერესი იყოს დაცული, როგორც სახელმწიფოს, ისე კომპანიის. ამ პროექტის შეჩერების უკან პოლიტიკას ნამდვილად ვერ ვხედავ, აქ არის კონკრეტული ტექნიკური შეუთანხმებელი საკითხები“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ კომპანია „სოკარის“ და წინა ხელისუფლების ურთიერთობა რომ გამჭვირვალე არ ყოფილა, ეს არც თუ ძნელად პროგნოზირებადია.
„ბრიტიშ პეტროლიუმთან ბუნებრივი აირის მოწოდებასთან დაკავშირებით, 20-წლიანი ხელშეკრულება დაირღვა, მაშინ როცა, ჯერ კიდევ 12 წელზე მეტი უნდა ეარსება გადაწყვეტილებას. წარმოიშვა „სოკარი“, შეიცვლა საბადო, საიდანაც მოდიოდა მაღალკალორიული ბუნებრივი აირი და გაძვირდა კიდევაც. ეს ხდებოდა ყოფილი ხელისუფლების პირობებში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ მომხდარა ასეთი ტიპის ცვლილები. და, რა მოხდა? - იქნებ, ჯერ ამაზე გაგვცეს პასუხი ბატონმა სააკაშვილმა და მისმა გუნდმა და მერე ალბათ, კიდევ უფრო საინტერესო დეტალები გამოჩნდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.