„მინდა ბუბა კუდავას საკუთარი სიტყვები გავიხსენო: „მე რომ  ხვალ მითხრან წადი, ავდგები და წავალო, რატომ არ მიდის? “

„მინდა ბუბა კუდავას საკუთარი სიტყვები გავიხსენო: „მე რომ ხვალ მითხრან წადი, ავდგები და წავალო, რატომ არ მიდის? “

როგორ დასრულდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორ ბუბა კუდავასა და განათლების სამინისტროს შორის არსებული დაპირისპირება სულ მალე გახდება ცნობილი. როგორც ჩანს, კუდავა პოზიციების დათმობას არ აპირებს, სავარაუდოდ, დარწმუნებულია, რომ განათლების სამინისტროს გარდა, ყველა მისი მხარდამჭერია, მაგრამ ირკვევა, რომ მისი მხრიდან თავს დაზარალებულად არაერთი ადამიანი გრძნობს. განსაკუთრებულ ყურადღებას კი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რიგი თანამშრომლები იმსახურებენ. მაგალითად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავის ყოფილი მცველი ციალა გაგნიძე კუდავას საკუთარ სიტყვებს ახსენებს. კუდავას თავის დროზე მისთვის მოთხოვნა წაუყენებია, რომ დროის მოთხოვნას უნდა დამორჩილებოდა და წასულიყო...     

ციალა გაგნიძე: „ვფიქრობდი, რომ ოდესღაც შესაძლოა, წერტილი დასმოდა იქ მიმდინარე პროცესებს და ვიღაცას ოფიციალურად შეესწავლა რა ხდება ხელნაწერთა ინსტიტუტში. ეს იმიტომ, რომ 2008 წლიდან ვიბრძოდი იქ არსებულ პრობლემატურ საკითხებზე. მე საცავი და ფონდების საკითხი მეხებოდა. ჩემ პირად საკითხს არ ვაყენებ წინ, გასაგებია, გამომაძევეს, მაგრამ იქ იყო უამრავი სხვა პრობლემა იქ არსებული განძის დაცვის, შენახვის და მოვლა-პატრონობის მხრივ. იმიტომ, რომ საცავები გადაიქცა ტელევიზიებისა და ჩაწერების კანტორად. საცავში 15-კაციანი დელეგაციების შემოსვლა და ექსკურსიები, ყოვლად წარმოუდგენელია, ეს არის ყველაზე დიდი დარღვევა. ვინაიდან საცავის მცველის მოვალეობაა, რომ რაღაცნაირად არეგულიროს იქ სიტუაცია, ამიტომ ვიბრძოლე, მაგრამ შიშისგან ხმას არავინ იღებდა. მიწაში ძვრებოდა ყველა, დერეფნებში ვერ გამოდიოდნენ თანამშრომლები. თავჩაღუნულები დადიოდნენ, ვინმეს თვალში არ მოხვედროდნენ და რისხვა არ დასტეხოდათ თავზე. დღეს, ეს მემგონი, დაავიწყდათ.

საცავში არსებული სიტუაციის გამო, მოხსენებითი ბარათი დავწერე და ზოგიერთ ღვაწლმოსილ მეცნიერეს ვთხოვე, მათაც რაღაცნაირად გაეზიარებინათ ჩემი მიდგომა, მაგრამ მათი პასუხი იყო, რომ ეს საცავი ჩემია და მე უნდა მეზრუნა. მადლობა ღმერთს, თუ მხოლოდ ჩემს მხრებზე იყო ქართული განძი. უფალს ვთხოვ შემაძლებინოს ბოლომდე მის მცველად დავრჩე! მიუხედავად იმისა, რომ მე იქ აღარ ვარ და არც არსად არ ვარ, აქედან გამომდინარე, ეს ჩემი გულისტკივილი დარჩა ამ წლების მანძილზე და თანდათან გაიზარდა, რადგან მესმის ხმები, რომ სიტუაცია იქ უფრო დამძიმდა. ჩემს შემდეგ მოვიდა მეორე მცველი, მესამე. ექვსი წლის მანძილზე მეოთხე მცველი ჰყავთ. ზოგადად, ბუბა კუდავას, ირგვლივ თავისი საახლობლო წრე ჰყავს, ნაცნობ-მეგობრები, ნათესავები და როგორც ვიცი, ბევრი ყოვლად შეუფერებელი ადამიანია. ერთ-ერთ მათგანს, ხელნაწერი ხელში არ ჰქონდა აღებული და ამ უძვირფასეს საგანძურში შეიყვანეს მცველად. ეს წარმოუდგენელია!

უმწვავესია რესტავრაციის საკითხიც, ვინც კვალიფიციური იყო, ისიც გარეთ აღმოჩნდა, ზოგი მათგანი გარდაიცვალა. უმთავრესი აქ არის ხელნაწერების დაცვა, შენახვა, გადარჩენა და აღდგენა. მთელი უბედურება იმაშია, რომ საერთაშორისო დონის სამეცნიერო კერა, გადაიქცა სამუზეუმო, საგამოფენო დაწესებულებად. არაფერი საერთო აღარ აქვს იმ ინსტიტუტთან, რაც ადრე იყო. მე ამას ძალიან განვიცდი და დღემდე ვრჩები მის მცველად.

საინფორმაციო წყაროებიდან გავიგე, რომ ხელნაწერთა ცენტრში აუდიტია და რაღაცას სწავლობს. ვიფიქრე, ეს ჩვეულებრივი აუდიტია, რომელიც წლის ბოლოს ყველა დაწესებულებაში ხდება. ვიფიქრე, რაღაცას შეისწავლიან და დასრულდებოდა ამით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აუდიტმა მუშაობა გააგრძელა და ცნობილი გახდა, რომ იქ მართლა რაღაც ხდება. პიროვნულად, მე არავის მტერი არ ვარ, არავისი ცუდი არ მინდა, მაგრამ მინდა ბუბა კუდავას საკუთარი სიტყვები გავიხსენო: „მე რომ  ხვალ მითხრან წადი, ავდგები და წავალო, რატომ არ მიდის?  მეუბნებოდა, ციალა, დროის მოთხოვნაა, უნდა დავემორჩილოთ, შენ უნდა წახვიდე, ყველანი გავუშვითო“.  მე ხომ კარგად მიკიჟინებდა? მე სად წავსულიყავი? რითი მეარსება? მას ძალიან ბევრი სანაცნობი წრე ჰყავს, ის სამსახურსაც იშოვის და ძალიან კარგადაც იქნება. 

მე ამ საზოგადოების გამკვირვებია, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტს და მის დირექტორს ერთად აიგივებენ. ალბათ, იმიტომ, რომ საქმეში ჩაუხედავები არიან. რა ხიბლავთ? ბუბას სახე ატყუებთ? მართლაც, რომ შეხედავ იფიქრებ, რომ გადამკვდარი მამულიშვილია, მაგრამ რას სჩადის? მას ფონდებისთვის არაფერი გაუკეთებია“.

-ანუ, ვარაუდობთ, რომ ვინც დღეს იქ მუშაობს პროფესიონალები არ არიან?

-მე ვინც შემცვალა ის მართლა იყო პროფესიონალი იყო, მაგრამ ისიც გამოიცვალა, მერე მეორე მიიყვანა და არაპროფესიონალი. მე ვსაუბრობს ქართულ ხელნაწერთა საცავებზე, სხვა საცავებში რა ხდება, ღმერთმა იცის. მე ძალიან ბევრი მასალები მქონდა და მივაწოდე განათლების სამინისტროსაც და შესაბამის ინსტანციებსაც, რადგან მე საქართველოს განძი, ეროვნული საუნჯე და სიწმინდეები მაინტერესებს, რომელიც უნდა გადარჩეს და დავიხსნათ ამ მტარვალებისგან. ბოლოს და ბოლოს უნდა დადგეს საქართველოში ეს საკითხი და ეს უნდა გააკეთოს, ყველამ ერთად. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ შეცდომაში არიან შეყვანილნი.

-თუმცა, ფაქტია, ბუბა კუდავას ბევრი დამცველი ჰყავს...

-გამოუჩნდა, მაგრამ იცით რაშია საქმე? იმ დამცველებმა არ იციან, ვერ ერკვევიან სპეციფიკაში. მე ვინც მიცნობს, იგივე სამღვდელოება, იგივე ჩვეულებრივი ადამიანები, მათ იციან ჩემი მდგომარეობა როგორ წამოვედი და დღეს, მე მეკითხებიან რა იქ ხდება. ხალხი დაიბნა. თუმცა, ზოგი უჯერებს ბუბა კუდავას, რადგან იაფასიანი პოპულარობა აქვს იმ კუთხით, რომ ხან ის გამოფინა, ხან ეს. მოქვით იწონებს თავს, ყელყელაობს, მაგრამ იცით რა? მოქვი იმდენ ხანს იყო დაკონსერვებული, ხელს ვერ კიდებდნენ,  რადგან საშიშრობა იყო, რომ უფრო არ დაზიანებულიყო და უარესი შედეგი არ გამოეწვია. გაკეთებული რესტავრაცია 5 და 10 წლით არ იზომება. ეს გათვლილი უნდა იყოს საუკუნეებზე. ეს არის შუა საუკუნეების უძველესი ხელნაწერი და აქედან გამომდინარე, ჩვენ შედეგს ახლა ვერ დავინახავთ. საინტერესოა, რომელმა პორფესიონალმა კომისამ მიიღო და ჩაიბარა? კი ბატონო, უცხოელები მოიწვიეს, თანხებიც გამოიძებნა, ეს ძალიან კარგია, მაგრამ შედეგი ჩვენ არ ვიცით, ვინ დადო კვალიფიციური დასტური იმისა, რომ მოქვი არის გაკეთებული ისე, როგორც საჭიროა. სხვათაშორის, ვიდრე ეს მოხდებოდა, არაჩვეულებრივი ქალბატონია რესტავრატორია ლია სიხარულიძე, ამავდროულად მკინძავი, მხატვარი, ეტრატის მცოდნე. ის დღესაც ყველა ეროვნულ დაწესებულებასთან თანამშრომლობს, ასეთი პროფესიონალი მეორე არ არის. სწორედ ლია სიხარულიძე, თავისი ხარჯებით მოსკოვში, კლასიკურ რესტავრატორთან, ბიკოვასთან წავიდა, რომელთანაც ყველა სწავლობს და მანაც მასთან ისწავლა. რომ ჩამოვიდა, მან რამდენიმე ფირცელზე, საცდელად გააკეთა ნიმუში, მან ვერ გაბედა, რომ მთლიანად შეჭიდებოდა. თუმცა, მას ჩემამდე დაატოვებინეს  სამსახური.    

-რა გახდა თქვენი წამოსვლის მიზეზი?

-მე 2008 წელს წამოვედი, მაგრამ საშინელება ტრიალებდა ყველასთვის, ყველაზე დიდი დოზით კი ხელნაწერთა საცავში, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნილება ხელნაწერზე იყო. ამ უნიკალურ მასალაზე, რომ როგორმე მალე გამოეფინათ და გარკვეული იმიჯი მოეპოვებინათ. საზოგადოებას  გაცნობოდნენ, რომ მოვიდა ახალი გუნდი და საქმეს აკეთებდა, თითქოს მანამდე ჩამკვდარი იყო.

მეცნიერებს, ამ მეტად პატივსაცემ და დაფასებულ ხალხს დააწერინეს განცხადებები და ხელშეკრულებები თავისიანებს გაუფორმეს. ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ  ბევრი ისეთი მოიყვანეს, ერთმანეთს საუკუნეს და წელს ვერ უთავსებდა.

თავდაპირველად კონკურსები მეცნიერებისთვის გამოცხადდა. მოგვიანებით, ჩვენთვის, საცავის მცველებისთვის. მცველებს, როგორც ტექნიკური განყოფილების მუშაკებს, არ აქვთ მოთხოვნა სამეცნიერო ნაშრომებისა. ეს იმიტომ, რომ მეტად საპასუხისმგებლო და დატვირთული სამუშაოა - პასპორტების კეთება,  მკითხველის მიღება, რადიო-ტელევიზიები, გადაღებები საზოგადოებასთან თუ სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობა და ათასნაირი მოთხოვნა. იმდენი პროექტი ხორციელდებოდა და იმდენ დროს მოითხოვს, წარმოუდგენელია მოსთხოვო საცავის მცველს სამცნიერო ნაშრომის გამოქვეყნება, რადგან ვინც საცავში მუშაობს ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავისთვის ვერ იმუშავებს. სწორედ ეს დამიდეს მიზეზად.  ვინაიდან სამეცნიერო ნაშრომის გაკეთება ჩემს შემთხვევაში ვერ მოხერხდა, საერთოდ არ მომცეს კონკურსში მონაწილეობის უფლება. თუმცა, რეალურად, მათთვის მთავარი ჩემი საცავიდან გამოყვანა იყო.

 - როგორც ფიქრობთ, ამჯერად როგორ განვითარდება მოვლენები ხელნაწერთა ცენტრში?

- მართალია, ჩემს მოხსენებით ბარათს არ მიაქცია არავინ ყუარდღება, მაგრამ თუ აუდიტმა დადო კანონდარღვევაზე მასალა და ეს დამტკიცდება, აუდიტის დანიშნულება სხვა რა არის?  მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს უყურადღებოდ დარჩეს. ასეთ შემთხვევაში, ბუბა კუდავამ უნდა გამოიჩინოს ვაჟკაცობა და ადამიანობა. მე ხომ  მეუბნებოდა წადი, დრო არისო? დადგა მაგის დროც ეტყობა. ზოგადად, ცოდოა, როცა ადამიანი სამსახურიდან მიდის, მაგრამ თუ მას ჩადენილი აქვს, რაღაც ისეთი, რომელიც ითხოვს აუცილებლად მის წასვლას, მე მგონია უნდა ამაღლდეს საკუთარ თავზე, რადგან მით უმეტეს ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორობა, ყველას უნდა...