აშშ ბათირაშვილზე ინფორმაციის სანაცვლოდ, ჯილდოდ 5 მილიონ დოლარს აწესებს

აშშ ბათირაშვილზე ინფორმაციის სანაცვლოდ, ჯილდოდ 5 მილიონ დოლარს აწესებს

აშშ-ის სახელმწიო დაზვერვა საქართველოს მოქალაქის, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, თარხან ბათირაშვილის იგივე, აბუ ომარ ალ-შიშანი-ის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარის ჯილდოს გაცემის პირობას დებს. ვაშინგტონი კიდევ სამი ლიდერის აბდ ალ-რაჰმან მუსტაფა ალ-ქადულის, აბუ მუჰამედ ალ-ადნანისა და თარიქ ბინ-ალ-თაჰარ ბინ ალ ფალიჰ ალ-ავნი ალ-ჰარზის შესახებ ითხოვს ინფორმაციას. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ ტეხასში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

„ხალიფატის“ ორი სამხედრო წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების თემაზე კონფერენციის მსვლელობისას დალასში მდებარე საკონფერენციო ცენტრს დაესხა თავს. თუმცა, პოლიციამ მათი ლიკვიდაცია მალევე შეძლო. როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბათირაშვილისა და ადნანის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5-5 მილიონი დოლარის, ჰარზის შესახებ 3 მილიონი დოლარის, ხოლო ქადულის შესახებ 7 მილიონი დოლარის გაცემის პირობას დებს.

ადნანი „ისლამური სახელმწიფოს“ პრესსპიკერია, ჰარზი - ისლამისტების თვითმკვლელი ტერორისტების ხელმძღვანელი. რაც შეეხება თარხან ბათირაშვილს, ის „ისლამური სახელმწიფოს“ ჩრდილოეთ ფრონტის სარდალი და გაერთანებული შტაბის უფროსია. მას ავალია სამხედრო ოპერაციების კოორდინაცია. „ისლამური სახელმწიფო“ სირიისა და ერაყის დიდ ტერიტორიას აკონტროლებს, მათ მიზანს ისლამური ხალიფატის შექმნა და მკაცრი ისლამური კანონების დამკვიდრება წარმოადგენს. ისინი ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში, ხალხის დახოცვაში, გაუპატიურებასა და ბავშვების მკვლელობაში არიან ბრალდებულები.

კავკასილოგი, ალეკო კვახაძე აცხადებს, რომ თარხან ბათირაშვილი მას შემდეგ მოექცა აშშ-ის სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ, რაც იგი „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა და მონაწილეობა მიიღო ამერიკის ახლო აღმოსავლეთში მყოფი ყველაზე მთავარი მოკავშირეების ქურთების წინააღმდეგ ბძოლაში.

„უშუალოდ, ბათირაშვილს დაქვემდებარებული რაზმი აწარმოებდა ქურთული ანკლავის უშედეგო შტურმს რამდენიმე დღის განმავლობაში და სწორედ ამიტომ მოხდა ამ ადამიანის შეყვანა ტერორისტების სიაში. ის არის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი წამყვანი მეთაური, რომელიც სირიის ფრონტს ხელმძღვანელობს, ის აბუ ბაქარ ბაღდათისთან დაახლოებული პირია და ამიტომ არის ასეთი ინტერესი მასზე ამერიკის სპეცსამსახურის მხრიდან.

საკამოდ რთულია მისი ტყვედ აყვანა. როგორც წესი, ასეთი ადამიანები ტყვედ არ ბარდებიან. რაც შეეხება იმას, რამდენად ადვილად მისაღწევია მისი დაკავება, გვახსოვს რამდენი ხანი დასჭირდა ალ-ქაიდას ლიდერის ძებნას, ისეთ პირობებშიც კი, როდესაც პაკისტანის მთიანეთი და ავღანეთის უდიდესი ნაწილი სამთავრობო ჯარების მიერ კონტროლდებოდა. წარმოიდგინეთ, ამ შემთხვევაში, რამხელა სირთულესთან იქნება დაკავშირებული ბათირაშვილის მოძიება, მაშინ როდესაც ისლამური სახელმწიფო საკმაოდ დიდ ტერიტორიებს აკონტროლებს, მათ შორის - 2 მილიონიან მოსულს, 100-ზე მეტი მოსახლეობით დასახლებლ ქალაქს რაკკას, ფალუჯას, ბეიჯის და ა.შ. დღევანდელ პირობებში ძალიან ძნელია მისი მოძიება, მითუმეტეს, რომ ასეთ ადამიანებთან ძალიან ვიწრო წრეა დაკავშირებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ალეკო კვახაძე.

სამხედრო ექსპერტი, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ისლამური ხალიფატის მიერ ბაღდათისა და დამასკოს მიმართულებით სამხედრო ოპერაციის ახალ ფაზაში გადასვლის შემდეგ, თარხან ბათირაშვილის მიმართ ამერიკული დაზვერვის ყურადღება უფრო გააქტიურდა. მისივე თქმით, იმ შემთხევაში, თუ დამასკოზე ისლამური ხალიფატის წესრიგი დამყარდა, ეს საკმაოდ სერიოზული გამარჯვება იქნება და კიდევ უფრო გააძლიერებს თავის პოზიციებს ამ მიმართულებით.

„როგორც ჩანს, ეს კარგად ესმის ამერიკას და უკვე ბათირაშვილი მიაჩნიათ მთავარ მტრად. როგორც ჩანს, ქრისტიანების მასობრივ დახოცვაში ამერიკელები ბათირაშვილს და მის დაჯგუფებას ადანაშაულებენ, მაგრამ რამდენად არის კავშირში, ეს ცალკე თემაა. იმიტომ, რომ იქ სხვა ჯგუფებიც მუშაობენ, რომლებიც ასევე არიან რადიკალები, შარიათული სამართლის მიმდევრები, რომლებიც მხოლოდ ისლამური ხალიფატის სპეცსამსახურებს ემორჩილებიან და არა შეიარაღებული ძალების სარდლობას. ისლამური ხალიფატი იმდენად მომძლავრდა, რომ სერიზული საბრძოლო მოქმედებები განაახლეს და შესაძლოა, დამასკო დაეცეს. ასევე, სერიზოული საფრთხე ემუქრება ბაღდაღსაც, სადაც სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

პანკისის ხეობის მკვიდრი, 28 წლის თარხან ბათირაშვილი, იგივე - აბუ ომარ ალ-შიშანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა, ომიდან დაბრუნებული ბათირაშვილი საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ კი მან საქართველო დატოვა.

ექსპერტი სოსო ცისკარაიშვილი თვლის, რომ საქართველოს მოქალაქეობის დაფიქსირება არ არის რაიმე მაჩვენებელი საქართველოსთან დამოკიდებულებისა.

„უფრო ღრმად თუ ჩაიხედავენ ჩვენი ამერიკელი კეთილის მოსურვენი, მარტივად აღმოაჩენენ ასეთი ტრაგიკული ცვლილების მიზეზებს ადამიანის ბიოგრაფიაში, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამორჩეული გმირი იყო და, როგორ მოექცა მას სააკაშვილის ხელისუფლება მას შემდეგ, რაც იგი საომარი მოქმედების შემდეგ დაბრუნდა თბილისში.

რაც კი შეიძლებოდა დაბრალებოდა ადამიანს, ყველაფერი დააბრალეს და აღმოჩნდა ციხეში. ამიტომ, თვითონ მსოფმხედველობის ცვლილების მიზეზი უნდა ვეძიოთ სააკაშვილ-ადეიშვილ-მერაბიშვილის ტრიოში და არა მის ბუნებაში. მიუხედავად მძიმე წარსულისა, ძნელია რაიმე სიმპათია გქონდეს ქართველი მეომარის მიმართ, რომელმაც საკუთარი ქმედებით ასობით ადამიანი იმსხვერპლა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

აღსანიშნავია, რომ თარხან ბათირაშვილის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდება. ინფორმაციის წყარო კი ჩეჩნეთის ლიდერი, რამზად კადიროვია. ბათირაშვილის მკვლელობის შესახებ ბოლო ინფორმაცია 5 მაისს გავრცელდა, ინფორმაცია კადიროვმა დაადასტურა, თუმცა, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია „ისალმური სახელმწიფოს“ ინტერნეტ-გვერდებზე არ გამოქვეყნებულა. 

ალეკო კვახაძე ამბობს, რომ საქმე გვაქვს სამხედრო პროპაგანდასთან. მისი თქმით, აბსოლუტურად ყველა გამორჩეულ საველე მეთაურზე ვრცელდება ამ სახის ინფორმაცია.

„ასეთი ინფორმაციები ვრცელდება სხვადასხვა წყაროების მიერ და მათ შორის ჩეჩნეთის ლიდერის კადიროვის მხრიდან, მაგრამ იგი ამას შიდა პიარისთვის იყენებს. უფრო ხშირად ამას ავრცელებენ ირანული, ერაყული და ქურთული გამოცემები, რაც არ არის გასაკვირი. სანამ ეს ადამიანი აქტიურად იქნება ჩართული საბრძოლო მოქმედებებში, ასეთი ინფორმაციები ხშირად გავრცელდება იმიტომ, რომ ეს სამხედრო პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ალეკო კვახაძე.