სირიაში საბრძოლველად საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე გაემგზავრა. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ყარაჯალაში მცხოვრებმა ირადა ღარიბოვამ და ანა სულეიმანოვამ გასულ კვირას გადაკვეთეს და თურქეში ჩავიდნენ. ორმა ქალბატონმა სახლში წერილი დატოვეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს გადასვლას და ჯიჰადის გამოცხადებას აპირებენ. ღარიბოვასა და სულეიმანოვის მიერ საზღვის გადალახვას ადასტურებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ „ისლამურ სახელმწიფოში“ დაახლოებით 300 საქართველოს მოქალაქე იბრძვის. მათ შორის 3 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანი. პანკისის ხეობის პარალელურად, სირიაში მიდიან აჭარის, ქვემო ქართლის და ჩოხატაურის რაიონში მცხოვრები მუსლიმანები. ქვემო ქართლიდან წასული საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანულ სეგმენტს აძლიერებენ, ვინაიდან სირიაში გაძლიერებულია აზერბაიჯანული ჯამაათი.
for.ge-სთან საუბრისას „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლი - საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციამ და მის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ რუსეთს თავისი აგენტურა ჰყავდა იმ ჯგუფშიც და ძალიან აქტიურად მოქმედებდნენ პანკისის ხეობაში.
რას აკეთებენ სპეცსამსახურები და რატომ ვერ აღკვეთს „ისლამურ სახელმწიფოში“ გადასვლის თუნდაც ერთი ფაქტი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა.
არაოფიციალური ინფორმაციით დაახლოებით 300-მდე გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქების რიცხვი, რომლებიც „ისლამურ საელმწიფოში“ იბრძვიან. შს მინსიტრის განცხადების მიუხედავად, ადამიანები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიდიან სირიაში. რატომ ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ამ პროცესის შეჩერებას?
- „ისლამური სახელმწიფო“ მსოფლიოში აღიარებული ტერორისტული დაჯგუფებაა, მათ რიგებში გაწევრიანება, ეს იქნება აქტიური მონაწილეობა საბრძოლო ოპერაციებში, თუ სხვადსხვა კუთხით მხარდაჭერა, ბუნებრივია, გარკვეულ ჩრდილს აყენებს საქართველოს და მის დღევანდელ ხელისუფლებას. აქ არის რამდენიმე პრობლემა, პირველი - საქართველოს მოსახლეობის დღევანდელი სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა და მეორე - რელიგიური ფანატიზმი, რომელსაც არა მარტო საქართველო, არამედ დასაველთ ევროპის ქვეყნებიც ვერაფერს ვერ უპირისპირებენ.
რას აკეთებენ, ან რა უნდა გააკეთოს ჩვენმა უშიშროების სამსახურებმა იმისათვის, რომ აღკვეთონ საქართველოს მოქალაქეების გასვლა „ისლამურ სახელმწიფოში“?
- ძალიან სენსიტიური თემაა. როდესაც საუბარია სრულწლოვნებზე, ძნელია შიშველი ხელებით, ან უხეში ჩარევით აღუდგე წინ მათ სურვილს. მაგრამ, რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს ჩვენმა სპეცსამსახურებმა, ასეთ ადგილებში სრულიად მოშლილია აგენტურულ-ოპერატიული მუშაობა. იმისათვის, რომ ამის პრევენცია მოხდეს, ინფორმაცია უნდა იყოს წინმსწრები. ფაქტის შემდეგ მას ვერაფერს ვერ დაუპირისპირებ. მითუმეტეს, რომ ეს ძალიან ზუსტ და ფაქიზ მიდგომას მოითხოვს, რადგან ეს თემა პირდაპირ გადაჯაჭვულია რელიგიასთან.
თქვენ ამბობთ, რომ არ მუშაობს აგენტური ქსელი, აქედან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოს მოქალაქეების გაყვანას ხელს უწყობდეს კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომლის მიზანია ნეგატიური გავლენა მოახდინოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე?
- ჩემი აზრით, აქ უფრო არაპროფესიონალიზმია, ვიდრე მიზანმიმარეთული ქმედება, რომ ჩრდილი მიადგეს საქართველოს. არ ვიცი, ამ მიმართულებით მიდის თუ არა მუშაობა, მაგრამ შედეგები გვიჩვენებს, რომ საკმარისი მუშაობა არ მიმდინარეობს.
2000 წელს, როდესაც ძალიან გააქტიურდა პანკისის ხეობაში ეს დაჯგუფება, მაშინ უშიშროების სამინისტრო აქტიურად მუშაობდა ასეთი ჯგუფების გამოსავლენად. აქტიურად მუშაობდნენ როგორც აგენტურული მიმართულებით, ასევე იგივე ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებებით, რომელთა მეშვეობითაც ხდებოდა ასეთი ჯგუფის დადგენა. გარკვეულწილად, ეს დღესაც გასაკეთებელია. გვინდა თუ არ გვინდა, იმისთვის არსებობს ეს ფარული მოსმენებიც, რომ ასეთი ფაქტები გამოვლინდეს. ადამიანი, რომელიც აეროპორტშია, ხელზე ბილეთი აქვს, მას ვერანაირი სამართლებლივი გზით ვერ შეაჩერებ. მანამდე უნდა მოხდეს გარკვეული მუშაობა მათთან და მათ ოჯახებთან.
საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააკეთა განცხდება, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ისინი ხელს შეუშლიან საქართველოდან ახალგაზრდების გასვლას. მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერ შეძლო ამ პროცესის შეჩერება...
- მთავარი პრობლემა ისევ არაპროფესიონალიზმი და საბოტაჟია. როდესაც ამ სტრუქტურაში ვმუშაობდი, ვიცოდი რა ღონისძიებები ფინანსდებოდა პანკისი მიმართულებით და ამის მიხედვით მეც შემეძლო ანალიზის გაკეთება, რადგან მთავარი ანალიზია. ამ კუთხით, მაშინ ძალიან აქტიურად მუშაობდა ირაკლი ალასანია, რომელიც უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე იყო, მაშინ ძალიან ბევრი პრობლემა იქნა თავიდან აცილებული ქვეყნის შიგნით. დღესაც ანალოგიური სამუშაოებია ჩასატარებელი. თუმცა, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ასეთი სამუშაოების დაწყების პროცესს.
რუსეთის მხრიდან კეთდებოდა განცხადება, რომ პანკისის ხეობაში მიმდინარეობს ტერორისტების გადამზადება, რომ გახსნილია სპეცილური ბაზა. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემამ დღეს იჩინა თავი, რუსეთის მხრიდან შეწყდა განცხადება. რამდენად უშვებთ, რომ თვითონ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყოს ორგანიზებული ახალგაზრდების ხეობიდან გასვლა, რომ შემდეგ მას ჰქონდეს საბაბი ამ ხეობაში ე.წ. წესრიგის დამყარების?
- ლაფანყურის ოპერაციამ და მის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ რუსეთს თავისი აგენტურა ჰყავდა იმ ჯგუფშიც და ძალაინ აქტიურად მოქმედებდნენ პანკისის ხეობაში. ყველა მოსამზადებელი ბაზა, არსებული თუ მითიური, ადრეც და ახლაც, მათთვის ცნობილია. რაც შეეხება გამგზავრებას, სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებაში, საქართველოზე მეტი რუსეთის მოქალაქეები არიან. არა მგონია, რომ რუსეთის ინტერესი იყოს პროვოცირება გაუკეთოს გამგზავრებას. შეიძლება, რუსეთის სპეცსამსახურების ამოცანაა, რომ პანკისის ხეობიდან ჩრდილოეთში მოხდეს გადაადგილება და ეს გამოიყენოს.
ძალოვანების ასეთი უმოქმედობა რამდენად საფრთხის შემცველია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის?
- სამწუხაროდ, 2004 წლიდან საქართველოს სპეცსამსახურების, ადამიანური, ტექნიკური თუ ფინანსური რესურსები მიმართული იყო შიდა პოლიტიკური სიტუაციის გასაკონტროლებლად და ტოტალიტარული რეჟიმის შესაქმნელად. პროფესიონალების ნაცვლად, მათ უნდოდათ უსიტყვო შემსრულებლები ჰყოლოდათ სპეცსამსახურებში. ის ხალხი გაუშვეს ვინც მათ უსიტყვოდ არ ემორჩილებოდა. ნაციონალებს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება საერთოდ არ აინტერესებდათ. სამწუხაროდ, ამ კუთხით არაფერი არ შეცვლილა - თვითგადარჩენის პრინციპი მუშაობს, უფროსს რა ესიამოვნება. რამდენიმე ისეთი სპეცსამსახურია, რომელთა არარსებობით ქვეყანას არაფერი შეეტყობა. გარდა იმისა, რომ იღებს ხელფასს, სხვა მათი ნამოქმედარი არ ჩანს. თუ ასე გაგრძელდება, მათი ნამოქედარი არც არასოდეს გამოჩნდება.
აქ მთავარია, ქვეყნის გარედან მართული პროცესები რამდენად ახდენს განლენას საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ რელიგიურ მდგომარებაზე, რაც სპეცსამსახურების თემატიკაა.
წავიდა ორი ქალბატონი და გასაგებია რა მიზნით წავიდნენ. გასაგებია, რომ ამას სპეცსამსახური ვერ დაუდარაჯდება, მაგრამ ის, რომ სხვა ქვეყანა თუ ქვეყნები, გეგმავენ თუ არა საქართველოში ფულად საკრედიტო სისტემის ჩამოშლას, პოლიტიკურ დაპირისპირებას, პოლიტიკურ მკვლელობებს, ქვეყნის სტრატეგიული განვითარების კურსიდან გადახვევას, აი, ეს სერიოზული თემაა, რომლის პრევენცია უნდა მოხდეს.
სამწუხაროდ, მოვლენები როგორც ვითარდება და განსაკუთრებით საფინანსო ეკონომიკურ სფეროში, ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ქვეყანაში გაგრძელდეს დესტაბილიზაცია და 2016 წლისთვის დაიწყოს შიდა პოლიტიკური დაპირისპირება. რომელმა პოლიტიკუმა ძალამ შეიძლება გამოიყენოს ეს პროცსები, ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანა ამით ვერაფერს მოიგებს.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დღეს „ილსამურ სახელმწიოფოში“ იბრძვიან, შესაძლებელია, რომ ისევ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ?
- ჩვენ არ ვიცით იგივე „ისლამური სახელმწიფოს“ გეგმები. არ არის გამორიცხული და ამისგან დაზღვეული არავინ არ არის, მოხდეს ტერაქტი, ან სხვა რაიმე ძალისმიერი მეთოდის გამოყენება. საზოგადოების ნორმალური განვითარებისთვის მათი დაბრუნება სახიფათოა.