ცირკთან გაუპატიურებას გადარჩენილი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი

ცირკთან გაუპატიურებას გადარჩენილი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი

დღეს კვირაა და მორიგი სახალისო მოგონებები უნდა წარმოგიდგინოთ. გადავწყვიტე ტრადიცია დავარღვიო და სიტყვა საზოგადოებისათვის „არაცნობად სახეებს“ ანუ უბრალო ადამიანებს მივცე. იმედია ცნობილი სამართალდამცველები, სპორტსმენები და მსახიობები „დროებით იგნორირებას“ მაპატიებენ და მომდევნო კვირიდან საკუთარი „ისტორიების რიგს“ კვლავ მოუთმენლად დაელოდებიან.

ჩვენი დღევანდელი პირველი სტუმარი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი, ვინმე ალიხანა იქნება, რომელსაც თბილისის ცირკის მიდამოებში „დასამახსოვრებელი ისტორია“ გადახდა. ამ ადამიანის მასპინძლის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.

„ამ ორი-სამი წლის წინ ჩემს აზერბაიჯანელ პარტნიორთან პატარა ბიზნესგარიგება დავდე. პირობის თანახმად, რამდენიმე დღეში თავისი წარმომადგენელი უნდა გამოეგზავნა თბილისში, რომელსაც ჩემი თანაშემწე უნდა შეხვედროდა და ოფისში მოეყვანა. დათქმულ დღეს ჩემმა პარტნიორმა, იბრაჰიმმა, დამირეკა და მითხრა, ჩემი გამოგზავნილი კაცი ბაქოს მატარებლით თბილისში დღეს 4 საათზე ჩამოვაო და მისი მობილურის ნომერი მომცა. მე ეს ნომერი ჩემს თანაშემწეს, დათოს მივეცი და დავავალე, სტუმარს დახვედროდა. ისე მოხდა, რომ დათოს მასთან დარეკვა დააგვიანდა და ალიხანს ფეხით გამოუსეირნია ვაგზლიდან გმირთა მოედნისკენ. სწორედ ამ დროს დაურეკა დათომ და, იმის შიშით, გზა არ აერიოსო, უთქვამს, ცირკის წინ დადექი და ათ წუთში შავი „ბეემვეთი“ მოგაკითხავ. რომ გიცნო, დახვეული გაზეთი დაიჭირე ხელში და ყურადღებით იყავიო.

ზაფხულია. დგას ცირკთან ეს ჩვენი ჩამრგვალებული და კოტიტა აზერბაიჯანელი, აცვია უკანალზე მოტკეცილი თეთრი ტილოს შარვალი, წვეტიანი ოქროსფერი ფეხსაცმელები, საკმაოდ ჩასუქებულ მკერდსა და მუცელზე კი სტაფილოსფერი მაისური ასკდება. სახეზე ოფლი ჩამოსდის, ინიავებს დახვეული გაზეთით და დაჟინებით აკვირდება მანქანებს.

იქვე, „სამუშაოდ“ გამოსული „ტურფები“ გაოცებით ათვალიერებენ ამ უცხო „ჩიტს“, ვერ გაუგიათ, ასეთი ორიგინალური კონკურენტი საიდან გამოუტყვრათ და ძალიანაც გაბრაზდნენ, რადგან მძღოლები აშკარად ამ შავი მორგვის მიმართ უფრო დიდ ინტერესს ამჟღავნებდნენ – თითქმის ყოველი მეორე მანქანა მის წინ ანელებდა სვლას და დაჯდომას სთავაზობდა, მაგრამ ის უარის ნიშნად თავს აქნევდა და რუსულად პასუხობდა: გმადლობთ, პარტნიორს ველოდებიო. ერთ-ერთი მძღოლი მიხვდა, რომ ჩამოსულთან ჰქონდა საქმე და ჩაეკითხა, ვის ელოდებიო. ალიხანასაც აუხსნია – დათო ჰქვია, შავი „ბეემვეთი“ უნდა მომაკითხოსო. იმ მძღოლს კი უთქვამს, დათომ თვითონ ვეღარ მოახერხა წამოსვლა და მე გამომგზავნაო. ალიხანამაც დაუჯერა და წინა სავარძელზე, ანუ, მძღოლის გვერდით დაჯდა და უთხრა, თქვენს ოფისში მიმიყვანეო. იმ ტიპმა იქვე, ცირკის უკან ქუჩა რომ ადის, იქ შეუხვია, მანქანა გააჩერა და, არ დაუწყო ამ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორს ხელების ფათური და ჩალიჩი?!

გადაირია საწყალი ალიხანა, მორთო ყვირილი – მიშველეთო, მერე რაღაცნაირად მოახერხა, გადმოხტა მანქანიდან და ისევ იმ ადგილას გამოვარდა სირბილით, სადაც თავიდან იდგა და ის გაზეთიც ისევ ეჭირა ხელში. სწორედ ამ დროს დათოც მივიდა. რომ დაინახა, მიხვდა, ეს უნდა იყოს ჩვენი  სტუმარიო, გაუჩერა მანქანა და უთხრა, დაჯექიო. მაგრამ, შეშინებული ალიხანა გაიქცა. გაოცებული დათო ნელი სვლით დაედევნა – დაჯექი, ამ სიცხეში სირბილით მოკვდები, თან, შეფი გველოდებაო.

ვერაფრით რომ ვერ დაარწმუნა, ვინც იყო, უთხრა, წეღან რომ დაგირეკე, ნომერი ხომ დაფიქსირდა, დააჭირე თითი ღილაკს და ნახავ, ჩემს ტელეფონზე თუ არ დაირეკოსო. მართლაც ასე მოხდა და ალიხანა დარწმუნდა, რომ ნამდვილად დათოს ელაპარაკებოდა. მაგრამ, მაინც სიფრთხილე გამოიჩინა და უკანა სავარძელზე მოთავსდა, მერე კი, წასვლამდე, გვერდიდან არ შორდებოდა და მთელი დღეების განმავლობაში აღშფოთებული უყვებოდა დათოს, როგორ გადაურჩა საშინელ სირცხვილს და, გაოცებული იყო – ამისთანა რა შემატყო, ჩემი მოტაცება და გაუპატიურება რომ გადაწყვიტაო“.

ჩენი მომდევნო სტუმარი ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე იქნება. 2007 წელს ეს პიროვნება შორეულ ქუვეითში აღმოჩნდა...

„2007 წელს თბილისიდან ერაყში მიმავალი ქართველი სამხედროები ჯერ ქუვეითში ჩაფრინდებოდნენ ხოლმე სამოქალაქო თვითმფრინავებით (სადაც სპეციალურ მოსამზადებელ ბანაკში 2-3 დღე აჩერებდნენ), ხოლო შემდეგ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით ერაყში გადაჰყავდათ.

მოკლედ, ჩავედით ქუვეითში. საღამო ხანი იყო, საწვრთნელ ქალაქში დავბინავდით. დილით კარვიდან გამოსულს თვალი მომეჭრა – თაკარა მზე და ყველგან ყვითელი ქვიშა. ცა და დედამიწა მხოლოდ ერთ ოქროსფერში ბრჭყვიალებდა.

ვხედავ, ჩვენი კარვის წინ ახალგაზრდა კაპრალმა ჩაიმუხლა და ქვიშაში ხელი ამოურია.

– თვალებს გაუფრთხილდით, ბატონო კაპრალო... მზის სათვალე გაიკეთეთ და არ მოიხსნათ შენობაში შესვლამდე! – გავახსენე ახალგაზრდას ამერიკელების ინსტრუქტაჟი.

ბიჭი გაიმართა, ხელიდან ქვიშა ჩამოიფერთხა და სათვალე გაიკეთა.

– რაო, ცხელია? ხელი ხომ არ დაგეწვა? – გამოველაპარაკე.

– არა, ბატონო... რავა გეკადრებათ. ეს ხომ ჩვენი ქვიშაა... ქართული, – მომიგო პასუხად.

– „ჩვენი“ რას ჰქვია? – დავიბენი აშკარად.

– დიახ, ბატონო, არ იცოდით? – კილოზე შევატყვე, ზემო იმერელია.

გავიხედე და რას ვხედავ – კარვის უკან სერჟანტები იკრიჭებიან. რაღაცას მივხვდი, მაგრამ არ შევიმჩნიე და როგორც შემეძლო, სერიოზულად ვკითხე:

– ბიჭოს... ისე მეც მივამგვანე, მაგრამ... საიდან? როგორ?

– საჩხერისაა, ბატონო, ამის მეტი რა მინახავს, – მიპასუხა გაღიმებულმა, – ბიძინა ივანიშვილს გამოუგზავნია ქართული ბანაკის მოსაწყობად...

აქ უკვე მეც ვეღარ შევიკავე თავი და სიცილისგან ძირს მხოხავ, გადაბჟირებულ სერჟანტებს შევუერთდი“

დღვანდელ „სახალხო მოგონებებს“ ერთი ჩვეულებრივი ქუთაისელი დაასრულებს, რომელსაც ერთხელ ხევსურეთში, თავს „არაჩვეულებრივი ამბავი“ გადახდა.

„1978 წელია. ჩემს დას, ციცოს, ექსკურსიაზე მიჰყავს თავისი, სულ გოგოებისგან შემდგარი ქუთაისის სტენოგრაფიული სასწავლებლის სტუდენტები და მეც არ გამრია ამ „გაუგებრობაში“! წამოდი, ხევსურეთი ვნახოთ, შე ლოთო და გადარეულო (მაშინ ასეთი ვიყავი). ცოტა ხნით მაინც მოწყდები სმას და დროსტარებასო.

ნამდვილად დროული იყო. სანამ თეთრი „ბელაიე“ მომაკითხავდა – „გარიაჩკას“ რომ ეძახიან, განტვირთვა აუცილებელი იყო. მაგრამ ღმერთი ერთხელ რომ გაგიმეტებს და გაგწირავს, გამოსავალი სადღაა. ის ავტობუსი გატენილი იყო შემწვარი გოჭებით, ვარიებითა და ნუნუათი, რომლისგან, ჩემი მოკლე ჭკუით, თავის დაღწევას ვცდილობდი...

„მოკლას ხარი თივამ!“ – შევუძახე თავს და მოვილხინე!

პარტნიორად გიდი მყავს – დემური.

პირველ ღამეს ხომ კოკისპირული დავუშვით. მსმელ კაცს სულ არ აინტერესებს შატილში დალევს თუ თერჯოლაში.

მოკლედ, პირველი დღე ასე ავითვისეთ.

ექსკურსია სამდღიანი გახლდათ.

მესამე დღეა და უკან ვბრუნდებით.

სურსათ-სანოვაგე შემოგველია და ცოტა მოვიწყინეთ, მაგრამ „თუ ჯიბეში ფული ჭყავის,“ რა მოგაწყენს?

– ახლა კი ხინკალი, ხევსურული ხინკალი დავაგემოვნოთ, – შემოგვთავაზა დემურმა, ჩვენმა გიდმა.

ქუთაისელი „ჯამაათისთვის“ რა საკადრისი იყო სასადილოს ხინკალი. ყოველდღე კი არ მოვდივართ, კაცო, ხევსურეთში.

ვიღაც გამვლელმა დედაკაცმა მიგვასწავლა – ეი, იქ, იმ სახლში აკეთებენ ხინკალს, ისეთს, რო ხინკლის უნახავს გაგხდითო.

ჩვენი ავტობუსით იმ სახლს მივადექით.

– 200 ხინკალი! – გასცა ბრძანება ჩვენმა გიდმა, დემურმა.

ასეთ სიტუაციებს შეჩვეული ოჯახი დატრიალდა. დაინთო ცეცხლი, ავარდა კვამლი, რომელსაც სულ მალე დამათრობელი ხინკლის არომატიანი ოხშივარი შეუერთდა. სწორედ ამ არომატმა მიგვკრიბა გარეთ გამართულ ხის გრძელ მაგიდასთან.

ხინკლის პირველი პარტია მოვიდა. უჩვეულოდ გავმხიარულდით. რომ არა ერთი მოულოდნელობა, ყველაფერი რიგზე იყო.

ხინკალი... უზარმაზარი „გარშოკით“ მოგვიტანეს და გადმოასრიალეს თეფშებზე.

გაკვირვებულმა გადავხედე დანარჩენებს. აიმრიზნენ. სიტუაცია ჩემმა დამ განმუხტა.

– ეს უძველესი სოფელია... მერე რა... უბრალოდ, არ იცოდნენ, ალბათ, ამ ჭურჭლის მნიშვნელობა. წავიდნენ, იყიდეს... ცალი ხელით უფრო ადვილი მისატანია სუფრასთან... ჩვეულებრივი ჭურჭელია.

უხერხულობა არავის გვიგრძნია.

ხინკალი მართლაც დიდებული იყო და დიდებულადაც მოვილხინეთ. ცნობისმოყვარეობამ მაინც არ მომასვენა და ოჯახის პატარა წევრი ბიჭი, რომელიც შესანიშნავად „ოფიციანტობდა“ ჩემთან მოვიხმე.

– პატარა ბიჭი, შენ გეხუტუნე, ერთი მითხარი, ეს ჭურჭელი ხინკალს რომ მოარბენინებდი, სად იყიდეთ?

– არც სადა... გასუხ ზაფხულს რუსი, დნეპროპეტროვსკელი „დაჩნიკი“, პენსიონერი ცოლ-ქმარი ისვენებდა აქა და იმათ დარჩათ სიჩქარეში...

– აუუუ! – დაიძახა კუჭმა და... ალბათ გასაგებია...“