პონოგრაფიის გავრცელება - უკანონო თუ კანონიერი პასუხისმგებლობა?

პონოგრაფიის გავრცელება - უკანონო თუ კანონიერი პასუხისმგებლობა?

თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი - საქართველოს 4 ქალაქის მასშტაბით სამართალდამცველებმა პორნოგრაფიული ნაწარმის გავრცელება-რეკლამის ფაქტზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 40 პირი მისცეს. შსს მსგავსი ტიპის სხვა ფაქტებზე საგამოძიებო მუშაობას კვლავ განაგრძობს. იურისტთა ნაწილი კი საკანონმდებლო ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას და პორნოგრაფიის შესახებ კანონის არარსებობის პირობებში კონკრეტული ადამიანებისთვის პორნოგრაფიული მასალის გავრცელების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების თანახმად, რომელიც 4 მაისს გავრცელდა, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პორონოგრაფიული მასალების უკანონოდ გავრცელებისა და რეკლამის ფაქტები 19 სხვადასხვა ვებ-გვერდზე აღმოაჩინეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სხვადასხვა დროსა და ვითარებაში, შემოსავლის მიღებისა და ვებ-საიტების პოპულარიზაციის მიზნით, მოიპოვეს პორნოგრაფიული, მათ შორის, არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი ვიდეოფაილები, რომლებიც ვებ-საიტებზე ატვირთეს, რითიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეს ინტერნეტის მომხმარებლებისათვის. მათ მიერ ინტერნეტში ატვირთული პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოფაილები შეუზღუდავად ვრცელდებოდა ბოლო პერიოდამდე. ამჟამად აღნიშნული საიტების ჰოსტინგები გათიშულია, ხოლო მომხმარებლები – დაბლოკილი. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს“, - აცხადებენ შინაგან საქმეტა სამინისტროში.

უწყებისვე ინფორმაციით, გამოძიება პორნოგრაფიული ნაწარმოების, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ გავრცელების ან რეკლამირების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

For.ge-ს ინფორმაციით, ამ დრომდე გრძელდება „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებული საქმის ძიებაც, რომელიც გასული წლის ოქტომბერში, ინტერპოლის სათავო ოფისიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. საუბარია „კავკასუს ონლაინის“ ოფისიდან კრიმინალური პოლიციის წარმოამდგენლების მიერ სერვერების ამოღებაზე, რომლებზეც დიდი ოდენობით ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი მასალები იყო განთავსებული.

ჩვენს კითხვაზე, არიან თუ არა პორნოგრაფიის გავრცელების ფაქტების გამო ბრალდებულ 40 პირს შორის ე.წ. „კავკასუს ონლაინის“ საქმესთან დაკავშირებული პირები, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განმარტეს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირები სხვა ფაქტებზე არიან გამოვლენილნი, ე.წ. „კავკასუს ონლაინის“ საქმეზე კი ძიება გრძელდება და რამე სიახლის შემთხვევაში სამინისტრო შესაბამის ინფორმაციასაც გაავრცელებს.

შსს-ს მიერ 4 მაისს გავრცელებული ინფორმაცია ზოგადი ხასიათისაა და არ არის დაკონკრეტებული, 40 ბრალდებული პირიდან რამდენს ჰქონდა შეხება ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველი ნაწარმის გავრცელებასთან. იურისტების ნაწილი კი პრობლემურად, სწორედ, ამ საკითხს მიიჩნევს. ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი, იურისტი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილით პირთა დაკავება, რომელიც ეხება პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გავრცელებას, სადავოა.

„როდესაც სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი ქმედების დასჯადობას აწესებს, ის აღწერს ქცევას, რომელი ქცევა არის დასჯადი და ამ შემთხვევაში, ასეთი ქცევა საქართველოში უნდა იყოს უკანონო ხასიათის. უკანონობა ნიშნავს, რომ კონკრეტული ქმედება რომელიმე სხვა საკანონმდებლო აქტით უნდა იყოს განსაზღვრული. შესაბამისი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული. მაგალითად, როდესაც საუბარია იარაღის უკანონო ტარების შესახებ ბრალდებაზე, ჩვენ გვაქვს „იარაღის შესახებ კანონი“, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა სახის იარაღის ტარებაა უკანონო და რომელი იარაღი ექვემდებარება ნებართვით ტარებას... ავიღოთ თუნდაც სათამაშო ბიზნესის საკითხი - სათამაშო ბიზნესის ნებართვის გარეშე წარმოება დასჯადია, ხოლო, თუ ნებართვას აიღებ და კანონის შესაბამისად მოაწყობ, დაშვებულია. იგივე ვითარებაა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებითაც. ანუ, აუცილებელია, არსებობდეს სხვა მარეგლამენტირებელი აქტი, რომელიც მის უკანონობას განსაზღვრავს - თუ კონკრეტულად რა სახის ქცევაა უკანონო“, - განმარტავს For.ge-სთან საუბრისას გიორგი მშვენიერაძე.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ რადგან საქართველოში პორნოგრაფიასთან მიმართებაში არ არის ასეთი რეგულაციები, პირებისთვის ამ ტიპის ბრალდების წაყენება ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის კანონს და სისხლის სამართლის პრინციპს.

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევას არ წარმოადგენს. რადგანაც საქართველოში პორნოგრაფიის გავრცელება არ არის უკანონო, აქედან გამომდინარე უკანონო პორნოგრაფიის გავრცელებისთვის არავინ უნდა მიეცეს პასუხისგებაში“,- განმარტავს გიორგი მშვენიერაძე.

მისივე თქმით, ცალკე საკითხია უშუალოდ ბავშვთა პორნოგრაფიის თემა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მეორე ნაწილშია ასახული და საერთაშორისო სამართლებრივი ნომებითაც რეგულირიდება.

„თუკი ბავშვების პორნოგრაფიას ეხება საქმე, კი ბატონო, არ არის პრობლემა. ეს უკანონოა 255-ე მუხლის პირველი ნაწილის შემთხვევაში“, - აცხადებს მშვენიერაძე.

ცნობისათვის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 255 მუხლი შემდეგი სახით არის ჩამოყალიბებული:

1. პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, – -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება ან/და შენახვა, აგრეთვე ასეთი მასალის შეთავაზება, გადაცემა, გავრცელება, გასაღება, რეკლამირება ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომა, – -ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

შენიშვნა: არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებად ჩაითვალოს ნებისმიერი მეთოდით დამზადებული ვიზუალური ან აუდიომასალა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებებით წარმოდგენილია კონკრეტული არასრულწლოვნის მონაწილეობა ნამდვილ ან სიმულირებულ სექსუალურ სცენებში, გამოყენებულია მისი ხმა ან მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალური ორგანოები