„სწორედ რომ ჩემნაირმა „ახირებულმა“ კაცმა შეიძლება გააკეთოს ეს პროექტი“

„სწორედ რომ ჩემნაირმა „ახირებულმა“ კაცმა შეიძლება გააკეთოს ეს პროექტი“

„ქალაქიდან ადიხარ ტრანსპორტის გარეშე და ხვდები უნიკალურ ბუნებაში, სწორედ ამ შენობიდან, 7-ვარსკვლავიანი სასტუმროდან ლიფტით ჩადიხარ ხევში. სულ 3 წუთი გინდა და ხვდები უნიკალურ, ველურ ბუნებაში. იქ უნიკალური ხევია. ამ პროექტის უნიკალურობა სწორედ ეს ხევია“... - ასეთი იდუმალი და იდილიური სურათი დახატა „საზოგადოება 2030“-ის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პროექტპანორამა თბილისზე საუბრისას.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, სიტყვა „ახირება“, რომელიც ალექსანდრე ელისაშვილმა მის მიმართ ახსენა, შეურაცხმყოფელია. „სწორედ რომ ჩემნაირმა „ახირებულმა“ კაცმა შეიძლება გააკეთოს ეს პროექტი. მე ხელმეწიფება და საშუალება მაქვს, რომ ჩემს ქალაქს დავეხმარო. ღმერთმა დამიფაროს, ამ სასტუმროთი გამდიდრებას ვაპირებდე. 100 წელიწადი არ მინდა არანაირი სასტუმრო, ახალი თავის ტკივილი“,- განაცხადა მან.

პროექტის რენტაბელობაზე საუბარი ყოფილ პრემიერს უჭირს. იგი თვლის, რომ ამ პროექტმა თავისი თავი შეიძლება ვერასდროს გამოისყიდოს, რადგან იქ ბევრი ექსკლუზივია - დახრილი ლიფტები, 2-სართულიანი სასტუმრო-აპარტამენტები, 25 მეტრიანი აკვარიუმი და სხვა.

მისივე თქმით, ამ პროექტის პირველი ღირსება სწორედ ეს ხევი გახლავთ, რაც ძველ თბილისს არ აზიანებს, არაფერში ხელს არ უშლის. მეტიც, „ელისაშვილი და სხვები რომ გაჰკივიან, ისტორიული მნიშვნელობაო, რა ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა, კითხვა არავის დაუსვამს. იქ იყო ათწლეულების მანძილზე სანაგვე, თუ ეს აქვს მხედველობაში ელისაშვილს“,-აცხადებს ივანიშვილი და გადაჭრით ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად „პანორამა თბილისი“ მაინც განხორციელდება და ხევი, სადაც ამჟამად წელიწადში 10 ტურისტი თუ გაივლის, პროექტის განხორციელების შემდეგ თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება.

For.ge დაინტერესდა, ბიძინა ივანიშვილის განმარტებისა და „პანორამა თბილისის“ შესახებ ვიდეორგოლის დამზადების შემდეგ შეიცვალა თუ არა ამ პროექტის მოწინააღმდეგეთა შეხედულებები?!

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით ისევ ძველი პოზიციის ერთგული რჩება. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ პრემიერის პოსტზეც რომ იყოს ბიძინა ივანიშვილი, ქალაქის ბედს ერთი კაცი არ უნდა წყვეტდეს. მით უმეტეს, გოგი ხოშტარიასთვის „პანორამა თბილისი“ არის კოშმარი, სიმახინჯე. ამის საწინაღმდეგოდ, თბილისის სილამაზე არის მთებსა და ხევებს მოყოლებულ განაშენიანების სინთეზში.

„შენ თუ ის მთები ხელოვნურ, ჩაის პლანტაციების მაგვარ რელიეფად აქციე, ეს იქნება ჩვენი ქალაქის საბოლოო დამახინჯება. ვინ წყვეტს ამას? ნარმანიამ მე პირადად მითხრა, დიდი საბჭო იქნება და პირადად თქვენ გკითხავთ აზრს და თქვენნაირ ხალხსო. ვის ეკითხება? ეს არის უგემოვნების და ქაჯობის განსახიერება. ჯერ თვითონ იქ რომ დადგა სახლი, სოლოლაკის მთაზე, არ შეიძლებოდა ამხელა ქიმკომბინატის დადგმა, მაგრამ ეს ბიძინას ბრალი კი არ იყო, არამედ იმ ხუროთმოძღვრების და მერიის იმ ჩინოვნიკების, ვინც ეს დაუშვა, იმ ხელისუფლებამ მისცა ივანიშვილს ამის უფლება. „პანორამა თბილისს“ რაც შეეხება, იქ არაფრის განაშენიანება არ შეიძლება, მთას დაანებონ თავი. ბუნებაში რომ ერევი, ტერასებად რომ ჰყოფ, ვინ გყავს არქიტექტორად მოწვეული? ბიძინა არქიტექტორია? ბიძინა რატომ არის ავტორიტეტი ხუროთმოძღვრებაში? ზოგიერთ არქიტექტორს ბიძინამ რომ უბრძანოს, გადახტება მტკვარში. სასტუმრო და საბაგირო გზა, ეგ კიდევ სადავოა, მაგრამ რაღაც ტერასები რომ კეთდება, ეგ რაღაა? ჰგონიათ, 7-ვარსკვლავიან სასტუმროს თუ გააკეთებენ, ტურისტები ჩამოვლენ? აგერ, ასათვისებელია ბახტრიონი, თბილისის ზღვა, დიღომი, ასათვისებლის მეტი რა არის. შეიძლება, მარტო სოლოლაკი იყოს ცენტრი? რატომ არ არის ეს პროექტი გამოტანილი საჯარო განხილვაზე? მოსახლეობას რატომ არ ეკითხებიან არაფერს? ჯერ მიშა არ გვეყო? ხიდი მინდა, ბაგრატი გამიკეთეთო, მაშინ მიშა „კამანდირობდა“, ახლა-ბიძინა“, - უპასუხო კითხვები მრავლად აქვს გოგი ხოშტარიას.

ამასთან, არ იზიარებს „მოქალაქის“ შეხედულებას, თითქოსდა, იმ ადგილებში სანაგვის მეტი არაფერი იყო. გოგი ხოშტარია მიიჩნევს, რომ ტერასები სადაც კეთდება, იქ არანაირი სანაგვე არ ყოფილა, უბრალოდ, იქ იყო მთა და ბუნება და, თუ რამის გაკეთება უნდათ, იქ დარგონ ხე და არა ჩაის პლანტაციების მაგვარი ტერასები.

„პარტიზანი მებაღე“ ნატა ფერაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ რაც უფრო აბსურდულ სარეკლამო რგოლს დადებენ, მით უფრო დაეხმარებიან პარტიზან მებაღეებს ბრძოლაში. ნატა ფერაძეს აინტერესებს, რას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ ნახსენები „ხელთუქმნელი ბუნება“ და „უნიკალური ხევი“, თუკი ბუნება ააოხრეს და გააუბედურეს. მისი თქმით, მართალია, ეს პროექტი მეტროს აშენების შემდეგ სიდიდით მეორე ინვესტიციაა, მაგრამ ის კეთდება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ახირებით, არანაირი საბჭო, კომისია, ქალაქგეგმარებითი პროფესიონალების კვლევა ამაზე არ დაუდიათ.

„7-ვარსკვლავიანი სასტუმრო საერთოდ არ არსებობს და სასტუმროს ვარსკვლავიანობა ენიჭება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აშენდება და მომსახურება იქნება. მოკლედ, აბსურდებია და ძალიან გვაწყობს ასეთი უხარისხო და ცუდი პიარით დამზადებული რგოლები. მივესალმებით დიდ ინვესტირებას ქალაქში, თუმცა ევროპის თანამედროვე ქალაქდაგეგმარებით სისტემაში ინვესტიციებს ახორციელებენ ახალ უბნებში და არა ძველ უბნებში უხეში ჩარევით და მისი იერის მთლიანად შეცვლით. ჩვენი თბილისის ძირითადი ხიბლი არის ძველი უბანი, შემდეგ ამას ემატება ახალი უბნები - ვაკე, საბურთალო, დიღომი. ძველი ქალაქი თუ ავაოხრეთ, ეს ქალაქზე უარყოფითად იმოქმედებს. წესით, ჩემი და ბიძინა ივანიშვილის აზრი თანაბარი წონის უნდა იყოს, უბრალოდ, ბიძინას ბევრი ფული აქვს და ამიტომ გამოდის წინა პლანზე მისი აზრები“, - აცხადებს ნატა ფერაძე და „პანორამა თბილისის“ კონტექსტში ხეების მოჭრას ერთ-ერთ ყველაზე ბოლო მტკივნეულ წერტილად განიხილავს. მისთვის მთავარი პრობლემაა ის, რაც ხდება თავისუფლების მოედანზე, კერძოდ, საბაგირომ არ უნდა გადაიაროს ქალაქზე და ბოლო უნდა იყოს ნარიყალა, ანუ ნარიყალა უნდა ასრულებდეს თბილისის ქედს.

მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით პლასიდო დომინგოს ფონდისთვისაც აპირებდნენ მათი სპეციალისტები ხმის მიწვდენას.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომრე რიმა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 1 მილიარდი ლარის ღირებულების ეს პროექტი ბიუჯეტიდან არ ფინანსდება და პროექტის ფარგლებში ქალაქის ცენტრალური და ისტორიული უბნები საბაგირო გზებითა თუ დახრილი ლიფტებით ერთმანეთს დაუკავშირდება. რიმა ბერიძისთვის მთავარია, რომ აქ დასაქმდება 6 ათასი ადამიანი, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ-2 ათასი ადამიანი, რომელთა სახელფასო ღირებულებაც იქნება 150 მილიონი ლარი. გარდა ამისა, დედაქალაქს დაემატება საგანმანათლებლო, ტურისტული, კვების ობიექტები, ათასკაციანი დარბაზი, მაღალი კლასის სასტუმრო, აკვარიუმი, პლანეტარიუმი, სპორტული დარბაზები, საცურაო ბასეინები.

„აქ პრობლემა იყო, თითქოს იცვლებოდა რეკრეაციული ზონა. არადა, არანაირი რეკრეაციული ზონა არ იცვლება. აქ იყო ნაგავსაყრელი, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს. 30 ათასი ხე დაირგვება. პროექტის ავტორებმა საბაგირო გზასთან დაკავშირებით გაითვალისწინეს რიგი საკითხები და ცვლილებების შეტანა კიდევ მიმდინარეობს. ისტორიულ უბანს ეს პროექტი არ აზიანებს. იაპონელი არქიტექტორები ამბობენ, რომ ეს პროექტი არის ისტორიულ გარემოში ინტეგრირების შესანიშნავი მაგალითი. უნდა გაკეთდეს ახალი შემოვლითი გზა, მიწისქვეშა ავტოსადგომებით. მთლიანობაში, ოთხ ეტაპად არის პარკინგები გათვალისწინებული“, - აცხადებს რიმა ბერიძე და გოგი ხოშტარიას მიმართ პატივისცემის მიუხედავად, განმარტავს, რომ სხვა ხელოვნებათმცოდნეები, ცნობილი არქიტექტორები, თბილისის ქომაგები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ამ პროექტის განხორციელებას.

არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ პირადად იგი არ მონაწილეობს ამ პროექტში, მაგრამ მისი ინფორმაციით, „პანორამა თბილისი“ სამი ობიექტისგან შედგება - ერეკლეს მოედანთან არსებული ყოფილი ქარვასლის მშვენიერი შენობა, რომლის ადაპტირებაც და რეკონსტრუქციაც იგეგმება; ყოფილი ცეკავშირის შენობის ადგილზე დიდი ობიექტის მშენებლობა და წავკისის ქედზე მშენებლობა. სამივეს მიმართ არქიტექტორს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. მისი თქმით, ერეკლეს მოედანზე ყველაფერი ნორმალურადაა, რადგან, პრაქტიკულად, ისტორიულ გარემოში არაფერი იცვლება და რა შენობაც იყო, იმავე პარამეტრით რჩება, ოღონდ მოხდება მისი ფიზიკური გაჯანმრთელება. რაც შეეხება მოედანს, სადაც ცეკავშირის შენობა იყო, ადგილმდებარეობის თვალსაზრისით, ის გიგა ბათიაშვილისთვის მისაღებია, მაგრამ არქიტექტურა ყოვლად მიუღებელი, სრულიად უცხო და საშინელი დისონანსის შემომტანია, რაც გადასაპროექტებელია.

წავკისის ქედთან დაკავშირებით კი არქიტექტორი ამბობს, რომ ეს ყველანაირად გამართლებული გადაწყვეტილებაა, რადგან იარუსების რაოდენობით მიმართულია ლეღვთახევისკენ, საუკეთესო ხედებია ამ ბუნებაში და ქალაქისკენ იყურება სულ სამიარუსიანი, საფეხურებად განლაგებული მწვანეში ჩასმული სამი ტერასა, რომელიც ნორმალურად არის შექმნილი.

„აქ არის საბაგირო გზის პრობლემა, რომლითაც ამ ტურისტული ზონის წავკისთან დაკავშირება უნდათ. აღნიშნული პრობლემის მოგვარების ალტერნატიული ვარიანტი არსებობს, საბაგირო გზა გვაქვს რიყიდან ნარიყალამდე. ასე რომ, ნარიყალას შეუერთონ წავკისის თავი, ბოტანიკური ბაღის თავზე გაიაროს საბაგირომ. გარდა ამისა, მესამე ობიექტთან დაკავშირებით გზის საკითხი გადასაწყვეტია. იქ უამრავი ნაკვეთია გაცემული და ინტენსიური მშენებლობაა დაგეგმილი. იქ არსებული გზა საკმარისი არ არის და ეს გადასაწყვეტია გენგეგმის დონეზე. ასე რომ, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ისტორიული ზონით რომ აპელირებენ, საინტერესოა, რომელ ისტორიულ ზონაში ხდება ჩარევა?! ერეკლეს მოედანზე იმავე პარამეტრებში არ რჩება ყველაფერი?! გარდა ამისა, ნარიყალით მთავრდება თბილისი, ნარიყალას ვერ გადავაადგილებთ, არავითარი ხელოვნური ქედები, ზღაპრებს ნუ ყვებიან, უბრალოდ, წავკისის ქედი მოდის, ეს არის თრიალეთის ქედის დაბოლოების შტო, რომელიც თავდება თბილისში დაბახანასთან, სადაც დღეს ნარიყალაა განთავსებული. ძალიან კარგად იცოდა გორგასალმა, სად აშენებდა ციხე-სიმაგრეს“,-აცხადებს გიგა ბათიაშვილი და განმარტავს, რომ ეს სულაც არ არის დახურული პროექტი, უბრალოდ, ეს არის მუშა პროექტი, რომელიც კონცეპტუალური გადაწყვეტის დონეზე რამდენჯერმე იყო გამოტანილი სამსჯავროზე.

„მე ვერ დავინახე იქ ჩაის პლანტაციების მსგავსი რამ. ეს პროექტი თბილისისთვის მნიშვნელოვანია“.