მზის ქალბატონის სპარსული ისტორია

მზის ქალბატონის სპარსული ისტორია

სოციალურ ქსელში - Instagram-ზე ერთ-ერთმა ირანელმა ინტერნეტმომხმარებელმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც, მისი თქმით, თამარ მეფეა გამოსახული. როგორც ინტერნეტმომხმარებელი წერს, თამარი ირანში მზის სიმბოლოდ ითვლება და მას ხორშიდ ჰანუმს უწოდებენ. ამის საფუძველი კი თამარის მიმართ სელჯუკ შაჰის გრძნობები გახდა. შაჰს თამარზე დაქორწინება სურდა, თუმცა იმის გამო, რომ თამარი ქრისტიანი გახლდათ, ეს შეუძლებელი იყო. ამიტომ შაჰმა მზის დისკოში ჩასმული თამარის სახე მონეტაზეც კი გამოსახა.

„მზის ქალბატონის საინტერესო პორტრეტი, საქართველოს დიდებული მეფე თამარი, მე-19 საუკუნე, ირანი“, – ვკითხულობთ Instagram-ზე.

მართალია, ინტერნეტმომხმარებლის ვერსია შესწავლას საჭიროებს, მაგრამ ის, რომ თამარ მეფეს აღმოსავლურ და დასავლურ სამყაროში უდიდესი მოწიწებით მოიხსენიებდნენ, ამას ქართველი ისტორიკოსები ადასტურებენ. თამარს საქართველოში ისე აღმერთებდნენ, რომ მას წმინდა სამების მეოთხე ჰიპოსტასად (მამა ღმერთის, ძე ღმერთისა და სულიწმინდის შემდეგ) მიიჩნევდნენ. ამდენად, გამორიცხული არ არის, თამარის შესახებ არსებული უამრავი ლეგენდა და თქმულება აღმოსავლურ სამყარომდეც გავრცელებულიყო და თამარი იქაურებს მზის სიმბოლოსთან გაეიგივებინათ.

თამარ მეფის უცნობ პორტრეტზე საუბრისას ირანელი ინტერნემომხმარებელი რატომღაც სელჯუკ შაჰს ახსენებს. არ არის გამორიცხული, ესეც რეალობის შელამაზებული ვერსია იყოს, რადგან გიორგი რუსის გაძევების შემდეგ, თამარის ქმრობის მსურველნი მრავლად გამოჩნდნენ. ესენი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის უფლისწულები, ქრისტიანები თუ მუსლიმანები, რომლებსაც უარით ისტუმრებდნენ უკან. მათ შორის, საქართველოში ჩამოსულა აღსართან შირვანშაჰი, რომელიც თამარის ქმრობის ღირსად ჩათვლის შემთხვევაში, „რჯულის დაგდების“ მზადყოფნაში იყო. თუმცა აღსართანსაც უარი უთხრეს. თამარ მეფის მამიდა - რუსუდან დედოფალი, ხორასნის სულთნის ცოლყოფილი იყო და დაქვრივების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, იგი თამარის შესაფერის საქმროდ დავით სოსლანს მიიჩნევდა.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ფარნაოზ ლომაშვილი მიიჩნევს, რომ ქართველთა დიდი მეფის - თამარის შესახებ არცერთი ფაქტი მიჩქმალული არ უნდა დარჩეს და ის ქართველმა მეცნიერებმა უნდა შეისწავლონ. მისი თქმით, ისტორიული მეხსიერება თაობიდან თაობას გადაეცემა, მით უმეტეს, თამარი არა მარტო საქართველოში იყო პოპულარული, არამედ მაჰმადიანურ სამყაროშიც. ამიტომ აბსოლუტურად შესაძლებელია, თამარის პორტრეტი აღმოჩნდეს ირანშიც.

„შუა საუკუნეებში, თამარის დროს, ჩვენი ჯარი ხშირად მიდიოდა საზღვრებიდან შორს, ერთ-ერთი დიდი შემოსავალი იყო ლაშქრობები. ქართული ჯარი ირანის სიღრმეებშიც შედიოდა, ინდოეთამდეც მიდიოდა და, რა თქმა უნდა, თამარი იქ პოპულარული იქნებოდა. ფეოდალიზმის ხანაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დინასტიებს, ბაგრატიონთა დინასტია ძალზე სახელოვანი იყო, თითქმის ყველა აღმოსავლური ქვეყანა ნატრობდა, მათ ხელმწიფეს ბაგრატიონის ქალი შეერთო ცოლად, ან თავისი ასული მიეთხოვებინა ჩვენი მეფისთვის. ჩვენი სათაყვანო მეფე მირიანი, რომლის დროსაც გავქრისტიანდით, „ქართლის ცხოვრების“ ვერსიით, ირანის შაჰის ძე იყო, მაგრამ ქართულ საქმეს აკეთებდა. ახლა ჩვენ ვამტკიცებთ, ფარნავაზიანთა დედის შტოდან მოვდივართო, მაგრამ პირდაპირი მემკვიდრე ხომ არ არსებობს? ამდენად, ირანთან კავშირების გათვალისწინებით, გამორიცხული არაა, თამარ მეფეც ირანში პოპულარული ყოფილიყო“, - აცხადებს ფარნაოზ ლომაშვილი For.ge-სთან საუბარში და არც იმას გამორიცხავს, ირანში აღმოჩენილი უცნობი პორტრეტი, თამარის შვილს, რუსუდანს (რუსუდანმა იქორწინა რუმის სულთნის ვაჟზე, რომელიც, პირობის თანახმად, წინასწარ გაქრისტიანდა) ეკუთვნოდეს და ირანელებს რატომღაც თამარის პორტრეტი ეგონოთ, რადგან თამარის სახელი ყველაფერს ფარავს. მართალია, რუსუდანი თამარ მეფის ქალიშვილი იყო, მაგრამ თამარს მეტი პატივისცემა ჰქონდა აღმოსავლურ სამყაროში.

თამარის სავარაუდო უცნობ პორტრეტთან დაკავშირებით ფარნაოზ ლომაშვილი პარალელებზე საუბრობს. მას ერეკლე მეფის ვაჟის, ალექსანდრე ბატონიშვილის გამოსახულებიანი ნახატი ახსენდება, სადაც ქართველი უფლისწული ირანის შაჰთან და საფრანგეთის ელჩთანაა გამოსახული. იმ პერიოდში, ყველას უკვირდა, რა უნდოდა ალექსანდრე ბატონიშვილს შაჰთან და ელჩთან, მაგრამ, როდესაც ერეკლე მეფე გარდაიცვალა და რუსები შემოვიდნენ საქართველოში, ალექსანდრე ბატონიშვილი მათ აუჯანყდა და გადავიდა სპარსეთში, იქიდან შემოუძღვა ჯარს, მაგრამ რუსებმა გზა გადაუღობეს და ალექსანდრე ბატონიშვილის გეგმა ჩაიშალა. მოგვიანებით, 1812 წლის შემოდგომაზე ალექსანდრე ბატონიშვილი საქართველოში კვლავაც შემოვიდა და კახეთის აჯანყებას ჩაუდგა სათავეში, საგარეჯოს იქით დიდი ბრძოლებიც მოხდა, თუმცა აჯანყების დამარცხების შემდეგ დაღესტანში გაიქცა და იქიდან კვლავ ირანს მიაშურა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ირანში არსებობს სწორედ ეს საინტერესო ნახატი.

ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ირანსა და საქართველოს მეცნიერებს შორის კავშირები ისე ძლიერია, რომ არა მარტო ჩვენი ხელნაწერთა ინსტიტუტი ფლობს არაერთ სპარსულ ტექსტს, არამედ პერიოდულად ირანში ქართულ ტექსტებს პოულობენ და ამის გამო რამდენჯერმე ჩასულან ჩვენი მეცნიერები ირანში. ამდენად, თუკი ირანში თამარის გამოსახულებიანი მონეტაც არსებობს, საქმეში ჩვენი მუზეუმები უნდა ჩაერთონ.

აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზეპირად ლაპარაკი რთულია და აუცილებელია იმ მონეტისა და პორტრეტის ნახვა, რომელსაც თამარის სახელს უკავშირებენ.

რაც შეეხება თამარის გათხოვებას, მეცნიერის თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში როცა დადგა, პირველ რიგში, აქტუალური იყო, რომ თამარი ქრისტიანზე უნდა გაეთხოვებინათ, მას მაჰმადიანზე ვერ გაათხოვდებდნენ.

„შეიძლება, მაჰმადიან შაჰს უნდოდა, თამარი ცოლად შეერთო, მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევში შეირთავდა, თუ მაჰმადიანობას მიაღებინებდა, რაც ძალზე საეჭვოა. შეუძლებელი არაფერია, რადგან ქართველ ქალებს სამეფო ოჯახის მხრიდანაც ათხოვებდნენ მაჰმადიანური სამყაროს წარმომადგენლებზე, მაგრამ თამარი ძალზე მორწმუნე მართმადიდებელი ქრისტიანი იყო და არავინ დააყენებდა საკითხს ისე, რომ თამარს ისლამი მიეღო“, - აღნიშნა მარიკა ლორთქიფანიძემ.