საქართველო ადასტურებს საგარეო პოლიტიკის კურსის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების უცვლელობას

საქართველო ადასტურებს საგარეო პოლიტიკის კურსის და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების უცვლელობას

იტალიაში,მაისის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრისდაგეგმილ ვიზიტამდე იტალიური საინფორმაციო სააგენტო „ANSA“ ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. პრემიერი აცხადებს, რომ  საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები არ შეიცვლება, მთავრობის ახალი გუნდი კი დაწყებული რეფორმების განხორციელებას განაგრძობს.  ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატით, კონკურენტუნარიანი ეკონომიკური გარემოთი და კვალიფიციური მუშახელით იტალიაც დაინტერესდება.

 „ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა და ამ მხრივ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები არ შეიცვლება! მთავრობის ახალი გუნდი დაწყებული რეფორმების განხორციელებას განაგრძობს" - ადასტურებს "ANSA Nuova Europa"-სთან საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მისი მთავრობის ორი წევრისგადადგომის შემდეგ. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში სულ შვიდი მინისტრი გადადგა.

უცნაური არაფერია, აცხადებს პრემიერი. მისი თქმით, "ეს  ქვეყნის დემოკრატიული და პოლიტიკური განვითარების ჩვეულებრივი გზაა". ირაკლი ღარიბაშვილი ამ ფაქტს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ტექნიკურ ნაბიჯს უწოდებს, რომლის   მიხედვითაც, როცა მთავრობას მინისტრთა კაბინეტის ერთი მესამედი ტოვებს (სულ 19),ახალი გუნდი  პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარდგეს. პრემიერი ამბობს, რომ საჭიროა შესაბამის პოზიციაზე შესაფერისი კანდიდატურა შეირჩეს და თუ მინისტრი არაეფექტურია, მას უფლება აქვს, ის თანამდებობიდან მოხსნას და შეცვალოს.  ამ კვირის ბოლოს მოვლენები სწორედ  ასე განვითარდა.  ღარიბაშვილმა სამი ახალი მინისტრი დანიშნა, მოულოდნელი აღმოჩნდა თავდაცვის სფეროზე პასუხისმგებელი პირის შეცვლა.

ამ ეტაპზე გადამწყვეტი სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, შედეგი შესაძლებელია მოულოდნელიც იყოს. „ნდობის მოპოვება ტექნიკური პროცედურაა“, - ამბობს პრემიერი, „გვაქვს 88 ადგილი“ (150-დან) და ნდობის მოპოვებისთვის საკმარისია 76.  ირაკლი  ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ საერთაშორისო ვალდებულებებთან მიმართებაში არავითარი სიურპრიზი არ არის მოსალოდნელი: „ვემზადებით აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისთვის (2015 წლის 21-22 მაისი) საიდანაც ველით ნათელ, პოზიტიურ სიგნალს, განსაკუთრებით, ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით."

2012 წლიდან, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კოალიცია„ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა, "ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს ქვეყანა დემოკრატიულ ქვეყანად გარდაგვექმნა და წინ წავსულიყავით სოციალური და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით". პრემიერის თქმით, საბოლოო მიზანი ევროკავშირში შესვლაა. "ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა არ არის მიმართული რუსეთის, ან რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა სტაბილურობა და მშვიდობა რეგიონში“. სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომელიც ამ კავკასიური ქვეყნის ნატო-ში შესვლითაც მიიღწევა. „ამას დრო სჭირდება, ჩვენ ეს კარგად გვესმის.  საქართველოს გაწევრიანება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. უნდა მოვიცადოთ" - ამბობს პრემიერი.  "მოსკოვთან - აგრძელებს პრემიერი - ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პრაგმატული მიდგომის შესახებ. ორი წელია, რაც დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი, რის შედეგადაც, მათი ბაზარი კვლავ გაიხსნა ჩვენი პროდუქტებისათვის". არავითარი შიში რიგის სამიტთან დაკავშირებით:„არ ვღელავ რუსეთის რეაქციის გამო და არ მგონია, რომ კვლავ ვილნიუსის შემდგომი სცენარი გვექნება", რამაც უკრაინის კრიზისი გამოიწვია.

პრემიერი აღნიშნავს, რომ საქართველოს "ტერიტორიის 20% უკვე ოკუპირებულია. სხვა რაღა შეიძლება მოხდეს", - დასძენს ის ირონიულად.

28-29 მაისს საქართველოს პრემიერი იტალიაში უნდა ჩავიდეს. "ეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება პრემიერ-მინისტრის რანგში. ჩემი მიზანია, გავამყარო ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით, ეკონომიკის სფეროში და ქვეყანაში ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ". საქართველოს „აქვს დიდი პოტენციალი“,- ხაზს უსვამს პრემიერი. 2014 წელს, "ჩვენს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 29%-ით, ეს საუკეთესო შედეგია 2007 წლიდან". ასევე გასულ წელს "ჩვენმა ეკონომიკურმა ზრდამ მიაღწია +4,8%-ს". თუმცა, წლევანდელი შედეგებით ეს ზრდა შემცირდა. პრემიერის თქმით, ცხადია, ეკონომიკური  კრიზისი მეზობელ ქვეყნებში - უკრაინასა და რუსეთში, ასევე ქართული ვალუტის, ლარის გაუფასურება და ფულადი გზავნილების შემცირება, ეს მიზეზებია, რამაც გამოიწვია ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება; თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მთელი რიგი შეთანხმებების წყალობით, მათ შორის, დსთ-ის ქვეყნებთან და თურქეთთან, საქართველო წარმოადგენს კარს/გასასვლელს უფრო ფართო რეგიონალური ბაზრისკენ.

"ჩვენ ვართ ენერგოტრანზიტის და დიდი ინფრასტრუქტურების ქვეყანა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს არა მარტო კასპიის რეგიონს, თურქეთს და ევროპას, არამედ ჩინეთსაც - "აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის" მეშვეობით,  რაც წარმოადგენს სახმელეთო გზას, რომელიც კვეთს ცენტრალურ აზიას და ირანისა და თურქეთის გავლით ევროპამდე აღწევს. "საინვესტიციო კლიმატი ხელსაყრელია, ეკონომიკური გარემო კონკურენტუნარიანი, მუშახელი კვალიფიცირებული, - დასძენს პრემიერ-მინსიტრი - ვიმედოვნოთ, რომ ამ შესაძლებლობებს იტალიაც გამოიყენებს".

http://www.ansa.it/nuova_europa/it/notizie/rubriche/politica/2015/05/04/georgia-conferma-politica-estera-e-aspirazione-a-ue-nato_b8cd8490-bf2a-4a3a-9084-90adb9e68600.html