სანამ დედაქალაქის მერია „სითი პარკის“ ჭკუაზე მოყვანას ცდილობს, საქმეში პარლამენტში ჩაერთო და თბილისელი მძღოლების გამამწარებელ კომპანიას ცოტათი ფრთები შეაკვეცა. ამიერიდან, „სითი პარკი“ ავტომობილების „გატაცებას“ უმეტეს შემთხვევაში ვეღარ მოახერხებს.
საპარლამენტო უმრავლესოსბის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, იუსტიციის სახლში გამართულ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის, ქალაქებში პარკირების წესების მოწესრიგება.
ცვლილების მიხედვით, აღარ იქნება „მანქანების ქუჩებიდან გატაცება“. როცა მანქანა დგას, არ აფერხებს მოძრაობას, არ ქმნის საავარიო სიტუაციას და არც საცობს, თბილისში „სითი პარკს“ მაინც მიჰყავს მანქანა საჯარიმო სადგომზე. ასევე, როდესაც დგომა-გაჩერების წესები დარღვეულია, „სითი პარკს“ მანქანა მიჰყავს საჯარიმო სადგომზე, ახდევინებს ჯარიმას და დამატებით კერძო ჯარიმასაც - ყოველ დღეზე 70-80 ლარს.
15 ივნისიდან კი ამოქმედდება ახალი წესები, რომლის მიხედვითაც კომპანიებს, რომლებიც პარკინგის სერვისს ემსახურებიან, აღარ ექნებათ უფლება, მანქანა საჯარიმო სადგომზე წაიყვანონ თუკი მანქანა არ ქმნის ავარიულ მდგომარეობას ან საცობს. შეიქმენება „ცხელი ხაზის“ და ელექტრონული შეტყობინების სერვისი, რომ მოქალაქემ მისი მანქანის გადაყვანის შემთხვევაში იცოდეს, სად დარეკოს. მოქალაქეები ზარის ან „ესემესის“ საშუალებით დაადგენენ თუ რომელ საჯარიმოზე იმყოფება მისი მანქანა“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ კი თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ მოთხოვნათა 4-პუნქტიანი პაკეტი გაუგზავნა: ევაკუაციის შეზღუდვა, ტროტუარებზე პარკირების შეზღუდვა, შემოსავლების გადანაწილების საკითხი და ბაზარზე კონკურენტების დაშვება.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს იმას, რომ კომპანია „სითი პარკს“ ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანა შეეზღუდება.
„ევაკუაცია უნდა შეიცვალოს ავტომანქანის ადგილზე დაჯარიმებით და ჯარიმის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ იმდენი, რაც განსაზღვრულია ავტომანქანის გადაყვანისთვის, რათა ადამიანებს არ გაუჩნდეთ მოტივაცია იმისა, რომ სადაც მოესურვებათ იქ დატოვონ მანქანები.
მეორე ცვლილება უკავშირდება შემოსავლების განაწილების მექანიზმის შეცვლას, რომლის მიხედვითაც შემოსავლების მეტ წილს იღებს „სითი პარკი“ და დედაქალაქის ბიუჯეტს ნაკლები რჩება.
რაც შეეეხება ტროტუარებზე პარკირების შეზღუდვას, ცალკეულ მონაკვეთებზე, სადაც დღეს არ არის შესაბამისი ნიშანი დადგმული და ავტომანქანა არის გაჩერებული, მაგრამ მოძრაობას არ უშლის ხელს, ასეთ შემთხვევაში „სითი პარკს“ არ უნდა ჰქონდეს საჯარიმოზე გადაყვანის უფლება.
ტროტუარზე პარკირების ორი ათასამდე ადგილია დღესდღეობით, „სითი პარკისთვის“ 250 ადგილი გავაუქმეთ და გაუქმებების გაგრძელებას ვაპირებთ. „სითი პარკს“ ტროტუარზე პარკირების ექსკლუზიური უფლება არ უნდა ჰქონდეს“, - განაცხადა ნარმანიამ.
დედაქალაქის მერიამ „სითი პარკს“ აღნიშნული ოთხი პუნქტი უკვე გაუგზავნა და კომპანიას მოსაფიქრებლად დრო მისცა.
„თავისუფალი საქართველოს“, „რეფორმატორებისა“ და „ქრისტიან-დემოკრატების“ კოალიცია „სითი პარკის“ წინააღმდეგ სხვაგვარად ილაშქრებს. მათი თქმით, მოქმედებს ცხელი ხაზი (593 50-54-55; 593 41-75-86), სადაც იმ მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკვა, ვისაც კომპანია „სითი პარკი“ პრობლემებს შეუქმნის.
„შეუძლია ამ ნომერზე დარეკოს თითოეულმა მოქალაქემ, ვისაც „სითი პარკის“ თანამშრომლებთან პრობლემები შეექმნება. ჩვენი მობილური ჯგუფები მყისვე გაჩნდებიან მოქალაქეთა დასახმარებლად“, - აღნიშნა კოალიციის წარმომადგენელმა ალექსანდრე შალამბერიძემ.
გაუძლებს თუ არა „სითი პარკის“ სხვადასხვა მხრიდან მასირებულ შეტევას, მალე გამოჩნდება.