„ფორდი“ ამერიკაში პირველობს

„ფორდი“ ამერიკაში პირველობს

ორწლიანი ვარდნის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საავტომობილო ბაზარი გამოცოცხლებას იწყებს.

მიმდინარე წლის აპრილში ამ ქვეყანაში 780 265 ავტომობილი გაიყიდა, რაც 13,3 პროცენტით მეტია წინა წლის იმავე პერიოდში გაყიდულთან შედარებით.

განსაკუთრებით წარმატებული წლევანდელი აპრილი „ფორდ მოტორსისთვის“ გამოდგა, რომელმაც, უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, პირველად გაყიდა უფრო მეტი ავტომობილი, ვიდრე „ჯენერალ მოტორსმა“.

ექსპერტების განცხადებით, ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებლები მოსალოდნელზე გაცილებით უკეთესია და ეს ტრადიციული სეზონური გაყიდვების კლებისა და იაპონური კონცერნის „ტოიოტა მოტორსის“ პრობლემების მიუხედავად მოხდა.

„ფორდი“ პირველობისკენ ბოლო 5 თვის განმავლობაში მიდიოდა. ამ ბრენდის წარმომადგენლები საკუთარ წარმატებას მარკეტინგის გაუმჯობესებას უკავშირებენ. მათმა ავტომობილებმა ჯერ „ტოიოტას“ გადაასწრეს, შემდეგ კი ბოლო ათწლეულების უცვლელ ლიდერ „ჯენერალ მოტორსს“.

გაყიდვების დინამიკის მიხედვით, „ფორდის“ შემდეგ „სუბარუ“ (38-პროცენტიანი ზრდა) და „ნისანი“ (29 პროცენტი) მოდიან.