რით აიხსნება რესპუბლიკელების ზეობა ახალი მთავრობის შემადგენლობაში და როგორ მოიპოვა ამ პარტიამ ივანიშვილის მზის ქვეშ საკმაოდ თბილი ადგილი? რამდენად პრინციპული აღმოჩნდება თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის ახალ ამპლუაში და გადაფარავს თუ არა ჯანელიძე-ზუმბაძის ტანდემის შესახებ გავრცელებულ პრორუსულ შეხედულებებს? ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.
მინისტრობის სამი კანდიდატურიდან ორი რესპუბლიკელია - თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი. როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის ეს „რესპუბლიკური პარადი“ ივანიშვილის კარზე?
- პარადს ვერ ვიტყოდი. რომელ პარტიაზე შეიძლება ახლა ფსონის დადება? - „კონსერვატორებზე?“ „სოციალ-დემოკრატებზე“ თუ ვისზე? მას შემდეგ, რაც ალასანიას პარტია აღარ არის „ქართულ ოცნებაში“, აქ უკვე ერთადერთი პარტია დარჩა, მეტ-ნაკლებად სოლიდარობას რომ ინარჩუნებს. ეს „რესპუბლიკური პარტიაა“. ეს კარგი ცხოვრებისგან არ არის, უბრალოდ, ალტერნატივა არ არსებობს. ეს არის ყველაზე ტრაგიკული „ოცნებისთვის“, რომ დღეს კოალიციაში, პრაქტიკულად, ერთი პარტია დარჩა, რომელსაც, ასე თუ ისე, რაღაც ავტორიტეტი აქვს ხელისუფლებაში და ეს არის „რესპუბლიკური პარტია“.
აქამდე რესპუბლიკელები და პრეზიდენტი თითქოს ერთად ძოვდნენ, რადგან პრეზიდენტის თანაშემწე ქალბატონი ირინე იმერლიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია. როგორც ჩანს, აქაც გაირბინა შავმა კატამ და პრეზიდენტსა და რესპუბლიკელებს შორის ისეთი ურთიერთობა აღარ არის. საერთოდ, ფაქტები, ოფიციალური დოკუმენტაცია ამაზე არ გვაქვს, მაგრამ ვარაუდით, ადვილად შეიძლება, რესპუბლიკელთა პარადი, აღლუმი, თუ გნებავთ, ზეიმი დავუკავშიროთ ამერიკის ელჩის უცნაურ ვიზიტს შუშის სასახლეში, ივანიშვილთან. ეს ამერიკელების ქრესტომათიული ხელწერაა, რომ მუდამ ჰყავდეთ სათადარიგო ძალა, სცენარი, გეგმა - „ბე“. როგორც ამბობენ, შევარდნაძის დროს ასეთი სათადარიგო ძალა იყო სააკაშვილი და ნაცმოძრაობა, „ოცნების“ დროს - ალასანია თავისი პარტიით. როგორც ჩანს, ალასანია თავისი პარტიით ამერიკაში უკვე აღარ განიხილება ისეთ პერსპექტიულ ძალად, როგორც ადრე იყო და ახლა ფსონი კეთდება რესპუბლიკელებზე, მაგრამ ამას შეცდომად თუ ჩავთვლიდი, რადგან დამოუკიდებლად, ავტონომიურად, „რესპუბლიკური პარტია“ არ არის ძლიერი ელექტორალური აზრის მქონე. პარტიაზე, რომლის რეიტინგიც კატასტროფულად დაბალია, ფსონის დადება არ შეიძლება, მაგრამ ამერიკელებს არჩევანი არ აქვთ. ვინ დარჩა ახლა პარლამენტში პარტიის სახით? ორ-ორ, სამ-სამ კაციანი პარტიები. ესაა ძიძიგურის პარტია, ჟორჟოლიანის პარტია, მეტს ვერც ვიხსენებ.
ერთ-ერთი ქართველი ექსპერტი აცხადებს, რომ მომავალი სამთავრობო გუნდისთვის ახალი კადრების მთავარი წყარო „საზოგადოება 2030“-ში ეგულება.
- რომელი ექსპერტი აცხადებს ამას?
სოსო ცისკარიშვილი.
- სოსო ცისკარიშვილი ეკონომისტია განათლებით. არავითარი „2030“. ივანიშვილს შეუძლია, კიდევ რაღაც გამოძებნოს, მაგრამ სანამ „2030“ აკრეფს რესურსს, რაც სჭირდება პოლიტიკურ ძალას, ეს არის გამოცდილება, ინტელექტი... პატარა ბავშვების მთავრობა ჩვენ უკვე ვნახეთ სააკაშვილის დროს, როცა ეკონომიკის მინისტრი 23 წლის ბიჭი იყო და ის საჯაროდ აცხადებდა, 40 წლის ხეც არ მინდა ეზოში, მინისტრი რაში მჭირდებაო. ახალგაზრდობა ინდულგენცია არ არის. მარტო ახალგაზრდობა, თუ მას გამოცდილება, ცოდნა, ინტელექტი არ აქვს, დამღუპველია.
„რა სიხშირით უნდა ვცვალოთ თავდაცვის მინისტრები“ და თინა ხიდაშელი ამ ამპლუაში როგორ წარმოგიდგენიათ?
- ჩვენ თავდაცვის მინისტრებს ვცვლით ყოველი „გამარჯვებული“ ომის შემდეგ. ეს ცნობილი ფაქტია. იმ სიხშირით უნდა ვცვალოთ, რა სიხშირითაც მმართველ პირს მოეწონება, ან არ მოეწონება ვინმე. ელემენტარულად, ახლა რაც ხდება, ეს კიდევ ერთხელ სერიოზული დარტყმაა ღარიბაშვილის კადრებზე. თავდაცვის მინისტრი ღარიბაშვილის კაცი იყო. როგორც ჩანს, ღარიბაშვილს დაუტოვებენ იმის უფლებას, საკუთარი მძღოლი შეარჩიოს თვითონ. გუშინწინ არ ამბობდა ღარიბაშვილი? -არავინ არ შეიცვლება მოქმედი მინისტრებიდანო და 24 საათი გავიდა და იცვლება საკვანძო თავდაცვის მინისტრი. ეს ნიშნავს, რომ არათუ აღარაფერია დამოკიდებული ღარიბაშვილზე, არამედ უარესი ხდება, ღარიბაშვილი საქმის კურსშიც კი არ არის, ვის დაუნიშნავენ მინისტრად. შეიძლება, ღარიბაშვილმა იცის, რომ ვიღაცას ნიშნავენ და ის არ მოსწონს, მაგრამ მას არ აქცევენ ყურადღებას, თუმცა ორჯერ ცუდია, როდესაც მან არცკი იცის, რომ ვიღაცას ცვლიან.
ივანიშვილმა, როცა არჩევანი თინა ხიდაშელზე შეაჩერა, ალბათ, მისი პროდასავლური იმიჯი გაითვალისწინა, ანუ ეს არჩევანი გადაფარავდა ჯანელიძე-ზუმბაძის პრორუსულ იერს?
- ეს ამერიკის ელჩის ვიზიტის შედეგად მიმაჩნია. ცალსახად, ეს უფრო პროამერიკული სტილია, ვიდრე პროევროპული. როგორც ჩანს, ევროპას არც აქვს იმის პრეტენზია, თავისი ხალხი ჰყავდეს აქ, ეს უფრო ამერიკას აწყობს. ამიტომაა, რომ ამერიკის ელჩი მონოპოლისტი გახდა თავის საჯარო განცხადებებში, როგორც კი რაღაც მოხდება საქართველოში (ეს იქნება სასამართლო პროცესები თუ სხვა რამ) აუცილებლად კომენტარს აკეთებს ამერიკის ელჩი და არასდროს - საფრანგეთის ან დიდი ბრიტანეთის, გერმანიის ელჩი. ხალხმა არც კი იცის, ვინ არის გერმანიის ელჩი, ერთხელაც არ უნახავს ეკრანზე. ამერიკის ელჩს კი ხელად ცნობენ, ის ცნობადი სახეა და ცნობადი სახე საქართველოში ყოველთვის არის ერთი ქვეყნის - ამერიკის ელჩი.
„კაბელების საქმის“ გამოძიებისას, რომელსაც ბოლო ხანს ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა, რამდენად გამოადგებათ ჯანელიძესთან შედარებით მეტ-ნაკლებად უმართავი თინა ხიდაშელის კანდიდატურა?
- რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს თავდაცვის მინისტრი ფანტომასია, ის არ ჩანს. თავდაცვის მინისტრის შესახებ ინფორმაცია რით უნდა გავიგოთ? ომი მოვიგეთ, ნატოში შევედით თუ სხვა? უბრალოდ, ალასანია სალაპარაკო თემად იქცა, როდესაც მას ხალხი დაუჭირეს, თორემ საზოგადოებამ ხომ არ იცის, როგორი არმია გვყავს ჩვენ? თავდაცვის მინისტრის და არმიის ქმედუნარიანობა მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხდება ცნობილი საზოგადებისთვის - ომის შემთხვევაში. ღმერთმა დაგვიფაროს, 2008 წელს ჩვენ ვნახეთ, როგორი გენერალიტეტი, არმია გვყავდა, ამიტომ მინისტრის როლი ნულამდეა დაყვანილი. ნორმალურ საზოგადოებაში გენერალური შტაბია მთავარი, მაგრამ ჩვენთან გენერალური შტაბი მიჩქმალულია, მინისტრი ჩანს მხოლოდ.
რესპუბლიკელებს ფასი მას შემდეგ ხომ არ დაედოთ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გაიაზრა მთელი ის დილემა, რაც რესპუბლიკელების განრიდებას შეიძლება მოჰყოლოდა? კერძოდ, სააკაშვილის ზეობისას ხიდაშელ-უსუფაშვილის წყვილი სააკაშვილს გადაუდგა, რადგან მათ ვერ მიიღეს გენპროკურორის და სახალხო დამცველის პოსტები. ამის განმეორების ხიფათი ხომ არ არსებობდა? მართალია, რესპუბლიკელები ცალკე, კოალიციის გარეშე ძლიერ ძალას არ წარმოადგენენ, მაგრამ მაინც შეიძლება ეს ვერსიაც დავუშვათ?
- რაღაც ასეთი იყო. ჩვენ რომ რეტროსპექტივაში განვიხილოთ თინა ხიდაშელის საჯარო განცხადებები, ნახავთ, რომ თუნდაც ორი თვის წინ თინა ხიდაშელი თავს არ იკავებდა ხორკლიანი, მჩხვლეტავი განცხადებებისგან „ოცნებისა“ და მთავრობის მიმართ. იგი ხშირად იყო მოულოდნელად კრიტიკული, მაგრამ უკანასკნელი ათი დღეა, ორი კვირაა, ძალიან დაუტკბა მთავრობას. სახეზე რომ არ ვიცნობდე, ხიდაშელი ლაპარაკობს, თუ რომელიმე თავგადაკლული „ოცნებისტი“ პარლამენტში, უკვე ვეღარც გაარკვევ სინამდვილეს. ხიდაშელი იქაც კი ცდილობს, თეთრი შავად გამოაჩინოს, სადაც თეთრი ნამდვილად თეთრად ჩანს. ეტყობა, რაღაც მოხდა. თუ გნებავთ, ის ფაქტი, როცა უსუფაშვილმა ნეპოტიზმი ახსენა და ამ დროს საკუთარი ცოლი დანიშნა კომიტეტის თავმჯდომარედ. გარდა ამისა, საჭირო იყო ხიდაშელის ამბიციის დაკმაყოფილება. დიდი ხანია, მთელი ორი წელია, ხიდაშელი რიგითი წევრი იყო პარლამენტში, ჯერ რაღაც არაფორმალურ კომისიას ჩაუდგა სათავეში, მაგრამ ხომ გახსოვთ, მაგ კომისიამ იმასაც ვერ მიაღწია, შაშკინი მიეყვანა პარლამენტში და შაშკინმა თქვა, ერთი პარლამენტარის დაძახებით მე არ მივალო, ე.ი. ხიდაშელი არაფრად ჩააგდო. ეს თავმოყვარე ქალისთვის დიდი შეურაცხყოფაა, მაგრამ უკვე დაკმაყოფილდა ხიდაშელის ამბიცია.
ალასანიამ ძალიან იჩქარა, მისი შეცდომა ის იყო, მოვიდა თუ არა, ათასობით თავისი მომხრეთი გაავსო სამინისტრო. ეს უკვე აღარ მოეწონა იმ ერთ ადამიანს, იფიქრა, პატარა საფეოდალო გახდა თავდაცვის სამინისტროო? ამიტომ შეუტიეს ალასანიას. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ არჩევნებამდე ხიდაშელი ვერ მოასწრებს „რესპუბლიკური პარტიის“ კადრებით ჩაანაცვლოს თავდაცვის სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობა.
გამოდის, რესპუბლიკელები ყველაზე უკეთ ვაჭრობენ ბიძინა ივანიშვილთან? გარდა ამისა, მათ ყველაზე ადრე იცოდნენ სამთავრობო ცვლილებების თაობაზე.
- ელემენტარულად, რესპუბლიკელებს აქვთ ისეთი კოზირი ხელში, როგორიცაა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი. ეს უსუფაშვილის ღირსება კი არაა, არამედ ეს მისი თანამდებობის ღირსებაა, რომ შეუზღუდავი ინფორმაცია მიდის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ამიტომ ვერ ვიტყვი, წარმატებით ვაჭრობენ რესპუბლიკელები თუ წარუმატებლად. პირიქით, ეს ამბავი „რესპულიკური პარტიის“ დაბალ რეიტინგს კიდევ უფრო დაბლა დასწევს.
რით ახსნით გიორგი მარგველაშვილის ე.წ. შურისძიებას და დაბრკოლებას მინისტრების დამტკიცების გზაზე? რატომ დააყენა მარეგველაშვილმა, ივანიშვილის მსგავსად, ღარიბაშვილი დილემის წინაშე?
- მარგველაშვილი ინტელექტუალია. ჩემი აზრით, ის სუსტი მენეჯერია, სუსტი პრეზიდენტია, მაგრამ ინტელექტუალია. მასაც აქვს ინფორმაციის საკუთარი წყაროები, ხვდება იმას, რომ ქვეყნის საშინაო პოლიტიკა შედის მძიმე ტურბულენტურ ფაზაში. ამიტომ სულ უფრო და უფრო გაბედული ხდება. ახლა მან თავისი ვეტოთი და ერთკვირიანი დროის გადაწევით ყველაფერი სასწორზე დადო, ვა-ბანკზე წავიდა. თუ მარგველაშვილი დადგა ბარიკადებზე და თქვა, ან სიკვდილი, ან გამარჯვებაო და გაიტანა თავისი, ანუ შეაცვლევინა კადრები, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის პირადი რეიტინგი კიდევ უფრო ამაღლდება, მაგრამ, თუ ერთი კვირა პინგ-პონგის თამაში იქნა და მაინც ეს კადრები დამტკიცდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მარგველაშვილის ბრძოლა მოჩვენებითია.
სხვათა შორის, ვანო მაჭავარიანი პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას თინა ხიდაშელის პრობლემურ კანდიდატურას უკავშირებს და იხსენებს თინა ხიდაშელის რთულ ურთიერთობებს როგორც პრეზიდენტთან, ისე პრემიერთან. მისი აზრით, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა არ შედგება ხიდაშელის გამო.
- სადაც ხიდაშელია, იქ ყოველთვის დაპისპირება და კონფლიქტია, რადგან ამ ქალბატონთან ამბიციები და კიდევ ერთხელ ამბიციებია. ლომის წვლილი ხიდაშელსაც მიუძღვის, რომ დღეს „რესპუბლიკური პარტია“ და ბურჯანაძე ასე დაპირისპირებულნი არიან. თუმცა ბურჯანაძე დღეს თავშეკავებულად იქცევა, რესპუბლიკელებისგან განსხვავებით. აქ გენდერული პრობლემაცაა. ქართული პოლიტიკა ვერ იტანს ორ ლიდერ ქალს. პირველად ეს გამოჩნდა ზურაბაშვილის დროს, როცა მან ვერ აიტანა ბურჯანაძე და პირველი კონფლიქტი ზურაბაშვილს სწორედ ბურჯანაძესთან ჰქონდა. ბურჯანაძეს დღეს ქალებში ალტერნატივა არ გააჩნია. ხიდაშელმა რა თანამდებობაც არ უნდა მიიღოს, ის ბურჯანაძის დონემდე ვერ ავა. ბიოგრაფია სხვა არის. ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პარლამენტის თავმჯდომარე ამდენი ხნით, პარტიის ხელძღვანელი, განათლებული, გამოცდილი ადამიანი, ხიდაშელი შორს დგას მისგან თავისი მონაცემებით და ეს პირადულ გაღიზიანებაში გადადის. ამიტომ არ ვიტყოდი, რომ ხიდაშელის კანდიდატურა გენიალური მიგნებაა, ის მართლაც პრობლემური იქნება, თანაც, ხიდაშელი ვერ მოითმენს, ის აქტიური ადამიანია, მას უნდა, სულ ეკრანზე იყოს გადაწყვეტილებები მიიღოს.
ვინ ჩანს ეკრანზე, მხოლოდ ბესელია, ხიდაშელი და ვოლსკი, მაგრამ თავდაცვის და უშიშროების მინისტრები ისეთი თანამდებობებია, იქ სიჩუმეა საჭირო, მათ არ უყვართ ტელეკამერებთან კეკლუცობა, ხიდაშელი კი უამისოდ ხიდაშელი ვერ იქნება, რას იზამს ხიდაშელი? ახლა ნატოში შეიყვანს საქართველოს? ხიდაშელის ადგილას, არცერთ ჩემს ახლობელს არ ვურჩევდი, დათანხმებულიყო მინისტრობას, მაშინ, როცა უკვე ნატომ ღიად გვითხრა უარი, დამივიწყეთო, ამ დროს შენ ხდები მინისტრი და კიდევ უნდა იძახო, ჩვენ ნატოში შევდივართ და ნატოსთან ახლოს ვართო. ეს ძალიან უმადური თანამდებობაა.