„გაგიჟებული“ ზურა ყიფშიძე

„გაგიჟებული“ ზურა ყიფშიძე

რამდენჯერმე მსახიობების გარემოცვაში მოვხვდი და აღმოვაჩინე, რომ ამ პროფესიის ადამიანებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია „სახალისო ისტორიების“ მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ.

თავდაპირველად სიტყვას ცნობილ ქართველ მსახიობს, ბატონ ზურაბ ქაფიანიძეს გადავცემ, რომელიც ერთ „საინტერესო“ ისტორიას გაიხსენებს.

„თავის დროზე ერთ-ერთი  მორიგი ქართული ფილმის გადაღება დაიგეგმა. მოქმედება რუსეთის ერთ არცთუ ისე ცნობილ ქალაქში ხდებოდა.

ფილმში მონაწილეობას იღებდნენ ქართული კინოს პოპულარული მსახიობები და, მათ შორის, იმ დროისთვის უკვე ვარსკვლავი ზურა ყიფშიძე.

თავის დროზე „მოყომარდა“ ყველაფერი. რადგანაც მაშინ საქართველო-რუსეთის საზღვრები გახსნილი იყო (საბჭოთა კავშირის პერიოდია). მატარებელი – „თბილისი-მოსკოვი“ ზედგამოჭრილად ჩადიოდა ზუსტად იმ სადგურში, სადაც გადაღება უნდა ეწარმოებინათ და თითქმის ერთი ვაგონი მთლიანად „იყიდეს“. მატარებელი 24 ივნისს უნდა გასულიყო საქართველოს დედაქალაქიდან.

ყველაფერი რიგზეა.

ჩვენი საყვარელი და საამაყო მსახიობი, „ქალთა რისხვა“ და უნიჭიერესი პიროვნება – ზურა ყიფშიძე მთელი თეატრისა და კინოსთვის „პატარა კიბო“ გახლდათ.

თბილისიდან მატარებელი ზუსტად დანიშნულ დროზე გავიდა, ოღონდ, იყო ერთი ფრიად ამაღელვებელი ფაქტორი: ზურა თავის ადგილზე არ გამოცხადდა (ანუ – ვაგონში). ახლა მატარებელს ამის გამო ვინ გააჩერებდა და არაკუნდა რელსებზე ბორბლები.

ერთი კი იყო, რომ გადამღები რეჟისორი იბდღვნიდა ყველაფერს და სცენარის შეცვლაზე „ჩალიჩობდა“ მთელი გზა. ადგილზე ჩავიდნენ. მოეწყვნენ სასტუმროში და დალაგდნენ თავ-თავიანთ ნომრებში. დანა კბილს არ უხსნით.

სასტუმროს ეზოში პატარა შადრევნიანი აუზი იყო. შუაღამეა და ამ აუზის გარშემო ბღუილ-ბღუილით ურტყამს „კრუგებს“ გაურკვეველი, ტალახში ამოსვრილი „ნივა“. ბუნებრივია, გადმოიხედეს, და, ჰოი, საოცრებავ: მანქანა ჩერდება, ზურა ყიფშიძე გადმოდის და პათეტიკური ხელისაწევით ესალმება ყველას:

– ჰელლოუ!!!

თურმე, ადრე წამოსულა მანქანით და ამათ ჩამოასწრო კიდეც. ყველას მოეშვა გულზე – ოხ, ზურა, ოხ, ზურა, შენ რა გითხარიო,  – ჩაიცეს გულში მჯიღი.

– როგორ მოასწარი, ზურიკო, ჩამოსვლა? – ეკითხება ერთი მსახიობთაგანი.

– მაიცა, რა, ნაშებთან გრიალი კი არ მოვასწარი? 

... გადაღება გაჭიანურდა... ხან ამინდი არ სწყალობდათ, ხან – ტექნიკა და, მოკლედ, გაჭიანურდა, რა...

ორი კვირა გავიდა... ზურას მოენატრა პლეხანოვი და რუსთაველი, ხინკალი და ქაბაბი, ძმაკაცები და დაქალები... მოკლედ, თბილისში უნდა...  „ნივაც“ ხომ აქვე ჰყავს! თუ ჩამოვიდა, რა, უკან ვეღარ წავა?! ღამის 12 საათზე, გაგლეჯილ მთვრალს გაახსენდა, რომ მანქანა დადის და ის თბილისში ჩააგელვებს, პლეხანოვზე... რუსთაველზე... ძმაკაცებში... მაგრამ, დაბრკოლება გადაეღობა –  არ იყო შარვლის ჯიბეში მანქანის გასაღები.

მეთექვსმეტედ რომ მოიჩხრიკა ჯიბეები და საბოლოოდ დარწმუნდა – გასაღები არაა (დაუმალეს, ალბათ, წინდახედულად), იყვირა:

– ეეე! ჩემი მანქანის გასაღები სადაა, ეეე!.. გასაღები, ტო!

ღამეა და ყველა ნომერში ჩამქრალია შუქი.

– სადაა მანქანის გასაღები, თქვენი! თბილისში მივდივაარ! – იყვირა.

კაციშვილი არ ჩანს არც ერთ ფანჯარაში.

– გასაღებიი! – ბოლო ძალით იყვირა და მანქანის კარს სთხლიშა ფეხი... – გასაღები! სადაა გასაღები!

მესამე სართულზე შუქი აინთო, ფანჯარა გაიღო და რამაზ ჩხიკვაძემ გადმოყო თავი.

– რა იყო, ზურიკო? – იკითხა გასაოცებლად მშვიდად.

– გასაღები დავკარგე, გასაღები, ძია რამაზ!..

– რისი, ზური?

– მანქანის... მიეცა იმედი, ამას ხომ არ აქვსო.

– მე მგონი, ზური, – მშვიდად ჩამოსძახა რამაზმა, – შენ სხვა რამის გასაღები უფრო დაკარგე. დაიძინე, იმ სხვა რამის გასაღებს, რომ გამოიძინებ, მერე ნახავ და იმ გასაღებით იპოვი მანქანის გასაღებს! მარშ, ლოგინში!!!

გადაღებები დაუბრკოლებლად გაგრძელდა მეორე დღეს...

ჩვენი მომდევნო სტუმარი ბატონი გურამ ლორთქიფანიძე იქნება. მისი ეს მოგონება რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა.

„ქუჩის მხარეს ფანჯრის მინა იყო ერთ ადგილზე მტკაველის რადიუსით ამომტვრეული. ვერა და ვერ მოვახერხე შეკეთება. ასე დღეს-ხვალიობაში მიმრჩა და მიმრჩა. ახალი წლის წინა დღეს კი მკაცრად გამაფრთხილეს ოჯახში – კაცო, ახალ წელს ასე ხომ არ შევხვდებით. წადი, მინა იშოვე, ისე არ დაბრუნდე სახლშიო.

მინა მალევე ვიშოვე და სახლში რომ ვბრუნდებოდი, სწორედ მაშინ „გავიჭედე“. ძმაკაცები „გამეჩითნენ“ (ესეც ბედია) ზუსტად რესტორნის წინ.

ამას რაც მოჰყვებოდა, მაშინდელი კი არა, ახლანდელი ბავშვებიც შეუცდომლად მიხვდებიან. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს – დანარჩენი. რა კარგია, როცა „ნასილშიკი“ მეზობელი გყავს. ქურთმა ჰაიკაზამ ზურგზე მომიგდო და ხვნეშით ამათრია დახვეულ კიბეებზე. ჩემს კართან, იქვე, კედელზე მიმაყუდა და კარზე დააზარა – ზრრ!

– ქალბატონო გურამის დედა, აგერ, შენი შული გურამა, ქუჩიდან ამოგიტანე.

დედაჩემს რომ ჩემთვის შეუხედავს – ჰაიკაზასთვის (ის რა შუაში იყო, მაგრამ მაინც) ქოქოლა მიუყრია:

– ეს ჩემი შვილი არაა, არა!

– ვაა, შეშინებია ჰაიკოს, როგორ თუ არა, ქალბატონო გურამის დედა... მა ვინაა?

– არა, შეხედე ერთი, შეხედე! – მინა უნდა მოეტანა, აქვს მინა? არა... ეს რა ჩემი შვილია?

– ვაა, შევხედე. გურამაა, დედაჩემის სულს გეფიცები, ავდექი, ამოგიტანე...

ამიკიდა თურმე იმ საწყალმა და სახლში, ლოგინზე მიმაწვინა.

ქეიფ-ღრიანცელის ხმამ გამომაღვიძა.

ჩემი სახლის წინ, ქუჩის მეორე მხარეზე სასტუმრო „საქართველოა“. მეორე სართულზე – რესტორანი. თურმე ვიღაც „მელეხები“ ახალ წელს იმ რესტორანში ხვდებიან.

იქ ალბათ დასცხათ, ფანჯარა ნახევრად ღია აქვთ და ხმა ზარივით შემოდის ჩემს ოთახში.

თვალები გავახილე. ჩემს სახლში, მაგიდაზე შამპანურის ბოთლი დავლანდე. ვეცი, მოზრდილი ჭიქა შევივსე და როგორც ტრადიციულმა კაცმა – თამადის „რეჩს“ ველოდები ახლა.

ისიც მალე გაისმა:

– ძვირფასო მაგიდის წევრებო, დამდეგ ახალ წელს გაუმარჯოს! გაუმარჯოს!

– ჯოს, ჯოს, ჯოს! – ავჭყლოპინდი და შამპანური ზათქით გავუშვი ყელში.

შოკოლადიც მივაყოლე. და როგორც წესიერი მოქეიფე, თამადის მორიგ „რეჩს“ დაველოდე.

– ყველამ, ყველამ შევსვათ ბოლომდე – ბობოქრობს თამადა, – თქვენ რატომ არ შესვით, ყმაწვილო?  თუ ვერ და არ სვამთ (ეტყობა, იმ ვიღაცა არამსმელს მიმართავს), ახლა ახალი წელია და ყველამ უნდა ვიმხიარულოთ. მაშინ, იცეკვეთ, ყმაწვილო!

– ცეკვა? – კი ბატონო, – მორჩილად დავხარე თავი და საოცრება... მოულოდნელად ისეთი „შალახო“ დასცხეს მუსიკოსებმა, მკვდარს წამოაგდებდა საფლავიდან.

– ასე, არა?! – დავიკვანწე, დავიგრიხე. წამოვბზრიალდი (თამადას როგორ ვაწყენინებ!) და ჩავიმუხლე კინტაურად.... ჩამუხლულადვე ორმოცი გრადუსით დავტრიალდი, წამოვყელყელავდი და ავასხმარტალე ხელები და ფეხები – პარალელურად ჯერ მაგიდის ძგიდეს გავკარი გვერდი, მაგრამ არ შევიმჩნიე. მორიგი დაბუქვნა – შემოტრიალება-წამოყელყელავებაზე პიანინოს მივასკდი, მაგრამ ინსტრუმენტი მძიმე იყო და ვერ გადავაბრუნე... ტაშ, ტაშ, ლააშ! – არ ვიტეხავ იხტიბარს...

– ახლა ვიმღეროთ! – გამოაცხადა ბარიტონით თამადამ.

შეწყდა სიმღერა იქ და მეც შევივსე მორიგი ჭიქა – გისმენთ, ბატონო თამადა-მეთქი, ვიქეცი მოთმინებად.

– ახლა. ვინც ჩვენთან არ არის, ყველას გაუმარჯოს! – იყვირა თამადამ.

მაშინ კი მიმოვიხედე ირგვლივ. მარტო ვარ, მაგრამ თამადას რას შეუსწორებ, თამადაა ბოლო-ბოლო. ის ჭიქაც გამოვცალე და კვლავ სიმღერა მომინდა. ძალას მოსულმა მაინცდამაინც მრავალჟამიერი არ წამოვიწყე? გავუტიე, გავუტიე და... „ჭე“ მაჟორში რომ გადავედი ხროტინით (ვეღარ ავწიე), ჩვენებიც შემოცვივდნენ მეორე ოთახიდან – ხომ არ არწყევსო...

– თქვენ გაგიმარჯოთ ჩემო-ჩემიანებო, მრავალ ახალ წელს დაგასწროთ ღმერთმა!

... დილით მიამბეს – ასე იქცეოდიო...“