ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან ბუბა კუდავას წასვლამ და კონკურსის წესით ზაზა აბაშიძის დანიშვნამ, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. აჟიოტაჟი ოპოზიციურ გუნდში, თორემ ისინი, ვინც გვერდიდან ადევნებს თვალს მოვლენებს, მომხდარს ჩვეულებრივ ამბად უყურებენ. რაც შეეხებათ საქმეში ჩახედულ ადამიანებს, მათ მხოლოდ ის უკვირთ, რატომ გაეტირა რამდენიმე თანამშრომელი კუდავას მაშინ, როცა რეალურად სწორედ მის დროს, თუნდაც ისეთი მნიშვნელოვანი ხელნაწერი, როგორიც „ვანის ოთხთავია“, ლამის განადგურდა და რომ არა პატრიარქის ჩარევა, არავინ იცის, ეს უნუკალური ხელნაწერი სად და როგორ იქნებოდა.
For.ge-მ განათლების სამინისტროს წერილობით მიმართა და გამოითხოვა უნიკალური ხელნაწერების შესახებ დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც მომზადდა აღნიშნული სტატია.
მაშ ასე, 2008 წელს, ბრიტანეთში, ხელოვნების სამეფო აკადემიაში გამოფენა დაიგეგმა სახელწოდებით „ბიზანტია“. ბრიტანელებმა სხვა ქვეყნებთან ერთად, გამოფენაში მონაწილეობა საქართველოსაც შესთავაზეს და ბუბა კუდავამ გადაწყვიტა, რომ გამოფენაზე „ვანის ოთხთავი“, „ტბეთის სახარება“ და „წყაროსთავის სახარება“ წაეღო. ბოლო ორზე რომ არაფერი ვთქვათ, „ვანის ოთხთავის“ გადაადგილება უბრალოდ არ შეიძლებოდა, რადგან დაზიანებული იყო და მგზავრობის დროს შესაძლებელი იყო საერთოდ განადგურებულიყო. ამის მიუხედავად, კუდავამ კულტურის იმჟამინდელ მინისტრს, ნიკა ვაჩეიშვილს მისწერა, რომ სამინისტროს პროცედურები დაეწყო, რათა ხელნაწერი საქართველოდან გასულიყო. ვაჩეიშვილმა ბრძანება გასცა და როგორც ამბობენ, მინისტრმა უბრალოდ არ იცოდა „ვანის ოთხთავის“ სავალალო მდგომარეობის შესახებ.
ამის შემდეგ, „ვანის ოთხთავის“ გადარჩენა ცენტრის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, მაგრამ კუდავას არაფრის გაგონება არ სურდა. „ვანის ოთხთავი“ ბრიტანეთში ფურორს რომ მოახდენდა, ყველა ხვდებოდა და ყველაზე კარგად კუდავამ იცოდა. პიარის სურვილით შეპყრობილ წინა ხელისუფლებას არაფრის გაგონება არ სურდა და ცენტრის თანამშრომლებმა, კონკრეტულად კი ლია სიხარულიძემ ბოლო შანსი გამოიყენა და ვინაიდან, „ვანის ოთხთავზე“ რესტავრაციას თავად აკეთებდა, ხელნაწერს სურათები გადაუღო და საპატრიარქოში გაგზავნა. პატრიარქმა თავად იხილა „ვანის ოთხთავის“ სავალალო მდგომარეობა და მაშინვე ვაჩეიშვილს უხმო. როგორც ჩანს, მინისტრმა მართლა არაფერი იცოდა, რადგან საპატრიარქოდან გამოსულმა მინისტრმა თავისივე ბრძანება სასწრაფო წესით გააუქმა და „ვანის ოთხთავის“ საქართველოდან გატანა აკრძალა.
ამან კუდავა გადარია, რადგან დაგეგმილი პიარი ხელიდან გამოეცალა და იმ თანამშრომლის ძიება დაიწყო, რომელმაც „გაბედა“ და „ვანის ოთხთავი“ გადაარჩინა. რა თქმა უნდა, კვალი სიხარულიძესთან მივიდა და კუდავამ სხვა თანამშრომელს სიხარულიძეზე მოხსენებითი ბარათის დაწერა უბრძანა, რაც განხორციელდა კიდეც, მაგრამ თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ სიხარულიძე მართალი იყო და ისეთი მოხსენებითი დაწერეს, რამაც კუდავას მისი გაშვების შესაძლებლობა არ მისცა.
კუდავა მაინც არ გაჩერდა და 11-კაციანი კომისია შექმნა, რომელსაც იმაზე უნდა ემსჯელა, შეიძლებოდა თუ არა „ვანის ოთხთავის“ გატანა. ისე გამოვიდა, რომ კომისიაში მონაწილეობას მხოლოდ ოთხი ადამიანი იღებდა და საბოლოო დასკვნაზეც 11-ის ნაცვლად 4 ხელმოწერაა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ „ვანის ოთხთავი“ მეორედ და საბოლოოდ გადარჩა.
ცნობისათვის, ეს არ არის ერთადერთი საქმე, რომელიც კუდავას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა სამსახურიდან რამდენიმე თანამშრომელი ხელნაწერის დაზიანებისა და განადგურების ბრალდებით გააგდო. გათავისუფლებულებმა იჩივლეს და სასამართლო მოიგეს, თუმცა კუდავამ სასამართლოს გადაწყვეტილება ყურად არ იღო და თანამშრომლები სამსახურში არ დააბრუნა.
უფრო საინტერესოა ის, რომ ხენლაწერთა ეროვნულ ცენტრში შესულმა აუდიტმა სავალალო დასკვნა დადო და დასკვნას ის საჩივრებიც დაერთო, რომლებსაც ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლები ხელნაწერების გადარჩენის მოთხოვნით წერდნენ. რამდენიმე საქმე ისეთია, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას სცილდება და პროკურატურაშია გადაგზავნილი. ეს რაც შეეხება ხელნაწერებს.
კუდავას დირექტორობისას ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხები საინტერესოდ ნაწილდებოდა. თავად განსაჯეთ - თანამშრომლების აბსოლუტურ უმრავლესობას ხელფასი 300 ლარი ჰქონდათ, ერთეულებს - 400 და მთელი წლის განმავლობაში მათთვის სახელფასო დანამატი ან პრემია არ არსებობდა. და ეს მაშინ, როცა თავად კუდავა 15-ათას ლარიან პრემეიბს არ იშურებდა საკუთარი თავისთვის, არც ბიზნესკლასის ბილეთებზე ზოგავდა თანხას, როცა მივლინებაში მიდიოდა და არც სასტუმროზე აკეთებდა ეკონომიას. ეს დოკუმენტაციაც პროკურატურაშია გადაგზავნილი და აგრეთვე პროკურატურაშია გადაგზავნილი ინვენტარის ცვეთის პროცენტული მაჩვენებელი, რაშიც სოლიდური თანხები იწერებოდა.
რეალობა ასეთია - ერთეულები ამბობენ, რომ კუდავა ხელნაწერებს უფრთხილდებოდა, მაგრამ სურათი სამწუხაროდ სხვაგვარია. მხოლოდ იმიტომ, რომ მმართველ გუნდს პიარი ეკეთებინა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი საუკუნის ძეგლი იქნებოდა და ემუქრებოდა თუ არა მას განადგურება - კუდავა ჯიუტად ცდილობდა სადმე რამე გაეტანა და მერე რა, თუ ის რამე ქართული და მსოფლიო ისტორიისთვის შეუფასებელი იყო და მას საბოლოოდ განადგურების საფრთხე ემუქრებოდა.