„რადგან თავდაცვის მინისტრის შეცვლის საკითხი დადგა, როგორც ჩანს, საქმე ძალიან სერიოზულად იყო“

„რადგან თავდაცვის მინისტრის შეცვლის საკითხი დადგა, როგორც ჩანს, საქმე ძალიან სერიოზულად იყო“

„ეჭვები გაჩნდა იგივე უელსის ნატოს სამიტზე მიღებული პაკეტის შესრულებასთან დაკავშირებით. ეჭვები გაჩნდა ასევე, იმ როლთან დაკავშირებით, რაც მინდია ჯანელიძემ შეასრულა საჰარეო თავდაცვითი სისტემების შეძენასთან დაკავშირებით“, - აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, რომლის განცხადებით, რადგან თავდაცვის მინისტრის შეცვლის საკითხი დადგა დღის წესრიგში, როგორც ჩანს, საქმე ძალიან სერიოზულად იყო.

ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც არ გამოვა თავდაცვის სამინისტროს კედლებიდან. არის თუ არა რესპუბლიკელების გაძლიერება მათი მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდის წინაპირობა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

მოლოდინის მიუხედავად საკადრო ცვლილება არ შეეხო მთავრობის ეკონომიკურ გუნდს. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, რამდენად ადეკვატური იქნებოდა სწორედ ეკონომიკური გუნდის ცვლილება?

- რა თქმა უნდა, საზოგადოების თვალში ასეთი ხშირ-ხშირი სამთავრობო ცვლილებები, პოზიტიურ გავლენას არ ახდენს და მოსახლეობას ამის შემყურე სტაბილურობის განცდა ეკარგება. ყველაზე უფრო მეტად ჩვენი მოსახლეობა, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სწორედ, სტაბილურობას აფასებს. როდესაც მთვარობის წევრების ასეთი ფორცმაჟორულ სიტუაციაში შეცვლა ემთხვევა ლარის კურსის ვარდნას, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, რა თქმა უნდა, ადამიანს უჩნდება კითხვა, რა ხდება ქვეყანაში და ხომ არ არის მოსალოდნელი კიდევ უფრო უარესი?

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებას, პრინციპში, ეს ცვლილებები მწიფდებოდა. დაახლოებით 2-3 თვეა კონფლიქტი გრძელდებოდა პარლამენტის სპორტის კომიტეტსა და სპორტის მინისტრს შორის. სერიოზული პრეტენზიები არსებობდა ინფრასტრუქტურის მინისტრთან. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინისტრის პირველი მოადგილე ღიად აცხადებდა, რომ ის წარუმატებელი მინისტრიაო. ხოკრიშვილთან დაკავშირებით რაღაცა დრამატული არ ხდებოდა, მაგრამ გარემოს დაცვის კუთხით, რომ პრობლემები არსებობდა, ესეც ცნობილია.

თუმცა, ვთვლი, რომ ხოკრიშვილთან მიმართებაში სხვა სიტუაციასთან გვაქვს საქმე. მან იცოდას მთავრობის შიგნით მიმდინარე პროცესების შესახებ და არ მოისურვა საკუთარი თავის წარუმატებლობასთან ასოცირება და განერიდა პროცესებს. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის ცვლილებას, ვთლი, რომ ამას საფუძვლად უდევს შიდა კოალიციური პროცესები. ასევე, გარე ფაქტორების ზემოქმედება იმის გამო, რომ დასავლეთში გაჩნდა გარკვეული ეჭვები თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით.

ეს ეჭვები უკავშირდება უელსის ნატოს სამიტზე მიღებული პაკეტის შესრულებლობას?

- იცით, ეჭვები გაჩნდა იგივე უელსის ნატოს სამიტზე მიღებული პაკეტის შესრულებასთან დაკავშირებით. ასევე ეჭვები გაჩნდა იმ როლტან დაკავშირებით, რაც თავდაცვის მინისტრმა შეასრულა საჰარეო თავდაცვითი სისტემების შეძენასთან დაკავშირებით. ეს არის ის ინფორმაცია, რაც საჯაროდ გამოდის და არსებობს კიდევ ბევრი ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ გამოვა თავდაცვის სამინისტროს კედლებიდან, რადგან ეს არის კონფიდენციალაური ინფორმაცია.

რადგან თავდაცვის მინისტრის შეცვლა დადგა დღის წესრიგში, როგორც ჩანს, საქმე ძალიან სერიოზულად იყო და ამიტომაც, მოხდა ეს საკადრო ცვლილება. როგორც გითხარით, ამას საფუძვლად დაედო კოალიციის შიგნით მიმდინარე პროცესები. როგორც ჩანს, რესპუბლიკელებმა მკაცრი მოთხოვნა წაუყენეს „ქართულ ოცნებას“, თუ მათი საკადრო მადა არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი დატოვებდნენ კოალიციას და ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ კარგავდა უმრავლესობას.

ანუ, ერთგვარი ვაჭრობა გაიმართა? საერთოდ, ეს ცვლილება გახდება რესპუბლიკელების მხარდამჭერთა რაოდენობის გაზრდის წინაპირობა?

- შესაძლოა, ამას ვაჭრობაც ვუწოდოთ, შესაძლოა, მათი მოთხოვნა იყო - კოალიციაში ხომ ყველა წევრი თანაბარია. აქედან გამომდინარე, რესურსების და გავლენების სამართლიანი და თანაბარი გადანაწილება რომ მომხდარიყო, მათ დააყენეს ასეთი მოთხოვნა. ყოველ შემთხვევაში, როგორც არ უნდა ვუწოდოთ ამას, ფაქტია, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ მისი რესურსი გაიმყარა, ამ დანიშვნებით შეიძინა ის რესურსი, რასაც ჰქვია მინისტრის პორტფელები, მაგრამ არ მგონია, რომ ამითი მათი ელექტორალური მხარდაჭერა ძალიან გაიზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ ახლად დანიშნული მინისტრები შეუდგენ უფლებამოსილების განხორციელებას, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკადრო ცვლილება გაგრძელდება. ელოდებით, ცვლილებების გაგრძელებას?

- თუკი, პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა, პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება, რომ დამატებით კიდევ 6 მინისტრი შეცვლოს.

მაგრამ, პოლიტიკურად რამდენად მიზანშეწონილი იქნება ეს ცვლილება?

- ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, მომავალი 6 თვის მანძილზე როგორი იქნება ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რამდენად იგრძნობს მოსახლეობა სიტუაციის გაჯანსაღებას. თუ ეს ყველაფერი არ მოხდა, რა თქმა უნდა, მაშინ უკვე ის ვალდებული იქნება, რომ საფინანსო-ეკინომიკური ბლოკის მინისტრები შეცვალოს.

მაგრამ, ალბათ, მთავარია ვინ განახორციელებს ამ ცვლილებებს? ბოლო პროცესმა დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრი არ იყო საქმის კურსში, ისე მოხდა მესამე მინისტრის, ანუ თავდაცვის მინისტრის შეცვლა...

- იმ პერიპეტიებიდან, რაც წინ უძღოდა ამ საკადრო ცვლილებებს, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი მარტო არ იღებს გადაწყვეტილებას და შესაძლოა, ის უბრალოდ მორჩილად ასრულებს დირექტივებს. მე პირადად ეს ეჭვი კიდევ უფრო გამიმყარდა მას მერე, როცა პრემიერმა გამოაცხადა, რომ ორზე მეტ მინისტრს არ შეცვლიდა და ამ დროს 24 საათში გადაწყვეტილება შეიცვალა. დიდი ალბათობით, ეს გადაწყვეტილებები არა მარტო მან მიიღო, არამედ სხვებმა, მასზე გავლენიანმა ადამიანებმაც.

საკადრო ცვლილებები შეეხო ირაკლი ღარბაშვილის გუნდის წევრებს, ფაქტია ისიც, რომ პრემიერთან დაახლოებული კადრების განთავისუფლება დაიწყო ზვიად ჯანყარაშვილით და პროცესი დღემდე გრძელდება. ფაქტობრივად ღარიბაშვილი მთავრობაში გუნდის გარეშე დარჩა. აქედან გამომდინარე უშვებთ, რომ თანამდებობა შესაძლოა თვითონ ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვოს?

- ამ ეტაპზე მიჭირს ამის პროგნოზირება. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი პოლიტიკური კონიუნქტურა შეიქმნება წლის ბოლოსთვის. როგორც გითხარით, იმ შემთხვევაში, თუ მოხდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება, თუ ქვეყანაში დაგროვდა პოზიტივი, მაშინ ეს პროცესი გადაიდება და შეიძლება დღის წესრიგიდან მოიხსნას პრემიერის განთავისუფლების საკითხი.

მაგრამ, თუ პროცესები არ შეიცვალა და ვითარება არ გამოსწორდა, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დადგება პრემიერ-მინისტრის ცვლილება. მაგრამ, ერთია, რომ ამით ძალიან სუსტდება „ქართული ოცნების“ როგორც პოლიტიკური ძალის პოზიციები. თუკი, ის ნეგატიური პროცესი, რომელიც პარტიის გარშემო ვითარდება, არ იქნა შეჩერებული, ძალიან მეეჭვება, რომ მომავალ არჩევნებზე ამ პარტიამ რამე სოლიდური წარმატების მიღწევა შეძლო.

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად არ წარუდგინა, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტს ერთკვირიანი ვადა მისცა იმისათვის, რომ ნორმალურად შეარჩიო მთავრობის წევრები. თუმცა, ამის მიუხედავად, მინისტრები შეუდგნენ უფლებამისილებას, მაშინ რა აზრი ჰქონდა პრეზიდენტის მხრიდან 7 დღით ვადის გადაწევას?

- გიორგი მარგველაშვილი შეეცადა, რომ მისი ქმედებებით არ დაკნინებულიყო პრეზიდენტის ინსტიტუტი. შეიძლება მას ამოძრავებდა პირადი წყენის მოტივი, რადგან მასთან კონსულტაციებიც კი არ გამართეს. ინფორმირება და კონსულტაცია სულ სხვადასხვა რამეებია. შეტყობინება, რომ მე ამ ადამიანს ვნიშნავ თავდაცვის მინისტრად და პრეზიდენტის ფაქტის წინაშე დაყენება, ეს არაა ის ფორმა, რა ფორმითაც უნდა იურთიერთო პრეზიდენტთან, რომელიც ასევე არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი.

ამას რომ თავი დავანებოთ, ძაღლის თავი დამარხულია ჩვენ აბსოლუტურად არასრულყოფილ კონსტიტუციაში. როგორც ნახეთ, თავად კონსტიტუციონალისტების აზრიც კი იყოფა იმის თაობაზე, რამდენად კანონიერად მოიქცა პრემიერ-მინისტრი. ერთი ნაწილი თვლის, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, მეორე ნაწილი თვლის, რომ კონსტიტუცია არ დარღვეულა. ამ პროცესით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ძალიან სერიოზულად არის შესაცვლელი ჩვენი ამჟამინდელი კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად არ არის ის კონსტიტუცია, რომელიც ქვეყანას მომავალში გამოადგება.

რაც შეეხება ნაციონალების ინიციატივას, ტექნიკური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ტექნიკური მთავრობის ფორმირების აუცილებლობა დგას?

- გასაგებია, რომ ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, მათი მოთხოვნაა და რომც ჩამოყალიბდეს ე.წ. ტექნიკური მთავრობა, ნაციონალები ამას საკუთარ გამარჯვებად გაასაღებენ. ვფიქრობ, რომ ფინანსურ-ეკონომიკური ბლოკის მინისტრების შეცვლას აზრი ექნება იმ შემთხვევაში, თუ მათი შემცვლელები წარმოადგენენ რეალურ გეგმას, თუ როგორ უნდა დააღწიოს ქვეყანამ თავი ამ ვითარებას, რაშიც აღმოჩნდა.

სახელის და გვარების შეცლა სიტუაციას ვერ შეცვლის. მთავარია ვინ მოვა, რა პროგრამით და რამდენად ხელეწიფება მას ამ რთული პროცესის მოგვარება. ძალიან ბევრი საგარეო ფაქტორი მოქმედებს, მაგრამ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა და მან უნდა შეძლოს ამ ფაქტორების ზემოქმედების შემსუბუქება. თუ ამას ვერ ახარხებენ, მაშინ, ჩემი აზრით უნდა წავიდნენ.