ქართველი ფეხბურთელები გულშემატკვარს წარმატებული თამაშის ნაცვლად, ჩაწყობილ თამაშებს და მოსყიდვის ფაქტებს სთავაზობენ. შსს-მ ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე 8 პირი დააკავა. დაკავებული არიან საფეხბურთო კლუბ „სტუ თბილისის“ პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ „საჩხერის ჩიხურას“ ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე.
ასევე, დაკავებულა აზიური ტოტალიზატორის - „ibcbet“-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში, საფეხბურთო კლუბ „ხარაგაულის ჩხერიმელას“ მოქმედი ფეხბურთელები, საფეხბურთო კლუბ „ქუთაისის ტორპედოს“ ყოფილი ფეხბურთელი და ასევე ორი პირი, რომლებიც მოსყიდვაში მონაწილეობდნენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე თანხის სანაცვლოდ, წინასწარ ურიგდებოდნენ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილე სხვადასხვა გუნდის წარმომადგენლებს კონკრეტული საფეხბურთო მატჩების სასურველი შედეგით დასრულებისთვის. შემდეგ, წინასწარ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ონლაინ ტოტალიზატორებში შესაბამის ფსონებს ათავსებდნენ და მოგებულ თანხას ერთმანეთში ინაწილებდნენ.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრების მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ქართველი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადება გაავრცელა ფეხბურთის ფედერაციამ. სფფ-ში აღნიშნავენ, რომ მზად არიან მუდმივ რეჟიმში ითანამშრომლონ შსს-სთან ჩაწყობილი - გარიგებული მატჩების ორგანიზატორთა და ამ პროცესში ჩართულ პირთა გამოსავლენად.
„ბოლო წლებში გადადგმული მკაცრი სადამსჯელო ნაბიჯებისა, დაჭერებისა თუ საფეხბურთო ოჯახიდან მოკვეთის არაერთი მაგალითის მიუხედავად, მათ მაინც ვერ გაითავისეს ის რისკები და საშიშროება, რაც ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებასა თუ თანამონაწილეობას მოსდევს თან.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები თუ კლუბებში დასაქმებული სხვა პირები სრულფასოვნად გაიაზრებენ იმ ზიანის მასშტაბებს, რაც თითოეული ასეთი შემთხვევის გამოვლენისას ქართულ ფეხბურთს ადგება და ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვიან მსგავს გარიგებებში მონაწილეობაზე“, - აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციაში.
თამაშების ჩაწყობის ბრალდებით 8 პირის დაკავებას გამოეხმაურა სპორტისა და ახლგაზრდობის საქმეთა მინისტრი. ტარიელ ხიჩიკაშვილის განცხადებით, გარიგებული მატჩები ქართული სპორტისთვის ძალიან დიდი ლაქაა. მინისტრი თვლის, რომ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემები, რომ ასეთი ფაქტები ერთობლივად აღიკვეთოს.
„ეს ძალიან ცუდია ქართული ფეხბურთისთვის, სპორტული სამყაროსთვის და ალბათ, დროულად უნდა მოახდინოს რეგირება ფედერაციამაც, ჩვენ სპორტის სამინისტრომაც. ასეთი ლაქა ქართული სპორტისთვის ძალიან ცუდია და უნდა შევქმნათ ისეთი სისტემები, რომ ასეთი ფაქტები ერთობლივად აღიკვეთოს“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ჩაწყობილი თამაშების ფაქტზე 2014 წლის 24 სექტემბერს 8 მსაჯი დააკავეს. თუმცა, საქმეზე ბრალდებულ მსაჯებთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო პირობების მიხედვით ბრალდებულება ორი წლით შეეზღუდებათ საქმიანობის უფლება.