მთავრობა ნდობის გამოცხადების მოლოდინშია, საპარლამენტო ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერას არ აპირებს და ახალ მინისტრებს რჩევებს აძლებს, უმრავლესობას კი ხმების მობილიზება მოუწევს, რადგან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდს დამტკიცებისთვის 76 კანონმდებელის ხმა დასჭირდება.
პარლამენტი განახლებულ სამთავრობო პროგრამას როდის მოისმენს და მინისტრებს როდის უმასპინძელებს, ეს ამ დრომდე არ კონკრეტდება, რადგან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილმა მმართველ გუნდს დაფიქრებისთვის შვიდდღიანი ვადა მისცა. აღნიშნული ვადა 7 მაისს იწურება, უმრავლესობა მთავრობის შემადგენლობის გადახედვას არ აპირებს, ოპოზიცია კი, მმართველ გუნდში განხორციელებულ ცვლილებებს აკრიტიკებს და მიღებულ გადაწყვეტილებებს ყოფილი პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.
როგორც for.ge-ს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ნინო გოგუაძემ განუცხადა, მის გუნდს უხარია, რომ დასავლური კურსის პარტიის წარმომადგენლები თანამდებობებს იკავებენ, მაგრამ არაფორმალური მართვის პირობებში, პერსონალიებს დიდი მნიშვნელობა არ აქვთ და სამწუხაროდ, ეს მთავრობა ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც ამჟამინდელია.
დეპუტატის მოსაზრებით, ხიდაშელის კანდიდატურაზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ივანიშვილს შეეძლო.
„არცერთი ასეთი გადაწყვეტილება ბატონი ბიძინას გარეშე არ მიიღება. მითუმეტეს, ვნახეთ, რომ პრემიერი თავდაცვის მინისტრის გაშვებას არ გეგმავდა. „თავისუფალი დემოკრატები“ ძალიან გახარებული ვიქნებით, თუკი ხიდაშელი ყველა იმ მიმართულებას გააგრძელებს, რომელიც ირაკლი ალასანიამ დაიწყო. მათ შორის ქვეყნის შეიარაღების მიმართულებით და ასევე ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამ პოსტზე ხიდაშელის დანიშვნა, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ხიდაშელს იუსტიციის, საგარეო საქმეთა მინისტრად და პროკურორად უფრო წარმოვიდგენდი, ვიდრე როგორც თავდაცვის მინისტრს. ალასანიას განეიტრალებას ხიდაშელი, როგორ მოახერხებს? ის პროცესები, რაც მოხდა, უკვე მოხდა და ამას ვერც ხიდაშელი გადაფარავს და ვერც ვერავინ“, - აცხადებს გოგუაძე.
კანონმდებელი ხიდაშელს მოუწოდებს ის პროცესები გამოიძიოს, რაც თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობდა.
„სჯობს, ხიდაშელი დაინტერესდეს, რა ბედი ეწია იმ მემორანდუმს, რომელსაც ხელშეკრულების დადება უნდა მოჰყოლოდა. ასევე, საინტერესოა, რა მოხდა ე.წ. კაბელების საქმეზე?! ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პროკურატურას მძევლად ჰყავს აყვანილი. იმედი მაქვს, რომ ხიდაშელი ამ ადამიანების მდგომარეობით დაინტერესდება და მათ თავდებში ისევ ისე ჩაუდგება, როგორც ეს დეპუტატობის დროს გააკეთა“, - აღნიშნავს კანონმდებელი.
გოგუაძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ როდესაც თითქმის, ყველა ინსტიტუტი დისკრიტიტებულია და თავის კონსტიტუციურ ვალდებულებებს არ ასრულებს, მინისტრების სწრაფად დამტკიცება დემონსტრაციულად ნიშნავდა პარლამენტის განოლებას.
„პრეზიდენტმა თქვა - მე ვარ, ინსტიტუტის მთავარი პირი და მაშინ, როდესაც ყველა სხვა დაკნინებულია, ჩემი ინსტიტუტი სრულფასოვანიაო“, - დასძენს გოგუაძე, რომლის მსგავსად, მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს აკრიტიკებს ნაციონალი ზურა ჯაფარიძე.
for.ge-სთან საუბარში ჯაფარიძე აცხადებს, რომ მთავრობაში კოსმეტიკური სახის ცვლილებები განხორციელდა.
მისი განცხადებით, მთავარი გამოწვევა ეკონომიკური პრობლემებია და საჭიროა, ანტიკრიზისული გეგმის განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება.
„იგივე ეკონომიკური გუნდია წარმოდგენილი, რომელმაც ქვეყანა იმ ვითარებამდე მიიყვანა, სადაც დღეს არის. დღეს, საქართველოს მოქალაქეები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე შარშან იყვნენ. კარგია, რომ პრეზიდენტმა ერთკვირიანი ვადა აიღო, მაგრამ მთავარია, ეს შვიდი დღე ფუჭად არ დაიხარჯოს და ისეთი მთავრობა მომზადდეს, რომელიც ოლიგარქის მსახური და მორჩილი არ იქნება“, - განაცხადა ჯაფარიძემ, რომლის პათოსს იზიარებს მიხეილ მაჭავარიანი.
როგორც for.ge-ს მაჭავარიანმა განუცხადა, უუნარო მთავრობის ხელმძღვანელი პრემიერი არადეკვატურია, რომელიც ივანიშვილის დავალებას ასრულებს. დეპუტატის თქმით, თუკი ვინმეს განცდა აქვს, რომ ივანიშვილი მიმდინარე პროცესებში არ ერევა, მაშინ მას პოლიტიკაზე წარმოდგენა არ აქვს.
„თავისუფალი დემოკრატებისგან“ შეთავაზება ლოგიკური იყო, რომ მთავრობაში ივანიშვილი დაბრუნებულიყო, რადგან საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ივანიშვილი დაბრუნდება, მათ დაეხმარება და ფულს დახარჯავს. ის არაფრის დამხარჯველი არ არის. მას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ყველაფერი მისი გეგმით მიდის. თუკი შავლიაშვილისა და ხოკრიშვილის საქმიანობაში კორუფციული სქემები იყო, ამ დროს, ნარმანია სად იყო? ვინ შეიძლება, რომ ფული აკეთოს? - პირობითად შეიძლება, რომ უჩამ ფული აკეთოს, ხოლო ირაკლის ის უნდა ეყოს, რაც ჭამა. ასეთი განწყობაა“, - აცხადებს კანონმდებელი.
მაჭავარიანის შეფასებით უმრავლესობასა და მთავრობას არ აწუხებს, რაც მათი შენობების გარეთ ხდება.
„მარგველაშვილი რამდენად წავა და კონკრეტულ მინისტრებთან დაკავშირებით, პრეტენზიებს რამდენად გამოთქვამს, არ ვიცი. თუმცა, მას შეუძლია, გამოვიდეს და კითხვა დასვას, პოსტზე ღარიბაშვილი რატომ რჩება, მაგრამ მან ეს ვის უნდა ჰკითხოს, ივანიშვილს თუ უმრავლესობას? უმრავლესობაში არავინ მალავს, რომ უსუფაშვილი შიგნით პოზიციებს იმყარებს და თავის თამაშს თამაშობს. უმრავლესობაში დეპუტატები არიან, რომლებიც ინტერესდებიან, აქ რა გადანაწილება მიდის?!“, - აცხადებს მაჭავარიანი.
მთავრობაში „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლების დაწინაურებასა და პოლიტიკურ ბრალდებებს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი ეხმაურება და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ხიდაშელთან და აგულაშვილთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება კოალიციურ რეჟიმში იყო მიღებული.
ბერძენიშვილის თქმით, პრემიერმა რესპუბლიკელი მინისტრების დანიშვნისას ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ კოალიცია ვართ.
„აქამდე მთავრობა კოალიციური არ იყო. ამ 2,5 წლის მანძილზე, ამ ტიპის კონფიგურაციამ პრობლემებს თავი გაართვა და დღის წესრიგში კოალიციურობის მნიშვნელოვანი წილის გაჩენა დადგა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს იყო, რაზეც საუბარი ოქტომბერში გავრცელებულ განცხადებაშიც გვქონდა. როგორც კი, კოალიცია მშვიდ, ნორმალურ, სათანამშრომლო ფორმატში გადავიდა, საკითხებზე საუბარი დავიწყეთ. ნინო გვენეტაძესთან დაკავშირებით ვნებათაღელვა იყო და სწორედ კოალიციურმა რეჟიმმა განსაზღვრა, რომ გვენეტაძემ ხმები მიიღო. კოალიციური შეთანხმებით ოთხი კომიტეტის თავმჯდომარე და ვიცე-სპიკერი დაინიშნა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
კანონმდებელის ცნობით, რესპუბლიკელები მთავრობის ხელახალი ნდობის გამოცხადების მოსურნე, მოწადინებული და კატალიზატორი არ იყო.
„უფრო მეტიც, ვაცხადებდი, რომ შესაცვლელი მეშვიდე მინისტრი არ ჩანდა, რადგან იმ წუთებისთვის ლევან ყიფიანი გადადგომას არ აპირებდა. ახალ მთავრობაში მინისტრების შეყვანას ახლა არ ვგეგმავდით, მაგრამ ასე მოხდა.
„რესპუბლიკურ პარტიაში“ გადაწყვეტილებებს რესპუბლიკელები იღებენ და მორჩა. ორივე კანდიდატი შერჩეულია პარტიასთან გამართული კონსულტაციების შედეგად. რაკი, მთავრობის სვლების საკითხი დადგა, მსჯელობა გაიმართა, რა რისკები გაგვეწია და რა გადაწყვეტილება მიგვეღო. ამ მაგიდასთან ვისხედით და ვმსჯელობდით. ვერსიები ავწონ-დავწონეთ და პრემიერთან კონსულტაციები გვქონდა. რესპუბლიკელებს ეკონომიკურ ბლოკზე პრეტენზიები არ გაგვიცხადებია. პრეტენზიულები არ ვიყავით, ცვლილებები არ გვინდოდა, მაგრამ რაკი, დაიწყო და მოხდა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მთავრობაში ჩვენი პასუხისმგებლობა გაგვეზარდა“, - განაცხადა დეპუტატმა.
ბერძენიშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტი პარლამენტიდან და მთავრობიდან გაგზავნილ დოკუმენტს ხან შვიდ წუთში აწერს ხელს, ხან შვიდ დღეში.
„ეს მისი დისკრეციაა და სხვის მოტივებზე ვერ ვისაუბრებ. პრეზიდენტი ინსტიტუტია. პრეზიდენტი არც მტერია და არც მეგობარი. როცა მასზე ორგანიზებული შეტევა იყო, მას არც მაშინ ვაკრიტიკებდით. არც იმაზე დაგვიხევია უკან, რომ მისი ნაბიჯები შეგვეფასებინა, თუმცა, ძალიან კორექტულები ვართ. მას კონსტიტუციური უფლება აქვს და ჩვენთვის ამას არსებითი არაფერი შეუცვლია. ნაციონალების ინიციატივა ძალიან უცნაურად მომეჩვენა, რომ მათ პრეზიდენტთან კონსულტაციები გამართონ. უმცირესობა პრეზიდენტთან მთავრობის ჩამოყალიბების საკითხზე მიდის? მთავრობის ჩამომყალიბებელი უმრავლესობაა და პრემიერი მინისტრი. პრემიერი და უმრავლესობა შეთანხმებულია, კოალიციის პოლიტსაბჭომ პროცესები წინასწარ იცოდა. კონსულტაციები დასრულებული არ იყო და პრემიერმა თქვა, რომ ორი მინისტრი შეიცვლებოდა, მაგრამ მოგვიანებით დაკონკრეტდა, სამი მინისტრი შეიცვლებოდა. მთავრობა და პრემიერი შეთანხმებულია, მათ მომრიგებელი არ სჭირდებათ“, - განაცხადა ბერძენიშვილმა, რომლის მსგავსად, პრეზიდენტის განცხადებას აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.
for.ge-სთან საუბარში კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა და მან საჭიროდ ჩათვალა, რომ დრო იყო საჭირო. დეპუტატის მტკიცებით, უმრავლესობის პოზიციაა, რომ ამ საკითხზე ნაფიქრი და ნამსჯელია.
„დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს მთავრობა თავს გაართმევს. კერძოდ, ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის ყველაფერს აკეთებენ. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზება წარმატებით ხდება. ყველა საბიუჯეტო ვალდებულების შესრულება გეგმიურად და წარმატებით ხდება. ეკონომიკური გუნდის შეცვლის მიზეზები არ არის, განსხვავებით შეცვლილი მინისტრებისგან, რამაც განაპირობა გადაწყვეტილების მიღება. საუბარი არ უნდა იყოს ფინანსთა თუ ეკონომიკის მინისტრების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. ნაციონალების დღის წესრიგს ვერ ავყვებით, რადგან მათ ქვეყანაში პანიკის დანერგვა სურთ. რა ხდება, ყველამ კარგად ვიცით. ვითარება მძიმე, რთულია და ჩარევას საჭიროებს, მაგრამ საკადრო ცვლილებები აუცილებელი არ არის. მთავრობა სერიოზულ რეჟიმში მუშაობს და ნდობას დღეს გამოვუცხადებდით თუ მომავალ კვირას, აზრი არ აქვს, მინისტრები დანიშნულები არიან“, - დასძენს კობახიძე, რომლის მსგავსად, მთავრობის მხარდაჭერას აპირებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.
დეპუტატის შეფასებით, ხიდაშელი და აგულაშვილი საკმაოდ წარმატებული პოლიტიკოსები არიან და ისინი იმ სამინისტროებს სერიოზულად გაუძღვებიან, სადაც წარდგენილი არიან.