რა უნდა ვიცოდეთ  ციფრული მაუწყებლობის შესახებ?

რა უნდა ვიცოდეთ ციფრული მაუწყებლობის შესახებ?

2015 წლიდან, თანამედროვე მსოფლოს მსგავსად, საქართველო ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადადის. რეფორმას ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული უწყება „ციფრული მაუწყებლობის სააგენტო“ ახორციელებს.    

მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით,  მიმდინარეობს  საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებში:

ამუშავდა ცხელი ხაზი (ტელ 1480) და ოპერატორები  24 საათიან რეჟიმში პასუხობენ შემოსულ შეკითხვებს; 

ფუნქციონირებს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს ვებ და სოციალური გვერდები, სადაც ასევე ყოველდღიურ რეჟიმში ხდება კითხვებზე პასუხების გაცემა;

დაიბეჭდა 4 მლნ საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც მოსახლეობას ხელმეორედ მაისში მიეწოდება;

ეთნიკური უმცირესობების ინტერესების გათვალისწინებით მომზადდა საცნობარო მასალა, რომელიც მოსახლეობას გადაეცა საქართველოს სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების სამხარეო ადმინისტრაციების  და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს წევრთა დახმარებით;

მომზადდა სტატიების სერია, რომელთა განთავსება ეტაპობრივად მიმდინარეობს ადგილობრივ თუ ეროვნულ გაზეთებში;

2015 წლის იანვრიდან ტელევიზიებში ( საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხები, აჭარის ტელევიზია, „იმედი“, რუსთავი 2“, „მაესტრო“, „ერთსულოვნება“,   „ტაბულა“,  პალიტრა TV“,  “TV- 3”, “GDS“) გადის სააგენტოს მიერ მომზადებული ვიდეომასალები (საინფორმაციო კლიპები);

ვიდეო მასალები განთავსებულია 24 ადგილობრივ ტელევიზიაში;

ციფრული მაუწყებლობის სააგენტო აქტიურად მონაწილეობს მაუწყებლების მიერ მომზადებულ სატელევიზიო და რადიო გადაცემებში;

საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით სააგენტო პერიოდულად აწყობს შეხვედრებს და მონაწილეობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ თემატურ ღონისძიებებში.

დღეს მოსახლეობა მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია რეფორმის შესახებ. სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია  კიდევ ერთხელ და ამჯერად, პრესის საშუალებით საზოგადოებას  მიაწოდოს ინფორმაცია მათი მხრიდან ცხელ ხაზსა და სააგენტოს  სოციალურ გვერდზე  შემოსული ხშირად დასმული კითხვების მიხედვით. 

ხშირად დასმული კითხვები:

რატომ   გადავდივართ   ციფრულ    მაუწყებლობაზე?

სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ მსოფლიოს აჩვენა, რომ არსებობდა სიხშირული რესურსის გამოყენების უფრო ეფექტიანი შესაძლებლობები, სწორედ ამიტომ, დღეს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა ანალოგურის ნაცვლად ციფრული მაუწყებლობით სარგებლობს. ჟენევის 2006 წლის ხელშეკრულების (GE-06) ფარგლებში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) წევრი ქვეყნების, მათ შორის - საქართველოს, საერთაშორისო ვალდებულებას წარმოადგენს. მოცემული ხელშეკრულების ხელმოწერით, საქართველოს მთავრობამ განსაზღვრა ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება.

რა სარგებელი აქვს ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლას?

ციფრული ტელევიზია იძლევა უფრო მეტი პროგრამის გადაცემის საშუალებას: დაახლოებით თხუთმეტი სტანდარტული გარჩევადობის პროგრამა სიხშირეთა იმ არხში, რომელიც ამჟამად გამოიყენება მხოლოდ ერთი ანალოგური პროგრამისთვის. მომხმარებელთათვის მიწისზედა ტელემაუწყებლობის გაციფრულება უზრუნველყოფს ხმისა და გამოსახულების გაუმჯობესებულ ხარისხს, უფრო მეტი  სატელევიზიო პროგრამების ხელმისაწვდომობას, მომსახურებას, პორტაბელური პროგრამების მიღების საშუალებას. მაუწყებლებისათვის ციფრულ პლატფორმაზე გადასვლა უზრუნველყოფს უფრო მეტ შესაძლებლობას პროგრამის შექმნისათვის სხვადასხვა აუდიტორიის საჭიროებათა დაკმაყოფილების მიზნით. აგრეთვე, გრძელვადიან პერსპექტივაში, იგი ამცირებს სამაუწყებლო ხარჯებს და უზრუნველყოფს მოქნილობას ეროვნულ თუ ადგილობრივ მაუწყებლობის დონეებზე. სახელმწიფოსათვის სარგებელი ჩნდება ციფრულ პლატფორმაზე გამოყენებულ რადიო სიხშირეთა რიცხვის შემცირებისა და მათი გამოყენების ეფექტიანობის გაზრდის გამო. მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებისა და ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით საშუალოვადიან პერსპექტივაში, სამაუწყებლო სიხშირეთა ნაწილი გამოყენებული იქნება ( 800 მჰც დიაპაზონი 2014 წლიდან, ხოლო 700 მჰც დიაპაზონი 2015 წლის შემდგომ) უსადენო ფართოზოლოვანი ტექნოლოგიების დასანერგად, რაც ხელს შეუწყობს მთელი საქართველოს მასშტაბით ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბებას და შემდგომ განვითარებას.

როგორია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვადები და ეტაპები?

საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) 1–ლი რეგიონისათვის (სადაც საქართველოსთან ერთად შედის ევროპა, აფრიკა და აზიის დიდი ნაწილი) - 2015 წლის 17 ივნისი განისაზღვრა ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე მიგრაციის ვადად; მოცემული გულისხმობს, რომ აღნიშნული თარიღის შემდეგ ქვეყნების ფარგლებში მოქმედი ანალოგური სატელევიზიო სიგნალები, საერთაშორისო სამართლის ნორმებით, აღარ იქნება დაცული მეზობელი ქვეყნების მხრიდან წარმოქმნილი ხელშეშლებისგან. 17 მარტიდან 17 ივნისამდე, პარალელური მაუწყებლობის რეჟიმში, სატელევიზიო გადაცემები ანალოგური და ციფრული სიგნალების მეშვეობით გავრცელდება. აღნიშნულ პერიოდში თქვენ უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ სეთ-თოფ ბოქსებით.

ვის ეხება აღნიშნული პროცესი?

რეფორმა თანაბრად ეხება ყველა ოჯახს, გამონაკლისს მხოლოდ საკაბელო, თანამგზავრული და ინტერნეტტელევიზიების მომხმარებლები წარმოადგენენ.

რომელი პროგრამების ყურებას შევძლებთ ციფრული მიწისზედა ტელემაუწყებლობის ფორმატში?

დღეს უკვე შეგიძლიათ იხილოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის I და II არხები, ,,აჭარა ტელევიზია’’, ,,რუსთავი 2’’, ,,იმედი’’, , ,,კომედი არხი’’, ,,ტაბულა’’  და ,,GDS’’ .

მოგვიწევს თუ არა ტელევიზორის გამოცვლა?

ყველა ტელევიზორი გამოსადეგია, რომელსაც  უერთდება აუდიო-ვიდეო (ე.წ. RCA, ტულპანი, ფერადი კაბელი) ან SCART  კაბელი.

რა არის ის პარამეტრები, რომლებზეც უნდა გადააწყონ მაყურებლებმა თავიანთი თანამედროვე DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ტელევიზორები?

ყველა თანამედროვე DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ტელევიზორის მფლობელმა ციფრული საეთერო სამაუწყებლო სიგნალის მისაღებად ტელევიზორის მენიუში შეარჩიოს ავტომატური ძებნის (Auto Search) რეჟიმი. ტელევიზორი იპოვის ეთერში არსებულ ყველა ციფრულ არხს და მოათავსებს მათ არხების სიაში. იგივე შედეგს მივიღებთ, თუ გავააქტიურებთ ხელით ძებნის რეჟიმს (Manual Search), რასაც წინ უნდა უსწრებდეს შემდეგი პარამეტრების შერჩევა: მენიუს შესაბამის პუნქტში უნდა შევარჩიოთ DTV რეჟიმი, გატარების ზოლი 8 მჰც. (OIRT System D), არხის ნომერი ან სიხშირე, მაგალითად, თბილისისთვის 23 არხი, 490 მჰც. ამის შემდეგ საჭიროა ხელით ძებნის რეჟიმის გააქტიურება, რის  შედეგადაც ტელევიზორი იპოვის ამ ერთი კონკრეტული არხის შესაბამისი მულტიპლექსის ყველა პროგრამას და მოათავსებს მათ არხების სიაში. შემდგომში, საჭიროა ამ მანიპულაციის გამეორება ყველა დანარჩენი მულტიპლექს პლატფორმებისთვის.

გამომადგება თუ არა DVB-T სტანდარტის  მქონე ტელევიზორი?

დიახ, გამოგადგებათ. DVB-T სტანდარტის მქონე ტელევიზორს ციფრული ღია საეთერო სიგნალის  მისაღებად დასჭირდება სეთ-თოფ ბოქსი.

რა არის სეთ-თოფ ბოქსი და სად შეიძლება მისი შეძენა?

სეთ-თოფ ბოქსი - ციფრული სიგნალის მისაღებად საჭირო სპეციალური აღჭურვილობაა, რომელიც თქვენს ტელევიზორს ანტენიდან შემოსულ სტანდარტულ ან მაღალი გარჩევადობის სიგნალს მიაწვდის. სეთ-თოფ ბოქსის შეძენა შესაძლებელია სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიებში.

რომელი ანტენით უნდა მივიღოთ ციფრული სიგნალი?

ციფრული სატელევიზიო სიგნალი შეიძლება იმავე მეტრული და დეციმეტრული  ანტენით მივიღოთ, რომლითაც ვსარგებლობდით ანალოგური სიგნალის მიღებისას. ეს შეიძლება იყოს შენობის სახურავზე დამონტაჟებული სატელევიზიო გადამცემისკენ მიმართული ანტენა დიაპაზონით 174-230 მჰც სიხშირეები მეტრულ (VHF) სიხშირულ ზოლში და 470-694 მჰც სიხშირეები დეციმეტრულ (UHF) სიხშირულ ზოლში.  ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლებელია სახლის ანტენის გამოყენებაც.

                     

რა ტიპის კაბელი დაგვჭირდება ციფრული ტელევიზიისთვის და გამოგვადგება თუ არა ძველი კოაქსიალური (სპილენძის) სატელევიზიო კაბელი?

ციფრული სიგნალის მისაღებად დაგჭირდებათ: სტანდარტული 75 ომი ტალღური წინაღობის მქონე კოაქსიალური, ე.წ. ,,სატელევიზიო კაბელი'

და აუდიო-ვიდეო, ე.წ. RCA შემაერთებელი კაბელები. ანტენიდან შემომავალი კოაქსიალური  კაბელი უერთდება სეთ-თოფ ბოქსს, თავად სეთ თოფ ბოქსი კი ტელევიზორს უკავშირდება RCA ან SCART შემაერთებელი კაბელით. თუკი თქვენ გაქვთ თანამედროვე ტელევიზორი, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც RCA ან SCART ასევე HDMI შემაერთებელი კაბელიც.

სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიაში ვიყიდე სეთ-თოფ ბოქსი, რომელსაც არა აქვს  RCA შემაერთებელი კაბელის პორტი. როგორ მივუერთო ეს სეთ- თოფ ბოქსი ტელევიზორს?

სეთ-თოფ ბოქსს, რომელიც თქვენ შეისყიდეთ უნდა ჰქონდეს HDMI ან  SCART კაბელების შესაერთებელი პორტი.  SCART კაბელი, RCA კაბელის მსგავსად, გამოიყენება აუდიო- ვიზუალური აპარატურის ერთმანეთთან დასაკავშირებლად.

ვარ სოციალურად დაუცველი, მეკუთვნის თუ არა შეღავათი?

რეფორმის პროცესში სოციალურად დაუცველი ოჯახების სუბსიდირება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა, 2014 წლის  ნოემბრის მონაცემებით 70 000 და ნაკლებია, მთავრობამ სერთიფიცირებული ,,სეთ-თოფ ბოქსები" შეისყიდა. აპარატურა ხელმისაწვდომი იქნება არაუგვიანეს მიმდინარე წლის მაისისა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახებისთვის კი სახელმწიფომ „სეთ-თოფ ბოქსების“ საცხოვრებელ ადგილზე მიტანა უზრუნველყო.

ვარ  სოციალურად დაუცველი შშმ პირი, აპარატურის მოტანისას ადგილზე არ ვიმყოფებოდი, როგორ უნდა მოვიქცე?

იმ შემთხვევაში თუ სეთ-თოფ ბოქსის ჩაბარება ვერ მოხერხდა მიმღების საცხოვრებელ მისამართზე არყოფნის გამო, საქართველოს ფოსტის კურიერი  5 სამუშაო დღის ვადაში ხელმეორედ შეეცდება ამანათის  იმავე მისამართზე ჩაბარებას. ხოლო თუ კვლავ ვერ მოხერხდა აპარატურის მიმღებისთვის გადაცემა, ფოსტის თანამშრომელი  უტოვებს მას შეტყობინებას, რის საფუძველზეც  მიეცემა შესაძლებლობა შემდგომში  მიიღოს კუთვნილი სეთ-თოფ ბოქსი. 

მიმღები აპარატის ჩაბარების (როგორც მისამართზე, ასევე სერვის-ცენტრში) უფლება აქვთ,  როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან  და ბაზაში რეგისტრირებულ პირს, ასევე  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის  მზრუნველს/ მეურვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და მზრუნველობის/ მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.

სოციალურად დაუცველმა პირებმა, შესაბამისი შეტყობინების მიღების შემდეგ უნდა  მიაკითხოთ საქართველოს ფოსტის რაიონულ სერვისცენტრებს, სადაც პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე გადმოგეცემათ კუთვნილი ,,სეთ-თოფ ბოქსი".

სოციალურად დაუცველის სტატუსი  მომენიჭა 2014 წლის დეკემბერში.  მეკუთვნის თუ არა სეთ-თოფ ბოქსი?

ამ ეტაპზე სუბსიდირება გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა, 2014 წლის ნოემბრის მონაცემებით, 70 000 და ნაკლებია.

ვარ სოციალურად დაუცველი. შევიცვალე საცხოვრებელი მისამართი. არ მიმიღია შეტყობინება და, შესაბამისად,  არც ჩემი კუთვნილი სეთ-თოფ ბოქსი. როგორ მოვიქცე?

თქვენ უნდა მიაკითხოთ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს და დაადგინოთ თქვენ მიერ სოციალური სტატუსის მიღებისას დაფიქსირებული საცხოვრებელი მისამართი.

მივიღე სეთ-თოფ ბოქსი, მაგრამ არ მუშაობს, ვის მივმართო?

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შეძენილი  სეთ-თოფ ბოქსი წუნდებული აღმოჩნდა, მიმღები აპარატი უნდა მიიტანოთ ან გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, 0114, ფუნიკულიორის ზედა პლატო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ციფრული მაუწყებლობის სააგენტო.

რამდენად უსაფრთხოა სახელმწიფოს მიერ შესყიდული სეთ-თოფ ბოქსები?

სახელმწიფოს მიერ შესყიდულ საქონელს თან ახლავს RoHS და CE სერთიფიკატები იმის დასადასტურებლად, რომ საქონელი აკმაყოფილებს ევროკავშირის მიერ დადგენილ მომხმარებელთა უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მოთხოვნებს.

რა ღირს ,სეთ-თოფ ბოქსი?

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახელმწიფოს მიერ შესყიდული  სეთ-თოფ ბოქსების  საცალო ფასი 19 აშშ დოლარს და  85 აშშ ცენტს შეადგენს. ხოლო სეთ-თოფ ბოქსები, რომლებიც სამომხმარებლო ტექნიკის მაღაზიებში იყიდება, არის სხვადასხვა ფუნქციონალის მქონე და  შესაბამისად,  ფასებიც განსხვავებული იქნება.

რატომ არ არის გათვალისწინებული  მონტაჟი სოციალურად დაუცველებისთვის?

ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს აქტივობა შეზღუდულია და დამოკიდებულია მის ბიუჯეტზე. სააგენტოს 2015 წლის ბიუჯეტში, სამწუხაროდ, მონტაჟისათვის გათვალისწინებული ხარჯები დამტკიცებული არ არის. თუმცა მონტაჟთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ყველა საინფორმაციო მასალაში.

ციფრული მიწისზედა ღია საეთერო მაუწყებლობისთვის გამოგვადგება თუ არა  თანამგზავრული თეფში ან რისივერი?

თანამგზავრული თეფში ან რისივერი არ გამოგადგებათ. თქვენ დაგჭირდებათ DVB-T2 სტანდარტის ციფრული სიგნალის მიმღები  მოწყობილობა სეთ-თოფ ბოქსი  და სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენა ( იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია სახლის ანტენის გამოყენებაც).

ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია, რომ საეთერო მიწისზედა ციფრული და საკაბელო ტელევიზია ერთდროულად მიეწოდებოდეს მომხმარებელს ერთ ტელევიზორში.

დიახ, ზოგადად ეს შესაძლებელია. ამ ორი სიგნალის შესაკრებად საჭიროა სატელევიზიო სიგნალის სპლიტერი/კომბაინერი, (ანუ გამყოფი/შემკრები) აღნიშნული მოწყობილობის შეძენა შესაძლებელია შესაბამისი პროფილის მაღაზიებში. საკაბელო ტელევიზიის კაბელი უნდა მიუერთდეს სპლიტერის ერთ რომელიმე შესასვლელს, ანტენიდან გამომავალი კაბელი კი მეორე შესასვლელს. სპლიტერის გამოსასვლელი მიუერთდება ტელევიზორის საანტენო შესასვლელს.

შეიძლება თუ არა საკაბელო და მიწისზედა საეთერო, ან თანამგზავრული და მიწისზედა  საეთერო  მაუწყებლობა ერთდროულად მივიღოთ?

შეიძლება, თუ  სეთ-თოფ ბოქსი ორივე ტექნოლოგიურ პლატფორმასთან თავსებადია.

რითი განსხვავდება სტანდარტული გარჩევადობის პროგრამა მაღალი გარჩევადობის პროგრამისგან?

სტანდარტული გარჩევადობის პროგრამის საშუალო სიჩქარე 2.16 მბ/წმ-შია, ხოლო მაღალი გარჩევადობის პროგრამის სიჩქარე 5-დან 8 მბ/წმ-მდეა, იმის მიხედვით თუ რა ტიპის პროგრამა გადაიცემა. ჩვეულებრივად, მაღალი გარჩევადობის სპორტული პროგრამების ტრანსლირებისას უფრო მაღალი სიჩქარეები გამოიყენება.

რა საშუალებებით შემიძლია მივიღო ციფრულ  მიწისზედა ღია საეთერო  მაუწყებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია?

ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სააგენტოს მიერ მომზადებული და  ეროვნულ და ადგილობრივ ტელევიზიებში განთავსებული  ვიდეორგოლების;  ბუკლეტების ( დარიგების 2 ეტაპით მარტსა და მაისში);   პრესაში განთავსებული სტატიების, სააგენტოს ვებ (www.digitaltv.ge) და სოციალური (www.facebook.com/Digitaltv.ge) გვერდების, ასევე,  ქართულენოვანი  სამომხმარებლო ინსტრუქციის საშუალებით, რომელიც თან ახლავს მთავრობის მიერ სოციალურად დაუცველი  ოჯახებისთვის შეძენილ სეთ- თოფ ბოქსებს; რეფორმასთან დაკავშირებული მასალა  განთავსებულია  საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდებზე. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი ( ტელ 1480), შესაბამისად, მოსახლეობას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია სასურველი და დეტალური ინფორმაციის მიღება.