რა გახდა ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი, რამაც სასტუმრო „არმაზში“ სამი ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია?! დანაშაულებრივ შეცდომებზე საუბრობენ როგორც ფაქტის თვითმხილველები, ისე ექსპერტები. მინიშნებები მრავალგვარია - უსაფრთხოების ზომების დაუცველობა, ქართულ სასტუმროებში სახანძრო უსაფრთხოების გაუკონტროლებლობა, უხარისხო სამშენებლო მასალები, რომლებიც არა მარტო სწრაფად აალებადი ნივთიერებისგან შედგება, არამედ ტოქსიკური ნივთიერების ჰაერში გატყორცნას იწვევს. ამდენად, გამორიცხული არ არის, ბავშვები ამ მომაკვდინებელი ტოქსიკური ნივთიერებებისგან ისე გაითიშნენ, რომ მათ ცეცხლისგან თავის დაღწევა ვერ მოახერხეს.
„მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, ეს არის დიდი გაფრთხილება მომავალი უდიდესი ტრაგედიების შესახებ, რადგან რაც დღეს ხდება სამშენებლო ბიზნესში, ამას გაგრძელება არ შეიძლება მოჰყვეს. ეს კატასტროფაა, სამშენებლო დარგი ბედის ანაბრადაა მიტოვებული და არქიტექტორთა ვიწრო ჯგუფის ინტერესებზეა მორგებული.
„უკვე 11 წელიწადია, რაც მშენებლობის სამინისტრო გააუქმეს. ამის შემდეგ იწყება უბედურებები საქართველოში და ამ უბედურებას ბოლო არ ექნება. არცერთ საბჭოთა ქვეყანას არ გაუუქმებია მშენებლობის სამინისტრო. მხოლოდ ერთი წლით გააუქმა უკრაინამ, მაგრამ ერთ წელიწადში ისე დაინგრა მთელი სამშენებლო დარგი და იმდენი უბედურება მოხდა, რომ იძულებულნი გახდნენ, კვლავაც აღედგინათ მშენებლობის სამინისტრო. ჩვენთან არ არსებობს სამსახურები, რომელთაც სამშენებლო და სახანძრო უსაფრთხოება ევალებათ. საბჭოთა კავშირის დროს ვინ გამოაყენებინებდა ადვილად აალებად მასალებს მოპირკეთებაში?! დავრეკე ბათუმში და გავარკვიე, რომ სასტუმროს მთელი მესამე სართული ხის მასალით ყოფილა გაკეთებული და ზედ კიდევ ადვილად აალებადი მასალები გამოუყენებიათ - პლასტმასის, პლასტიკატების, ათასგვარ ორგანულ მასალებზე დამზადებული ხელოვნური, ფალსიფიცირებული, იაფფასიანი მასალები. როგორც ჩანს, სახანძრო ნორმებიც არ იყო დაცული, რადგან ამბობდნენ, ვიწრო გასასვლელები არ იყოო.
შენობას ვერ ნახავდით საბჭოთა კავშირის დროს, რომელსაც სათადარიგო სახანძრო კიბეები არ ექნებოდა. თუ მთავარ კიბეზე ვერ გადიხარ, ხომ უნდა იყოს სათადარიგო გასასვლელი?! ამასთან, ოთახი დახშული იყო, ფანჯარაც არ იყო გაღებული. ცეცხლი როგორც კი გაჩნდა, ტოქსიკურ მომწამვლავ ორგანულ ნაერთებზე დამზადებული მასალების შედეგად პირდაპირ გავრცელდებოდა ტოქსინები, მათი შესუნთქვა გათიშავდა ბავშვებს და მარტო იმით მოიწამლებოდნენ. გარდა ამისა, ხშირად იყენებენ მეტალოპლასტმასს, ასე ზერელედ არ შეიძლება რამის გამოყენება, ყველაფერი უნდა იყოს შემოწმებული და სტანდარტით გათვალისწინებული. თუ სტანდარტს არ ექვემდებარება, არ უნდა გამოვიდეს ქსელში გასაყიდად“, - აცხადებს ანზორ საკანდელიძე, რომლის თქმითაც, მომხდარის გამო მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა საქართველოში ვერ ნახავთ ისეთ ორგანიზაციას, რომელიც პასუხს აგებს ამ უბედურებაზე.
ექსპერტი ტურიზმის საკითხებში შალვა ალავერდაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სასტუმროებისთვის სახანძრო რეგულაციების შემოღებას ჯერ კიდევ აგვისტოში ითხოვდა. თუმცა, მისი თხოვნა ეკონომიკის სამინისტროში არ შეისმინეს, რადგან თურმე, სახანძრო რეგულაციების შემოღება სასტუმრობიზნესისთვის დაბრკოლება და ინვესტორებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. შესაბამისად, გამარტივებული შეთავაზებებით იზიდავდნენ ინვესტორებს, აქაოდა, ქვეყანაში არანაირი რეგულაციები არ გვაქვს, მოდით, ააშენეთ, რაც გინდათო.
„სახანძრო რეგულაციების სისტემა რომ ყოფილიყო, დიდი შანსი იყო, ბავშვების დაღუპვა აგვეცილებინა. მარტივი სახანძრო დეტექტორი სულ რაღაც 30 ლარი ღირს და სასტუმროს ყველა ოთახში უნდა დამონტაჟდეს. ახლა, სასტუმროს მეპატრონე რასაც უნდა, იმას გააკეთებს, მაგრამ მთავარია, ჰქონდეს საგანგაშო სისტემა და როცა ოდნავი კვამლი წარმოიქმნება ოთახში, პირდაპირი განგაში უნდა ჩაირთოს, რათა ავტომატურად ყველამ გაიგოს, რომ რაღაც უბედურება ხდება. ჩვენი სასტუმროების უსაფრთხოება სამომავლოდაც საფრთხის შემცველია, რადგან არანაირი რეგულაცია არ არსებობს. ცივილიზებულ სამყაროში ეს რეგულაციები აუცილებელი ნორმაა, ამ მხრივ ჩამორჩენილ ქვეყნებს შორის ვართ. არც საევაკუაციო გასასვლელის ქონა დაამძიმებდა რომელიმე სასტუმროს მეპატრონეს და არც მარტივი სახანძრო სიგნალიზაციის არსებობა“, - აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა და განმარტა, რომ სასტუმროს მეპატრონეებს 6 თვიდან ერთ წლამდე ვადა უნდა მივცეთ, რათა სასტუმრო შესაბამის ნორმაში მოიყვანონ, ხოლო თუ რა ნორმებია აუცილებელი, ეს უნდა უკანახოს სახელმწიფომ. თუმცა აქ პრობლემა ის არის, რომ საქართველოში არავინ იცის ეს ნორმები.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ბერძენიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თავის დროზე იგი სხვადასხვა რეგულაციის შემოღებას ითხოვდა ტურიზმთან დაკავშირებულ საწარმოებში (ეს იქნებოდა სასტუმრო, რესტორანი თუ ტურისტული სააგენტო).
„არა მარტო სახანძრო რეგულაციების შემოღებას ვითხოვდი, არამედ, ზოგადად, სურსათის უვნებლობას, ტურისტის დაზღვევას და ა.შ. ამაზე ფიქრი აუცილებლად უნდა დავიწყოთ, რადგან ტურისტული ნაკადების საქართველოში ზრდა მოსალოდნელია. აუცილებელია მაღალი სერვისი, რაც ნიშნავს კმაყოფილ და უკან დაბრუნებულ ტურისტს. სამწუხაროა, რომ ბავშვების დაღუპვის შემდეგ გვიწევს უსაფრთხოებაზე საუბარი. უკვე ყველასთვის აშკარაა არსებული საფრთხეები. არ შეიძლება, ტურისტული ბიზნესი მხოლოდ და მხოლოდ შპს-ს გახსნით დასრულდეს. უნდა მოხდეს ტურისტულ ბიზნესში ჩართული საწარმოების ლიცენზირება“.