ეროსი კიწმარიშვილი: „თითქოს, სანაია მე მოვკალი“

ეროსი კიწმარიშვილი: „თითქოს, სანაია მე მოვკალი“

For.ge აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას.

პროკურატურის დაფინასებულ გაზეთებში შეკვეთილი წერილები იბეჭდებოდა, რომ თითქოსდა სანაიამ ტელევიზიის საქმიანობაში რაღაც ფინანსური დარღვევები აღმოაჩინა და ამის გამო ის მე მოვკალი. პარალელურად თარგამაძე მპირდებოდა, რომ მკვლელობისთვის დამაპატიმრებდა. ქვეყნის პირველი პირიდან დაწყებული, მთელი სახელმწიფო ჩემს წინააღმდეგ მოიმართა. მაიძულებენ, რომ “რუსთავი 2” აუცილებლად გავყიდო და შემდეგ კიდევ ბუნდოვან მომავალზე დავთანხმდე. მე, რა თქმა უნდა, ამ პერსპექტივას აღარ ვთანხმდები.

29 ოქტომბერს, ტელეკომპანიაში უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები შემოიჭრნენ. ცხადია, თარგამაძემ ჩრდილში დარჩენა ამჯობინა.

მოგვიანებით, შევიტყვე, რომ ტელევიზიაში უშიშროების შემოჭრის უმთავრესი მიზანი ჩემი ლიკვიდაცია იყო. მათ კაბინეტის ფანჯრიდან უნდა გადმოვეგდე, რასაც თვითმკვლელობად გაასაღებდნენ, თითქოსდა ფინანსური პრობლემების გამო დაპატიმრებას მეთოთხმეტე სართულიდან გადმოხტომა ვამჯობინე.

საზოგადოების მხრიდან დიდმა მხარდაჭერამ უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლებს გეგმები აურია. საზოგადოებამ შიშველი ხელებით დაიცვა „რუსთავი 2“ და საპროტესტო ტალღამ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.

საპროტესტო ტალღის მამოძრავებელი ძალა სტუდენტობა აღმოჩნდა, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, ვინაიდან ასეთი დარაზმული სტუდენტობა ეროვნული მოძრაობის შემდეგ პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად გამოვიდა ასპარეზზე.

ხალხის საპროტესტო ტალღამ მოვლენების ესკალაცია გამოიწვია და ხელისუფლება კინაღამ დავამხეთ, რისი სურვილიც ნამდვილად არ მქონია.

ზურაბ ჟვანია პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა, რის შემდეგაც კახა თარგამაძე - შინაგან საქმეთა მინისტრი და უშიშროების მინისტრი - ვახტანგ ქუთათელაძე პოსტებიდან წავიდნენ.

აღმოჩნდა, რომ ამ ამბების შედეგად ბადრის დაჯგუფებამ ყველაფერი წააგო - სანაიას მკვლელობის შემდეგ ტელევიზია ვერ შეიძინეს და მისმა მარჯვენა ხელმა, თარგამაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაკარგა. მოიგო ნუგზარ საჯაიამ, რომელიც თანამდებობაზე დარჩა, ძალოვანი უწყებები მისმა კანდიდატებმა ჩაიბარეს - შინაგან საქმეთა მინისტრად კობა ნარჩემაშვილი დაინიშა, უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურზანია, სამთავრობო დაცვის სამსახურის უფროსი სულხან პაპაშვილი.

თარგამაძის გადადგომიდან ერთი თვის შემდეგ ნუგზარ საჯაია საკუთარ კაბინეტში მკვდარი იპოვნეს. საჯაიას სიკვდილი, ისევე როგორც გიორგი სანაიას მკვლელობა და მოგვიანებით ასევე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება, რაღაც ჰომოსექსუალური ისტორიებით შეფუთეს.

ბევრისგან გამიგია, რომ საჯაიას თავი არ მოუკლავს, ის მისსავე კაბინეტში მოკლეს. ჩემი ვარაუდით, სანაიას მკვლელობის შემდეგ კლანებს შორის ურთიერთობა მაქსიმალურ კონფრონტაციაში გადაიზარდა და ბრძოლის ეს ეტაპი სტატუს ქვოს აღდგენით, ანუ საჯაიას სიკვდილით დასრულდა.

სანაიას მკვლელი ნარჩემაშვილის მინისტრობისას დააპატიმრეს, იგი ლევან გაჩეჩილაძის ყოფილი მძღოლი თუ დაცვის წევრი - გრიგოლ ხურცილავა აღმოჩნდა. მისი მტკიცებით, მან სექსუალური ძალადობისგან თავდასაცავად შემთხვევით მოკლა სანაია, რაც ჩემთვის ძნელად დასაჯერებელია. თუმცა, ამ რამდენიმე ხნის წინ ვიღაც ქართველმა ანალოგიურ გარემოებაში ცნობილი ბერძენი ჰომოსექსუალი მომღერალი მოკლა. ამიტომ, სანაიას თაობაზე გადაჭრით რაიმის თქმა ძალიან მეძნელება და მხოლოდ მსჯელობით ვიფარგლები.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ჩავთვალე რომ ჩემი მეგობრები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში შევეცადე სანაიას მკვლელობის საქმეზე მეტი ინფორმაცია მიმეღო. მაშინ გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო და მას ვთხოვე, იქნებ ხელახლა გამოეძიებინა ეს მკვლელობა, თუმცა ვერაფერს გავხდი, ჩათვალა, რომ თემა აქტუალური აღარ იყო და, ეგ საქმე შევისწავლე და გამოსაძიებელი აღარაფერიაო - მიპასუხა.

2002 წლის გაზაფხულზე ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში შალვა ნათელაშვილმა გაიმარჯვა. მეორე ადგილზე მიშა სააკაშვილი გავიდა, რომელიც იმ პერიოდში „რუსთავი 2“-ის და “60 წუთის” აქტივობით სარგებლობდა და კორუფციასთან მებრძოლის იმიჯით ქულებს იწერდა. ამ ძალების გამარჯვება ყველასთვის ძალიან მოულოდნელი იყო, უბრალოდ, წინა წლის პოლიტიკურმა რყევებმა ყველას არაქათი გამოაცალა და ასპარეზი პოპულისტებს დარჩათ. ამ მხრივ სააკაშვილს ნათელაშვილი აღემატებოდა, მან არჩევნები მოიგო და ჩემი აზრით, კატასტროფული შეცდომა დაუშვა: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი სააკაშვილს დაუთმო, რომელმაც თავის მხრივ ეს პოსტი არ იუკადრისა და მიიღო უშესანიშნავესი სასტარტო მოედანი პიარის საკეთებლად და თან ბიუჯეტის კონტროლის საშუალება.

ზურა ჟვანიამ არჩევნები სასტიკად წააგო. იგი პირველად გამოვიდა არჩევნებში დამოუკიდებლად და მარცხი განიცადა. მას ემტერებოდა ოპოზიციაც და სხვადასხვა სახელისუფლებო გუნდიც. ჩანდა, რომ ჟვანიას პოლიტიკური კარიერა თავქვე დაეშვა და მას დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა, რომ პოლიტიკური სცენის მიღმა არ აღმოჩენილიყო.

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებმა ახალი რეალობა წარმოქმნა, ბადრი მოვლენების სათავისოდ წარმართვას ესწრაფოდა და აქტიურად ხვდებოდა პოლიტიკური და სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებს, რაღაც მოლაპარაკებებს მართავდა, ამ პერიოდში რიტუალების სასახლეში გაქანებული სარემონტო სამუშაოები გააჩაღა, რაღაც ინფრასტრუქტურებს აწყობდა, ყველა მხრივ დღითი-დღე ძლიერდებოდა.

2002 წლის ივლისის დასაწყისში მისმა უახლოესმა თანაგუნდელმა ვანო ჩხარტიშვილმა დამირეკა. ამ დროს ის უკვე მთლიანად პატარკაციშვილის პროექტებით იყო დაკავებული და სახელმწიფო თანამდებობა აღარ ჰქონდა.

- შევხვდეთ, ეროსი? - მეკითხება.

- შევხვდეთ, რა პრობლემაა. G

მაშინ უკვე დაცვით მიწევდა სიარული. შუადღე იყო. ავედი ყოფილი „ექსიმბანკის“, იმხანად კი მისი „გაერთიანებული ქართული ბანკის“ შენობაში, გრიბოედოვის ძეგლთან. პირველად ვიყავი მის კაბინეტში, სადაც ვანო ტელევიზორებთან მოკალათებილი დამხვდა.

- რაო, ვანო, - ვეკითხები, - რა გაქვს ახალი, საინტერესო, რით გავაგრძელოთ ჩვენი ურთიერთობა? ისე, მე მგონია, არავითარი აზრი არა აქვს ამ ურთიერთობას.

- არა, არა, როგორ არა! მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მეგობარი და შენ უნდა შეხვდეთ, მას შენთვის რაღაც წინადადებები აქვს.

 ბუნებრივია, ბადრის გულისხმობდა.

- ვანო, ერთხელ ხომ უკვე ვილაპარაკეთ და არ გამოვიდა ეგ საქმე, და შენ კი იცი, რომ მოლაპარაკება ჩემი მიზეზით არ ჩაშლილა. ეჭვი მეპარება, რომ ამ საუბარს ახლაც რამე დიდი პერსპექტივა ჰქონდეს.

- არა, არა, მე მგონია, რომ უნდა შეხვდეთ, უნდა დაილაპარაკოთ.

- რა უნდა, რაზეა საუბარი? - ვეკითხები.

- რა ვიცი, ახალი წინადადება აქვს, ახალი წინადადება ახალ რეალობაში. ადრინდელი შეცდომები ყველა გათვალისწინებულია.

მე ვიწყებ გახსენებას, თუ რა ტიპის შეცდომები დაუშვეს, ვეუბნები, რომ უკაცრავად, მაგრამ ყველაფერი, რაც მოხდა, მისმა ძმაკაცებმა გაააკეთეს - კახას ვგულისხმობ, თარგამაძეს. თუმცა უკვე ცნობისმოყვარეობა გამიჩნდა, თან 2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა და ძალიან მაინტერესებდა, როგორ ლაგდებოდა ახალი რეალობა. მით უმეტეს, შევარდნაძესთან კონფრონტაციული რეჟიმი იქმნებოდა, კონტაქტის არც ერთი მცდელობა არ უნდა დამეტოვებინა უყურადღებოდ, მით უმეტეს, პატარკაციშვილის მხრიდან. ის უკვე საბოლოოდ დაფუძნდა საქართველოში და მის კავშირებზე და მის მოძრაობებზე, მის ირგვლივ ხალხის გაერთიანებებზე უამრავი ჭორი დადიოდა. თავისთავად საინტერესო იქნებოდა მასთან შეხვედრა და შევთანხმდით, რომ ბადრის შევხვდებოდი.

ჩხარტიშვილთან შეხვედრას ამხელა ყურადღებას არ დავუთმობდი, რომ მასთან და ბადრისთან ურთიერთობას “ვარდების რევოლუციამდე” არ მივეყვანე. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს რევოლუცია არავითარ ამერიკელებს და სოროსს არ მოუწყვია, ეს არის ლეგენდა, რომელიც ინფორმაციის ნაკლებობის გამო საზოგადოების რაღაც ნაწილმა აიტაცა და დღემდე ჰგონიათ, რომ აი, სოროსი და ბრაიზა, თუ მაილსი რომ არ ყოფილიყვნენ საქართველოში არაფერი მოხდებოდა. ისიც ზღაპარია, რომ შევარდნაძემ სააკაშვილს ძალაუფლება ნებით გადააბარა, თუმცა მოვლენებს წინ არ გავუსწრებ და თხრობას ისევ ბადრისთან შეხვედრით განვაგრძობ.

ივლისის ბოლოს ბადრის პირადი ვერტმფრენით მე და ჩხარტიშვილი მასთან ურეკში ჩავფრინდით. ვერტმფრენი მინდორში დაეშვა, სადაც ჯიპებით ავტომატებით შეიარაღებული ხალხი დაგვხვდა. მათ ავტომანქანაში გადაგვსხეს და შეიარაღებული ესკორტის თანხლებით ბადრის სახლისკენ გაგვაქანეს.

ბადრიმ ვანო ჩხარტიშვილის ბიძაშვილისგან ზღვის პირას ხუთსართულიანი სახლი შეიძინა. პლაჟი დაცვას გადაეკეტა, რომ სახლის პატრონი არავის შეეწუხებინა, აქაც სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ. სახლის კედელზე ბარომეტრი ეკიდა, ეზოში თევზების და ცხოველების ფიტულები ელაგა, სახლში დიდი აკვარიუმი და საზღვაო კვანძებიანი დაფა ჩამოეკიდათ. სიღრმეში დიდი საჩრდილობლებიანი მოსასვენებელი ადგილი ჰქონდა მოწყობილი, პლაჟი კარგად დასუფთავებული ჰქონდათ და ზღვის ნაპირზე სკუტერები იდგა. ოცამდე მზარეული ფუსფუსებდა და ტრაპეზს ამზადებდა. მოკლედ მთელი დღით ბადრის სტუმარი უნდა ვყოფილიყავი.

სანამ საქმეზე დავილაპარაკებდეთ, ბადრი თავის ცნობილ რიტუალს ასრულებდა - „აი, ბერეზოვსკი რეკავს“, - მეუბნება და მასთან მასლაათობს, მერე სხვა ცნობილ რუსებთან გააბა საუბარი.

გავიცანი ბადრის მეუღლე და სახტად დავრჩი: ძალიან სიმპათიური, წყნარი, განათლებული ქალის შთაბეჭდილება დამრჩა და სულ არ მოველოდი, რომ ბადრის ასეთი მეუღლე ეყოლებოდა.

საღამოს, სუფრა ჩრდილში გაიშალა, ათასნაირი კერძი და სასმელი დაახვავეს, მოკლედ სრულ სამოთხეში აღმოვჩნდი.

- მე და შენ საქართველოს უნდა მივხედოთ, - მეუბნება ბადრი, - ხომ ხედავ, ქვეყანა საითაც მიდის, ეკონომკა დასუსტებულია, მე ვიცი ის როგორ გავაჯანსაღო. უამრავი მეგობარი მყავს, რომლებიც ჩვენთან ფულს დააბანდებენ. აი, ახლა, ფრანგებთან მოლაპარაკება მაქვს, რომ ურეკში გოლფის მოედნები გავაკეთოთ, და ურეკიდან ქობულეთამდე სანაპირო ზოლის მოწყობის საინვესტიციო პროექტი გავაკეთე: ფიჭვნარში დახურულ სარეზიდენციო ზონას ავაშენებთ, სადაც საშუალო ზომის სახლებს ჩავდგამთ, თავისი გამოყოფილი პლაჟით და გოლფის მოედნებით”.

შემდეგ, განაგრძო, რომ ქობულეთში ტურისტულ ინფრასტრუქტურას სერიოზულად განავითარებდა. ამავე პერიოდში ბადრიმ ე.წ. ”იმედის” ქალაქის პრეზენტაცია მოაწყო, რომელსაც თავიდანვე სკეპტიკურად ვუყურებდი. საბოლოო ჯამში, რაც მან ამ იმედის ქალაქში გააკეთა, ძველი ბაზარი დაანგრია და მის ადგილზე შადრევანი ჩადგა. შადრევნების თემა მერე სააკაშვილმა აიტაცა და იმდენი შადრევანი დადგა, ხალხმა - „შადრევან პირველი“ შეარქვა.

ბადრის ურეკში დასახლებამ ეს ადგილი ძალიან გააძვირა. ყველაფრის ფასმა მოიმატა „ბადრი ამას იყიდის, ის მიწის ნაკვეთი მოსწონებია“, - გურულებში ასეთი ტიპის საუბრები პოპულარული გახდა და რახან ბადრის უნდა ეყიდა, ყველაფერს აძვირებდნენ.

- შენ გაქვს ტელევიზია, მე მაქვს ფული და პოლიტიკური გამოცდილება. ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის სასიკეთოდ ეს ყველაფერი ერთმანეთს შევუხამოთ და ერთი დიდი და კომფორტული პროექტი შევიმუშაოთ - აგრძელებს ბადრი საუბარს.

- ბადრი, მე არანაირი პოლიტიკური ამბიცია არ გამაჩნია, თუმცა პირდაპირ პასუხი რომ არ გითხრა, დავფიქრდები, პარტნიორებს მოვეთათბირები და რასაც გადავწყვეტთ შეგატყობინებ, დალაპარაკებას წინ არაფერი უდგას.

კვლავ პოლიტიკურ ორომტრიალში ვეხვეოდი, თუმცა სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. ტელევიზიას ვერ გავაჩერებდი, ასე უფრო დაუცველები აღმოვჩნდებოდით, ვმუშაობდით და ყველას თვალში ვეჩხირებოდით, შევარდნაძიდან დაწყებული, ფინანსურ საკითხებამდე - ყველაფერი პრობლემა გაგვიხდა. ცალკე ჟურნალისტებს ავიწროებდნენ და ეს ცალკე თავის ტკივილად გვექცა.

(გაგრძელება იქნება)