ბევრისგან მსმენია - თბილისი ჩემი სახლია, აქ ყველა ქუჩა, აივანი თუ ეზო თავის ისტორიას ინახავს და ამ ისტორიის ერთ-ერთი თანამონაწილე მეც ვარო. ვინც ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა, უამრავ ძველ თბილისელთან უწევდა ურთიერთობა. თბილისი იმით იყო მდიდარი, რომ აქ ეროვნებით არასდროს გამოარჩევდნენ ადამიანებს, საღი იუმორის გამო არავის სჯიდნენ და თავისი კაცური სიტყვა ყველას თამამად ეთქმოდა. თბილისი ის ქალაქია, სადაც არაფერი იმალება, სადაც ნამდვილი კაცის სახელს უფრთხილდებიან, სადაც განსხვავებული ურთიერთობები იციან და აქ ყველა ყველას ახლობელ-ნაცნობია.
დღეს კვირაა და ნება მომეცით მორიგი „თბილისური მოგონებები“ წარმოგიდგინოთ.
დღვანდელი „ისტორიების“ პირველი გმირი ცნობილი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გახლავთ.
„თბილისში გოდერძისა და გოგის ყველა იცნობდა – უბნის კოლორიტები იყვნენ და ორივეს უყვარდა დალევა. ერთად რომ მიდიოდნენ დასალევად, ცოლები ბრაზობდნენ, გადმოდგებოდნენ აივანზე და წყევლიდნენ ქმრებს. ერთ დღესაც, ორივე ერთად დაპატიჟეს. იფიქრეს, ცოლების წყევლის თავი არ გვაქვს, ცალ-ცალკე გავიდეთ, ვიქეიფოთ და სახლშიც ცალ-ცალკე დავბრუნდეთო. მოკლედ, ასეც მოიქცნენ. გავიხედეთ, მიუახლოვდნენ სახლს და გაიყვნენ: გოდერძიმ გაისწორა ტანსაცმელი, ვითომ მაგარი მთვრალი არ არის, ისეთი სახე მიიღო, ერთი სწორი ხაზი აიღო ორიენტაციისთვის და განაგრძო გზა.
მივაძახეთ: „ვა, გოდერძ, კიდევ მთვრალი ხარ?“ არც კი გამოგვხედა, ვითომ ფხიზელია, მხრებგაშლილი მიდის და, არ გასცდა სახლს?! შემობრუნდა და გაბრაზებით მოგვაძახა – ეს რა მიქენით, ძლივს ორიენტაცია ამიღია და სახლის გზას ამაცდინეთო. როგორც იქნა, შევიდა სახლში. გავიხედეთ, არ გასულა ხუთი წუთი და, ახლა მისი განუყრელი მეგობარი გოგი მოდის კოსტიუმი გადაკიდებული აქვს და ბარბაცით მიუყვება ქუჩას. უცებ შედგა, კოსტიუმი ჩაიცვა, წელში გასწორდა და განაგრძო გზა. ბიჭებმა მივაძახეთ: „ვა, ვითომ ერთად არ იყავით?“ გადაირია. მოგვაძახა – გაჩუმდით, ბიჭო, ისეთი მთვრალი ვარ, ცოლის წყევლის თავი არა მაქვსო. შევიდა თუ არა, ატყდა წყევლა-კრულვა. ეს ჩვეულებრივი ამბავია თითქოს, მაგრამ, თბილისურ ეზოებში ძველად ამ წყევლა-კრულვასაც თავისი ხიბლი ჰქონდა“.
ბატონი ზურა კიდევ ერთ „შემთხვევას“ გაიხსენებს.
„თავისუფლების“ მეტროს წინ ჩვენს ძმაკაცს ბინა ჰქონდა. ხშირად ვიკრიბებოდით მასთან. მეტროსთან დღე და ღამე იდგა მანქანა, რომელშიც ლატარიის ბილეთებს ყიდდნენ. ერთ დღესაც, ამ ჩვენს ძმაკაცთან ვქეიფობთ. გაგვახსენდა ცნობილი თბილისელი კოლორიტები ლოვიკა და „გოჭიკა“. ვიფიქრეთ, მოდი, ისეთი „გავუჩალიჩოთ“, მთელი ცხოვრება ახსოვდეთო. ამ ლოვიკასა და გოჭიკას ბინების ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა.
დილის 6 საათზე დავურეკეთ ლოვიკას და ვუთხარით, ლატარიაში თქვენი ტელეფონის ნომერი გათამაშდა, სოლიდური პრიზი მოიგეთ და მობრძანდით მეტროსთან, იქ დგას მანქანა და წაიღეთ პრიზი, თან პასპორტი წამოიღეთო – და გავთიშეთ ყურმილი, ახლა გოჭიკას დავურეკეთ და იგივე ტექსტი სერიოზული ხმით გავუმეორეთ. დავკიდეთ ყურმილი და მივასკდით ფანჯრებს. გადავიხედეთ, ცოტა ხანში გამოჩნდა ლოვიკა – გაუვლის მანქანას, გამოუვლის, ფიქრობს, მივიდეს თუ არა. არ გავიდა რამდენიმე წუთი, გოჭიკა მორბის და თან გზადაგზა იცვამს. რომ დაინახეს ერთმანეთი, გაოცდნენ. მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე.
ვიფიქრეთ, ამ დილაადრიან გავაღვიძეთ, სახლიდან გამოვიყვანეთ, მოვატყუეთ და დანაშაული იმით მაინც გამოვისყიდოთ, ამოვიპატიჟოთ და გავუმასპინძლდებითო. ჩავუსტვინეთ, რომ ამოეხედათ, ისინი კი სტვენაზე ისე დაფრთხნენ, უკან მოუხედავად გაიქცნენ. კარგა ხანს გაბუტულები იყვნენ, მაგრამ ნაღდი თბილისელები, გულში წყენას ხომ არ ჩაიდებდნენ?!“
მსახიობი და კომენტატორი ბატონი ნუგზარ ჯუღელი ის პიროვნებაა, რომელსაც თბილისელი კოლორიტი ადამიანების გვერდით, თავისი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მას უამრავი ძმაკაცი, ახლობელი და გულშემატკივარი ჰყავს. დღესაც ეამაყება თავისი თბილისელობა და ყოველთვის ღიმილით იხსენებს განვლილ წლებს, რომელიც არაერთ ცნობილ ადამიანთან აკავშირებს.
„ადრე, რუსთაველის გამზირზე ტრამვაი დადიოდა. მაშინ, თბილისი ძალიან პატარა იყო, დაახლოებით, 250 ათასი მოსახლე იქნებოდა. ჩვენი ოჯახი მარჯანიშვილის თეატრთან ცხოვრობდა. ამ ტრანსპორტით ხშირად ვსარგებლობდით. აუყვებოდა ნელი სვლით ტრამვაი და ძნელაძის ქუჩიდან ამოდიოდა სასტუმრო „ივერიამდე“, გაივლიდა „აზარიანცის“ სახლს და მიდიოდა ვაკეში.
ვის არ ნახავდით ამ ტრანსპორტში. სახეზე იცნობდი ჯიბის ქურდებს. ამოვიდოდა სამი ტიპი, რომ შეგეხედათ პროფესორებს ჰგავდნენ. ერთს გაზეთი ეჭირა, მეორეს – ქუდი, მესამე სერიოზული იმიჯით იდგა. შეიგულებდნენ რომელიმე მგზავრს, ერთი წინ დაუდგებოდა და ელაპარაკებოდა, მეორე გაზეთს ააფარებდა მსხვერპლს, თითქოს კითხულობდა, მესამე კი ფულს ამოაძრობდა. ერთი სიტყვით, ისე კარგად და შეხმატკბილებულად მუშაობდნენ, რომ იაღლიში არ მოსვლიათ. ბევრმა იცოდა მათი ამბავი, მაგრამ მაინც აბამდნენ მახეში და კარგ ფულსაც აკეთებდნენ.
ერთ დღეს, მე და დედა ჩავსხედით ტროლეიბუსში. გავიხედე, ჩვენს წინ ზის წვერებიანი, ნასვამი კაცი. რომ მობრუნდა, მერეღა ვიცანი, რომ გალაკტიონ ტაბიძე იყო. უცბად, დედას ჰკითხა, რა გქვიათ ქალბატონოო. დედამ უპასუხა, მერიო. გალაკტიონი დაფიქრდა და ამოიოხრა: “ო, მერი, მერი”, და დაიწყო თავისი ცნობილი ლექსის „მერის“ გამოთქმით და მთელი გრძნობით კითხვა. იმ წუთას არ მესიამოვნა. ვიფიქრე, ეს კაცი დედაჩემს რას ეფლირტავება, ვერ ხედავს, მის გვერდით რომ ვდგავარ-მეთქი. როგორც შემდეგ გაირკვა, ჩემს აზრს უსიტყვოდ, თავადაც მიმხვდარა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
ამის შემდეგ, რამდენიმე ხანი გავიდა და გავიხედე, თავის სახლის წინ, მთვრალი, სკვერში წევს და სძინავს. ბავშვები ახლოს მიდიან მძინარე გალაკტიონთან და ემაიმუნებიან. ერთმა მოიფიქრა, აანთო ასანთი და წვერზე მოუკიდა. გავიქეცი და გადავეფარე გალაკტიონს. ჩავუქრე წვერზე მოკიდებული ცეცხლი. გამოეღვიძა ნამთვრალევს, დამაკვირდა, გამიღიმა და მითხრა, იმ ფლირტის შემდეგ, მაინც მიშველე ბიჭოო.
ბატონი ნუგზარი ერთი თბილისური ქეიფის პერიპეტიებსაც გაიხსენებს.
„ეროსი მანჯგალაძესთან ვმეგობრობდი. იმ პერიოდში, ხმით ეროსის ვბაძავდი. ამბობდნენ კიდეც, ხმით ჰგავხართ ერთმანეთსო. მოკლედ, ერთ დღეს, შევაგროვეთ ფული და საქეიფოდ რესტორანში წავედით – მე, კახი კავსაძე, სოსო ლაღიძე და რეზო ჩხაიძე. სუფრასთან ვბჭობთ, რა ავიღოთ. არადა, ფული ცოტა გვაქვს. ან მწვადი უნდა ავიღოთ, ან ღვინო, ორივე ერთად არ მოგვდის და ვართ გაწამაწიაში. თან ხმამაღლა ვლაპარაკობთ. უცებ, გაიღო კარი და ოფიციანტს წამოკიდებული აქვს ზურგზე ერთი ყუთი ღვინო. გაგვიკვირდა. დადო ყუთი და გვითხრა, ეს ეროსი მანჯგალაძეს გამოუგზავნეს გვერდითა კუპიდანო. გავისუსეთ, მადლობა გადავუხადეთ.
დავიწყეთ სმა, შევედით ქეიფის ეშხში. გავიხედეთ, იღება კარი და შემოდიან ნასვამი კაცები. ერთ-ერთი ამბობს, თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო, მე გამოვუგზავნე ეროსის ღვინო, მისი ხმა ისმოდა ჩვენთან, აბა, სად არისო. რაღას ვიზამდით, ვაღიარეთ, ეროსი არ არის აქ. თან, რომ არ „გავყიდულიყავით“ ვთქვით, ვითომ მე ვიყავი მისი შვილი და ამიტომაც ვგავდი ხმით. ჯერ დაიბნა ის კაცი, მერე გონს მოვიდა, იფიქრა ძმაკაცებთან არ შევრცხვეო და როხროხით დაიწყო: თქვენი ჭირიმე ბიჭებო, შენ ეროსის ბიჭი არ ხარ, შენ კი გენაცვალე, მოდი აქ შვილო, რამდენჯერ ამ კისერზე მჯდარხარ და ჩაგიფსია ჩემთვის ზურგში. შენ არ გახსოვს, მაგრამ, მე რა დამავიწყებსო.
ეს ამბავი გახმაურდა. გავიხედე, ეროსი შემხვდა თეატრში. მივესალმე, გამარჯობა ბატონო ეროსი-მეთქი. ხელი ჩაიქნია, გადი აქედანო. ვიფიქრე, ეს რა ვქენი, ხომ არ ვაწყენინე-მეთქი. გავიდა ხანი, გავიხედე, ეროსი მეძახის და მაწვდის „მარლბოროს“ მთლიან შეკვრას, აჰა, ჩემო შვილოო. გავიდოდა რაღაც პერიოდი და კიდევ რაღაცას მაჩუქებდა, თან ირონიით დააყოლებდა, ხომ იცი, შენ ჩემი შვილი ხარ, არ დაგავიწყდესო. კიდევ ცოტა ხნის შემდეგ მივესალმებოდი, გამარჯობა ეროსი-მეთქი, თუ გაახსენდებოდა ის ქეიფი, მოაყოლებდა, გამარჯობა კი არა, წადი შენიო. არადა, ღმერთმა ყველას მისცეს ისეთი მამობილი, მე რომ მყავდა ეროსის სახით“.