პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსულ ირაკლი ღარიბაშვილს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის მუზეუმის შესახებ კითხვა დაუსვა. მისი თქმით, ამ რამდენიმე წლის წინ მცხეთის მუზეუმი გაიყიდა და იქაური 25 ათასი ექსპონატი (რომელთა დიდი ნაწილიც ჩვ.წ. აღ-მდეა) სარდაფში დაასაწყობეს, აბსოლუტურად შეუსაბამო გარემოში. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ვერა და ვერ მოხერხდა, ეს სამუშაოები როგორმე დაწყებულიყო.
„მე ვფიქრობ, გარკვეული ხელოვნური ბარიერები იქმნება და მინდა, თქვენ პირადად კონტროლზე აიყვანოთ ეს საკითხი“, - მიმართა დეპუტატმა ირაკლი ღარიბაშვილს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის მუზეუმის თემით ინტერესდება. ჯერ კიდევ 2013 წელს იგი, როგორც მცხეთის მაჟორიტარი, მცხეთის სპორტსკოლაში შეკრებილ მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ მცხეთაში ახალი მუზეუმი აშენდებოდა. თუმცა რიგ მიზეზთა გამო ეს დაპირებად დარჩა.
კონკრეტულად, მცხეთის ახალი მუზეუმი ამჟამინდელი „კარიბჭის“ (მცხეთის ყოფილი კინოთეატრის) შენობაში უნდა განთავსებულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც შენობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა, ტენდერის გამოცხადება დროულად ვერ მოესწრო.
რაც შეეხება მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმის ყოფილ შენობას, იგი ამჟამად Georgian Water And Power-ის მფლობელობაშია. ნაციონალების დროს პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, აღნიშნული შენობა „თბილისის წყალს“ 700 ათას ლარად მიჰყიდეს, მუზეუმი კი შენობის გარეშე დატოვეს. კომპანია „თბილისის წყლის“ წარმომადგენლები იმთავითვე აცხადებდნენ, რომ მუზეუმის ყოფილი შენობა იმდენად დაზიანებული იყო, რომ მუზეუმისთვის უკეთესი გამოსავალი ახალი შენობის აშენება გახდა.
თავდაპირველად, მუზეუმი მცხეთის იუსტიციის სახლში უნდა განთავსებულიყო, თუმცა იუნესკოს წარმომადგენლების განცხადებით, თანამედროვე ტიპის შენობების მშენებლობით მცხეთის ისტორიული იერსახე დაიკარგებოდა. შესაბამისად, პროექტი ქართულმა მხარემ შეაჩერა და იუსტიციის სახლის მშენებლობაც აღარ გაგრძელდა.
არსებული გარემოებების გათვალისწინებით, ეკონომიკის სამინისტრომ მცხეთის ახალი მუზეუმის შექმნისთვის ეროვნულ სააგენტოს დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედო კინოთეატრი „კარიბჭე“ გადასცა, რომლის მთავარ ღირებულებას დღეს მის საზღვრებში მოქცეული მე-5-6 საუკუნის მცხეთის უძველესი კარიბჭის ნაშთები განსაზღვრავს. კინოთეატრ „კარიბჭის“ შენობა წლების განმავლობაში მიტოვებული და გაპარტახებული იყო, ამიერიდან კი ის სამუზეუმო სივრცედ გარდაიქმნება.
აღსანიშნავია, რომ მცხეთის მუზეუმი დაახლოებით 25 000-ზე მეტ ექსპონატს ითვლის, მათ შორისაა, მე-5-6 საუკუნის კარიბჭის ნაშთები და მიწათმოქმედთა იარაღები (ძვ.წ. მეოთხე ათასწლეული), პრეისტორიული ხანის საბავშვო სათამაშოები (ძვ.წ. მეორე ათასწლეული), ბერძნული ეპიგრაფიკის ნიმუშები და ანტიკური ხანის ოქრომჭედლობის არტეფაქტები.
მცხეთის ახალ მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის (კომპანია „არქიტექსი“, არქიტექტორი შალვა მელიქიძე) მიხედვით ააშენებენ.
ჩვენ დავუკავშირდით დიმიტრი ხუნდაძეს, რათა გაგვერკვია, ვინ აბრკოლებდა 25 ათასი ექსპონატის სარდაფიდან შესაბამის გარემოში გადატანის საკითხს, თუმცა დეპუტატს ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, მცხეთის ქალაქ-მუზეუმის ყოფილი დირექტორი თემურ ბიბილური For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ დიმიტრი ხუნდაძე ნახევარ სიმართლეს ლაპარაკობს, თუმცა, თუ ასე გული შესტკიოდათ „მაგათ ყველას“ მცხეთისთვის, შეეძლოთ, მცხეთის მუზეუმის ძველი შენობა უკან გამოესყიდათ.
„შენობა გაიყიდა წინა ხელისუფლების დროს 2011 თუ 2012 წელს. მე მგონი, ვინც იყიდა, ვგულისხმობ რუსულ კომპანიას, ის მაინცდამაინც წინააღმდეგი არ იქნებოდა, რომ ეს შენობა დააბრუნოს და მუზეუმმა განაგრძოს ნორმალური ცხოვრება. მცხეთიდან ზუსტად ამის გამო წამოვედი, 2009 წელს ვიწინასწარმეტყველე, რა ბედი ეწეოდა მცხეთის მუზეუმს, მივმართე კულტურის მაშინდელ მინისტრს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მაშინდელ ხელმძღვანელს. რატომ გაიყიდა ის შენობა, როცა იმ შენობის რეაბილიტაციის პროექტი მზად იყო? ჯერ კიდევ 2007 წელს არქიტეტორმა შალვა მელიქიძემ გააკეთა, მშვენიერი პროექტი იყო. ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო კინოთეატრ „კარიბჭის“ მუზეუმისთვის გადაცემის საკითხი და ორივე ამ შენობაში უნდა მომხდარიყო მუზეუმის განთავსება. ახლა „კარიბჭეს“ გადმოსცემენ მუზეუმს, მსოფლიო ბანკი აფინანსებს აქ მუზეუმის განთავსებას, მაგრამ ეს იქნება სანახევროდ გაკეთებული საქმე, რადგან კარიბჭის შენობა, თავისი არქიტექტურული პარამეტრებით, ვერ დაიტევს მუზეუმს. დიმიტრი ხუნდაძემ, პროფესიით ექიმმა, რა იცის ექსპონატების მდგომარეობა მძიმეა თუ კარგი? დეპუტატი რომ არის, ხომ არ ნიშნავს, რომ არქეოლოგიის ექსპერტია, მაშინ წყარო დაასახელოს, ვინც მიაწოდა ინფორმაცია ექსპონატების შესახებ. ზოგადად, შენობის სასარდაფო ნაწილში არ შეიძლება სამუზეუმო ექსპონატების შენახვა, ეს კანონითაა გაწერილი. ყურადღებით წაიკითხონ მუზეუმის შესახებ კანონი. ახლა უნდათ სხვაგან გადაიტანონ ეს ექსპონატები? მთელი მუზეუმი, თავის თანამშრომლებიანად, ძეგლებიანად, ინვენტარიანად როცა შეხიზნეს მცხეთის ბუნების სახლში, რატომ არ დაინტერესდნენ, რა მდგომარეობაში იქნებოდა ექსპონატები? ექსპონატების ძირითადი ნაწილი ხომ ჩატანილია სარდაფში, ყუთებში. მე არ მინახავს, მაგრამ საინტერესოა, რა მდგომარეობაშია ვერცხლისა და ბრინჯაოს ნივთები, რომლებიც უფრო მეტად ექვემდებარებიან ზემოქმედებას. ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, არასწორ გარემოში ინახება“, - აცხადებს თემურ ბიბილური.
ამასთან, არქეოლოგი მიიჩნევს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში უნდა შეიქმნას კომისია, ან კიდევ დაკომპლექტდეს საზოგადოებრივი კომისია, მათი წევრები უნდა შევიდნენ მუზეუმში, გახსნან ყუთები და სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ, რა მდგომარეობაშია ექსპონატები, რადგან მათი მდგომარეობა მძიმე იყო და დღესაც მძიმეა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ For.ge-სთან საუბარში დაადასტურა, რომ, მართალია, ექსპონატები ამჟამად არ ზიანდება, მაგრამ ნახევრად სარდაფულ სივრცეში დიდხანს მათი დატოვება სახარბიელო არ იქნება და ნივთებზე ნეგატიურად აისახება.
მისი თქმით, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ყველა მონაპოვარი მნიშვნელოვანია - ანტიკური, გვიან ბრინჯაოს პერიოდის, მათ შორის, თიხის ჭურჭლები, ბრინჯაოს თუ ოქროს ფონდის ექსპონატები. თუმცა, კარგია, რომ ოქროს ფონდი სარდაფში არ ინახება და შედარებით უკეთეს სივრცეშია დაცული.
„სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. ჩვენ გადმოგვეცა შენობა მცხეთის ცენტრში, „კარიბჭე“ (ყოფილი კინოთეატრის შენობა), შარშან ჩვენ მოგვამზადეთ სარეაბილიტაციო პროექტი და ახლა იწყება მესამე პროექტი, რომელიც გულისხმობს, რომ მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში პრიორიტეტად არის ჩართული მცხეთის მუზეუმის მშენებლობა. ჩემი ინფორმაციით, მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება, ძალიან ცუდ შემთხვევაში კი, - მომავალი წლის გაზაფხულზე. ასე რომ, პროექტი მზად არის, კონცეფტუალურად გადაწყვეტილია, ფინანსური ნაწილი მოძიებულია. ბატონ დიმიტრი ხუნდაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს და კარგია, რომ მან უფრო მაღალ დონეზე აიყვანა ეს საკითხი. მოკლედ, საინტერესო პროექტია, რადგან ჩვენ გავაკეთეთ ძველ კინოთეატრ „კარიბჭესთან“ ამ შენობის მიშენება-ადაპტაციის პროექტი,“ - აცხადებს ნიკა ანთიძე და განმარტავს, რომ ძველი შენობის გამოსყიდვა არ ღირს, რადგან ის იყო საბჭოთა პერიოდში აშენებული რაიკომის შენობა, რომელსაც საძირკველი არ ჰქონდა, მძიმე მდგომარეობაში იყო. ასე რომ, დიდი თანხა და ძალისხმევა დასჭირდებოდა თანამედროვე მუზეუმისთვის მის მიმსგავსებას. ამის საპირისპიროდ კი, ახალი შენობა საინტერესო გამოვა და კარგი ატრაქციის უნარი ექნება, რადგან მუზეუმი და გასართობი ცენტრი ერთმანეთს შეერწყმება.