„სამართლიანობა ნამდვილად ვერ აღდგება, რადგან ზურაბ ვაზაგაშვილი, მამასთან ერთად, გარდაცვლილია“

„სამართლიანობა ნამდვილად ვერ აღდგება, რადგან ზურაბ ვაზაგაშვილი, მამასთან ერთად, გარდაცვლილია“

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა 22 მაისს გაგრძელდება. მხარეები მტკიცებულებათა ნუსხას წარადგენენ, რის შემდეგაც სასამართლო დასაშვებობის საკითხზე იმსჯელებს.

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესის ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესსზე ცნობილი გახდა, რომ კორტების საქმეზე დაკავებული 11პირის საქმე გაიყო. დაკავებულების: ფირცხალავას, ნაკანის, ბეროძის, ცააძის და კვინიკაძის საქმე ერთად განიხილება, დანარჩენი 6 სპეცრაზმელის საქმეზე ცალ-ცალკე სასამართლო ჩატარდება.

ბრალდებულების ადვოკატი, დავი ხაჟალია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საპროცესო კოდექსით, ბრალდების მხარეს უფლება აქვს, საფუძვლის გარეშე ცალკე წარმოებად გამოყოს საქმე. თუმცა, მისივე თქმით, საქმის გაყოფა ბადებს კითხვის ნიშნებს. მას შემდეგ რაც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, ადვოკატები დააყენებენ შუამდგომლობას ამ საქმეების გაერთიანების შესახებ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კორტების სპეცოპერაციის სასამართლო პროცესი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. შელაპარაკება ბრალდებულებისა და ვაზაგაშვილის ახლობლებს შორის მოხდა. მოკლული, იური ვაზაგაშვილის დამ მანანა ვაზაგაშვილმა, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა, ბრალდებულებს მკვლელები უწოდა, რასაც ბრალდებულების ოჯახის წევრების რეაქცია მოჰყვა. 

„პოლიციელს იარაღი უნდა ეჭიროს და არა შპრიცი და ნარკოტიკი. თქვენი ძმა კი წამალს ყიდიდა“, - მიმართა ერთ-ერთი ბრალდებულის ახლობელმა, მანანა ვაზაგაშვილს.

დაპირისპირება სასამართლო დარბაზშიც გაგრძელდება. ერთმანეთს ბუტა რობაქის მამა, სოსო რობაქიძ და საქმეზე დაკავებული, სპეცრაზმის ყოფილი უფროსი კახა ნაკან დაუპირსპირდნენ, რასაც დარბაზში მყოფი ორივე მხარის წარმომადგენლების შეძახილები მოჰყვა. სოსო რობაქიძე სხდომათა დარბაზიდან მანდატურების დახამრებით გაიყვანეს.

თავის მხრივ, მოსამართლემ მერაბ ჯორბენაძემ მკაცრი გაფრთხილება მისცა ბრალდებულებს და დარბაზში მყოფებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო სხდომის დახურვით დაემუქრა. მოსამართლის გაფრთხილების შემდეგ კახა ნაკანმა სოსო რობაქიძის შეგინებისთვის ბოდიში მოიხადა. თუმცა, მოგვინაბებით მოსამართლემ ბრალდებულების მხარდამჭერებს დარბაზი დაატოვებინა. ამის მიზეზი კი ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას სიტყვით გამოსვლა გახდა, რასაც დარბაზში ტაში მოჰყვა. მოსამართლემ ყველა, ვინც ფირცხალავას გამოსვლას ტაშით შეხვდა, დარბაზიდან გააძევა.

ბრალდებულმა ირაკლი ფირცხალავამ მედიას მიმართა, საქმის ირგვლივ არსებული გარემოებებით დაინტერესდნენ. აქვე მან მთავარი პროკურორის პირველი მოდაგილე, ირაკლი შოთაძე მოწმეების მოსყიდვაში დაადანაშაულა.

„ვაპირებდი, მიემართა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარისთვის, თუმცა გამახსენდა, რომ ბესელია ქურდების ადვოკატია და ხელფასს „ობშიაკიდან“ იღებს. ვაპირებდი მიმემართა პრეზიდენტისთვის, თუმცა საქმე პოლიტიკურია და პრეზიდენტი ასეთ საკითხებში ვერ ჩაერევა, ვაპირებდი მიემართა არასამთავრობოებისთვის, მაგრამ გადავიფიქრე, რადგან სუს-ი გაუათმაგებდა მოსასმენ აპარატურას ოფისებსა და სახლებში.

მივმართე სახალხო დამცველს, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ვის მივმართო, შოთაძეს თუ გაურკვეველი მენტალიტეტის მქონე იუსტიციის მინისტრს, რომელიც პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს ქურდებთან? ამიტომ მივმართავ ჟურნალისტებს, რომ დაინტერესდნენ, რატომ გამოიყო სპეცრაზმელების საქმე ცალკე, ერთი და იგივე მტკიცებულებებია ორივე საქმეზე. შეიძლება იქეთ საქმეზე დასაშვებად სცნონ მტკიცებულებები და აქეთ არა? ან იქეთ გაამართლონ ბრალდებულები და აქეთ არა? ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები დანაშაულებრივ ქმედებაში შევიდნენ და პროკურატურას შანტაჟით და მოსყიდვით მიუყვანეს მოწმეები“, - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ. 

ბრალდებულ კახა ნაკანის განცხადებით, ბავშვმაც კი იცის, რომ მათი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

„ყველა ვიბრძოდით ქვეყნის კეთილდღეობისთვის. საწყენია, რომ ასე იქცევა სახელმწიფო. ბიუსტებს უდგამს კრიმინალებს იუსტიციის სამინისტროს წინ. საწყენია, სად მიდის ქვეყანა, რომლის გულისთვისაც ვიომე“, - განაცხადა კახა ნაკანმა. 

სასამართლო პროცესზე პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულმა გიორგი ცააძემაც, რომელსაც ბრალად ედება ზურაბ ვაზაგაშვილისთვის საკონტროლო გასროლის განხორციელება. ბრალდებულმა იმ ფირის ჩართვა მოიხოვა, სადაც დეტალურად არის აღწერილი კორტების სპეცოპერაცია.

„ჩართეთ ფირი! ამბობენ, რომ საკონტროლო გასროლა განვახორციელე, მაგრამ ტყვია არ მისვრია. სპეცოპერაცია თავიდან ბოლომდეა გადაღებული. ჩართეთ ფირი, დამაწყდა ნერვები. ცააძე ვარ, ვინმე ღობეგლეჯიაშვილი კი არა. სამი მოწმე გვადებს ხელს მე და თაბაგარს, რომელიც საერთოდ არ იყო იმ ადგილას. პროკურატურამ ის დაკითხა და გაუშვა. რომც ვაღიარო ბრალდება, მაინც გამამართლებთ, რადგან ფირზე ჩანს ყველაფერი, რომელიც საქმეში დევს“, - განაცხადა გიორგი ცააძემ.

ბრალდებულ ფირცხალავას ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს ვაზაგაშვილის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი, რომლის განცხადებით, სახელმწიფო ბრალდება უზრუნველყოფს ბრალდების დადასტურებას, რითაც გარკვეულ კონტექსტში სამართლიანობა აღდგება.

„თუმცა, სამართლიანობა ნამდვილად ვერ აღდგება, რადგან ზურაბ ვაზაგაშვილი მამასთან ერთად გარდაცვლილია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ობიექტური და სწორი სამართლებრივი შეფასება მიიღონ იმ პიროვნებებმა, ვის მიმართაც წარდგენილია ბრალდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გაგი მოსიაშვილი.

რა ინფორმაციის საფუძველზე დაადანაშაულა ბრალდებულმა ფირცხალავამ დაცვის მხარე და მთავარი პროკურორის მოადგილე მოწმეთა მოსყიდვაში, უცნობია მისი ადვოკატისთვის. დავით ხაჟალიას განცხადებით, შეიძლება თავად ბრალდებული ფლობს ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას.

„რაც შეეხება ოჯახის ადვოტაკებს, მათ უფლება აქვთ, თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტერესების სასარგებლოდ ჩაატარონ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები. თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი რომელიმე მოწმეზე ზეგავლენას ახდენენ, ესეც ვარაუდია, ამის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია მე არ გამაჩნია.

რაც შეეხება ფირის გასაჯაროვებას, ყველა ვარიანტში მოხდება მისი გასაჯაროვება, რადგან ეს არ არის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ფირი. როგორც კი დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევა, ბუნებრივია, საჯაროდ მოხდება ამ ფირის გამოკვლევა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები უკანონოდ არიან დაკავებული და ჩვენი სტრატეგიაც იმაში მდგომარეობს, რომ საბოლოოდ მივაღწიოთ დაკავებულების გამართლებს. ხანგრძლივი და რთული პროცესია, ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოება გამოიკვეთება უშუალოდ სასამართლოზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ხაჟალია.