ავტომანქანის უკანა სავარძლის მგზავრებს ღვედების გაკეთებას ევროპის ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც მალე მოსთხოვენ. შესაბამის საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე მსჯელობენ. უკანა სავარძლების მგზავრებისთვის ღვედების მოთხოვნა, ავტომობილების ტექდათვალიერება და ქვეითების მიერ რეფლექტორების ანუ ე.წ. შუქამრეკლების ტარების აუცილებლობა შს სამინისტროს იმ 10 პრიორიტეტული საკითხის ნუსხაშია, რომელიც საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრებას ითვალისწინებს.
აღნიშნული კუთხით უწყების ხედვებსა და გეგმებზე შს მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„საგზაო შემთხვევების რაოდენობა არ მცირდება ქვეყნის განვითარებასთან ერთად, პირიქით იზრდება კიდეც. მსოფლიოში ყოველ წელს 180 ათასზე მეტი ბავშვი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. ეს საკითხი აქტუალურია საქართველოშიც. სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა 1/3 ბავშვია, ისინი სათანადოდ ვერ აფასებენ საფრთხეებს და მათი ორგანიზმი ზრდასრული ადამიანების ორგანიზმზე მეტად დაუცველია“,- აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.
სწორედ, ბავშვებს უკავშირდება გაეროს საგზაო უსაფრთხოების მესამე გლობალური კვირეულის ლოზინგიც და ის ასე ჟღერს - „გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე“.
საგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა საკითხის სიმწვავეს კი ყველაზე მკაფიოდ მაინც სტატისტიკა აჩვენებს, რომლის თანახმადაც, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, ყოველწლიურად, მსოფლიოში 1.3 მლნ ადამიანი იღუპება და 50 მლნ იღებს დაზიანებას.
ევროპის ქვეყნების საუკეთესო მაჩვენებლებთან შედარებით საქართველოს გზებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა 4 ჯერ მაღალია. შსს ოფიციალური მონაცემებით 2013 წელს 514 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8,045 დაშავდა, 2014 წელს 511 ადამიანი გარდაიცვალა და 8,536 დაშავდა.
ნილს სკოტი, გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების მძიმე შედეგებზე საუბარს კონკრეტული მაგალითით იწყებს და ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი ერთ-ერთი ქალბატონის შემთხვევას იხსენებს“
„1906 წელს ლონდონში ავტოავარიას 44 წლის ქალბატონი ემსხვერპლა. ის ინგლისის დედაქალაქში შეჯიბრზე იყო ჩასული, მოცეკვავე შვილს გაჰყვა. დაეჯახა მანქანა, რომელიც 7 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. მაშინ მოსამართლემ განაცხადა, იმედი მაქვს, ასეთი უაზრობა აღარასდროს განმეორდებაო. 100 წლზე მეტი გავიდა მას შემდეგ და პირიქით ხდება, ყოველდღიურად, სულ უფრო მეტი ადამიანი იღუპება ავტოავარიების შედეგად. ავტოკატასტროფაში გარდაცვლილთა რიცხვი 1,3 მილიონს აღწევს, დაზიანებულთა რაოდენობა კი ბევრად მეტია. უმეტესად მსხვერპლნი ბავშვები და ახალგაზრდები არიან“, - აცხადებს ნილს სკოტი და აღნიშნავს, რომ პრობლემის მოგვარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სიჩქარეზე კონტროლის დაწესება, ნასვამ მდგომარეობაში მყოფების მიერ მანქანის მართვაზე განსაკუთრებული კონტროლის ამოქმედება.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში, ბორის იაროშევიჩი კი საქართველოს მაგალითზე საუბრისას ავტომანქანების რაოდენობაზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც ფეხით მოსაირულეებს დამატებით პრობლემებსა და საფრთხეებს უქმნის.
„საქართველოში ავტოპარკი სულ უფრო იზრდება, 1 მილიონი მანქანაა ქვეყანაში და მათგან 40% თბილისში მოძრაობს. სახლიდან სამსახურში ფეხით რომ მივდივარ და უკან რომ ვბრუნდები, დღეში 2-ჯერ ვდგავარ ავტოსაგზაო შემთხვევის რისკის წინაშე, მით უფრო მეტი რისკი აქვთ ბავშვებს. საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ქვეყანაში ევროკავშირის რეგულაციები უნდა ამოქმედდეს, მაგრამ, როგორც ვიცით, ბევრი ასეთი საკითხი დღეს არ არის პოპულარული, მაგალითად, ტექდათვალიერების საკითხი, რომელმაც არჩევნების შემდეგი დროისთვის გადაიწია“,- აცხადებს ბორის იაროშევიჩი.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელობის ხელმძღვანელის მოადგილე აღნიშნავს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით საქართველოში მნიშვნელოვან პროექტებს უკვე ახორციელებს ევროპის საინვესტიციო ბანკი და ეს ეხება როგორც ავტობანებს, ისე მეორადი მნიშვნელობის გზებს. თუმცა, დიპლომატი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოების ეფექტიანობისთვის მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია საზოგადოების მიდგომები და ფეხით მოსიარულეთა მიმართ დამოკიდებულებებიც შეიცვალოს.
გაეროს საგზაო უსაფრთხოების მესამე გლობალური კვირეულის ფარგლებში კონფერენცია „თბილისი რუმსში“ საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობისა და ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზატოროებით გაიმართა. ღონისძიების მიზანი ქვეითებისა და მძღოლების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების თაობაზე საზოგადოებისა და ხელისუფლების ინფორმირება იყო. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში მოღვაწე უცხოელი დიპლომატები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. პრობლემაზე ახალგაზრდების სახელით საკუთარი პოზიცია და ხედვა შესაბამის ვიდეორგოლთან ერთად წარმოადგინა თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლემ, რომელმაც კონფერენციის მონაწილე მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატების ინტერესი გამოიწვია.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა საგზაო უსაფრთოების დოკუმენტზე უკვე მუშაობს და შესაბამისი პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება.