ორი დღის წინ ბრიტანულმა „BBC Sport“ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. რამდენიმე დღის წინ შოტლანდიური საფეხბურთო კლუბი „სენტ მირენის“ გულშემატკივრებმა წლის საუკეთესო მოთამაშის ვინაობა დაასახელეს. ამ საპატიო ჯილდოს მფლობელი ექვსი წლის ბიჭუნა აარონ ვუდალი გახდა.
აარონ ვუდალი უკურნებელი სენით - თავის ტვინის სიმსივნით არის დაავადებული. ამის მიუხედავად პატარას ფეხბურთი ყველაფერს ურჩევნია და „სენტ მირენის“ ბავშვთა კლუბის რიგებში ასპარეზობს.
„აარონი ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია. მძიმე ავადმყოფობის მიუხედავად ეს ნორჩი მოთამაშე ბედს არ ნებდება, განსაკუთრებულ ნებისყოფას იჩენს და ყველას გვიმტკიცებს რომ ამ ცხოვრებასთან დანებება არ შეიძლება. აარონის თავგანწირვა ნებისმიერი ჩვენთაგანის განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. მძიმე სენის მიუხედავად ბიჭუნა საყვარელ საქმეს ემსახურება და ფეხბურთელობაზე ოცნებობს“. - განაცხადეს „სენტ მირენის“ გულშემატკივართა კლუბის წარმომადგენლებმა.
საინტერესოა რომ გამოკითხვაში აარონმა „ძირითადი გუნდის“ ნახევარმცველ კენი მაკლინს დიდი უპირატესობით აჯობა.
ბრიტანული მასმედიის ინფორმაციით ამ დღეებში ნორჩი მოთამაშე საავადმყოფოში დააწვინეს და მკურნალობის სპეციალური კურსი დაუნიშნეს. ექიმები მის მომავალს ერთგვარი პესიმიზმით უყურებენ, თუმცა აღნიშნავენ რომ პატარა პაციენტის გამოჯანმრთელების მცირე იმედი მაინც არსებობს.