BBC ქართულ არასამთავრობოებზე დაყრდნობით, საქართველოს  „რელიგიური კონსერვატორების“ ქვეყანად მოიხსენიებს

BBC ქართულ არასამთავრობოებზე დაყრდნობით, საქართველოს „რელიგიური კონსერვატორების“ ქვეყანად მოიხსენიებს

ტელეკომპანია „ბი ბი სი“ საქართველოს მოსახლეობაში არსებულ რელიგიურობასა და ევროპულ არჩევანზე ვრცელ რეპორტაჟს აქვეყნებს და განმარტავს, თითქოს საქართველოს დასავლეთისადმი მისწრაფება მართლმადიდებლურ რწმენასთან თავსებადი არ არის.

როგორც სტატიის ავტორი წერს, მართლმადიდებლური ეკლესია, რომლის გავლენა უფრო და უფრო იზრდება, ისეთ ახალ თაობას ზრდის, რომლებიც ძირითადად „რელიგიური კონსერვატორები“ არიან და მათი მოსაზრებები თუ რწმენა რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისას უფრო ემთხვევა.

სტატიაში მოყვანილია მაგალითი, რომ საქართველოს სკოლაში ერთ-ერთი მოზარდი თურმე იმიტომ სცემეს, რომ მან თავს ათეისტი უწოდა. ამის საპასუხოდ, თანატოლებმა მოზარდს უთხრეს: „შენ ჩვენი რელიგია უარყავი, მოღალატე ხარ“.

ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველების ინფორმაციით, ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართულ სკოლებში მზარდი რელიგიური შეუწყნარებლობაა. მათი თქმით, ამას ხელს მართლმადიდებლური ეკლესიის იდეოლოგია უწყობს და ეკლესიიდან წამოსული კონსერვატიული მესიჯები ქვეყნის პროდასავლურ კურსთან წინააღმდეგობაში მოდის.

არ ვიცით, რამდენად რეალურია ქართულ სკოლაში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი მოზარდის ცემის ფაქტი (მით უმეტეს, ნაცემმა მოზარდმა ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა), მაგრამ დიდია ალბათობა, რომ საქართველოში მოქმედი ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები „ბი ბი სი“-ს ზედმეტად გამუქებულ ინფორმაციას აწვდიან და ერთეულ ფაქტებს განაზოგადებენ.

„ბი ბი სი“-ს მიმართ ქართველ არასამთავრობოთა მხრიდან მიწოდებული ფაქტები ამით არ ამოიწურება. რეპორტაჟული ნარკვევის შემდეგ თავში, სახელწოდებით - „ხატები სკოლაში“ 2012 წლის შემდეგ საქართველოში რელიგიური საზოგადოების უფრო მეტ გააქტიურებასა და რელიგიური უმცირესობის ჩაგვრაზეა საუბარი.

„2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლება არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიისა და ამავე სახის ორგანიზაციებს მხარს დიდი ენთუზიაზმით უჭერს. ამ გამარჯვების შემდეგ საკლასო ოთახებში კოლექტიური ლოცვა, უფრო და უფრო ხშირი შემთხვევა გახდა“, - ვკითხულობთ სტატიაში.

როგორც აღმოჩნდა, ამ ინფორმაციას „ბი ბი სი“ საქართველოს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ხელმძღვანელ ეკა ჭითანავაზე დაყრდნობით ავრცელებს და იქვე განმარტავს, რომ „ზეწოლის ქვეშ განსაკუთრებით მუსლიმი და იეღოველი მოსწავლეები ექცევიან, მათი მშობლები ამას ადასტურებენ, თუმცა, განათლების სამინისტრო ამას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით მხოლოდ „იზოლირებული შემთხვევები“ არსებობს“.

რეპორტაჟში არასამთავრობოების საყვარელ თემაზე - ე.წ. გეების აღლუმზეცაა საუბარი და აღნიშნულია, რომ უმცირესობის წარმომადგენლებს, რომლებმაც ქალაქის ცენტრში მცირე დემონსტრაცია მოაწყვეს, თავს ჯვრებითა და ჯოხებით შეიარაღებული მოქალაქეები და სასულიერო პირები დაესხნენ.

ნარკვევის დასასრულს კი ვკითხულობთ, „საქართველოს დასავლეთისადმი მისწრაფება, უძველეს მართლმადიდებლურ რწმენასთან თავსებადი არ არის და ქართველმა ახალგაზრდებმა დროა, არჩევანი გააკეთონ“.

რას ეფუძნება „ბი ბი სი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია და რამდენად უტყუარ ინფორმაციას აწვდიან უცხოურ ორგანიზაციებს ჩვენი არასამთავრობოები?

ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი, მამა თეოდორე გიგნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქართული ეკლესიის მართლმადიდებლობის მიღმა რუსული კვალის დანახვა ისეთივე აბსურდია, როგორც საბერძნეთის, ათონის წმინდა მთის და იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უკან რაიმე კვალის დანახვა. საქართველოში მართლმადიდებლობა იმ დროიდან არსებობს, როგორც ბიზანტიაში - და ცოტა კიდეც ვუსწრებთ ბიზანტიაში სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობის გამოცხადებას.

„ქართველი ხალხი მართლმადიდებელია უკვე 1-ლი საუკუნიდან და, თუ ჩვენს სკოლაში შეუწყნარებლობის რაიმე მაგალითი მოხდა, რის შესახებაც არ მაქვს ინფორმაცია, ეს იქნება ერთი კერძო შემთხვევა, რომელსაც შეიძლება თავისი კერძო მიზეზები ჰქონდეს. თუ კარგად ჩავუკვირდებით, შეიძლება, ეს იყოს აბსოლუტურად არარელიგიური, პიროვნებებს შორის კონფლიქტი. როცა ორი ადამიანი ჩხუბობს და მათ შორის ერთი კაცია და მეორე ქალი, რატომღაც მაშინვე ამბობენ, რომ კაცები ჩაგრავენ ქალებს. როცა ერთი ქართველი და მეორე ფრანგი ჩხუბობს, მაშინ ეროვნულ შუღლს აბრალებენ ყველაფერს. როცა ერთი ეროვნების, მაგრამ სხვადასხვა რელიგიის ადამიანები ჩხუბობენ, ამას რატომღაც რელიგიურ შუღლად წარმოაჩენენ. ამ დროს ყველას ავიწყდება, რომ უბრალოდ ადამიანები ჩხუბობენ და არაფერ შუაში არ არის არც რელიგია, არც ნაციონალობა. მაგრამ აქ პრობლემა სხვა რამეშია. ვინ არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც არასწორ ინფორმაციას აწვდიან უცხოეთს?! პირდაპირ შემიძლია, ხელი გავიშვირო ამ ორგანიზაციებისკენ, რომლებსაც სურთ, შუღლი ჩამოაგდონ საქართველოს სახელმწიფოსა და „ბი ბი სი“-ს თუ სხვა რეიტინგული და ცნობილი ორგანიზაციების მიმართ. ეს არასამთავრობოები არიან შუღლის გამჩაღებელნი, მიმართავენ რა ცილისმწამებლურ კამპანიას. ხომ უნდა დაინტერესდეს სახელმწიფოს უშიშროება სახელმწიფოსთვის ამ დესტრუქციული ქმედებით? ეს დასჯადიც უნდა იყოს, ეს ეკლესიის საქმე არ არის, მაგრამ სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს მოტივაციები, რატომ აგდებენ შუღლს. ჩვენ ნუ ვიცავთ თავს, ჩვენი პოზიცია მყარად გამოვხატოთ და მათ მოვთხოვოთ პასუხი ამგვარი ცილისწამებისთვის. ისინი აგენტურას გვანან, რომელთაც დავალებული აქვთ, ქვეყანა გახლიჩონ, დაანგრიონ და საერთაშორისო არენაზე სახელი გაუტეხონ, ქართული სახელმწიფოებრიობა მოშალონ. არ საჭიროებს ეს გამოკვლევას?“- აინტერესებს მამა თეოდორეს.

მოძღვრის თქმით, გამორიცხულია, ხატი სკოლაში რაიმე დესტრუქციული მოქმედების შემცველი იყოს. უბრალოდ, დესტრუქციულია, როცა შეურაცხყოფენ ხატებს თუნდაც ევროპაში და ამას ტრაგედიები მოჰყვება. რაც შეეხება დასავლურ ცივილიზაციას, რითაც თავს იწონებენ დემოკრატიული ინსტიტუტები (ქალთა, ბავშვთა უფლებები, ადამიანის უფლებების დაცვა, თავისუფლება), მოძღვრის თქმით, ეს საკუთრივ ქრისტიანული ღირებულებებია, რომელიც სწორედ ქრისტიანობამ შემოიტანა სამყაროში. ამდენად, გაუგებარია, რას ნიშნავს დასავლეთსა და ქრისტიანობას შორის დაპირისპირება, როცა ქრისტიანობა არის ამ ღირებულებების დედა და როგორ შეიძლება დაპირისპირება იყოს დედასა და შვილს შორის?

„როცა ქრისტიანობას კონსერვატიულად მოიხსენიებენ, გააჩნია, რას გულისხმობენ კონსერვატიულობაში. მაგალითად, ოჯახი არის თუ არა კონსერვატიული ინსტიტუტი? თუ ოჯახი კონსერვატიული ინსტიტუტია და, თუ მაყენებენ არჩევანის წინაშე, ოჯახი - დედა, მამა და შვილები, თუ დასავლეთი, მაშინ მე ვიტყვი, რომ დასავლეთი არ მინდა. თუმცა აქაც სიცრუეა, რადგან მეეჭვება, დასავლეთი უარყოფდეს ოჯახს, რომელიც ისეთი კონსერვატიული ინსტიტუტია, რომ რელიგია, ქრისტიანობაც კი არ არის ასეთი კონსერვატიული. ქრისტიანობა გაცილებით ნაკლებკონსერვატიულია. რაც შეეხება კონსერვატიულობის ცუდ გაგებას, წარსულში დარჩენას და პიროვნების დამყაყებას, ქრისტიანობა ყოველთვის ამის წინააღმდეგია, ამ კუთხით ქრისტიანობა თანამედროვე, არადაძველებადი მოძღვრებაა, რადგან ყოველთვის წინ იყურება“, - აღნიშნა მამა თეოდორემ.

თეოლოგი ლევან აბაშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნამდვილი მართლმადიდებლობა არ შეიძლება ემსახურებოდეს პუტინის აგრესიულ, უკანონო, დანაშაულებრივ პოლიტიკას და მართლმადიდებლობის ცნობილი მამები და მასწავლებლები სრულიად სხვა განზომილებაში არიან. შესაძლოა, საქართველოს ეკლესიაში არიან ცალკეული იერარქები, რომლებიც ამ მიმართულების „მართლმადიდებლობას“ მისდევენ, მაგრამ მართლმადიდებლური ეკლესია მთლიანობაში ასეთი არ არის. ეკლესიაში არიან ადამიანები, ზოგს უფრო კონსერვატორული, ზოგს ლიბერალური აზრი აქვს და, ზოგადად, ეკლესია აერთიანებს თითქმის ყველა პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანს.

„არიან ცალკეული ეპისკოპოსები, მღვდლები ჩვენს ეკლესიაში, რომლებიც ანტიდასავლურ განწყობას ქადაგებენ, მაგრამ არიან ნეიტრალური მღვდლებიც ან ისეთი მღვდლები, რომლებიც იხრებიან დასავლური ღირებულებებისკენ. მართლმადიდებლურ ეკლესიას არ აქვს რაღაც ერთი სოციალურ-პოლიტიკური დოქტრინა, ანუ ეკლესიას არ უთქვამს, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ პროაღმოსავლური ან პროდასავლური, ასეთი რამ ეკლესიას არ ახასიათებს, ეს არ არის ეკლესიის საქმე. ამიტომაცაა, რომ ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა, პროდასავლურისთვის, პრორუსულისთვისაც. ახლა გასაგებია, ნაცისტი და მგზნებარე ბოლშევიკი ეკლესიის წევრი ვერ იქნება, მაგრამ ეკლესია თავის შვილებს არ არჩევს“,- აცხადებს ლევან აბაშიძე.

ქართულ სკოლებთან მიმართებით კი თეოლოგი განმარტავს, რომ, რასაკვირველია, აქ არის პრობლემები. შეიძლება, იყოს არატოლერანტულობის გამოვლენაც, მაგრამ ამას შესწავლა სჭირდება. უფრო მეტიც, საქართველოში არის 2000 სკოლა, სადაც შეიძლება, დანაშაულიც ჩაიდინოს ვინმემ, რაღაც ნიშნითაც დაჩაგრონ მოზარდი, ამიტომ ერთეული ფაქტების განზოგადება სწორი არ არის.

თეოლოგის აზრით, თუ ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელმაც „ბი ბი სი“-ს მიაწოდა ცნობები, აქვს თავისი ვარაუდის დასაბუთების საშუალება საკმაოდ დიდი სტატისტიკით და, თუ ამ საკითხზე უმუშავია, მაშინ ჩვენ უნდა განვიხილოთ პროფესიონალურად ჩატარებული კვლევის საფუძვლები, რადგან ერთი მაგალითის მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ.