„ყველაზე დიდი შემაფერხებელი ევროინტეგრაციისთვის პოლიტიზირებული შს სამინისტრო და პროკურატურაა“

„ყველაზე დიდი შემაფერხებელი ევროინტეგრაციისთვის პოლიტიზირებული შს სამინისტრო და პროკურატურაა“

რიგის სამიტი ახლოვდება, საქართველოს ხელისუფლება აქტიურ შეხვედრებს მართავს დასავლელ მაღალჩინოსნებთან. საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მთავრობის წევრები საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში ხვდებიან უცხოელ კოლეგებს, მონაწილეობენ საერთაშორისო ღონისძიებებში... ყველაზე დიდი მოლოდინი კი რიგის სამიტის მიმართ არსებობს - საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ითხოვს ევროპამ ღიად გამოხატოს თანადგომა. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი, გიორგი მუჩაიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ შეხვედრებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება, - „იმ ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა, ქართული მხრის მიერ ევროკავშირთან აღებული ვალდებულებებს შესრულებასთან დაკავშირებით, აღნიშნულია, რომ პროგრესი მიღწეულია, მაგრამ რეფორმები გასაგრძელებელია“.

სოციოლოგიური კვლევების თანახმად საქართველოში ევრაზიული კავშირის მომხრეთა რაოდენობა გაზრდილია. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დღეს ევროპამ ღიად გამოხატოს საქართველოსადმი მხარდაჭერა? ამაზე საუბარი იყო საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივ წერილშიც, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტს გაუგზავნეს რიგის სამიტთან დაკავშირებით...

- ვფიქრობ, რომ ქართულ მოსახლეობაში ცოტათი იმატა სკეპტიციზმმა და აქედან გამომდინარე, დასავლეთის მხრიდან საჭიროა კონკრეტული გზავნილი, რომ ინტეგრაციის პროცესი გრძელდება, რომ ჩვენი ვალდებულებების შესრულების შესაბამისად, ჩვენი ფუნქცია გაიზრდება როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში ინტეგრაციის კუთხით - მჯერა, რომ ასეთი გზავნილი რიგის სამიტზე იქნება, თუმცა, არ ვიცი, კონკრეტულად რა სიტყვებით გამოხატული...

გასულ კვირაში, ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტისას, პრინციპში, გამოხატა ასეთი მხარდაჭერა, რასაც მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენ მარტო არ ვართ და ევროპა გვერდში გვიდგას. არსებობს თუ არა კითხვები ევროპის მხარდაჭერასთან დაკავშირებით? თუ დასავლეთმა გარკვეული პაუზა აიღო?

- ვფიქრობ, ჯერჯერობით, ჩვენი საშინაო დავალება უნდა შვასრულოთ. მოდით, თვითკრიტიკულებიც ვიყოთ - რომ გადავხედოთ დემოკრატიზაციის კუთხით ჩვენს წინსვლას, რა თქმა უნდა, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა რჩება. იგივე სამართალდამცველი და სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით - არაერთგზის აღუნიშნავთ ევროკავშირის, ასევე ნატოს მაღალჩინოსნებს, რომ ეს წინსვლა არასაკმარისია.

ჩვენი პრობლემები უფრო ეფექტურად რომ გადავჭრათ და სერიოზული წარმატებები გვქონდეს, ევროინტეგრაციის კუთხით ჩვენი წინსვლის შანსები უფრო მეტი იქნებოდა და შესაბამისად, პერსპექტივასაც უფრო მოკლე ვადაში მვაღწევდით.

ბუნებივია, ევროკავირშიც არსებობენ სკეპტიკური ქვეყნები, რომელთაც საკუთარი მოსაზრებები გააჩნიათ, მაგრამ ასეთი სკეპტიციზმი იყო ბალტიისპირელებთან დაკავშირებითაც ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, მაგრამ მათი მხრიდან დემოკრატიზაციის კუთხით გატარებული რეფორმებით გადაიფარა ეს სკეპტიციზმი. ჩვენს შემთხვევაშიც რეცეპტი იგივეა - რეფორმები, სამართალდამცავი და სასამართლო სისტემის კუთხით იქნება ჩვენთვის იმის გარანტია, რომ ევროკავშირისა და ნატოს კუთხითაც საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდება და არ შემცირდება.

რამდენად ეთანხმებით ევროკომისიის დასკვნას რეფორმების მიმდინარეობის შესახებ? რამდენად ობიექტური ინფორმაცია აქვს მიღებული ევროკომისიას? მხედველობაში მაქვს ის მომენტი, რომ როგორც წესი, ხელისუფლება არ აღიარებს, რომ რეფორმები ფერხდება, ოპოზიცია კი, განსაკუთრებით „ნაციონალური ოპოზიცია“, როგორც ამბობენ, ცდილობს არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს მის ძველ „მეგობრებს“...

- ინფორმაციას ვერავის დაუმალავ, მათ აქვთ ძალიან ეფექტური მექანიზმები, ჰყავთ მომხსენებლები, რომლებიც ჩამოდიან და არა ერთი-ორი დღით. სწავლობენ სიტუაციას, ძალიან ბევრი წყაროდან იღებენ ინფორმაციას, საკმაოდ კარგად ინფორმირებულები არიან. ასე რომ, არ არის ადვილი მათი შეცდომაში შეყვანა. ძალიან კარგად ფლობენ ინფორმაციას როგორც წინსვლის, ასევე პრობლემების შესახებ. შესაბამისად, მათი შეფასების დოკუმენტებიც სავსებით ადეკვატურია-ხოლმე.

თქვენი შეფასებით, რა არის ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოსთვის პირველი რიგის ამოცანა, რომელიც სასწრაფოდ და აუცილებლად გასაკეთებელია?

- ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემაფერხებელი დემოკრატიული განვითარებისა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის არარეფორმირებული და პოლიტიზირებული შს სამინისტრო და პოკურატურა. ასევე სასამართლო სისტემაში რეფორმების გაგრძელება იქნება ერთ-ერთი ძლიან მნიშვნელოვანი ფაქტორი როგორც დემოკრატიზაციის ასევე ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

პრინციპში, ჩვენ ვიცით მონახაზი, რომლის მიხედვით პროკურატურასა და შს სამინისტროში განხორციელდება რეფორმა... ეს არ ითვლება წინსვლად?

- სწორედ ამაშია საქმე, რომ ლაპარაკი ძალიან ბევრია, მაგრამ კონკრეტული ქმედებები - ცოტა. ატლანტიკური საბჭო ამ კუთხით ჩართულია პროცესში, თუმცა არა მხოლოდ ჩენი, მთელი არასამთავრობო სექტორის აზრით, ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ შს სამინისტროცა და პროკურატურაც პოლიტიზირებულ უწყებებად რჩება - ამას აღნიშნავენ ნატოს და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები...

რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, რამდენად თამამად დაგვიჭერს მხარს დასავლეთი თუ რეფორმების თვალსაზრისით ყველაფერი რიგზე იქნება?

- დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერა რომ არ იყოს, ოკუპაციის კუთხით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იგივე უკრაინაში რუსული აგრესია გაცილებით პრობლემატური იქნებოდა, გაცილებით მეტი ტერიტორია შეიძლებოდა ყოფილიყო ოკუპირებული, ხოლო რუსული გავლენა ამ ქვეყნების მთავრობებზე საგარეო კურსის ცვლილების კუთხით, გაცილებით უარყოფითი შედეგების მომტანი.

საფრანგეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, 2008 წელს რომ არა ევროკავშირის ჩართულობა, რუსეთი აპირებდა სამხედრო აგრესიის გაგრძელებას და თბილისის აღებას. ასე რომ, რუსეთის მონდომება მეზობელი ქვეყნების საგარეო კურსის ცვლილებაზე გავლენა მოახდინოს, მუდმივია. ამ აგრესიული პოლიტიკის საპირწონე და გამანეიტრალებელი ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა დასავლეთის ჩართულობა ამ პროცესში.

ისტორიიდან ვიცით, რომ რუსეთის აგრესიის დასასუსტებელი საშუალება დასავლეთში მეტი ინტეგრაციაა - კონკრეტული მაგალითებიც არსებობს აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიიპირეთის ქვეყნების სახით. რომელი ქვეყანაც მეტად არის ინტეგრირებული - გაწევრიანებული ნატოსა და ევროკავშირში, მათი ურთიერთობებიც უფრო მეტადაა მოგვარებული რუსეთთან და მათი ეროვნული უსაფრთხოებაც უფრო უკეთ დაცული.

ბევრს საუბრობენ საქართველოს ხელისუფლების გარკვეული ჯგუფების პრორუსულობაზე. როდესაც საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლები ერთობლივად ადასტურებენ პროდასავლური კურსის ერთგულებას, როგორ ფიქრობთ, კითხვები ახალი ხელისუფლების საგარეო კურსის შესახებ შეიძლება ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას?

- მოდით, რეალურად გადავავლოთ თვალი არსებულ განცხადებებს პოლიტიკური სპექტრიდან. მხედველობაში მაქვს, მაგალითად, გოგი თოფაძის განცხადება, რომელიც მმართველ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტიის ლიდერია - მან აღნიშნა, რომ ნატო არ არის არც პრიორიტეტი და არც ლეიტმოტივი მმართველი კოალიციის. როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, როდესაც მთავრობიდან - თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის მხრიდან კეთდება განცხადებები, რომლის ინტერპრეტაციაც არის შესაძლებელი ისე, რომ ნატოს ბაზების საქართველოში განლაგება საფრთხე შეიძლება იყოს; როდესაც რუსეთში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი საუბრობს, რომ დღის წესრიგში არ დგას ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება და ეს არ არის ამჟამინდელი განხილვის საგანი, ეს ყველაფერი ძალიან ცუდი სიგნალია და საქართველოს ინტეგრაციის პროცესს აფერხებს - ამასწინათ ბატონმა უსუფაშვილმაც კი თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ ვართ...

ასეთი განცხადებები ნამდვილად არ აჩქარებს ინტეგრაციის პროცესს. გასაგებია, რომ გარკვეული ვლდებულებები შესასრულებელი გვაქვს, მაგრამ თუ ამ თემას დღის წესრიგიდან მოვხსნით და ვიტყვით, რომ ამჟამად არ არის აქტუალური, ამას კარგი არაფერი მოჰყვება - საერთაშორისო დღის წესრიგიდანაც ქვევით ჩამოიჩოჩებს და მისი ნიველირება მოხდება.

ქართული პოლიტიკური სპექტრის მხრიდან მრავალმხრივ დონეზე ეს საკითხი მუდმივად უნდა იყოს დიპლომატიური მოლაპარაკების საგანი, მუდმივად უნდა იდგეს დღის წესრიგში.