გადაინაცვლებს თუ არა ბუბა კუდავას საქმე „სხვა“ უწყებაში

გადაინაცვლებს თუ არა ბუბა კუდავას საქმე „სხვა“ უწყებაში

სულ მალე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ანგარიშს  უნდა უპასუხოს. რა წერია აუდიტის დოკუმენტში, საზოგადოებისთვისაც ცნობილი ახლო მომავალში გახდება, მაგრამ  როგორც ირკვევა, კუდავას უსერიოზულეს კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცება. როგორც ცნობილია, დირექტორს არაერთი დამცველი გამოუჩნდა, მაგრამ როგორც ამბობენ, არ არის გამორიცხული მისი საქმიანობა განათლების სამინისტროს კომპეტენციებს გასცდეს და „სხვა“ უწყებებშიც გადაინაცვლოს. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ კუდავაზე არანაკლებ განაწყენებულნი არიან მისი ყოფილი თანამშრომლებიც, რომლებიც არაერთ ბრალდებას უწყებენ.   

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი მეცნიერ-თანამშრომელია მანანა სოტკილავა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:

„საჯარო უწყებას სახელმწიფო აუდიტი უფრო ხშირად რომ ამოწმებდეს და ინტერესდებოდეს ბიუჯეტის სწორად განკარგვის მდგომარეობით ეს ნორმალურ ქვეყანაში (მაგ ევროპულში, ჩვენ, რომ ასე მივისწრაფით) გასაკვირი,  განგაშის ასატეხი და ამ საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელად დანიშნული პირის "მარად დირექტორობის გადასარჩენი აქციების" გასამართავი საბაბი და მიზეზი არ ხდება!!!! ამ ბოლო ხანებში ატეხილი ვაკხანალია -„გადავარჩინოთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი“, ის პროვინციალიზმია, რომელიც გათვლილია საქართველოში დიდ ხნის წინ მკვდარი ჟურნალისტიკის „მახერთა“ პოპულისტური პიარ-კამპანიით „განათლებული“ საზოგადოების მარტივ აჟიტირებაზე!!! ამ „აჟიტირებისას“, უწინარეს ყოვლისა, საზოგადოების სიფხიზლემ ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს გადასარჩენია: რა -„ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრი" თუ ვინ - ცენტრის მრავალწლიანი დირექტორი (ფაქტიური პატრონი) ბატონი კუდავა????“

როგორც ირკვევა, ქალბატონი მანანა ბუბა კუდავას უწყებაში 2007 წლამდე, როგორც თავად ამბობს, ლომაიასეულ რეორგანიზაციამდე მუშაობდა.

მანანა სოტკილავა: „დიახ, საჯარო დაწესებულებაში აუდიტი უფრო ხშირად უნდა შედიოდეს. იმიტომ, რომ ბუბა კუდავა მარად დანიშნული დირექტორი არ არის, რომელიც ფაქტიური მფლობელი გახდა. ეს დაწესებულება იყო საერთაშორისოდ  აღიარებული ქართველოლოგიური სკოლის მძლავრი სამეცნიერო კერა. ეს იყო ფილოლოგიური მიმართულების დაწესებულება. კუდავას მისვლით და ლომაიას რეორგანიზაციით კი, გარდა იმისა, რომ კორნელი კეკელიძის სახელი დაეკარგა, ფილოლოგური პროფილიც დაკარგა  და გახდა ისტორიკოსებისთვის საარქივო წყარო და კაცმა არ იცის რა არის.

- როგორც ირკვევა, თქვენს გარდა ხელნაწერთა ცენტრიდან არაერთი ადამიანია წამოული...

-„კმარას“ აქციები ხომ გახსოვთ? ესენი „კმარას“ აქციებიდან შემოვარდნენ. არადა, ის ინტელექტუალური ბაზა იყო. გეტყვით საოცარ რამეს. თავის დროზე, აკადემიკოსმა ანდრია აფაქიძემ გამგზავნა ზუგდიდის ხელნაწერებში სამუშაოდ. ძალიან საინტერესოდ დავიწყეთ, მაგრამ დაემთხვა ის ცუდი პერიოდი, 1990-იან წლებს ვგულისხმობ.  მე არცერთ პოლიტიკურ პარტიას ახლოს არ გავკარებივარ, მაგრამ ისე დაგვაწიოკეს, ჩემს ბრძანებაში ჩაწერეს გათავისუფლებულია, როგორც აქტიური და გამოუსწორებელი ზვიადისტიო. მაშინ საზოგადოება ორად იყო გაყოფილი, ზოგი ვის უჭერდა მხარს, ზოგი ვის, თუმცა ერთადერთი დაწესებულება იყო ხელნაწერთა ინსტიტუტი,სადაც დაპირისპირება არ მიგრძვნია იმიტომ, რომ კვლევის კვალიფიციური მიამრთულება ძალიან მაღალ დონეზე იყო. იქ იყო მხოლოდ  საქმე, ცენტრი იყო პატარა მონასტერი. თუმცა, ეს სიმყუდროვე, ეს მოწიწება ამ „კმარელების“ შემოსვლით ყირაზე დადგა.

თუმცა, ამის მიუხედავად, მას ძალიან ბევრი იცავს განათლების სამინისტროსგან, რომ ის შეუცვლელია, მის ხელში არცერთი ფურცელი არ დაკარგულა და ..

მე საცავებთან წვდომა არ მქონდა, რადგან კონკრეტულ საქმეზე, ზუგდიდისა და აკადემიის გეგმის  მიმართულებით ვმუშაობდი, მაგრამ ის ჩემი მეგობრები, რომელთაგან ბევრი მეგობარი არც იყო და უბრალოდ ვიცნობდი, ისინი ვინც უშუალოდ იყვნენ ხელნაწერთა ძირითადი ფონდის დამცველები, სასტიკი წინააღმდეგობის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ, რადგან ახლადმოსულებმა ხელნაწერთა ცენტრში მოინდომეს თავიანთი ხალხის შეშვება. არადა, ესააა დაწესებულება, სადაც ქუჩიდან არ უნდა შევარდე, იქ უნდა გაიზარდო, ის სხვა სკოლაა.

შესაბამისად, მათ თანამშრომლებს მოსთხოვეს ყოველგვარი მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე წასვლა, რომ სხვები მოეყვანათ. მაგალითად, ერთ-ერთი ქალბატონი ციალა გაგნიძე, რომელიც შეუცვლელი  პროფესიონალი და უდიდესი მამულიშვილია. ამ გოგომ მათ ხელი არ მოუწერა და დაიწყო ბრძოლა სამინისტროებში, საპატრიარქოში, აკადემიაში, მაგრამ ერთადერთი მეცნიერებათა აკადემიამ აღირსა პასუხი, რომ სამწუხაროდ, ვიდრე ეს ინსტიტუტი ჩვენს სისტემაში იყო, მსგავსი რამ არ ხდებოდა, მაგრამ ვინაიდან გამოსულია ჩვენი სისტემიდან, აქტიურად ჩარევის უფლება არ გვაქვსო.  სხვებმა პასუხის ღირსადაც არ ჩათვალეს, იმიტომ, რომ კუდავები და მისი ხალხი ყველგან აგვარებდნენ სიტუაციას, რომ ასეთი თემები განხილვის ობიექტი არ გამხდარიყო.

- ზოგადად, რა ფორმით ხდებოდა პროფესიონალების გათავისუფლება?

- მათი ასეთი ხმაურით მოსვლით, გასაგები  იყო ყველაფერი. მათ შექმნეს კომისია, ვითომ ატესტაციის ჩასატარებლად, მაგრამ კომისიაში ყველა თავისი ხალხი იყო. მე მაშინვე მივხვდი, ყველა შემთხვევაში, აზრი არ ჰქონდა მის გავლას, რადგან პიროვნულად ჩემთვის ძალიან ძნელად გადასატანი იქნებოდა. ამიტომ, ვუთხარი, რომ არ მივიღებდი ატესტატიცაში მონაწილეობას, რაც სხვათაშორის შეიცხადა. ავუხსენი, რომ მის კონკურსში მონაწილეობას არ მივიღებდი, იმიტომ, რომ ჩემი სამუშაო არ იყო საინსტიტუტო გეგმა, ეს იყო ზუგდიდის მუზეუმის გეგმა  და ვალდებული ვიყავი მუშაობა დამესრულებინა. ვთხოვე დაედო საკონტრაქტო ხელშეკრულება, რომ მუშაობა დამესრულებინა და პასუხისმგებლობა მომეხსნა აკადემიის წინაშე. რამდენიმე ხანში მან უარი მითხრა - ფინანსები არ გვაქვსო. მოვთხოვე, რომ უარი წერილობით დაედასტურებიანა და წამოვიღე მისი ხელმოწერით დოკუმენტი, რომ ფინანსების უქონლობის გამო უარი მითხრეს ხელშეკრულებაზე. წამოვიღე ეს ჩემი სამუშაოც და აკადემიაში გავაგრძელე მუშაობა.

დრო რომ გავიდა, აღმოჩნდა, რომ ბუბა კუდავას რუსთაველის ფონდთან „კარგად ჩახუტებული“ სიტუაცია ჰქონდა და როგორც ჩანს, იქ წარსადგენი გახდა ახალი საგრანტო თემა, სადაც ეს ზუგდიდის თემა შეიტანა, როგორც ახალი გასაკეთებელი სამუშაო. ჩემთან ვიღაცას დაარეკინა, რომ ნაშრომი დამებრუნებინა. დამემუქრა, რომ სასამართლოში გადამცემდა, რაზეც ვუპასუხე, რომ ძალიან დამავალებდა, რადგან მე მის წინააღმდეგ უკეთეს დოკუმენტებს წარვადგენდი. ზუგდიდის მუზეუმის დირექტორმაც კატეგორიული უარი გამოუცხადა და არ შეუშვა ფონდში მისი წარმომადგენელი, იმიტომ, რომ ამაზე უკვე ჩვენ ვმუშაობდით, ნახევრად გაკეთებული იყო ეს საქმე და დირექტორი დაინტერესდა რატომ იყო ამ საქმეში ახალი ხალხი ჩართული. პირადად მე კი, დავწერე განცხადება კულტურის სამინისტროს სახელზე, რომ საქმე გვქონდა ბიუჯეტის ორმაგ ხარჯვასთან, რადგან ჩვენ სამუშაო ცოტა გვქონდა დარჩენილი, მან კი ახალ საგრანტოზე წარადგინა.

- საკვირველია, რომ თანამშრომლებმა სათანადოდ არ გააპროტესტეთ...

-მე დიდად არ გამიპროტსტებია, რადგან აკადემიაში გავაგრძელე მუშაობა. სწორედ ამიტომ, როდესაც პრეტენზია გაუჩნდა ნაშრომის დაბრუნებაზე - ჩვენია, მაგაში ხელაფსს გიხდიდნენო, ვუთხარი, რომ ხელფასს მიხდიდა აკადემია. მე ვიყავი აკადემიაში და მას გამოსცემდა აკადემია. იცით, რა კურიზოები ხდებოდა? ხელნაწერთა ინსტიტუტი გადაიქცა კერძო პირის ბაზად.    

- დღევანდელ სიტუაციაზე რას ფიქრობთ?

-ბუბა კუდავა, მარადიულია? არ უნდა შეიცვალოს? ასე იმიტომ ხდება, რომ ჰგონია იქაურობა ალექსანდრე ლომაიამ დაუტოვა.

სხვათა შორის, ხალხმა დაიწყო ჩემთან დარეკვები თუ რა აზრის ვარ დღეს მიმდინარე პროცესებზე და ყველას ვეუბნები იმას, რაც თქვენ გითხარით. მადლობას მიხდიდნენ, რადგან ეს ხალხი კუდავას მხარდამჭერ აქციაზე აპირებდნენ წასვლას. როგორც მითხრეს, დაურეკეს, რომ აქციაზე მისულიყვნენ, მაგრამ ვინც მე მიცნობდა და სიტიაციაში გაერკვნენ, ისინი აქციაზე აღარ წავიდნენ. სხვათაშორის, თვითონ ცენტრშიც არიან თანამშრომლები, რომლებიც არც კუდავას, არც მათ აქციებს და არც მათ პიარ-კამპანიებს ახლოს არ ეკარებიან.