„პრემიერმა ძალიან კარგად იცოდა, რა პროექტის დაფინანსებისთვის გამოყო თანხა“

„პრემიერმა ძალიან კარგად იცოდა, რა პროექტის დაფინანსებისთვის გამოყო თანხა“

ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 მაისს 11 საათზე განახლდება. მას შემდეგ, რაც მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა დასრულდება, ამის შემდეგ დაცვის მხარეს პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა ექნება. დღევანდელ დახურულ სხდომაზე მოსამართლემ მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარეების პოზიცია წინა სხდომაზე წარდგენილ შუამდგომლობებთან დაკავშირებით. 

როგორც ბრალდებულების ადვოკატი, სოსო ბარათაშვილის თქმით, დღევანდელ პროცესზე, დაცვის მხარე ასაბუთებდა, რომ მათი ყველა მტკიცებულება დასაშვებად, ხოლო ბრალდების მხარის შუამდგომლობები დაუშვებელ მტკიცებულებად ყოფილიყო ცნობილი.

„ჩვენ ჩვენს შუამდგომლობებში შევეცადეთ დაგვესაბუთებინა, რომ პროკურატურის პოზიცია დაცვის მხარის გარკვეულ შუამდგომლობებთან დაკავშირებით დაუშვებლად ცნობის თაობაზე არ უნდა იქნას გაზიარებული სასამართლოს მიერ.
რაც შეეხება ბრალდების პოზიციას, ვფიქრობთ, რომ ის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის დაუშვებლად ცნობასაც ჩვენ ვითხოვთ, ბრალდებამ ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტებით. კერძოდ, ბრალდება ვერ ასაბუთებს, რატომ უნდა იქნეს მიჩნეული დასაშვებად აღნიშნული მტკიცებულება, ეს არის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც არის გამოყვანილი იმ თანხის ოდენობა, რომლის გაფლანგვასაც ბრალდებულს ედავებიან“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

მისი თქმით, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულების შედგენის დროს უხეშად დაირღვა საკანონმდებლო ნორმები.

„ამიტომ ვითხოვთ ამ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას და მომავალ სხდომაზე მხარეები კვლავ წარმოადგენენ პოზიციას, უკვე დღეს წარდგენილი პოზიციიდან გამომდინარე. სასამართლო იმსჯელებს, თუ რომელი მტკიცებულება უნდა იქნას მიჩნეული დასაშვებად და რომელი დაუშვებლად“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.

სასამართლო პროცესს ტრადიცულად სასამართლოს ეზოდან ადევნებდნენ თვალყურს „თავისუფალი დემოკრატები“, რომლებიც პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე საუბრობენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი შალვა შავგულიძე for.ge-სთან აცხადებს, თუკი შეიძლება ამ დანაშაულის სუბიექტი პოტენციურად ვინმე იყოს, ეს უნდა იყოს მთავარობის წარმომადგენლები, რომელთა მართლზომიერ მფლობელობაში და განკარგვაში იმყოფებოდა ეს საქმე. მისივე თქმით, პერსონალური პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიკვეთოს ფინანსთა მინისტრის, რომელმაც პროექტი წარუდგინა მთავრობას და პრემიერ-მინისტრი, რომელმაც უშაულაოდ მოაწერა ხელი ამ თანხის გამოყოფას.

„თავდაცვის სამინისტრომ დაამუშავა პროექტი დაფინანსებასთან ერთად, რომელიც არც ტექნიკური და არც დაფინანსების თვალსაზრისით არ შეცვლილა. ეს დამუშავებული პროექტი მიაწოდა ფინანსთა სამინისტროს, რომელმაც მოიწონა ეს პროექტი და უკვე, ფინანსთა მინისტრმა დასამტკიცებლად წარადგინა მთავრობის სხდომაზე. მთავრობამ კოლეგიურად იმსჯელა ამ პროექტზე და მოიწონა. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გამოსცა განკარგულება და ხელი მოაწერა განკარგულებას კონკრეტული თანხის გამოყოფაზე. მხოლოდ მას შემდეგ გააფორმა თავდაცვის სამინისტრომ შემსრულებელთან ხელშეკრულება, რაც თანხის გამოყოფა პრემიერის ხელმოწერით იქნა დადასტურებული.

ის თანამდებობის პირები, ვის მფლობელობაში და განკარგვაში იმყოფებოდა საბიუჯეტო თანხები, არიან მთავრობის შემადგენლობაში. თუ უფრო მეტ პერსონიფიცირებას მოვახდენთ, ეს იყო ფინანსთა მინისტრი, რომელმაც წარადგინა მთავრობის სხდომაზე ეს პროექტი და შემდეგ, მთავარი გადაწყვეტილების მიმღები იყო პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ხელი მოაწერა მის მართლზომიერ განკარგვაში ყოფილიყო ეს თანხა. პრემეირ-მინისტრის ხელმოწერის გარეშე ეს თანხა ვერ გამოიყოფოდა. არავითარ გაფლანგვასთან საქმე არ გვაქვს, ვინაიდან, მიზანშეწონილად იქნა საბიუჯეტო თანხები გამოყოფილი და გამოყენებული“, - აცხადებს შალვა შავგულიძე.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის განცხადებაზე - პრემიერმა უბრალოდ გამოყო თანხა, ხოლო როგორ განკარგავდა და რაში დახარჯავდა, ეს უკვე თავდაცვის სამინისტროს კომპეტენცია იყო - შავგულიძე აცხადებს, რომ პრეს-ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადება საკამოდ უცნაურია.

„თუ ჩვენ გავყვებით იმ ლოგიკას, რაც პრემიერის პრეს-სამსახურმა გაავრცელა, გამოდის, რომ პრემირმა ისე გამოყო 4 მილიონზე მეტი საბიუჯეტო თანხა და ისე გადასცა თავდაცვის სამინისტროს, რომ მან ზოგადად იცოდა თურმე ამის შესახებ. პრემიერმა ძალიან კარგად იცოდა რა პროექტის დაფინანსებისთვის გამოყა ეს თანხა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას შალვა შავგულიძემ.

სასამართლოში ბრალდებულების მხარდასაჭერად მივიდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, მისთვის გასაკვირია, როგორ სძინავთ მშვიდი ძილით ივანიშვილს და ღარიბაშვილს, როდესაც უკვე მერამდენე თვეა უდანაშაულო ადამიანები საპყრობილეში არიან. ალასანიას იმედი აქვს, რომ ბრალდებულები ციხიდან მალე გათავისუფლდებიან და საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან.

„ხუთი კაცი არის პირადად ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი. ამ პერიოდის განმავლობაში, არც ერთი მოწმე არ გამოვლინდა ისეთი, ვინც ირიბად მაინც დაადასტურებდა ამ ბრალდებას, რომელიც ყველას ერთად წაგვიყენა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ.

დარწმუნებული ვარ, სასამართლო თავის ადგილს იპოვის. ეს ხალხი გამოვა ციხიდან და დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს. შემდეგ კი, ბუნებრივია, დადგება სერიოზული საკითხი პროკურატურისაც და კონკრეტულად ივანიშვილისაც, თუ საიდან წამოვიდა ეს ბრალდება და რა ედო საფუძვლად ამ პოლიტიკურ აქტს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.