კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ვიდეოთვალთვალის მიზნებს – ეს არის უსაფრთხოება; საკუთრების დაცვა; არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვა და ა.შ. მაგრამ ამის მიუხედავად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი აცხადებს, რომ ხშირად ორგანიზაციები ვიდეოთვალთვალსა და ბიომეტრიულ კონტროლს დაუსაბუთებლად იყენებენ ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა დასაქმებულთა კონტროლი.
რატომ მიმდინარეობს ვიდეოთვალთავლი და ბიომეტრიული კონტროლი და ვინ დგას ამის უკან, ამ თემებთან დაკავშირებით for.ge თამარ ქალდანს ესაუბრა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნეთ, რომ ხშირად ორგანიზაციები ვიდეოთვალთვალსა და ბიომეტრიულ კონტროლს დაუსაბუთებლად იყენებენ ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა დასაქმებულთა კონტროლი, ეს პროცესი კანონის შესაბამისად არ მიმდინარეობს?
– კანონიერად რომ არ ხდება, იმიტომ დავაფიქსირეთ ეს საკითხი ანგარიშში და სპეციალური რეკომენდაციები მოვამზადეთ ვიდეოთვალთვალის შესახებ. მალე გამოქვეყნდება ჩვენი მეოთხე რეკომენდაცია ბიომეტრიული მონაცემებთან დაკავშირებით. ბევრ კერძო და საჯარო ორგანიზაციაში დამონტაჟებულია ვიდეოთვალთვალის კამერები. კანონი ასეთი კამერების გამოყენებას არ კრძალავს, თუმცა იქვე განმარტებულია რა მიზნით შეიძლება ამ კამერების გამოყენება.
კანონი განსაზღვრავს მიზნებს და მხოლოდ ამ მიზნებიდან გამომდინარე შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ვიდეოთვალთვალის სისტემები, ასევე, ბიომეტრიული მონაცემები. სამწუხაროდ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირად ორგანიზაციები ვიდეოთვალთვალსა და ბიომეტრიულ კონტროლს დაუსაბუთებლად იყენებენ ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა დასაქმებულთა კონტროლი. ჩვენთან კონსულტაციების შედეგად ცალკეულმა ორგანიზაციებმა მანკიერი პრაქტიკა შეწყვიტეს.
უკანონო ვიდეოკონტროლის საკმაოდ ცუდი გამოცდილება გვაქვს. მოქალაქე, რომელიც მუშაობს კერძო თუ საჯარო სექტორში, რა გარანტია აქვს, ან რამდენად დაცული არიან იმისგან, რომ ეს ჩანაწერი კანონსაწინააღმდეგოდ არ იქნება გამოყენებული?
– იმისათვის, რომ კანონსაწინააღმდეგოდ არ იქნას გამოყენებული, პირველ რიგში, მისი დაყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრული მიზნებისთვის. ორგანიზაციებმა უნდა გააფრთხილონ ყველა თანამშრომელი მიმდინარე ვიდეოკონტროლის შესახებ, ასევე შენობებში განთავსებული უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ ადამიანმა იცოდეს, რა დროს ხდება ის ვიდეოკონტროლირებად ტერიტორიაზე და როდის არა. ასევე, აუცილებელია მონაცემთა შენახვის ვადების განსაზღვრა, რადგან, ვადის გასვლის შემდეგ ეს ჩანაწერები უნდა იშლებოდეს და ამ ჩანაწერებზე წვდომა შეზღუდული უნდა იყოს.
სამართლებრივი კუთხით როგორ შეიძლება შეიცავლოს ეს მავნე პრაქტიკა?
– ჩვენთან კონსულტაციების შედეგად ცალკეულმა ორგანიზაციებმა მანკიერი პრაქტიკა შეწყვიტეს და თანამშრომლებიც გააფრთხილეს მიმდინარე კონტროლისა და მათი უფლებების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დასაბუთდა და დამტკიცდა, რომ ორგანიზაციას სხვა საშუალებით შეეძლო იმავე მიზნის მიღწევა და ამ კონტროლს კანონთან შეუსაბამოდ იყენებს, ასეთ შემთხვევში სასამართლოსაც და ინსპექტორსაც აქვს შესაბამისი ბერკეტის საშუალება, როგორც არის ჯარიმა.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ უკანონო მოსმენა და თვალთვალი არ მიმდინარეობს, მოქალაქეები სატელეფონო მოსმენებზე ისევ საუბრობენ. ამ პრობლემით თუ მოგმართავენ მოქალაქეები?
– ჩვენ ვცდილობთ, რომ მთავარ პარტნიორად მოქალაქეები გავიხადოთ, რომელთა ინტერესების დასაცავად შეიქმნა ჩვენი ინსტიტუტი. რაც შეეხება უკანონო მოსმენას, ძალიან მნიშვნელოვანია, გამიჯნული იქნას კომპეტენციები, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, რომელი ორგანო რა კომპეტენციას ფლობს და რაზეა პასუხისმგებელი. ჩვენ, კანონმა განგვისაზღვრა ჩვენი როლი, როგორიც არის მონიტორინგი.
თუ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მოსმენა ან თვალთვალი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ხორციელდება, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება რეაქცია, უზრუნველვყოფთ იმას, რომ შეწყდეს სატელეფონო მოსმენა. დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ვალდებულება გვაქვს ვაცნობოთ პროკურატურას. ნებისმიერი ასეთი ფაქტი გამოძიებული უნდა იქნას, არა ჩვენი, არამედ საგამოძიებო ორგანოების მიერ.