For.ge აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას.
იმ პერიოდში როცა ავთო ჯორბენაძეს საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაზე ველაპარაკებოდით, „რუსთავი 2“ სარეკლამო ბაზრის დაახლოებით 75%-ს განკარგავდა. მე ვეუბნები ჯორბენაძეს: „თუ სხვა ტელევიზიებზე პირობითად 100 დოლარს ხარჯავთ, „რუსთავი 2“-ზე 60-70 დოლარი დაგჭირდებათ - ესაა პროპორცია, ესაა ცქერადობის განაწილება, ამდენი მაყურებელი ჰყავს, ასეთი რეიტინგი აქვს, ასეთი წილი აქვს ამ ბიზნესში. თუ გინდათ იგივეს მიაღწიოთ, რასაც აღწევს, ვთქვათ, „პროქტერ ენდ გემბელი“, „ქოლგეითი“ ან ნებისმიერი საერთაშორისო კომპანია, რომელმაც იცის, რა უნდა გააკეთოს მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, საამისოდ ჩვენზე მეტად არავინ გამოგადგებათ...“
ავთოს მანამდეც ვიცნობდი. ერთი პერიოდი, 1990-1992 წლებში, ჩვენ კოლეგები ვიყავით:Mმე რუსთავის ჯანდაცვის სამსახურს, ხოლო ავთო - თბილისისას ხელმძღვანელობდა.
ავთო და მე ერთმანეთს შენობით მივმართავდით, ღიად ვსაუბრობთ და ასეთ ღია საუბარში მას ვეუბნები: „თუკი საარჩევნო კამპანიისას არ გაგვითვალისწინებთ, ბუნებრივია, ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა იქნება, მაგრამ თქვენც დიდი პრობლემა გელით“. ავთომ მკითხა: „რას გვთავაზობ? კარგი, დავუშვათ, დაგთანხმდით. თქვენგან რას მივიღებთ არჩევნებში?“ მე ავუხსენი, რომ ისინი, სახელისუფლებლო პარტია, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი მათ დაარტყამთ, იმიტომ, რომ შევარდნაძე, მათი მთავარი ძალა, ამდენი წელი ხელისუფლების სათავეშია და ცხადია, თავის დაცვა გაუჭირდებათ. მე ნეიტრალიტეტს ვთავაზობდი ანუ: „როცა მოწინააღმდეგე რაღაცას გააკეთებს, რაიმე ღონისძიებას ჩაატარებს ან თქვენს წინააღმდეგ დემარშს განახორციელებს, აუცილებლად მოგეცემათ პასუხის გაცემის საშუალება. მე ვითამაშებ ობიექტურ რეჟიმში, არც თქვენს და არც ოპოზიციის მხარეს. ესაა ჩემი ერთადერთი და მთავარი წინადადება“. მანამდე „რუსთავი 2“ საკმაოდ აქტიური იყო, აგრესიულად ანტისახელისუფლებო, და ეს თამაში არ ყოფილა, ასეთი გახლდათ ქვეყანაში შექმნილი რეალობა. ახლა კი ხელაღებით კრიტიკაზე მორატორიუმის გამოცხადებას ვთავაზობდით, თავად პოლიტიკოსებს ვთავაზობდით თავად ემტკიცებინათ საკუთარი სიმარლე. ჩვენ სიტუაციას არ დავამძიმებდით, არ გავამძაფრებდით.
პასუხად ავთომ მომიგო: „ჩემო კარგო, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს შესაძლებელი და მნიშვნელოვანი იქნებოდა, ერთი წლის წინ, მაშინ როდესაც შენ სრული მონოპოლისტი იყავი. დღეს ძლიერია სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხი, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ძლიერი კერძო ტელევიზია - „იმედი“ და „მზე“, ყველა ეს არხი ჩვენზე მუშაობს Dთამამად შეგვიძლია ყველა თქვენი წინადადების იგნორირება“.
კიდევ რამდენჯერმე ვცადე, მისთვის „რუსთავი 2“-ის როლი და მნიშვნელობა მეჩვენებინა, მაგრამ ვერაფერს გავხდი. ვფიქრობ, თავად ავთო არ იყო დაინტერესებული, რომ „რუსთავი 2“-სთვის ფული არ მოეცა, მაგრამ რეალურად იქ სულ სხვა ვითარება იყო დამოგვიანებით, 24 ოქტომბერს, ამის ნათელი დადასტურება მივიღეთ.
საქმე ისაა, რომ ჩვენს ხელისუფლებასთან შეთანხმებას კიდევ ერთი ნაწილი ჰქონდა. „რუსთავი 2“ ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთი ლიცენზიით არსებობდა, მხოლოდ ერთი ლიცენზიით თბილისზე, და ისიც ინვალიდი ლიცენზიით - ჩვენს სიხშირეს აზერბაიჯანის მხრიდან სერიოზული ხელშეშლა ჰქონდა. ჩვენი გავრცელება საკმაოდ შეზღუდული იყო, ჩვენი რეგიონალური მაუწყებლობა - ბეჩავი. ამ დროს „იმედს“ ძალიან კარგი ხარისხის სიგნალი ჰქონდა, ის პროვინციაში ულამაზესი სურათით გავიდა, რაც მნიშვნელოვანი იყო. მას ყველგან უყურებდნენ. ჩვენ კი მხოლოდ ერთი, ძალიან საწყალობელი სიხშირე გვებადა და რეგიონალური პატარ-პატარა ტელევიზიების ნახევრადკუსტარული გადამცემები. შესაბამისად, ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ე.წ. ორტ-ს მეტრული სიხშირე, რომელიც კარგა ხანს უფუნქციოდ იყო ტენდერის გზით გაცემულიყო. ჩვენ, როგორც საქართველოს უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი სატელევიზიო კომპანია, ამ ტენდერს ნებისმიერ კონკურენტთან მშვიდად მოვიგებდით. მიუხედავად ამ მოთხოვნის სამართლიანობისა, მას 2003 წლამდე ყურადღებას არავინ აქცევდა. 2003 წელს, როგორც იქნა, დაგვთანხმდნენ და 23 თუ 24 ოქტომბერს სიხშირის გაცემაზე ტენდერი გამოცხადდა.
ამ დროს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ვახტანგ აბაშიძე იყო. მას რამდენჯერმე შევხვდი. თავიდან კონკურენტი არ გვყავდა, შემდეგ ბადრის კიდევ ერთმა ბიზნეს-ჯგუფმა - „ტექნომედიამ“, ხაზგასმულად, დემონსტრატიულად შემოიტანა განაცხადი, ანუ ბადრიმ კიდევ ერთი სატელევიზიო სიხშირის შეძენა გადაწყვიტა. მას უკვე ჰქონდა “იმედის” და “მზის” სიხშირეები, რომლებიც ხელისუფლების მხარდაჭერით მიიღო.
ვინაიდან ხელისუფლებამ ერთი ვალდებულება შეასრულა და ორტ-ს სიხშირეზე ტენდერი გამოაცხადა, მე მშვიდად ველოდებოდი ამ ტენდერის ჩატარებას, ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ობიექტურად ჩვენ საუკეთესოები ვიყავით და სამართლიანობის შემთხვევაში ამ სიხშირეს მოვიგებდით. ტენდერის წინა საღამოს 23 ოქტომბერს, ოფისში ვატო აბაშიძე და ავთო ჯორბენაძე მესტუმრნენ. კაბინეტში ფრანგული კონიაკი ყოველთვის მქონდა და ვსვამდით “ჰენესს” და ვსაუბრობდით, ერთმანეთს სიყვარულს ვეფიცებოდით. ავთომ თქვა, ხვალ ტენდერია და მოდი, ვივაჭროთო. მე ვუთხარი, სისულელეს თავი დაანებეთ, არანაირ ვაჭრობას არ ვაპირებ, ეს სიხშირე სრულიად სამართლიანად ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენ მას ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ-მეთქი. ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენ დავიმსახურეთ და არც იოცნებოთ, რომ რამე სხვანაირად მოხდება-მეთქი. მერე გავიხსენეთ ჩვენი ახალგაზრდობა, ძველი მეგობრობა, დავლიეთ და დავიშალეთ. მანამდე კი ავთოს შევახსენე, რომ მეორე ვალდებულებაც შესასრულებელი აქვს.
ავთოს ხაზგასმით ვუთხარი: “თუ ამ ვალდებულებას 2 ნოემბრის 8 საათამდე შეასრულებთ, 2 ნოემბრის შემდეგ თქვენს მიმართ ნეიტრალურ რეჟიმში ვიმოქმედებ - არანაირი მხარდაჭერა არ გექნებათ, მაგრამ არც მხარე ვიქნები. მაგრამ თუკი გადაწყვეტთ, რომ „რუსთავი 2“-ზე საარჩევნოდ რეკლამას არ განათავსებთ, ეს ნიშნავს, რომ მწირავთ, თქვენ, ხელისუფლება, მებრძვით, და ბუნებრივია, მე თავს ყველა ჩემს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავ, თქვენს წინააღმდეგ ლეგალურად ვიბრძოლებ.” ავთომ მითხრა, არ ვიცი, მე მაგას ვერ შეგპირდებიო. M
- “კარგად იფიქრე, ბოლო ვადა 2 ნოემბრის 8 საათია, მერე ყოველ დღე, რომ იგივე თანხა მომიტანოთ და თუნდაც, ეს თანხა ათზე გაამრავლოთ, მე ხელს აღარ მოვკიდებ,” - ვუთხარი ჯორბენაძეს.
შუაღამეს კარგა გადაცილებული იყო, როცა მეგობრულად დავიშალეთ. ვატო ძალიან კმაყოფილი წავიდა, მეც კმაყოფილი წავედი და დავიძინე.
ტენდერი დილით, 11 თუ 12 საათზე იყო დანიშნული. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უამრავი კამერა დამხვდა, ჟურნალისტები ფუსფუსებდნენ, მაგრამ ვატო არსად ჩანდა. ეს არ მესიამოვნა, მაგრამ ვატო, თავისი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, სამსახურში, ისეც ცოტა გვიან მიდიოდა და მეც ჩავთვალე, რომ არაფერი უჩვეულო არ ხდებოდა.
გახდა პირველის ნახევარი, ვატო თავის კაბინეტში შევიდა და მდივანს სთხოვა, ეროსი შემოვიდესო. შევედი.
ვატო გაფითრებული დამხვდა, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. მითხრა, რომ შევარდნაძესთან იყო და გადადგომის თაობაზე განცხადება დაწერა.
გავშრი. ვერ გავიგე, რატომ გადადგა ვატომ ეს ნაბიჯი?
მან მითხრა, რომ შევარდნაძესთან თათბირზე ავთო ჯორბენაძე იყო, შემდეგ ვაჟა ლორთქიფანიძე და ვახტანგ რჩეულიშვილიც მოვიდნენო, იქ ერთი გამიშვი-გამატარე ამტყდარა და მოკლედ, ბადრიმ თავისი გაიტანა - გამოგზავნა თავისი მთავარი დამრტყმელი ძალა, პარლამენტის მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი, ვაჟა ლორთქიფანიძე, მას დაემატა ვახტანგ რჩეულიშვილი და გადაწყვიტეს, “რუსთავი 2”-ს არანაირი სიხშირე არ უნდა მივცეთო. მე ვალდებული ვარ, რომ ამაზე რეაქცია მქონდეს და თანამდებობიდან წავედიო.
ეს ვაჟკაცური ჟესტი იყო. ვატომ ვერ გადააბიჯა ვერც შევარდნაძეს, ვერც ვაჟასთან მეგობრობას და საბოლოო ჯამში საკუთარი თავი იმისთვის გაწირა, რომ საკუთარი იმიჯი შეენარჩუნებინა. ვაჟკაცური საქციელია. არც მანამდე, არც ამის შემდეგ მსგავსი - დასაფასებელი და ღირსეული ნაბიჯი ბევრს არ ჩაუდენია.
ასე, რომ ტენდერი ჩაიშალა და ორტ-ს სიხშირე ვერ მივიღეთ. ეს მოხდა
2003 წლის 24 ოქტომბერს, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე.
ვარდების რევოლუცია
ხალხს შევარდნაძის 30-წლიანი მმართველობა ყელში ამოუვიდა. ყველას მობეზრდა მისი კორუმპირებული სისტემა, რომელიც მოსახლეობას მუდმივად ელემენტარული სასიცოცხლო პირობების გარეშე: შუქის, წყლის, გაზის, ხელფასის გარეშე ამყოფებდა და ადამიანებს ისღა დარჩენოდათ უკეთესი მომავლის მოსაწყობად სამუშაოდ საზღვარგარეთ გადახვეწილიყვნენ.
ხალხი საკუთარ სახლებს ყიდდა, რომ როგორმე ქვეყნიდან გაეღწია და ამ ფონზე “60 წუთი” მუდმივად აჩვენებდა იმ კორუმპირებული ჩინოვნიკების ახლად წამოჭიმულ ფეშენებელურ სასახლეებს, რომლებიც ამ ადამიანების გაჭირვების ხარჯზე მდიდრდებოდნენ. ენერგომაფია შუქს საზღვარგარეთ ყიდდა და აქ რეანიმაციებში ადამიანებს უშუქობის გამო გადაუდებელ ოპერაციებს ვერ უკეთებდნენ, რის გამოც ბევრი იღუპებოდა, პოლიციის თავნებობას საზღვარი აღარ ჰქონდა, თუ ვინმეს რაიმე ფული გაუჩნდებოდა მას ჯიბეში ნარკოტიკს უდებდნენ და შემდეგ ფულს სძალავდნენ, ავტო ინსპექტორების გადამკიდე ტრასებზე მოძრაობა ერთი ხათაბალა გახდა. მთელი ქვეყანა კონტრაბანდას მიჰქონდა, შეძლებული და ფულიანი პირი სასამართლოში ყოველთვის ჩაგრავდა მართალ, მაგრამ უფულო ადამიანს. ბაზრობებზე კრიმინალები ხალხს ფულს აწერდნენ და შემდეგ ამ თანხას სახელმწიფო მოხელეებს უნაწილებდნენ. კანონიერი ქურდები ქვეყნის მართვაში აქტიურად მონაწილეობდნენ, მახსოვს ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში ქურდებმა მოსამართლეებს სცემეს კიდეც და ამის გამო სასჯელიც არ დაკისრებიათ.
ცალკე პრობლემა იყო რელიგიური უმცირესობების შეუწყნარებლობა. ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებთაც ან ქვემო ქართლის გუბერნატორი მამალაძე, ანაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მფარველობდა, სადაც კი წაასწრებდა სხვა რელიგიის აღმსარებლებს, იქვე პოლიციის თვალწინ სასტიკად უსწორდებოდნენ. ჩვენ ამას მკვეთრად ვაპროტესტებდით და საზოგადოება მხარს გვიჭერდა.
(გაგრძელება იქნება)