წინა საუკუნის შუაში მას-მედიის საშუალებები შედარებით ნაკლებად განვითარებული იყო, ამიტომ ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე აქტიორებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება. დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლით უკან მინდა დავბრუნდე და იმდროინდელ ქართულ თეატრალურ სამყაროში გახმაურებული რამდენიმე კურიოზი გავიხსენო.
ჩვენი დღევანდელი მოგონებების დასაწყისში ბატონ თენგიზ ჩანტლაძეს გავიხსენებთ.
ბატონი ნოდარ ხუციშვილი ჩანტლაძესთან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. ნოდარი თენგიზ ჩანტლაძის „წურბელად“ მოევლინა სამყაროს. მუდამ წესრიგის დამრღვევის სახელი „მოიხვეჭა“, მაგრამ, როგორც კოლორიტულსა და ამ თეატრისთვის ფრიად საჭირო მსახიობს, თენგიზი ვერ იმეტებდა... გაუბრაზდებოდა, გამოლანძღავდა, მაგრამ მეორე დღეს გულში იკრავდა – „ჰო, რაც იყო იყოს“ ძახილით. ესეც გათამამდა... გაყოყოჩდა... და ხანდახან გაქანებული სპექტაკლის დროს ქუჩიდან შემორბოდა ტალახიანი ფეხსაცმელებით სცენაზე და იყო ერთი ამბავი – „გაგაგდებ!“ – „ბოდიში!!! “ და ასე შემდეგ.
– ეს მომკლავს მე ერთ ღრუბლიან დღეს! – ამბობდა გაბრაზებული ჩანტლაძე, – ეს მომიღებს ბოლოს! არადა ამხელას, ეს როა (გაბარიტებზე ამახვილებდა ყურადღებას), ჩემი მეუღლე სტაფილოს აჭრის ბორშჩში.
ნოდარი თავისას უბერავდა.
ერთ რეპეტიციაზე ნასვამი მობრძანდა. დიდი მსმელი კი არ გახლდათ, მაგრამ თავისი წილი სასმელიც კარგად ჰყოფნიდა, თენგიზი რომ გადაერია.
– ახლავე დატოვე სცენა! – გამოცრა თენგიზმა.
ნოდარამ ორი ნაბიჯი წინ გადმოდგა (ინერციით). დროზე შეტორტმანდა, ინსტინქტურად გადადგა ორი ნაბიჯი უკან და საწყის პოზიციას დაუბრუნდა. დადგა და აბსოლუტურად „უმანკო“ თვალები გაუსწორა ჩანტლაძეს.
– წადი-მეთქი! – გადაირია ჩანტლაძე.
ნოდარამ უადგილოდ დაასლოკინა და შებრუნდა. კულისებიდან უკან დაიძრა და... ჩაქრა შუქი სცენაზე.
თენგიზი გადაირია... შუქი რამ ჩააქრო?!
მალე გაირკვა, რომ ნოდარს გამოურთავს. სამ წუთში „ცოცხალ-ცოცხალი“, ხელში ატაცებული შემოიყვანა კარისკაცმა.
– ამან ჩააქრო, თენგიზ! – „ჩაუშვა“ დაუნდობლად.
გადარეულ თენგიზს დანა კბილს არ უხსნის.
– რატომ ჩააქრე? – გამოცრა კბილებიდან, როგორც იქნა.
ნოდარმა ბორძიკ-ბორძიკით, მაგრამ მკაფიოდ ახსნა.
– კედელზე გაკრულ ფირნიშზე ეწერა: ბატონო თენგიზ, „გასვლისას ჩააქრეთ შუქი!“ და... მეც ჩ... ჩავაქრე, რა, ტო!
ყველაფერს აიტანდა თენგიზი ბოლო – „ტო-ს“ გარდა, მაგრამ ბუნებით კეთილმა, რაღაც მანქანებით თავი შეიკავა, რომ მთელი მრისხანება თავზე არ დაეტეხა პატარა „ფიუნესისთვის“.
მოგეხსენებათ, თენგიზი იუმორის განსახიერება გახლდათ და მრისხანება დროზე ჩაახშო იუმორში:
– მოდი ერთი, შენ აქ! – თავშეკავებულად მიმართა ხუციშვილს.
ნოდარი ნელა დაიძრა და ბარბაცით მიუახლოვდა. მიუახლოვდა და ინსტინქტურად აიფარა სახეზე ორივე ხელი – ახლა მხეთქავსო. მსახიობები სასწაულის მოლოდინში გაისუსნენ.
მაგრამ, მსგავსი არაფერი მომხდარა.
– რა გვარი ხარ შენ? – ეკითხება ჩანტლაძე.
– რა გვ...გვ... რა გვარ... რიი და ხუციშვილი, – გაიხსენა, როგორც იქნა თავისი გვარი ნოდარიკო-ფიუნესმა.
– აფერისტი ხარ შენ!
– რატომ , ბ... ბატ... ტონო თ...ენგიზ? – ამოისლუკუნა ძლივს.
– რატომ და შენს გვარში – ასო „ც“ ჩამატებული გაქვს სპეციალურად... კაცურად, რა დაგიჯდა, მაგ „ც“-ს ჩამატება?
მხოლოდ ნახევარი წუთი დასჭირდა გააზრებას და ატყდა სიცილი!!! მსახიობები ერთმანეთს შეასკდნენ...
ნოდარი მაშინაც გადარჩა...
დღევანდელი მოგონებების დასასრულს სიტყვას თავად ნოდარ ხუციშვილს გადავცემთ.
„თენგიზ ჩანტლაძის თეატრში მოღვაწეობის დროს (მსახიობი გახლდით) ჩემმა კოლეგამ და მეგობარმა ნუგზარ ტიბუამ სამეგრელოში წამიყვანა 80 წელს გადაცილებული მეზობლის, გვანჯი თოდუას გასვენებაში.
ახლებური წესის მიხედვით, ქელეხი მიცვალებულის ბოლო სამყოფელში „დაბინავების“ შემდეგ გაშლილ სეფაში გამართეს. მეგრელების სტუმარმასპინძლობა მსოფლიოშია ცნობილი, ლხინისა თუ ჭირის სუფრა ხომ – სანიმუშო და სანაქებო.
ამ შემთხვევაშიც ასე იყო.
გარბის და გამორბის დიდი და პატარა. სუფრას მომსახურება უნდა, მილეთის ხალხია თავმოყრილი.
„ასაბიაზე“ (მოუპატიჟებლად, მოპატიჟებულთა მომყოლ ხალხს ჰქვია) მოსული გასათხოვარი გოგოებიც მორცხვად კეკლუცობენ შიგადაშიგ. ერთი, წარმოსადეგი, მაღალ-მაღალი, 70 წელს მიტანებული ბერბიჭა კაციც მარჯვედ გარბი-გამორბის, სუფრას ემსახურება. აედევნა ამ კაცს პატარა ბიჭი, ასე 6-7 წლის და უყვირის.
– ტაურა ბიძია! ტაურა ბიძია! შარვლის ზმეიკა გაქ შეხსნილი!
ტაურას არ სცალია ბავშვისთვის, გულმოდგინედ და პატიოსნად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ, ბიჭი არ ეშვება, იქიდან აქეთ გამოქცეულს ეწევა და:
– დეტაურა ბიძია, დეტაურა ბიძია, შარვლის ზმეიკა გაქ შეხსნილი!
„ასაბიაზე“ მოსულმა წამჭკნარმა საპატარძლოებმა ყურები ცქვიტეს ბავშვის ამ გულუბრყვილოდ წამოსროლილ ფრაზებზე.
– დეტაურა ბიძია... შარვალი!
ჩვენ კი ვდგავართ და სიგარეტს ვაბოლებთ. უნდა მიგვიწვიონ, ისე ხომ არ ვეცემით მაგიდას, მერე რა, რომ გვშია და შორიდან ჩამოვედით. ვაბოლებთ და ვართ... მშვიდად ვათვალიერებ იქაურობას და ცალი ყური (ძალიან მაკვარანცხი პროფესიის ვარ) იქით მაქვს. არც შევმცდარვარ.
მოულოდნელად, ერთმა დაინტერესებულმა „წინანდლის ოდნავ შემჭკნარმა ვარდმა“ ბიჭი ხელით გააჩერა:
– ბიჭო, ბიჭო, ეს დეტაურა ბიძია ცოლიანია?
– ახლა არა, მეექვსე ცოლი მოუკვდა მაგას, იზოლდა ბიცოლა, – თავი ჩაღუნა ბავშვმა.
ცნობისმოყვარეობა მეც მახრჩობს. ჩემი დამპატიჟებელი ნუგზარ ტიბუაც მომიახლოვდა, მკლავში ხელი გამომდო და მაგიდისკენ მივყავარ.
– ნუგზარ, – ვეკითხები, – რომ გადარია ეს ქალები ამ დეტაურა კაცმა, ამიხსენი ერთი, რატომ დაარქვეს ასეთი სახელი, რა, კაზანოვაა თუ ექვსი ცოლის გამსტუმრებელი მაჩო?
– რა და, – მიხსნის ნუგზარი, – სტალინი რომ გარდაიცვალა, იმ დღეს დაიბადა ეგ უტვინო და, მეგრელების ამბავი არ იცი? სახელად დაარქვეს „დენ ტრაურა“. მერე გაცვდა, სიტყვა და, ახლა „დენ ტრაურას“ მაგივრად „დეტაურას,“ ხან კი – ტაურას ეძახიან. ზარმაცები ვართ ქართველები, ყველაფრის გაიოლება გვიყვარს...“