„ლარის კურსის გაუფასურებით ისარგებლეს კომერციულმა ბანკებმა“

„ლარის კურსის გაუფასურებით ისარგებლეს კომერციულმა ბანკებმა“

„მე ვადანაშაულებ ბიძინა ივანიშვილს უმოქმედობაში, თორემ „საქართველოს ბანკი“ რომ ფულს აკეთებს, ეს ვის უკვირს?!“-აცხადებს For.ge-სთან საუბარში „ცენტრ-პოინტის“ წარმომადგენელი ვახტანგ რჩეულიშვილი და ხალხის გაღატაკების ხარჯზე მოწყობილ „ეკონომიკურ თამაშებში“ „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელის, ირაკლი გილაურის კვალს ხედავს, რომელიც ნაციონალებისდროინდელი პრემიერის-ნიკა გილაურის ძმაა.

კერძოდ, ვახტანგ რჩეულიშვილი სავალუტო ჯიხურების მეპატრონეებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ლარმა გაუფასურება დაიწყო, განსაკუთრებით, გააქტიურდა „საქართველოს ბანკი“, რომლის წარგზავნილებიც ყოველდღიურად სავალუტო ჯიხურებიდან ყიდულობდნენ მილიონს და მეტ ვალუტას, მეორე დღეს უფრო კარგ ფასად გამოჰქონდათ და ამით ხელს უწყობდნენ ლარის კიდევ უფრო მეტ გაუფასურებას. მართალია, ეს პირდაპირი დანაშაული არ არის, რადგან ბანკი მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა, მაგრამ მორალურად, ასეთ ეკონომიკურ-საფინანსო თამაშებში ჩართვა, რაც მოსახლეობას აღარიბებს, ამორალურია.

რჩეულიშვილის თქმით, „საქართველოს ბანკის“ ამ ქმედებებზე, რასაკვირველია, ინფორმაცია ექნებოდა მთავრობას, მაგრამ მთავრობას არაფერი უღონია და არც ეროვნულ ბანკს აღუკვეთავს ეს თამაშები.

რჩეულიშვილის აზრით, ლარის დაღმავალი დინამიკით სპეკულირებაში ნაციონალების ხელწერა იგრძნობა. თუმცა, ერთი რამ ცხადია, ნებისმიერი ოპოზიციური პარტია გამოიყენებდა ლარის არასტაბილურობას საიმისოდ, რომ დაემტკიცებინა ხელისუფლების უუნარობა. ამდენად, აქ ნაციონალებზე მეტად ივანიშვილის ფაქტორია ამოუხსნელი.

„ივანიშვილია მთავარი კითხვა ჩემთვის. რატომ არ შეცვალა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი?! ამ პოსტზე ნოდარ ჯავახიშვილი რომ დაენიშნა, საერთაშორისო მოვლენებზე რაც იყო დამოკიდებული, იმას ვერ შეცვლიდნენ, ლარი მაინც გაუფასურდებოდა, მაგრამ მთელ რიგ სპეკულაციებს თავიდან აიცილებდნენ. ერთი წლის წინ შევხვდი ჯავახიშვილს და მეუბნება, ბიძინას ვერც ვხედავ, არავითარი კონტაქტი არ მაქვსო. რეალურად, ივანიშვილი გამოთიშულია პროცესების მართვას. რასაც ივანიშვილი დემოკრატიას თამაშობს, ეს მესმის, რომ მას არ უნდა პროცესებში ჩარევა, არჩევითობის ვადის გათვალისწინებით არ აპირებს ქადაგიძის გადაყენებას, მაგრამ, როცა დგება ხელისუფლებაში შენი ყოფნისა და პოლიტიკის გადარჩენის საკითხი, უნდა ჩაერიო. სუსტი აღმოჩნდა მმართველი - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ვერც ეროვნულ ბანკს მოერია, ვერც - „საქართველოს ბანკს“.

დემოკრატიულ პროცესებს ვეცი პატივიო, - ბიძინამ და ამ პატივისცემაში, კოტე კუბლაშვილის შენარჩუნების მსგავსად, მისი ძალა არ ჩანს. არადა, ქვეყანაში ხელისუფლება უნდა იგრძნობოდეს. მე რომ მკითხოთ, ყველა ბანკი ჟულიკია, მაგრამ მაინც პატივს ვცემ ინსტიტუციონალურად, რადგან ბანკის გარეშე ეკონომიკა ვერ მოქმედებს. თუმცა რეგულაციები უნდა აწარმოოს ეროვნულმა ბანკმა. თუ ამას არ აკეთებს, მას პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მთავრობამ. ხალხი არ უნდა გაღატაკდეს ისე, რომ ილოცონ ბედნიერ კომუნისტურ ხელისუფლებაზე. მიშა სააკაშვილი ხალხს რატომ ენატრება? - მართავდა მაინც პროცესებს, კორუფციას ებრძოდა, ესენი არაფერს არ მართავენ“, - აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელიც „საქართველოს ბანკს“ სხვა ცოდვებშიც ადანაშაულებს. მისი თქმით, „საქართველოს ბანკმა“ დაანგრია ქართული ეკონომიკა, ეს ბანკი სამშენებლო კომპანიებს ფლობდა და ყველგან წილში ჩაჯდომა სურდა, სარგებლობდა რა პრემიერის ლობისტური მხარდაჭერით“.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ნაციონალების ინტერესი არ გამოირიცხება და მათი ინტერესი შეიძლება ბევრად მეტი იყოს ლარის კურსის გაუფასურებაში, რაც ცალსახად, შექმნიდა აჟიოტაჟს მოსახლეობაში და არასტაბილურობის შეგრძნებას გააღვივებდა.

„ნაციონალების ინტერესი აქ საკმაოდ დიდია, თუნდაც იმავე ნიკა გილაურის ფაქტორიდან გამომდინარე, რომლის ძმაც-ირაკლი გილაური „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელია. თუნდაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის - ქადაგიძის ფაქტორიდან გამომდინარე. ნაციონალები რომ კეთილგანწყობილნი არ არიან ამ მთავრობის მიმართ, ეს ფაქტია. რაც შეეხება ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებას, რომ „საქართველოს ბანკმა“ ამ პროცესებით იხეირა, ალბათ, რჩეულიშვილი იმასაც გულისხმობდა, რომ „საქართველოს ბანკი“ გასულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, გასულია სხვა ქვეყნებშიც, მას თურქეთშიც აქვს ფილიალი და სხვა. ის, რომ ლარის კურსი გაუფასურდა იმიტომ, რომ „საქართველოს ბანკმა“ ჯიხურებიდან დიდი ოდენობით ვალუტა შეისყიდა, არა მგონია, მთლად სწორი იყოს. თუმცა, შეიძლება, არსებობის უფლება ჰქონდეს ასეთ განცხადებას“, - აცხადებს პაატა აროშიძე.

მისი თქმით, ლარის კურსის სტაბილიზაცია ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა და ეს ბანკის კონსტიტუციაშია ჩაწერილი. ამის მიუხედავად, არ შეიძლება, მხოლოდ ერთ ადამიანს ჩამოვკიდოთ თოკი. აქ კომპლექსური პრობლემებია, აქ არის ეკონომიკური პროფილის სამინისტროების, ქვეყნის სავალუტო ბალანსის, საგარეო პირობების ფაქტორი, თუმცა სადღაც 40% შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის ბრალი. ამიტომ კარგი იქნებოდა, ქადაგიძე შეცვლილიყო, რასაც მისმა არჩევითობამ შეუშალა ხელი და თანამდებობიდან ვერ გაათავისუფლეს. ზოგადად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთლიან ეკონომიკურ ბლოკს უნდა აეღო პასუხისმგებლობა ლარის კურსის გაუფასურების გამო.

ექსპერტი საბანკო საქმეებში ლია ელიავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, კონკრეტულად, ვერ დაადასტურებს „საქართველოს ბანკმა“ იხეირა თუ არა ლარის ინფლაციით და რა თანხები გაჰქონდა ამ ბანკს სავალუტო ჯიხურებიდან, მაგრამ აცხადებს, რომ ვალუტის ცვლილებით მოგება ნახეს მათ, ვინც ვაჭრობს ვალუტით. ამიტომ უპრიანი იქნებოდა, განხილულიყო, რატომ იცვლება სავალუტო კურსი ასე სწრაფად და ვინ უწყობს ხელს ამ პროცესებს.

„ამით ისარგებლეს იმათ, ვისაც ხელი მიუწვდებათ ვაჭრობაზე, მათ შორის, კომერციულმა ბანკებმა. საუბარია იმ საფინანსო წრეების წარმომადგენლებზე, რომელთაც გააჩნიათ დიდი თანხები კონვერტაციისათვის, მოსახლეობა ნამდვილად არ იხეირებდა ამ პროცესებით. ხალხს საამისოდ არც შესაბამისი თანხები გააჩნია და არც ვალუტის კურსის პროგნოზირება ხელეწიფება. როგორც ჩანს, ეროვნული ბანკი საერთოდ არ ერევა კომერციული ბანკების საქმეებში და ეს არის ძალზე ცუდი ტენდენცია, რადგან კომერციული ბანკები არ არის ჩვეულებრივი ბიზნესსტრუქტურები, როგორც, მაგალითად, სავაჭრო ობიექტები და სამშენებლო კომპანიები, ეს არის ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტები. ეროვნული ბანკი ამ ინსტუმენტებს უნდა იყენებდეს ქვეყნის ეკონომიკის საკეთილდღეოდ და არ უნდა გადაიქცეს ამ ინსტრუმენტების მომსახურების სააგენტოდ.

ის, რომ ეროვნული ბანკი არაადეკვატურად იქცევა, ამას ვამბობ უკვე მერამდენე წელია, მაგრამ ჩემი ხმა არავინ შეისმინა, სანამ ეს ტრაგედია არ დატრიალდა. რატომ არ დგება ქადაგიძის პასუხისმგებლობის საკითხი და რატომ დატოვეს ამ პოსტზე, არ ვიცი. ერთადერთი ვიცი, რომ 2012 წელს უკვე ჩემოდნები ჰქონდა ჩალაგებული და თანამშრომლებს დაემშვიდობა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა. მათი საქმიანობა ღუპავს ქვეყნის ეკონომიკას“.