საქართველოს მთავრობამ იურიდიული და ლობისტური კომპანია Pillsbury Winthrop Shaw Pittman-ი დაიქირავა აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობებისა და აშშ-ის ადმინისტრაციის და კონგრესის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის კუთხით რჩევების და დახმარების მისაღებად, ასევე, საქართველოს ნატოში მისწრაფებების მისაღწევად, შესაბამისი ღონისძიებების და შეხვედრების ორგანიზებისა და აშშ-სთვის საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მისაწოდებლად. ერთწლიანი კონტრაქტის თანახმად, მთავრობა Pillsbury–ს თვეში 50 000 აშშ დოლარს გადაუხდის.
2013–2014 წლებში საქართველოს მთავრობა იურიდიული და ლობისტური კომპანიის Squire Patton Boggs-ის მომსახურებით სარგებლობდა. კომპანიამ 2013 წლის დასაწყისიდან 2014 წლის შუა პერიოდამდე საქართველოს მთავრობისგან დაახლოებით 1.34 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, როგორც ამის თაობაზე უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშებშია ნათქვამი.
კონტრაქტის თანახმად, Pillsbury, ასევე, დაიქირავებს ვაშინგტონში მდებარე საკონსულტაციო კომპანიას Harbour Group-ს, როგორც ქვეკონტრაქტორს, „კლიენტისთვის დამატებითი მედია მომსახურების გაწევის მიზნით“.
ლობისტების დახმარებით გაჩაღებული პოლიტიკური ომი ახალ და ძველ ხელისუფლებას შორის ხშირად განსჯის საგანი იყო. სააკაშვილს საყვედურობდნენ, რომ ის საქართველოს გადასახადის გადამხდელთა ჯიბეს უცხოელი ლობისტებისთვის აცარიელებდა და, ამით საქართველოს იმიჯის ნაცვლად, საკუთარ პიარზე ზრუნავდა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს ყოფილმა უშიშროების საბჭომ ლობისტურ კომპანიებზე ბიუჯეტიდან 16 მილიონი ლარი დახარჯა. უფრო მეტიც, საჯარო ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო უწყებებს ჯამში 1.8 მილიონი დოლარის კონტრაქტორი ლობისტები ჰყავდათ. სწორედ ბიუჯეტიდან და სხვა სავარაუდო დანახარჯებიდან ნაციონალების მიერ უშურველად გაღებულ თანხებს უკავშირებდა ივანიშვილი უცხოურ პრესაში გახშირებულ სტატიებს, რომლებიც მის მთავრობას მწვავედ აკრიტიკებდნენ - Washington Post-ი, The New York Times-ი, The Economist-ი, Wall Street Journal-ი ივანიშვილს და მის ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების დევნაში ადანაშაულებდნენ.
სააკაშვილის ხელისუფლებას ირონიით იმასაც შეახსენებდნენ, რომ მათ კონტრაქტი კიდევ ორ ამერიკულ ლობისტურ ფირმასთან - Prime Policy Group-თან და Gephardt Government Affairs-თან გააფორმეს. Prime Policy Group-ის კლიენტები კი იყვნენ ისეთი ოდიოზური დიქტატორები, როგორც სომალის პრეზიდენტი მუჰამედ სიად ბარე, ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოსი, ზაირის პრეზიდენტი მობუტუ სესე სეკო, ნიგერიის პრეზიდენტი იბრაჰიმ ბაბანგიდა, აგრეთვე, ანგოლური მეამბოხე დაჯგუფება „უნიტას“ ლიდერი ჟონას სავიმბია.
ლობისტური მომსახურებით სარგებლობა აგვისტოს ომის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ინტერესით განაახლა სააკაშვილმა. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველომ 1.666 მლნ. ამერიკული დოლარის ღირებულების კონტრაქტები დადო ამერიკელ ლობისტებთან, ხოლო 2004 წლის დასაწყისიდან, როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, საქართველომ დახარჯა 2.619 მლნ. ამერიკული დოლარი აშშ-ში თავისი პოლიტიკური იმიჯის გამოსასწორებლად.
თავის მხრივ, ნაციონალებსაც ჰქონდათ სათქმელი. ისინი აცხადებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ლობისტურ მომსახურებაში თვეში მინიმუმ 300 ათას დოლარს იხდიდა. მაგალითად, მხოლოდ ერთ კომპანიასთან (Patton Boggs LLP) 10-თვიანი კონტრაქტი ივანიშვილს 1.6 მილიონი დაუჯდა. მეტიც, ივანიშვილს არჩევნებამდე, სულ მცირე, 5 ლობისტური ორგანიზაცია ჰყავდა აშშ-ში.
სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში კულუარულად, სწორედ „რესპუბლიკურ“ წყვილს ბრალდებოდა, რომ მათ ვერ შეურჩიეს „ოცნებას“ სწორი ლობისტები.
თუ გავითვალისწინებთ მოარულ ფრაზას, რომ ამერიკა დგას ლობისტებზე, საინტერესოა, როგორ უყურებენ ღარიბაშვილის მთავრიბის მიერ ლობისტების დაქირავებას ჩვენი პოლიტიკოსები და ექსპერტები?!
ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ კარგია, თუ ეს კონტრაქტი შედგა და საქართველოს მთავრობამ ლობისტურ საქმიანობაში დასახულ მიზანს მიაღწია. მით უფრო, თანამედროვე პოლიტიკა შეუძლებელია იმ ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე, რომელიც კანონიერი და ნებადართულია.
„აუცილებელია და დიდი ხნის წინ იყო საჭირო ასეთი საქმიანობის წარმოება საზღვარგარეთ, მათ შორის, შეერთებულ შტატებშიც, რომელიც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ურთიერთობას აქვს დიდი მნიშვნელობა. ამერიკის პოლიტიკურ კლასს უნდა ჰქონდეს ადეკვატური წარმოდგენა ქართველი ხალხის მისწრაფებებზე, მის შინაგან მრწამსზე, ინტერესებზე. დღეს შეერთებულ შტატებში, მე ვიტყოდი, არაადეკვატური წარმოდგენაა ქართველ ხალხზე, არის ისეთი განცდა, თითქოს ქართველებმა მკაფიო უარი უთხრეს არა მარტო ნაცმოძრაობას, არამედ ამით ეჭვქვეშ დააყენეს ევროატლანტიკური არჩევანი, რაც ასე არ არის. რა მოცულობით და მასშტაბით უნდა ვაწარმოოთ ჩვენ ლობისტური საქმიანობა დასავლურ პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრებში, ეს დასაფიქრებელია, რადგან ჩვენი ფინანსური რესურსები არ არის ამოუწურავი.
სააკაშვილის ხელისუფლება მეორე უკიდურესობაში იხრებოდა და ბევრს ხარჯავდა ჩვენი გადასახადების გადამხდელთა ფულს ლობისტურ საქმიანობაზე, ასეთ უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, მაგრამ ლობისტური საქმიანობის იგნორირება თანამედროვე პოლიტიკაში დაუშვებელია. ჩვენი დიპლომატიური კორპუსი და ქართული დესანტი შეერთებულ შტატებში, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანია, კარგად უნდა ერკვეოდეს იქაურ კონიუნქტურაში, იქაურ კომპანიებში და უნდა შეარჩიოს თავისი შესაძლებლობებით გამორჩეული პარტნიორი, რომ გადასახადის გადამხდელთაგან გადახდილი ფული წაადგეს ქართულ საქმეებს დასავლეთში“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე, რომლის აზრითაც, თუ Pillsbury გააკეთებს 50 ათასი დოლარის საქმეს თვეში, რა თქმა უნდა, ამ თანხის გაღება გამართლებული იქნება. თუ არადა, ეს იქნება წამგებიანი კონტრაქტი.
ნაცმოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე For.ge-სთან საუბარში ეჭვობს, ლობისტებმა რაიმე რადიკალურად შეცვალონ, რადგან ამ ხელისუფლების მთავარი პრობლემა ისაა, რომ მათ არ აქვთ ის ჩამოყალიბებული სტრატეგია ურთიერთობაში, რაზეც ააგებს ლობისტური კომპანია კონკრეტულ ქმედებებს და რაც გაგიყვანს შედეგამდე. მისი თქმით, სულ რაღაც ორი კვირის წინ იგი ვაშინგტონში იმყოფებოდა და იქიდანაც ვერ დაინახა საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია ამერიკასთან ურთიერთობაში. ამდენად, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ სხვა ამ ხელისუფლების ნაცვლად საქმეს ვერ გააკეთებს.
ჩვენ დავინტერესდით, რას იტყოდა იგი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ლობისტებისთვის გაღებულ კოლოსალურ თანხებზე, რასაც ქართველი ხალხი გადაყრილად მიიჩნევდა, რაზეც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა:
„საქართველოს მაშინ ჰქონდა კონკრეტული სტრატეგია ევროპასა და ამერიკასთან ინტეგრაციისთვის. ეს შედეგები შეგვიძლია გავზომოთ კონკრეტული რამით - მაგალითად, ევროპასთან ასოცირების შეთანხმებით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობით აშშ-სა და ევროკავშირთან. გარდა ამისა, როცა საქართველოს სჭირდებოდა შესაბამისი განცხადებები, კეთდებოდა კიდეც ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროსაბჭოს მხრიდან. რუსეთის აგრესიის დროს კონკრეტული მხარდაჭერა ჰქონდა საქართველოს დასავლური ძალებისგან. მცოცავ ოკუპაციას, რომელიც დღემდე გრძელდება, ნაციონალების დროს მოჰყვებოდა მკაცრი რეაგირება აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან, რაც არ მოხდა „ქართული ოცნების“ დროს. რაც შეეხება Pillsbury-ს, არ ვიცნობ ამ კომპანიას, მაგრამ უმეცრება იყო ამ ყველაფრის კრიტიკა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რატომ ხარჯავდნენ ნაციონალები ამხელა თანხებსო. ეს არ იყო არც სააკაშვილის, არც ვინმე სხვა პირის პერსონალური იმიჯი, ეს იყო ქვეყნის იმიჯი, რადგან ამ სტრატეგიის შედეგად საქართველო ამერიკის და ევროკავშირის რუკაზე ახლებურად გაჩნდა“, -აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 2012-დან დღემდე დასავლეთსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობა გრძელდება და, როგორც ჩანს, ჩვენმა მთავრობამ ლობისტების დაქირავების გარდა, სხვა გამოსავალი ვერ მოძებნა.
„გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილსაც ჰყავდა ლობისტები და ივანიშვილიც კი არჩევნების პერიოდში იძულებული გახდა, გამოეყენებინა ლობისტური მომსახურება, ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. არ ვიტყვი, ნახევარი კონგრესი-თქო, მაგრამ კონგრესმენთა გარკვეული ნაწილი სააკაშვილს მხარს უჭერდა, შესაბამისად, ამ ხელისუფლებასაც ნამდვილად დასჭირდება ლობისტები დასავლეთთან ურთიერთობისთვის. ამ ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრობლემა მუდმივად იყო თავის მართლების რეჟიმში ყოფნა, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს. ყველაფერი ფარდობითია, ჩემთვის ეს 50 ათასი აშშ დოლარი ყოველთვიურად ასტრონომიული ციფრია, მაგრამ დასავლეთში ლობისტური კომპანიებისთვის ეს არც ისე დიდი ფინანსებია. მეორე ნაწილია აქ, როცა ქვეყანაში მძიმე ვითარებაა, ქვეყანას სჭირდება არა მარტო პოლიტიკური ლობისტის მხარდაჭერა, არამედ ეკონომიკური მხარდაჭერაც. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში (გრანტებით და სხვა) იყო და არის აშშ, ალბათ, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სააკაშვილის მსგავსად, სჯობს, თუნდაც 600 ათასი გასცენ და 6 მილიონი მიიღონ“.