... ისევ გადაიდო

... ისევ გადაიდო

რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, დავით ჯუღელი ე.წ. კაბელების საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე. მხარეების მიერ დაყენებული შუამდგომლობების შესახებ მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. საქმის პროკურორის ნინო აღლემაშვილის განცხადებით, მოსამართლემ დღეს კიდევ ერთხელ მოისმინა მხარეების პოზიციები და მოსაზრებები წარდგენილ შუამდგომლობებთან დაკავშირებით და დარწმუნებულია, რომ მოსამართლე გაიზიარებს ბრალდების მხარის შუამდგომლობებს და დაცვის მხარის მტკიცებულებებს დაუშვებლად ცნობს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსამართლე გაიზიარებს ჩვენს შუამდგომლობებს და დაცვის მხარის მტკიცებულებებს დაუშვებლად ცნობს, ხოლო ჩვენს მტკიცებულებებს დასაშვებად. ადვოკატების მტკიცებულებები კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული. მათ შორის გამოვყოფთ საინჟინრო ტექნიკურ ფინანსური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მოპოვების დროსაც არ იქნა გათვალისწინებული კანონის მოთხოვნები.

კერძოდ, კანონისმიერი მესაკუთრისგან არ იყო თანხმობა მაგისტრალის შემოწმების შესახებ, რაც ცალსახად კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა. სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სწორედ, ამ ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლად ცნობას მოითხოვს ბრალდების მხარე“, - აცხადებს ნინო აღლემაშვილი. 

ბრალდებულების ადვოკატი ლევან სამუშია აცხადებს, რომ დაცვის მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობები არის საფუძვლიანი და კანონის იმპერატიული მოთხოვნებიდან გამომდინარეობს. შესაბამისად, ადვოკატი ვფიქრობს, რომ სასამართლო მათ შუამდგომლობებს დააკმაყოფილებს.

„ჩვენ მოვითხოვეთ ბრალდების მხარის გარკვეული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა, მათ შორის ბრალის დადგენილებების დაუშვებლად ცნობა, ასევე, ექსპერტიზის დასკვნისა, რომელიც ვერანაირ სამართლებრივ კრიტიკას ვერ უძლებს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს დასკვნა კანონის იმპერატიულ მოთხოვნაზე დაყრდნობით დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნას ცნობილი. ბრლადების მხარე სამართლებრივ ჩიხშია შესული, საიდანაც გამოსვლას ვერ მოახერხებს, რადგან დანაშაული არ მომხდარა. რაც არ მომხდარა, იმის მტკიცებულებებს პროკურორები ვერ წარმოადგენენ“, - აცხადებს სამუშია. 

რაც შეეხება პროკურორის ბრალდებას, რომ ადვოკატების მტკიცებულებები კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული, სამუშიას განცხადებით, უმჯობესი იქნება ბრალდების მხარემ იზრუნოს საკუთარ დოკუმენტებზე, რომელიც ადვოკატის თქმით, მტკიცებულებების გარეშეა მოპოვებული.

„გასაგებია მათი პოზიცია, ძირითადი აქცენტი გადატანილია ჩვენს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზაზე, რომელიც მაღალპროფესიონალურ დონეზეა ჩატარებული, რაც არ სიამოვნებს ბრალდების მხარეს. ის, რომ, თითქოსდა, ჩვენი ექსპერტიზა კანონის დარღვევით არის შედგენილი, ეს არის პროკურატურის ფანტაზიის ნაყოფი.

შემიძლია საპირისპირო გითხრათ ბრალდების მხარის ექსპერტიზასთან დაკავშირებით, შემიძლია მას ვუწოდო ფარატინა ქაღალდი, ვინაიდან რაზე დაყრდნობითაც ჩატარდა აღნიშნული ექსპერტიზა, ეს დოკუმენტები საქმეში არ მოიპოვება. არავინ იცის საერთოდ არსებობს თუ არა ეს მტკიცებულება. წლებია ადვოკატი ვარ და მსგავსი რამ პრაქტიკაში არ მქონია. ცოტა გაუგებარია, ამის შემდეგ ბრალდების მხარე ჩვენი ექსპერტიზის დაუშვებლობაზე, რომ ლაპარაობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან სამუშია.

როგორც ადვოკატი ამბობს, უკვე შემდეგ პროცესზე, რომლის თარიღის შესახებაც დაცვის მხარეს ეცნობება, სავარაუდოდ, მოხდება ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობის დაყენება.