უკვე თვეებია, საქართველოს მოსახლეობა შიშით შესცქერის ვალუტის გადამცვლელი ჯიხურებისა და კომერციული ბანკების იმ ტაბლოებს, რომლებზეც უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარის გაუფასურების შესახებ ინფორმაცია ციფრებშია გამოხატული. ეროვნული ვალუტა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 30%-ზე მეტით გაუფასურდა, და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 12 მაისისთვის ერთი აშშ დოლარის ფასი 2,34 ლარით განისაზღვრა. პოზიციები კვლავ გაიმყარა ევრომაც. უცხოური ვალუტის გაძვირებამ საქართველოში, თვეებია, იმპორტული პროდუქციის ფასებიც გაზარდა.
საზოგადოება შფოთავს, თუმცა, ეკონომისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანას ახალი პერსპექტივა, სწორედ, ლარის გაუფასურებამ გაუჩინა.
როგორ შეიძლება, ისარგებლოს საქართველოს ეკონომიკამ ეროვნული ვალუტის დევალვაციით და რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების უზრუნველსაყოფად? - ამ და სხვა აქტუალურ ეკონომიკურ საკითხებზე For.ge ეკონომიკის დოქტორსა და განვითარების ეკონომიკის სპეციალისტს დავით ადეიშვილს ესაუბრა.
ბატონო დავით, ლარის გაუფასურებას ხელისუფლების ოპონენტები მთავრობის მცდარი ეკონომიკური პოლიტიკით ხსნიან, მთავრობა კი ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერს და პასუხიმგებლობას ნაწილობრივ, სწორედ, მის ხელმძღვანელს აკისრებს. თქვენ რას უკავშირებთ ლარის დევალვაციას?
- აუცილებელია განვასხვავოთ ორი ასპექტი - ფუნდამენტური მიზეზები და მიმდინარე მიზეზები, ანუ ფისკალურ-მონეტარული საკითხები.
საქართველოს საგადამხდელო და მიმდინარე ანგარიშების ბალანსი წლების განმავლობაში არის დეფიციტური. მარტივად რომ ვთქვათ, ის, რასაც ჩვენ ვიღებთ საკუთარი წარმოებით, არის ძალიან ცოტა. ჩვენი გაყიდვები და უცხოეთიდან შემოსული ინვესტიციები, სესხები თუ ფულადი გზავნილები არის მცირე. ჩვენ მოვიხმართ იმაზე მეტს, ვიდრე შესაძლებლობა გვაქვს. მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ გვაქვს სავაჭრო დეფიციტი, ანუ საგარეო ბაზრისთვის ვაწარმოებთ ნაკლებს და ვიღებთ მეტს. მოხმარება-მიწოდების ბალანსი არის უარყოფითი, რის გამოც, ბუნებრივად, ლარი უნდა იყოს კიდეც მიდრეკილი გაუფასურებისკენ.
ეროვნული ვალუტის რეალური კურსი იყო და დღემდე შეიძლება ვთქვათ, რომ რჩება რამდენადმე ძვირი. დოლარი ჩვენ ქვეყანაში ყიდულობს შედარებით ნაკლებს, ვიდრე სხვა ქვეყანაში. ეს უწონასწორობა შენარჩუნებული იყო ვალუტების შემოდინებით. თუ ეს შემოდინება სტაბილური არ არის, წონასწორობა რაღაც მომენტში აუცილებლად ირღვევა და დაირღვა კიდეც. მოხდა ისე, რომ საგარეო ბაზრები შეირყა, ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზრებზე შეიქმნა პრობლემები, მათ შორის რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. შეგვიმცირდა ექსპორტი, 25%-ით შემცირდა გადმორიცხვები, ასევე შემცირდა პირდაპირი ინვესტიციები და, ბუნებრივია, ეს ლარის კურსს დაემჩნეოდა.
ამ სიტუაციაში ეროვნულ ბანკს შეუძლია ლარის გაუფასურება თავისი რეზერვებით გარკვეულწილად შეარბილოს, ანუ მოთხოვნა ვალუტაზე, რომელიც აქვს ქვეყანას, უზრუნველყოს რეზერვებით, მაგრამ ეს ფუნდამენტურ პრობლემას ვერ აღმოფხვრის. მას შეუძლია მხოლოდ ძალიან დიდი რყევები, ფლუქტუაციები შეამციროს და შეარბილოს.
რა საშუალებები არსებობს პრობლემის მოსაგვარებლად? არსებობს თუ არა რამე მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ლარის კურსის დასასტაბილურებლად და ეკონომიკის განსავითარებლად?
- ერთი, ეს შეიძლება იყოს საგარეო ვალის აღება, რომელიც ისეც გვაქვს. თუმცა, არც ისე დიდი, როგორც ჩვენ გვგონია. მაგალითად, აშშ-ს გაცილებით მეტი ვალი აქვს, მაგრამ მათი განვითარებული ეკონომიკისთვის ეს პრობლემა არ არის. საჭიროა მხოლოდ სესხის ეფექტიანად გამოყენება.
ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა მოკლე პერიოდში შეარბილოს კურსის ცვლილება, მაგრამ ამით პრობლემა ვერ მოგვარდება. მოკლევადიან პერსპექტივაში ეროვნულ ბანკს ლარის კურსზე რეზერვების გამოყენებით გავლენის მოხდენა შეეძლო, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მიდგომა უშედეგოა. მაგალითად, როდესაც ადამიანს აქვს სიცხე, რომელიც გამოწვეულია რომელიმე შინაგანი ორგანოს ანთებითი პროცესით, მხოლოდ სიცხის დამწევის მიღება ეფექტიანი ვერ იქნება, შესაბამისი მკურნალობაა საჭირო. სწორედ, ახლა არის მომენტი, დიაგნოზი დაისვას და საქართველოს ეკონომიკის სიჯანსაღისთვის სწორი მკურნალობა დაიწყოს.
როდესაც ძვირდება უცხოური ვალუტა და იაფდება ლარი, იმპორტის ნაკლები შესაძლებლობა გვრჩება. იმავდროულად, იქმნება შანსი, მეტი პროდუქტი გაიტანო ექსპორტზე. მაგრამ აქაც არსებობს შეზღუდვები, განა, რამდენს აწარმოებ ღვინოს მოკლე პერიოდში? უცბად ხომ ვერ გაზრდი ზვრებსა და სიმძლავრეებს? ამიტომ, ქვეყანამ სხვა რამ უნდა მოიმოქმედოს გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით.
კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რა შეიძლება იყოს ეს პერსპექტივა?
- ჩვენი ექსპორტი, ძირითადად, მიმართულია ბუნებრივი რესურსების ათვისებაზე და გაყიდვაზე. მაგალითად, ბოლო კვარტალში ექსპორტში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და ის მთელი ექსპორტის 12%-ს შეადგენს, მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები (11% - რაც რეექსპორტია და არა ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქტი), თხილი - 10%, ფეროშენადნობები - 10% და სამკურნალო საშუალებები - 5%. თუმცა, იმპორტის მაჩვენებლებშიც 4% არის სამკურნალო საშუალებები, რაც მაფიქრებინებს, რომ სამკურნალო საშუალებების რეექსპორტიც ხორციელდება.
პირველი ხუთი პროდუქტი მთელი ექსპორტის 48%-ს შეადგენს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიცირების ხარისხი არის ძალიან დაბალი. განვითარებულ ქვეყნებში კი პირიქითაა, ბევრი პროდუქტი იწარმოება და ექპორტში თითოეულის წილიც დაბალია. შესაბამისად, მათი ეკონომიკა მეტად დივერსიფიცირებულია.
ქვეყანას ავითარებს წარმოება, განსაკუთრებით, ინოვაციური მრეწველობა. ამიტომ, მთავარი აქცენტი, სწორედ, ინოვაციური მრეწველობის განვითარებაზე უნდა გაკეთდეს. სხვათა შორის, ცალკეული ქვეყნები ზოგჯერ ხელოვნურად აუფასურებენ ვალუტას, რათა გაზარდონ ექსპორტი. მაგალითად ასეთი პოლიტიკა გაატარეს ჩინეთში, ბრაზილიაში, იაპონიაში, ისლანდიაში. ახლა, საქართველოში შექმნილ ვითარებაში, ჩვენ ამის საშუალება ბუნებრივად გვეძლევა.
ინოვაციური მრეწველობის განვითარებას სახელმწიფომ ხელი სხვადასხვა მეთოდებით უნდა შეუწყოს, იქნება ეს სუბსიდიები, საგადასახადო სტიმული, კანონმდებლობა, კოორდინაცია, ცალკეული მნიშვნელოვანი პროექტები თუ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.
განასხვავებენ ე.წ. ტრადიციულ და არატრადიციულ საექსპორტო პროდუქტებს. ახალი, „რთული“ საექსპორტო პროდუქტის წარმოება აჩქარებს ეკონომიკის განვითარებას. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ დავიწყოთ ისეთი პროდუქტების წარმოება, როგორიცაა, მაგალითად თვითმფრინავი, ავტომობილი, კომპიუტერი თუ სხვა ელექტროტექნიკა. ამ წარმოებას სჭირდება კვალიფიციური კადრები და ტექნოლოგიები, რომელსაც შემდეგ სხვა, ახალი პროდუქტის წარმოებაშიც გამოიყენებ. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ჰესების მშენებლობის შედეგად ქვეყანაში შემოსული ფული კი ნარკოტიკივითაა და ხანგრძლივი ეფექტისთვის არ გამოდგება, რადგან საშუალო ვადაში ეს ფული უკანვე გაედინება.
რა შეიძლება იყოს საქართველოსთვის არატრადიციული საექსპორტო პროდუქტი, რომლის წარმოებაც მოგებას მოიტანს?
- თეორიულიად - ყველა სამრეწველო პროდუქტი, რომელიც ახლა არ იწარმოება. ერთ-ერთი მაგალითია კერამიკული ნაწარმის დამზადება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა სამთავრობო პროგრამის წარდგენის დროსაც ისაუბრა. ჩვენ სხვა ქვეყნებიდან შემოგვაქვს კერამიკული ფილების 100%, როგორებიც არის, მაგალითად, იატაკისა და კედლების მოსაპირკეთებელი ფილები, სანიტარული ინვენტარი და სხვა. ამ დროს საქართველოში თიხა უამრავია, მაგრამ ვერ ვიყენებთ. კერამიკის წარმოება შეიძლება დავიწყოთ მოწინავე ტექნოლოგიებისა და სპეციალისტების გამოყენებით და გავიდეთ უცხოურ ბაზრებზეც, რადგან ამ პროდუქტზე მოთხოვნა დიდია.
კონკურენტული უპირატესობა რამდენად ექნება ჩვენს მიერ ნაწარმოებ კერამიკის პროდუქტს, კონკრეტული ქვეყნები ხომ წლებია მუშაობენ ამ მიმართულებით და ტექნოლოგიებსაც სულ უფრო ხვეწენ?
- რა თქმა უნდა, კონკურენცია დიდია, მაგრამ ამან თუ შეგვაშინა, ვერასდროს ვერაფერს ვაწარმოებთ. ყველა სფეროსა და დარგშია კონკურენცია, მაგრამ არის ასევე კონკურენტული უპირატესობა და ნიშა, რომელიც შენ შეიძლება დაიკავო. ამას სჭირდება ცოდნისა და რესურსების მეტი მობილიზება, ასევე სჭირდება ნება, რისკი და მცდელობა.
საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი ნება არ აქვს?
- ამ საკითხის გაცნობიერება და შესაბამისი ქმედებები ნელ-ნელა ხდება, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც საჭიროა. დიდი მნიშვნელობა აქვს მთავრობის თანამშრომლობას ამ მიმართულებით მომუშავე კერძო სექტორთან. სახელმწიფომ პირობები უნდა შექმნას, ვალუტის გაუფასურების პროცესი კი კარგად უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი ინდუსტრიული პოლიტიკის გატარებისთვის. დღევანდელი ვითარება შეიძლება იყოს შანსი, რომ განვითარდეს შიდა წარმოება და ახალი დარგები. ეროვნული ბანკი ყველაფერს ვერ გააკეთებს, მისი ფუნქცია უნდა იყოს დიდი რყევების თავიდან აცილება და ინფლაციის ზომიერად დაჭერა. თუ ჩვენ გვინდა, რომ პერსპექტივაში ეკონომიკა გახდეს სტაბილური, ამ პროცესში დიდი როლი მთავრობამ უნდა შეასრულოს. უნდა დაიწყოს მსჯელობა პროგრესული საშემოსავლო გადასახდის საკითხზეც.
რას ნიშნავს პროგრესული საშემოსავლო გადასახადი?
- ერთ-ერთი ეკონომიკური ინდექსით, „ჯინის კოეფიციენტით“ დგინდება, თუ რამდენად თანაბრად არის განაწილებული ქვეყანაში შემოსავლები. რეგიონში საქართველო ყველაზე უთანაბრო ქვეყანაა, ამ თვალსაზრისით. ეს ფაქტორი, თავის მხრივ, ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. მარტივად რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს სიტუაციას, როცა ძალიან მცირე ხალხის ხელშია დიდი სიმდიდრე და უმრავლესობას დაბალი შემოსავლები აქვს. აღარ არსებობს გადახდისუნარიანი მოთხოვნილება - მდიდარი განა რამდენ ტანსაცმელს ან საჭმელს იყიდის? ეკონომიკა რომ მუშაობდეს, გადახდის უნარის მქონე ბევრი უნდა იყოს. პროგრესული საშემოსავლო გადასახადი ევროპის ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და მის თანახმად მდიდარი უფრო მეტად იბეგრება. შემოსავლების მიხედვით უნდა იყოს დიფერენცირებული გადასახადი. ჩვენთანაც შეიძლება დაინერგოს ეს პრინციპი და ამ გზით შემოსული თანხები, თუნდაც, იმავე ინდუსტრიულ განვითარებას მოხმარდეს - ეკონომიკას სტიმული მიეცემა და შემოსავლებიც მეტად თანაბარი გახდება ქვეყანაში.
14-15 მაისს საქართველოში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი იგეგმება, როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ეს ღონისძიება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ?
- ასეთი ღონისძიებები, რა თქმა უნდა, საინტერესოა. წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორ ვითარდება მსოფლიო ეკონომიკური პროცესები, რა არის პრიორიტეტები და ა.შ. შესაძლოა, საქართველოში ასეთმა ღონისძიებამ ხელი შეუწყოს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. ინდუსტრიული წარმოებებით კი მსხვილი საფინანსო ორგანიზაციები, როგორც წესი, ნაკლებად ინტერესდებიან. ინდუსტრიულ პოლიტიკას სხვა ვერ გაატარებს, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.