For.ge აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას.
მთელი ამ წლების განმავლობაში, “რუსთავი 2” შევარდნაძის კორუმპირებულ და უსამართლო მმართველობას ამხელდა და ამის გამო საზოგადოებაც სიყვარულით და პატივისცემით გვეპყრობოდა. ჩვენს მიმართ პატივისცემას გამოხატავდნენ ის პატიოსანი ჩინოვნიკებიც, რომლებიც პრინციპების თუ სხვა მიზეზების გამო ამ კორუციულ სისტემაში ჩართულები არ იყვნენ და უამრავი საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიდნენ.
“რუსთავი 2”-ს საზოგადოება იმედის თვალით უცქერდა. ტელევიზიაში ყოველდღიურად უამრავი უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანი მოდიოდა და სამართალს ჩვენი დახმარებით ეძებდა. მახსოვს ეს ხალხი განცხადებებს გვიტოვებდა, რომ მათ გასაჭირზე რეპორტაჟი მოგვემზადებინა და განცხადებას ადრესატებად თავზე ეწერა: “საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პრეზიდენტს - ეროსი კიწმარიშვილს, ან რომელიმე გადაცემის რედაქტორს”. ეს ხალხი საბოლოო ინსტაციად განგვიხილავდა, სადაც ცენზურის (ამ სიტყვის განმარტებაც არ ვიცოდით) გარეშე ჟურნალისტები მათ გასაჭირს ფართო საზოგადოებამდე მიიტანდა.
ჩვენ ვამბობდით სიმართლეს და საზოგადოება შევარდნაძის მიმართ დღითი დღე კრიტიკულად ეწყობოდა. თუმცა, ამას არ ვაკეთებდით იმის, გამო, რომ მერე რევოლუცია მოგვეწყო. შევარდნაძეს არავინ უშლიდა რაიმე საქმის გამოსწორებას, მაგრამ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ვერ ელეოდა და ესენიც იოლ გამოსავალს პოულობდნენ, აცხადებდნენ, რომ თითქოსდა “რუსთავი 2” შევარდნაძეს ებრძოდა და ამის გამო ჩვენ რაღაცეებს ვიგონებდით. შემდეგ ესენი გარკვეული თანხის საფასურად სხვა ტელეკომპანიებში თავიანთთვის სასურველ სიუჟეტებს უკვეთავდნენ და მოსთქვამდნენ, ნახეთ რა კარგი ბიჭი ვარ და “რუსთავი 2”-მა კიდევ ცილი დამწამაო.
სიამაყით ვიტყვი, რომ ჩვენ არასდროს გვივაჭრია ცალკეული ადამიანის ბედითაც კი. არაფრის ფასად არ მიგვიჩქმალავს საზოგადოებისთვის მათი გასაჭირი. უამრავი შემოთავაზება გვქონია, რომ - აი, თუ თქვენ ამ სიუჟეტს არ გაუშვებთ... ყველაფერი აქ მთავრდებოდა. შევარდნაძის სიძე, გია ჯოხთაბერიძე “მაგთის” რეკლამას განათავსებდა თუ “60 წუთის” წამყვანს აკაკი გოგიჩაიშვილს სამსახურიდან გავუშვებდი, აკაკი ჩხაიძე ნახევარ მილიონს იხდიდა თუ რკინიგზის თაობაზე გადაცემას არ გავუშვებდი, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველი წლის დასაწყისში 100 ათას დოლარს გადაიხდიდა თუ პოლიციის უკანონო ქმედებაზე თვალს დავხუჭავდით. ჰქონდათ ცალკეული ჟურნალისტების მოსყიდვის სურვილიც, თუმცა უშედეგო.
დღეს მთელი ელიტა შალვა რამიშვილს ქომაგობს, ჟურნალისტს, რომელმაც პირველივე შემხვედრს 30 ათასი დოლარი გამოართვა იმისთვის, რომ მასზე კრიტიკულ სიუჟეტს ეთერში არ გაუშვებდა და ამ საქციელის შემდეგ მას რამდენიმე პარტიის ლიდერი საარჩევნოდ სიაში ჩასმას უპირებს, რაც ჩემი აზრით, არ არის მორალური საქციელი და მთელი პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ჩემი ჟურნალისტები ასე არასდროს იქცეოდნენ.
ამიტომ სურდათ, რომ “რუსთავი 2”-ს არსებობა შეეწყვიტა და ეს უნდა მომხდარიყო მაქსიმუმ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს ყველა მეტნაკლებად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი საპრეზიდენტო პოსტის ხელში ჩასაგდებ პლაცდარმად განიხილავდა. ძირითადი მოთამაშეები იყვნენ - შევარდნაძე, რომელსაც ყველა თვალებში შესციცინებდა, რომ მის მემკვიდრედ დაასახელებდა, ასევე ბადრი პატარკაციშვილი, ასლან აბაშიძე და ზურა ჟვანია. თუმცა ბადრი რთულ პარტიას თამაშობდა, იგი აფინანსებდა შევარდნაძის სახელისუფლებო ბლოკს “ახალი საქართველოსთვის”, აფინასებდა “ახალ მემარჯვენეებს” და ზურა ჟვანიას “ბურჯანაძე-დემოკრატებს”. ბადრი ზურას 2003 წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად 200 ათას დოლარს აძლევდა. ირაკლი ჩუბინიშვილი ყოველი თვის დასაწყისში “გაერთიანებულ ქართულ ბანკში” ვანო ჩხარტიშვილს აკითხავდა და იქიდან ცელოფნის პარკით ეს ფული ოფისში მიჰქონდა. ბადრიმ რამდენიმე ადგილი ნათელაშვილის ლეიბორისტული პარტიის საპარლამენტო სიაშიც იყიდა და იქ თავისი ხალხი ჩასვა.
2003 წლის ოქტომბერში სააკაშვილს სერიოზულად არავინ განიხილავდა. არც სააკაშვილი იკლავდა თავს სპონსორის ძიებით, მას როგორც მისი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენიმე ხნის წინ გაიხსენა, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა.
ოქტომბრის დასაწყისში “აი-პი-ეს”-მა წინასაარჩევნო გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ზურა დამაჯერებლად ლიდერობდა. მას მოჰყვებოდნენ სააკაშვილი და ნათელაშვილი.
სააკაშვილს დედაქალაქზე მეტად რეგიონებში წყალობდნენ. ის შევარდნაძეს და მის გარემოცვას კორუპირებულობისთვის ადანაშაულებდა და ხალხს ეს მოსწონდა. ამასთან სააკაშვილმა ჩაგრულის იმიჯი შეიქმნა, რაც მის მიმართ კეთილგანწყობას აძლიერებდა.
ოქტომბრის ბოლოს წინასაარჩევნოდ ბოლნისში ჩასულ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს იქაური გამგებელი დაუხვდა და ერთმანეთს სულ ცხვირ-პირი დაუმტვრიეს. ამ ჩხუბში გამგებელიც გაილახა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მიშამ წინასწარ ამ ჩხუბისთვის კარატეს რომელიღაც ფედერაციის წევრები დაიქირავა და მერე ეს ბიჭები ჩიოდნენ, მიშამ ტყუილად გვაჩხუბა, ფული აღარ გადაგვიხადაო.
29 ოქტომბერს სააკაშვილი ზუგდიდში ჩავიდა და იქაც ერთი ამბავი ატეხა, მოკვლას მიპირებდნენო. მიშა ქალაქის ცენტრში მიტინგს მართავდა, მომიტინგეებში ავტომანქანა გამოჩნდა, რომელიც ნელი სვლით ხალხში გზას იკვლევდა. სააკაშვილის მომხრეებმა ავტომანქანა ამოიცნეს - ეს ბადრი ზარანდიას ავტომანქანააო და შიგ მსხდომ პირებს მივარდნენ, გადმოათრიეს და სასტიკად სცემეს.
ბადრი ზარანდია ზუგდიდის ყოფილი სამხედრო კომენდანტი იყო და შემდეგ მხედრიონის ლიდერს ჯაბა იოსელიანს დაუძმაკაცდა, რომელიც მიშას ვერ იტანდა. თვითმართველობის არჩევნების წინ ზარანდიამ ზუგდიდში ჩასული სააკაშვილი სცემა და მას მიშა ერთ-ერთი რესტორნის მაგიდის ქვეშ ემალებოდა. მახსოვს, ზარანდია სააკაშვილს პირდებოდა, რომ მეორედ ზუგდიდში არ ჩაუშვებდა, თუმცა საპარლამენტო არჩევნების წინ მიშას ეს მუქარა აღარ აშინებდა, ვინაიდან ზარანდია რესტორანში ჩაცხრილეს და საქმე დღემდე გაუხსნელია.
მართალია ის ავტომანქანა ზარანდიას ეკუთვნოდა, თუმცა ამ ინციდენტამდე ერთი წლით ადრე იგი ტელეკომპანია მეცხრე არხის ზუგდიდელმა კორესპოდენტმა იყიდა და გადაღებაზე ამ მანქანით დადიოდა. აღნიშნულ მიტინგზეც, ჟურნალისტმა მძღოლს დაურეკა, რომ ანძაზე ვიდეომასალის წასაღებად მისულიყო, რომ ვიდეოკასეტა გადაეცა. მძღოლი ჟურნალისტისკენ მანქანით წავიდა, რომ ვიდეომასალა სხვა ტელეკომპანიებზე ადრე გადაეგზავნა თბილისში და ამის გამო სასტიკად მოხვდა კიდეც.
ამ ინციდენტის შემდეგ გმირი სააკაშვილი ტელეკომპანიებს უყვებოდა, თუ რა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. კოტე კემულარია ყველას უჩვენებდა პისტოლეტს, რომელიც ვითომდა თავდამსხმელებს წაართვა. არც ეს პისტოლეტი გადაუციათ ნივთმტკიცებად პოლიციისთვის და არც თავდამსხმელები ჩაუბარებიათ პოლიციისთვის. ჟურნალისტი კიდევ ნაცემ მძღოლსა და დამტვრეულ ავტომანქანას მისტიროდა, თუმცა ეს არავისთვის საინტერესო აღარ იყო: მიშამ მაგარი პიარი გაიკეთა.
23 ნოემბერს სააკაშვილის მომხრეები ბათუმში მართლა სასტიკად სცემეს. ყველას ახსოვს ნაცემი კობა დავითაშვილი, გივი თარგამაძე, დავით ბერძენიშვილი. ეს ხალხი როცა დემონსტრაციას წინ მიუძღოდა და მართლა საფრთხეში იგდებდა თავს, სააკაშვილი კაფეში იჯდა, აჭარულ ხაჭაპურს ჭამდა და დიდი ეჭვი მაქვს, ნატრობდა, რომ მორიგი პიარ აქციისთვის, მისი მომხრეები აბაშიძის ხალხს გაელახა.
ამ ცემა-ტყეპის ფონზე სააკაშვილის პოპულარობა მატულობდა, რომელსაც მანამდე მხოლოდ ნათელაშვილ-2-ად განიხილავდნენ.
ოქტომბერში თავად ნათელაშვილის რეიტინგმა მოიკლო, ვინაიდან იგი შევარდნაძის კრიტიკიდან ჟვანია-სააკაშვილის ლანძღვაზე გადაერთო.
ჟვანია-ბურჯანაძემ რესპექტაბელური საარჩევნო კამპანია აწარმოეს, რასაც შედეგი განვითარებულ ქვეყნებში მოაქვს, რომელსაც საქართველო არც მაშინ წარმოადგენდა და არც იმ არჩევნების შემდეგ. ნინო ლიდერის როლში პირველად წარსდგა ამომრჩევლის წინაშე და მისმა გამოუცდელობამაც თავი იჩინა. ამომრჩევლები ბურჯანაძეს ეკითხებოდნენ: თუ თქვენ აგირჩევთ, შუქი გვექნება? გზებს დააგებთ? პენსია გაიზრდება? ნინო პასუხობდა, რომ ეს აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა და პარლამენტი ამ საკითხებს ვერ გადაწყვეტდა. მახსოვს, ვანო მერაბიშვილი თავისი მსტოვრებისგან გებულობდა თუ რა ილაპარაკა ბურჯანაძემ ამა თუ იმ შეხვედრაზე და ნინოს ამ პასუხზე ხშირად ქირქილებდა.
1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „რუსთავი 2“-მა პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ეგზიტპოლი ჩაატარა. ეგზიტპოლი ჩავატარეთ 2001 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების დროსაც და მაყურებელი მიეჩვია, რომ არჩევნების წინასწარ მონაცემს „რუსთავი 2“ის მეშვეობით უკვე საღამოს 8 საათზე შეიტყობდა.
ეგზიტპოლს ვატარებდით 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც. რამდენიმე არასამთავრობო საერთაშორისო ფონდთან ერთად, სადაც ძირითადი დონორი ჩვენ ვიყავით, დავიქირავეთ ამერიკული “გლობალ სტრატეგი გრუპ”-ი. ამ ორგანიზაციას ამ საქმეში დიდი გამოცდილება ჰქონდა, თანაც ამერიკელები შემთხვევით არ აგვირჩევია, მათ მონაცემებს საზოგადოება ყველაზე მეტად ენდობოდა. პარალელურად ხელისუფლებამაც დაიქირავა ეგზიტპლისთვის რუსული ორგანიზაცია “ნიკოლო მ“.
არჩევნების მოსალოდნელი შედეგი მაშფოთებდა, თუმცა მამშვიდებდა წინასაარჩევნო კვლევები, სადაც ჟვანია დამაჯერებლად ლიდერობდა. მართალია მას პატარკაციშვილი აფინანსებდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ზურა ლიბერალურ ღირებულებებს არანაირ ფასად არ შეელეოდა და ამას უკავშირდებოდა ჩემი იმედიც. პატარკაციშვილი ჩემთვის საშიში გახდებოდა თუ არჩევნებში ზურა დამარცხდებოდა. ვნატრობდი, რომ სახელისუფლებო ბლოკს და ბადრი პატარკაციშვილს მარცხი განეცადათ, ვინაიდან ტელეკომპანიის გადარჩენისთვის ეს ერთადერთ გზად მეჩვენებოდა.
არჩევნებამდე ერთი ალიაქოთი ატყდა ამომრჩეველთა საარჩევნო სიებთან დაკავშირებით. ბევრი ამომრჩეველი ამ სიებში თავის თავს ვერ პოულობდა, ზოგს დაბადების თარიღად 1800 წელი ეწერა, ხალხი აპროტესტებდა და ხელისუფლება ვერ ხსნიდა რატომ აირია სიები.
მოგვიანებით ხელისუფლების მხარდამჭერებმა ამ სიების არევა მე დამაბრალეს. მსგავსი აბსურდი არასდროს მომისმენია, ამიტომ ეს სერიოზულად არც მიმიღია. მე რა შეხება მქონდა სიებთან? არანაირი. ამომრჩეველთა სიები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოამზადა კომპიუტერული ვერსიის შესაქმნელად კომპანია “აი-ფი- ეს”-ს გადასცა. იმ საანკეტო მონაცემში სადაც დაბადების თარიღი გაურკვევლად ეწერა კომპიუტერმა ავტომატურად 1800 წელი ჩაწერა, ამას გარდა მთელი კორპუსები გამორჩათ და აქ მაცხოვრებლები სიაში ვერ მოხვდნენ. ეს ყველაფერი კი მე დამაბრალეს: “რუსთავი 2“-ის დირექტორი გოჩა ქუმსიაშვილი “აი-ფი-ეს”-ში მუშაობს და ეროსის დავალებით ამომრჩეველთა სიებს ეგ აურევდაო. სრული სისულელე, ჩვენ რომ ამის მოხერხება შეგვძლებოდა, ჩემი ციხეში ჩასმა ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ, თუმცა ამაზე თავი არც არასდროს მიმართლებია, აბსურდულ ბრალდებაზე რა პასუხი უნდა გავცე?
არეულმა სიებმა ყველაზე მეტად მე დამაზარალა, ვინაიდან ამით უამრავი ხმა დაკარგა იმ ძალამ, რომლის გამარჯვებაც ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და ამის თაობაზე თანმიმდევრულად მოგითხრობთ.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სახელმწიფო ტელევიზიამ, “იმედმა” და “მზემ” ეგზიტპოლის საწინააღმდეგო სერიოზული კამპანია წამოიწყეს. კოკა ყანდიაშვილმა ამ თემაზე რამდენიმე გადაცემა მოაწყო და დასკვნა ერთი გახლდათ: რა საჭიროა ეს ეგზიტპოლი, ის ხომ არაზუსტ მონაცემებს გულისხმობს და ვერსად ვერ გაამართლა. ესეც მიზანმიმართული სისულელე. რეალურად კი მათ ეგზიტპოლის იდეის გაკოტრება სურდათ, რომ შემდეგ მათთვის სასურველი პროცენტები ჩამოერიგებინათ საარჩევნო სუბიექტებისთვის, რასაც არჩევნებთან არაფერი საერთო ექნებოდათ და ეს მაჩვენებლები საზოგადოებას უტყუარ ჭეშმარიტებად უნდა მიეღო. ეგზიტპოლის შედეგი კი წინასწარვე ბავშვურ გართობად გამოაცხადეს.
ვფიქრობ ხელისუფლებამ სამიზნე სწორად შეარჩია; ვინაიდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პოლიტიკური სუბიექტები უკმაყოფილებას ყოველთვის გამოთქვამდნენ და გამარჯვებული ძალა ამას იოლად აბათილებდა: რახან დამარცხდა შედეგიც ამიტომ არ მოეწონათო და საზოგადოებაც ამას მტკივნეულად არ აღიქვამდა. „რუსთავი-2“ პოლიტიკური პარტია არ გახლდათ, თავისუფალი მედია იყო და მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოება ენდობოდა. მას ის სანდოობა ჰქონდა, რასაც პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეს სანდოობა ობიექტურად ვერ ექნებოდა, ვინაიდან დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენდნენ.
ჩემი აზრით, ხელისუფლებას აფიქრებდა, რომ ჩვენ ეგზიტპოლის ჩასატარებლად ამერიკული გავლენიანი ორგანიზაცია მოვიწვიეთ, რომელთა კომპეტენტურობასა და წესიერებაში ეჭვს ვერავინ შეიტანდა და ამის გასაბათილებლად თავად ეგზიტპოლის იდეას დაუწყეს დაკნინება. ჩემთვის ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ მმართველ ჯგუფს პატიოსანი არჩევნების ჩატარება არ სურდა. ერთადერთი სუბიექტი, რომელსაც გაყალბების შემთხვევაში დისონანსის შეტანა შეეძლო - ჩვენი ტელეკომპანია და ეგზიტპოლი გახლდათ.
(გაგრძლება იქნება)