არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტერნატივა“ და „მწვანე მუშტი“ EBRD-ს მოუწოდებენ, საქართველოში მაღალი რისკის შემცველი პროექტები არ დააფინანსოს.
როგორც „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი ხატია მაღლაფერიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, EBRD საქართველოში სამი ჰესის მშენებლობას აფინანსებს, კერძოდ, დარიალის, შუახევისა და ფარავნის ჰესებს. თუმცა გარემოს დამცველებისთვის ახლახან ცნობილი გახდა, რომ EBRD ასევე გეგმავს ჭუბერში, ნენსკრაზე, სავარაუდოდ, 280 მეგავატიანი ჰიდროსადგურის მშენებლობას, რომელიც ძალზე ახლოს არის ჰუდონჰესის საპროექტო არეალთან. ამდენად, აბსოლუტურად მიუღებელია ასეთ მცირე ფართობზე ამდენი ჰესის თანაარსებობა და საჭიროა, კიდევ დამატებითი კვლევების ჩატარება.
ხატია მაღლაფერიძის თქმით, ისინი ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინების წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა პროექტები კარგად დაგეგმილი და გათვლილი უნდა იყოს.
რაც შეეხება უკვე სამ დაფინანსებულ პროექტს - ფარავანჰესს, შუახევჰესს და დარიალჰესს, ხატია მაღლაფერიძის აზრით, ეს ჰესებიც შესასწავლია. კერძოდ, შუახევი მდებარეობს მეწყერსაშიშ ზონაში, აჭარაში, და კომპანიას გეოლოგიურად, დეტალურად არ შეუსწავლია, რა ზემოქმედება შეიძლება მოიტანოს მოსახლეობისთვის ამ ჰესის მშენებლობამ.
ფარავანჰესი კი ისე დაიგეგმა, რომ მდინარეს წყლის რესურსების მხოლოდ 10% დაუტოვეს, 90% კი გადავიდა მტკვარში. გარემოსდამცველი აცხადებს, რომ აღნიშნულის შედეგად უცნობია, რა საფრთხის შემცველია ეს ხერთვისის დატბორვისთვის. არ არის გასაჯაროებული ეს ინფორმაცია და არავინ იცის, რა ბედი ეწევა ხეთვისს. მისივე თქმით, მდინარისათვის წყლის რესურსის მხოლოდ 10%-ის დატოვება დაუშვებელია და ნორმა 30%-40%-ს შეადგენს.
დარიალჰესთან დაკავშირებით კი „მწვანე მუშტის“ წარმომადგენელი იხსენებს, რომ გასული წლის 17 მაისს და 22 აგვისტოს სწორედ „დარიალჰესის“ მშენებლობამ გამოიწვია დევდორაკის ხევის ჩამოწოლა და ათი ადამიანის გარდაცვალება. ამასთან, დარიალჰესი ისეა დაგეგმილი, რომ ათვისებულია ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს კანონმდებლობას და არ არის სავარაუდო რისკები შესწავლილი.
„სანამ არ დაიდება სათანადო დასკვნები და არ ჩატარდება კვლევები, როგორც ეს ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ამ პროექტების განხორციელება შეიცავს საფრთხეს, როგორც ადამიანის სიცოცხლისთვის, ისე ეკოსისტემისთვის“, - გვითხრა ხატია მაღლაფერიძემ.
ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ ენერგეტიკოსები თანამედროვე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით?! ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, დამსახურებული ინჟინერი ანზორ ჭითანავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მაღალი რისკის პროექტები არ უნდა განხორციელდეს და ნაწილობრივ, ისიც იზიარებს აქციის მონაწილეთა პათოსს. ენერგეტიკოსის თქმით, ეს პროექტები ძალზე კვალიფიციურად შედგენილი, გაანალიზებული და პროგნოზირებული უნდა იყოს მოსალოდნელი შედეგებისთვის. თუ ასე არ არის, მათი მშენებლობის მიზნაშეწონილობა სათუოა და მთავრობამ ასეთი ხელშეკრულებები არ უნდა გააფორმოს.
რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ კონკრეტულ ობიექტებს, ანზორ ჭითანავა მათ დეტალურად განიხილავს.
ფარავანჰესი
ენერგეტიკოსის თქმით, ფარავანჰესი ერთ-ერთი საუკეთესო, ეფექტური ობიექტია და ნაკლებ საზიანოა გარემოსათვის, იქ დიდი წყალსაცავი არ არის, არამედ წყალაღების სათავე ნაგებობაა და მეტი არაფერი, ამას მოჰყვება დერივაციული სისტემა და მერე ისევ მდინარე კალაპოტში ჩაედინება.
„მდინარის გარკვეული ხარჯი გადავარდა გვირაბში და დარჩა სანიტარული ხარჯი თვითონ კალაპოტში. ეს სანიტარული ხარჯი რამდენია და როგორია და, თუ იქ დარღვევებია და არასწორადაა გათვლილი, ვეწინააღმდეგები ამას, მაგრამ არსებობს საერთაშორისო პარამეტრები და, თუ ამ პარამეტრებში ჯდება, მაშინ ეს საგანგაშო არ არის, რადგან ბუნება თვითონ ახერხებს და უშვებს, რომ მდინარის კალაპოტში არის წყალმოვარდნის პერიოდიც, არის სიმშრალის და გვალვის პერიოდიც, ანუ, როცა მდინარეში წყალი თითქმის აღარ არის. ე.ი. ბუნება რადგან ამას აკეთებს, ადამიანსაც შეუძლია, დაგეგმოს ეს პროცესი“, - აცხადებს ანზორ ჭითანავა და განმარტავს, რომ ფარავანჰესის გამო ხერთვისის დატბორვა რეალისტური აღარ იქნება იმ შემთხვევაში, თუკი იქ დამცავი ღონისძიებები გატარდება.
ენერგეტიკოსი თვლის, რომ ხერთვისი სათამაშო ობიექტი არ არის და ის ხელუხლებელი უნდა დარჩეს.
„როგორც ვიცი, იქ იყო კამათი იმის თაობაზე, რომ კედელი არ იყო გაკეთებული. კატეგორიულად მოვითხოვ, კედელი გაკეთდეს, რადგან კედლის გაკეთებას არც არავითარი ფილოსოფია არ უნდა და არც დიდი თანხა სჭირდება, მაგრამ ხერთვისი იქნება უვნებელი, ეს არის ჩვენი სიამაყე და ჩვენთვის საინტერესო ობიექტი. პატარა ეჭვიც თუ არის, რომ ხერთვისს რაიმე საფრთხე დაემუქრება, ჯებირი უნდა გაკეთდეს“.
შუახევჰესი
შუახევჰესთან მიმართებით ანზორ ჭითანავას აზრი ასეთია, რომ აქ ყველაფერი წინასწარმოფიქრებული და პროგრამულია, საკმაოდ კარგად გააზრებული და კარგად გათვლილი ღონისძიებაა, მაგრამ, თუ მოსახლეობა გამოთქვამს პროტესტს და ეს პროტესტი ეხება ზიანს, რომელიც მათ აწუხებს, მშენებელმა ეს უნდა გაითვალისწინოს და ადგილობრივი მოსახლეობა მტვრით, ხმაურით არ უნდა შეაწუხოს, ხალხს შენობა-ნაგებობება არ უნდა დაენგრეს და აფეთქებები უნდა ტარდებოდეს ნორმის მიხედვით.
„როგორც ვიცი, ასეთი უკუპროცესები შუახევის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოვლენილია და ეს არის არასწორი წარმოების შედეგი“.
დარიალჰესი
დარიალჰესთან მიმართებით ენერგეტიკოსი ფიქრობს, რომ იგი კარგად შესწავლილი და მოფიქრებული ობიექტი არ არის, ის უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვდა და თავის დროზე ჰიდროსაპროექტო ინსტიტუტიც აფასებდა, რომ დარიალთან მიმართებით სიფრთხილე გვმართებდა, რადგან თვითონ დარიალის მდინარე ძალზე თავისებური და რთული მდინარეა, რომელსაც არ უყვარს ხელოვნური ჩარევა და მისი პროვოცირება არასასიამოვნო შედეგებს იწვევს.
„დღეს იქ აშკარა მეწყერული და მყინვარული შემთხვევებია, ეს პროგნოზირებადი იყო პროექტირების დროსაც. ამიტომ უარი უნდა ეთქვათ იმ სქემაზე, რომელიც დღეს არის, მაგრამ ეს არ გაკეთდა და ახლა უფრო ძვირი უჯდებათ. ძალზე ცუდია, რომ ადამიანები მსხვერპლად შეეწირნენ ამ პროცესს. ამიტომ კატეგორიულად ვითხოვ ობიექტის დასაბუთებას. მის შესწავლაზე გაცილებით მეტი დრო და სახსრები უნდა დაიხარჯოს, ვიდრე მის მშენებლობაზე“.
ნენსკრა ჰესი
ანზორ ჭითანავა მიიჩნევს, რომ ხუდონის ზევით არავითარი წყალსაცავი და არავითარი მაღალი კაშხლები არ უნდა გაკეთდეს. ეს მაშინ, როცა ნენსკრას პროექტი სვანეთის შუაგულში, ხელუხლებელ და წალკოტ ადგილას მაღალი კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს.
„მისი დასაბუთება და პროექტი მე არ მინახავს, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომელიც ითვალიწინებს 27-კილომეტრიანი გვირაბის გაკეთებას, 135 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას. ეს კაშხალი მდგრადიც შეიძლება გახდეს და უსაფრთხოც, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ სამ ნახევარი კვადრატული კილომეტრის ფართობზე წყალსაცავი რომ შეიქმნება სვანეთის ცენტრში, 1300 თუ 1400 ნიშნულზე, სადაც მთლიანად უნდა ამოიჭრას ხეები-ფოთლოვანები, წიწვიანები, ეს გამოიწვევს შეუქცევადი ხასიათის მთელ რიგ ცვლილებებს. შეიძლება, კომუნისტები ბევრს არ უყვარს, მაგრამ იმ პერიოდში 33-მა კომპეტენტურმა, მსოფლიოში აღიარებულმა ორგანიზაციამ (ზავრიევის ინსტიტუტი, ჰიდროპროექტი, ენერგეტიკის ინსტიტუტი, დავითაიას ინსტიტუტი და სხვა),- ყველამ ერთად დავადგინეთ და ჩერქეზიას მეთაურობით მთავრობამაც დაამტკიცა, რომ არავითარი წყალსაცავიანი ობიექტი ხუდონის ზევით არ უნდა აშენდეს“, - აღნიშნა ანზორ ჭითანავამ.