რეფორმა არჩევნებისთვის?!

რეფორმა არჩევნებისთვის?!

რეფორმების ახალ ტალღა, რომელმაც ევროპულ დემოკრატიულ სტანდარტებთან უნდა დაგვაახლოვოს, ქვეყნისთვის საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ ფონზე, მაგრამ მაინც, იწყება. საზოგადოების ერთი ნაწილისთვის სამართალდამცავი უწყებების რეფორმირება პოლიტიკური ნაბიჯია, რადგან ხელისუფლება მთავრობისა და მისი პრიორიტეტების შეცვლით იმ უკმაყოფილების განეიტრალებას ცდილობს, რაც დაგროვდა. მეორენი ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნო ქულებს აგროვებს მმართველი ძალა. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს კი უბრალოდ აღარ აინტერესებს მისთვის რამდენად სასიკეთო შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც უმნიშვნელოვანესი რეფორმები.

გარკვეული მონახაზი, როგორ შეიცვლება ეს სფეროები, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა არასამთავრობო სექტორი უფრო მეტ ინფორმაციასა და ჩართულობას ითხოვს იმისათვის, რომ რეფორმა მხოლოდ რეფორმისთვის არ განხორციელდეს და შედეგად მივიღოთ თუნდაც ის, რა ვალდებულებაც გაგვაჩია ევროპის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

შს სამინისტროს რეფორმირების თემა ახალი მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა თუმცა ექსპერტი, ლია მუხაშვრია ვარაუდობს, რომ საარჩევნო ვადის დასრულებამე შესაძლოა, არა თუ შს სამინისტროს, არამედ უკვე დაწყებული პროკუტატურის რეფორმირებაც კი ვერ მოესწროს.

ლია მუხაშვრია: რაც ვიცით არის ის, რომ ხელისუფლებას აქვს გეგმა, გაიყოს შს უწყება და უშიშროებისა და პოლიციის სამსახურები განცალკევდეს, ეს სრულიად გამართლებული და მიზანშეწონილია. უბრალოდ, არ ვიცით ამის მეტი რა იგეგმება და რა იგულისხმება ამაში. ინფორმაცია ძალიან მწირია. ამიტომ სასურველია საზოგადოებამ, არასამთავრობო სექტორმა აუცილებლად მოვითხოვოთ, რომ რეფორმირების პროცესი იყოს ღია და გამჭვირვალე. ასევე, ღია იყოს ის განხილვები, რომელიც საპარლამენტო კომიტეტებში მოეწყობა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რა ეფექტის მიღებას ველოდებით, რა გვინდა შედეგად, რა არის ამოცანა - ხელისუფლება ამაზე არ საუბრობს. პოლიტიკური ქულების ჩასაწერად მექანიკური გაყოფა ხომ არ მოხდება? - საზოგადოების ერთი ნაწილი ამაზეც საუბრობს...

- მექანიკური გაყოფა ვერ იქნება, მაგრამ იმიტომ გვინდა ამ პროცესის გამჭვირვალობა, რომ დავრწმუნდეთ - სახელმწიფო უშიშროება და უსაფრთხოება იქნება არა საზოგადოების წევრებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული, როგორც ჩვენ ამას შევეჩვიეთ, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, არამედ - მართლა საგარეო საფრთხეების განეიტრალებისკენ მიმართული.

ასევე ძალიან გვინდა დავრწმუნდეთ და დავიჯეროთ, რომ პოლიცია არანაირად არ იქნება პოლიტიკური ხელისუფლების ხელში რაიმე ძალისმიერი სტრუქტურის სახით გამოყენებული არასოდეს, არც ერთ გარემოებაში.

ეს გარანტიები რომ მივიღოთ, ამ რეფორმის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, მაგრამ ამასთან, კარგად უნდა ვიცოდეთ, რა იგეგმება. სტრუქტურის და მოწყობის მიხედვით შეიძლება დავინახოთ, რა არის დაგეგმილი, იმისათვის, რომ ეს უწყებები პოლიტიკისგან გამოცალკევდეს და გახდეს მართლაც საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესებში მოქმედი.

როგორც შს მინისტრი ამბობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში. სამსახურის უფროსის კანდიდატურას პარლამენტს შესთავაზებს პრემიერ-მინისტრი. პარლამენტი კი მას უმრავლესობის სრული შემადგენლობით აირჩევს 6 წლის ვადით. ამასთან, ერთი პირი აღნიშნულ თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ არ აირჩევა. არის თუ არა წინგადადგმული ნაბიჯი ასეთი პროცედურა და რის გარანტიებს იძლევა?

- მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ მხოლოდ პირველ პირზე კი არ იყოს დამოკიდებული ამ სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენისა და დანიშვნის პროცედურა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია სტრუქტურის შიგნით კარიერული წინსვლის, დაწინაურების თუ გათავისუფლების პროცედურები როგორ წყდება. ნამვილად დემოკრატიული და არაძალადობრივია თუ არა ეს ყველაფერი.

გარდა ამისა, ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას მექანიზმი, რომელიც სრულად გააკონტროლებდა მათი ბიუჯეტის ხარჯვის საკითხებს - ეს უწყება მთავრობის ნაწილია და საბიუჯეტო სახსრებიდან ხდება დაფინანსება.

თუმცა ამის გარდა, ძალიან მინდა ვიცოდე პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო და პრეზიდენტთან არსებული უსაფრთხოების სამსახური რა მიმართებაში იქნებიან ამ ორგანოსთან და როგორი იქნება ამ ორგანოს ანგარიშვალდებულება ამ საბჭოების მიმართ?! როგორ გადანაწილდება ფუნქციები და კომპეტენციები?

არჩევითობის პრინციპი რამდენად იძლევა იმის საშუალებას, რომ მართლაც ღირსეული, პროფესიონალი, კომპეტენტური პირი მოხვდეს ამ სამსახურის სათავეში და არ იყოს ეს როგორც წესი, პოლიტიკური თანამდებობა?

- არჩევით სისტემას ყოველთვის აქვს უპირატესობა პირდაპირი დანიშვნის წესთან შედარებით. თუნდაც იმიტომ, რომ პარლამენტი თუ ვინმეს დაიწუნებს, წარმდგენი იძულებული იქნება, უკეთესი კანდიდატურა შესთავაზოს. ამ თვალსაზრისით, ეს რა თქმა უნდა, პროგრესულია. ისიც პროგრესულია, რომ ის ინიშნება გარკვეული ვადით და ამ ვადის განმავლობაში უნდა იყოს სრულიად ხელშეუხებელი, ასევე დამოუკიდებელი ჩარევისაგან.

ამიტომ, ასეთი წარდგენისა და დანიშვნის პროცედურა დიდწილად განაპირობებს ამ თანამდებობის პირის დამოუკიდებლობას, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია რეფორმირების პროცესში გავაცნობიეროთ, როგორი იქნება ამ პირის ანგარიშვალდებულება. მხოლოდ პრემიერის წინაშეა ანგარიშვალდებული თუ შეიძლება პარლამენტშიც დაიბარონ და საკანონმდებლო ორგანის წინაშეც იყოს ანგარიშვალდებული? როგორია ამ ანგარიშვალდებულების ფორმა, სიხშირე, სიღრმე, მოცულობა?

რაც შეეხება პოლიციას, მინისტრის განმარტებით, ის სრულიად ახალ ფუნქციას იძენს - მის ძირითად ფუნქციად რჩება დანაშაულის თავიდანაცილება და აღკვეთა... ეს საკმარისია იმისათვის, რომ დანაშაულის რიცხვმა იკლოს?

- სხვათა შორის, თანამედროვე მიდგომები სწორედ ამაზეა ორიენტირებული - დამნაშავის გამოვლენა და დასჯა კი არ უნდა იყოს პოლიციის მთავარი ფუნქცია, არამედ გაცილებით დიდ მასშტაბებზეა საუბარი - პრევენციაზე. ანუ, ეს ნიშნავს, რომ თვისობრივად სხვა კონცეპტუალურ ნიადაგზე იწყებს მუშაობას პოლიცია.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საპოლიციო საქმიანობა მიბმული იყოს ადგილობრივ ხელისუფლებაზე. მაგალითად, საქართველოში არის რაიონები, სადაც დანაშაულის რაოდენობა ძალიან დაბალია და კრიმინოგენული ვითარება არის ძალიან კარგი, პოზიტიური. იქ არ უნდა სჭირდებოდეს იმ რაოდენობით პოლიციელის შენახვა ქვეყანას, როგორც დიდ ქალაქებში, სადაც კრიმინოგენული ვითარება უფრო რთული და მძიმეა.

ამიტომ, თუ ადგილობრივ ხელისუფლებას ექვემდებარება პოლიცია, ის ყოველთვის თავის ბიუჯეტს ანაწილებს შესაბამისად და თუ არ სჭირდება ბევრი პოლიციელი, სამაგიეროდ, დაფინანსებას უზრდის სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ ქვეყანაში ფინანსური პრობლემებია.

დღეს ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რომ პოლიცია იყოს ადგილობრივი ხელისუფლების დაქვემდებარებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშვება, სპეციფიკური დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლა. თქვენ ისაუბრეთ პრეზიდენტისა და პრემიერის უშიშროების საბჭოებთან ანგარიშვალდებულებაზე, ამის გარდა, ფუნქციების დუბლირების ალბათობაც ხომ არსებობს?

- როდესაც მთავრობა თვითონვე საუბრობს ქამრების შემოჭერასა და ფინანსურ პრობლემებზე, ამ დროს არ ვიცით, რამდენად არ იქნება პარალელური უწყებები პრეზიდენტის უშიშროების საბჭო, პრემიერის უსაფრთხოების საბჭო. ასევე არ ვიცით, ამ რეფორმირების პროცესში როგორ განიხილება ამ საბჭოების ადგილი, ურთიერთმიმართება და ა.შ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია.

რა თქმა უნდა, არ მინდა, რომ საჯარო მონიტორინგსა და კონტროლს ექვემდებარებოდეს სახელმწიფო უშიშროების ორგანოების საქმიანობა, მაგრამ საკმარისად ნათელი, საკმაოდ მკაფიო უნდა იყოს მათი საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმი. რაღაც დახურული, ყოველგვარი მონიტორინგისა და კონტროლისგან გამოსული უწყების არსებობა სახელმწიფოში ყოველთვის საშიში ხდება.

რეფორმა რაც უნდა გატარდეს ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე დაიგეგმა, - ის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი გახლდათ, თუმცა მასზე ლაპარაკი საკმაოდ გვიან დაიწყო. რამდენად მოესწრება შემდეგ არჩევნებამდე მისი განხორციელება და რატომ მაშინვე არ შეუდგა ხელისუფლება ამ დაპირების შესრულებას?

- მარტივად რომ შევხედოთ საკითხს - უკვე მესამე მინისტრი გვყავს - თუ ასე მოკლე პერიოდში ასეთი ინტენსივობით იცვლებოდნენ მინისტრები, ეს უკვე თავისთავად ნიშნავს - რეფორმას ვერ დაიწყებდნენ რადგან მინისტრების ხშირი ცვლა ძალიან უშლის ხელს ასეთი პროცესის დაწყებას.

მეჩვენება, რომ მთავრობას კარგად არც ჰქონდა გააზრებული შს მინისტრის სუბიექტური კრიტერიუმები, როგორი უნდა ყოფილიყო, რა პოლიტიკა უნდა გაეტარებინა. ამის გარდა, სხვა რომელ სფეროში დაიწყეს რეფორმა ჯანდაცვის გარდა?

თანაც, ამ ხელისუფლების მუშობის ტემპებიდან გამომდინარე, არ მგონია, რომ მოასწრებენ, მით უფრო, რომ უკვე დაწყებული აქვთ ე.წ. პროკურატურის რეფორმა, რომელიც ასევე ძალიან დააგვიანდათ და მეეჭვება რომ მოესწრება.

უფრო მეჩვენება, რომ ეს კეთდება არა რეფორმისთვის, არამედ იმისთვის, რომ გარკვეული, კანონით განსაზღვრული ვადით დანიშნონ ის თანამდებობის პირები, რომლებიც მათ მიერ დანიშნული ადამიანები იქნებიან შემგომი არჩევნების დროს და არჩევნების შემდეგაც - ანუ თავიანთი ხალხი ეყოლებათ საკვანძო თანამებობებზე. თუმცა, ვისურვებდი, რომ არ გამართლდეს ჩემი პესიმისტური პროგნოზი.