საქართველოს მოსახლეობის 41 პროცენტისთვის ევრაზიის კავშირში გაწევრიანება მიუღებელია

საქართველოს მოსახლეობის 41 პროცენტისთვის ევრაზიის კავშირში გაწევრიანება მიუღებელია

„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ (NDI) სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4360 რესპოდენტი გამოიკითხა. NDI პოლიტიკური რეიტინგების პრეზენტაციას 13 მაისს გამართავს. კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 80% ეთანხმება აზრს, რომ მოქალაქეებს აზრის გამოხატვა თავისუფლად შეუძლიათ, გამოკითხულთა 16% არ იზიარებს, რომ ქვეყანაში აზრის თავისუფლად გამოხატვა შესაძლებელია.

NDI-ის კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობისთვის საქართველოს ევრაზიის კავშირში გაწევრიანება მიუღებელია. შეკითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს გაწევრიანება ევრაზიის კავშირში - დადებითი პასუხი 31%-მა გასცა. 41% აღნიშნავს, რომ ეს მიუღებელია, დანარჩენებმა კი პასუხზე უარი თქვეს ან აირჩიეს კატეგორია „არ ვიცი“. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს, ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი - გამოკითხულთა უმეტესობა - 65% დადებითად აფასებს, 20%-თვის კი ეს მიუღებელია.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა მისაღებია 68%-თვის, 16%-თვის მიუღებელი. რესპონდენტთა 25% „სრულად ეთანხმება“ მოსაზრებას, რომ საქართველო „მეტ სარგებელს“ მიიღებს ევროატლანტიკური ინტეგრაციით, 24% ეთანხმება.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე - მას სრულად ეთანხმება 11% და ეთანხმება 15%. არც ერთ აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება 6%, არ იცის 17%-მა, 1%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

ექსპერტთა შეფასებით, ის ფაქტი, რომ ევრაზიული კავშირი, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური სივრცე 31%-თვის მიმზიდველია, დიდი ალბათობით, 2 კომპონენტის დამსახურებაა - პირველი - რუსული კაპიტალის მუდმივად მზარდი ფინანსური შემოდინება, მეორე- ე.წ. რბილი ძალა, რომელიც ისევე მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნისთვის, როგორც სამხედრო ძალა.

ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი დარწმუნებულია, რომ თავად ამ 31%-ს გონივრულად არ აქვს წარმოდგენილი რა არის ევრაზიული კავშირი და რისი ნოსტალგია გააჩნია მათ.

„ასეთ თანამემაულეს ვეძახით პრორუსულებს, სინამდვილეში კი ადგილი გვაქვს ინფორმაცაიის სიმცირესთან, თუ რა განსხვავებაა საბჭოთა კავშირსა და დღევანდელ რუსეთს შორის. დიახ, ენატრება ჩვენი მოსახლეობის რაღაც ნაწილს საბჭოთა კავშირი, ანუ ის დრო, როდესაც უმუშევრობისთვის ადამიანებს აკავებდნენ და აიძულებდნენ დაეწყოთ სამსახური. დღეს დიამეტრულად სხვა ვითარებაა, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეძებს და ვერ პოულობს სამუშაო ადგილს“, - აცხადებს ცისკარიშვილი.

მისივე თქმით, აღნიშნული კვლევა დიდი შფოთვის საფუძველს არ იძლევა, მაგრამ ეს უნდა აღვიქვათ, როგორც გაფრთხილება. როგორც ცისკარიშვილი აცხადებს, საკმარისი არ არის ხელისუფლების მაღალი პირების მიერ მხოლოდ ნატოს და ევროკავშირის ხშირი მოხსენიება.

„აუცილებელია, საზოგადოების ამ ნაწილმა დროულად მიიღოს ინფორმაცია, რეალურად რა პროცესები მიმდინარებს დღევანდელ რუსეთში, რა ტიპის დამოუკიდებლობის მატარებლები არიან ის ქვეყნები, რომლებმაც ვერ გაუძლეს ზეწოლას და უკვე გაერთიანდნენ ამ კავშირში. ამიტომ, კვლევის კრიტიკას ჯობია, თავად მოვახერხოთ სიტუაციის გამოსწორება და ეს კვლევა გამოვიყენოთ, როგორც გამაფრთხილებელი გზავნილი და შევეცადოთ, რომ მომდევნი გამოკითხვისთვის შევცვალოთ საზოგადოების განწყობები უფრო დამაჯარებელი ცივილიზებული პერსპექტივის მიმართულებით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

დამოუკიდებელი ექსპეტრის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, შარშან ამ დროს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 20% უჭერდა მხარს და წელს ეს მაჩვენებელი 10%-ით არის გაზრდილი. მისივე თქმით, ასეთი ზრდა რამდენიმე გარემოებით არის გამოწვეული და ერთ-ერთი ამის ხელშემწყობი გარემოება არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლების თანხმობით, რუსეთს მიეცა საშუალება აქტიურად ეწარმოებინა საინფორმაციო საგანმანათლებო და პროპაგანდისტული საქმიანობა.

„როგორც მოგეხსნებათ ქართულ საკაბელო არხებზე სრულად აღსდა რუსეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური არხების მაუწყებლობის წინანდელი მასშტაბი. აქედან გამომდინარე, ჩვენს საზოგადოებაზე გაიზარდა ინფორმაციული ზემოქმედების ხარისხი. თუნდაც ენობრივი ბარიერების გამო, ჩვენს საზოგადოებას არ აქვს იმის საშუალება, რომ ალტერნატიული ინფორმაცია მიიღოს სხვა ევროპული არხებიდან, მაშინ, როდესაც რუსულმა საინფორმაციო არხებმა ძალიან კარგად იციან ჩვენი აუდიტორიის ფსიქოლოგია და ძალიან მიზნობრვი წერტილოვან მესიჯებს უგზავნიან მას.

საქართველოში ძალიან აქტიურად მუშაობენ სხვადსხვა პრორუსული ორგანიზაციები, რომლებიც ჩადიან რეგიონებში და ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს, რამაც შესაძლოა, ზეგავლენა იქონია მოსახლეობის პოზიციაზე. მთავრობამ, სამოქალაქო სექტორმა და მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმაც უფრო მეტი უნდა იმუშაონ იმისათვის, რომ მაქსიმალურად წინ აღუდგნენ და საზოგადოების აზრი შეაბრუნონ ევრაზიული კავშირის საწინააღმდეგოდ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, რიგ საკითხებთან მიმართებაში, 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში მდგომარეობა არ შეცვლილა ან გაუარესდა. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით როგორც შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში - სამუშაო ადგილებთან მიმართებაში, გამოკითხულთა 4% აცხადებს, რომ გაუმჯობესდა; 47%-ის აზრით არ შეცვლილა, 45%-ის შეფასებით კი გაუარესდა. რაც შეეხება ფასების ზრდას, გამოკითხულთა 1%-ის აზრით მდგომარეობა გაუმჯობესებულია, 8%-ის შეფასებით არ შეცვლილა, 90% კი მიიჩნევს, რომ ვითარება გაუარესდა. 

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45%-ის აზრით, ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, 50% ამბობს, რომ არსებული ხელისუფლება არ ახორციელებს მნიშვნელოვან ცვლილებებს. რაც შეეხება შეკითხვას, საპარლამენტო ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში იყოს, განახორციელებდა თუ არა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს - 51%-ის აზრით, ეს ასე არ იქნებოდა, 22% კი აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება. 

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, 94% კმაყოფილია 112-ის მუშაობით, 9% კი უკმაყოფილოა. ასევე მაღალი მაჩვენებელი აქვს იუსტიციის სახლს და გამოკითხულთა 96% მისი მუშაობით კმაყოფილია. გამოკითხულთა 58% კმაყოფილია მერიისა და გამგეობების მუშაობას, 37% კი პირიქით, უკმაყოფილოა. პოლიციის მუშაობით კმაყოფილია გამოკითხულთა 70%, უკმაყოფილოა 29%, ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში მოქმედი სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლეთა 90% გაწეული დახმარებით კმაყოფილია, გამოკითხულთა 8% უკმაყოფილოა.