„ყველამ კარგად გაითვალისწინოს საქართველო-აზერბაიჯანის მდგომარეობა რეგიონალური და უსაფრთხოების თვალსაზრით“

„ყველამ კარგად გაითვალისწინოს საქართველო-აზერბაიჯანის მდგომარეობა რეგიონალური და უსაფრთხოების თვალსაზრით“

საქართველოს პროკურატურას, ამ დრომდე აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურიდან პასუხი არ მიუღია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების შესახებ. მართალია, კონკრეტული ვადა პასუხთან დაკავშირებით განსაზღვრული არ არის, თუმცა, როგორც ჩანს, გიორგი ბადაშვილის წერილზე შესაბამისი რეაგირება მისი აზერბაიჯანელი კოლეგის მხრიდან არ მომხდარა. სააკაშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში ექსპრეზიდენტებისა და მთავრობის მეთაურთა სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.

რატომ ამბობს უარს აზერბაიჯანი სააკაშვილის დაკავებაზე და რა ხდება დევნილი მაღალჩინოსნების საქმეზე? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge სამართლის ექსპერტს, ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.

აზერბაიჯანულმა მხარემ უარი თქვა სააკაშვილის დაკავებაზე, ყოფილი პრეზიდენტი თავისუფლად გადაადგილდება და აზერბაჯანში ოფიციალურ ღონისძიებებშიც ღებულობს მონაწილეობას. როგორ ხსნით აზერბაიჯანელი სამართალდამცავების ამ გადაწყვეტილებას?

- როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს, ყველასთვის თავიდანვე ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ სისხლის სამართლებლივ დევნასთან და დაკავებასთან დაკავშირებით მოთხოვნები საერთაშორისო მხრიდან უფრო მეტი იქნებოდა. ამავე კონტექსტში უნდა იქნეს განხილული აზერბაიჯანიც. ჩვენმა საგამოძიებო ორგანომ ინტერპოლს მიმართა ყოფილი პრეზიდენტის წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების თაობაზე, მაგრამ როგორც ვიცით, სააკაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიაში ჩასმულიც კი არ არის.

რეალურად რაში მდგომარეობს პრობლემის არსი?

- 2012 წლის არჩევნების შემდეგ, სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებში ჭარბად შეინიშნებოდა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რაც თავისთავად საქმის გამოძიების ხარისხსაც დაბლა წევდა. აბა დავითვალოთ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ყოფილ მაღალჩინოსნების საქმეზე რამდენი გამამართლებელი განაჩენია გამოტანილი. მართალია, ჩვენს სასამართლოს არ აქვს იმის კომპეტენცია, რომ პოლიტიკური დევნის საფუძვლით გამოიტანოს განაჩენი, მაგრამ გამამართლებელი განაჩენები ადეკვატურად შეაფასა ხელისუფლებამ?

სახეზე გვაქვს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საკმაოდ მძიმე განცხადება პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ წუხილი კი არ არის საჭირო, არამედ მტკიცებულებების სათანადო შეკრება და ისე წარმართვა სასამართლოზე. ხელისუფლებამ და სამართალდამცავებმა მიზნად უნდა დაისახონ არა ვინმეს დაკავება, არამედ საქმის გამოძიება, ყველა მტკიცებულების შეკრება და სასამართლოში გადაგზავნა.

თუკი მტკიცებულებებიდან გამოირიცხება პოლიტიკური მოტივი, არ იქნება რეპრესირების ღონისძიებები გამოყენებული კონკრეტული პირის მიმართ, ასეთ შემთხვევაში სამართლებრივად არანაირი საფუძველი არ რჩება არც საერთაშორისო ორგანიზაციას და არც სხვა სახელმწიფოს, რომ უარი თქვას განაჩენის აღსრულებაზე. ამ წესით მიღებულ გამამტყუნებელ განაჩენს თავისი შედეგი აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ - ქვეყნის შიგნით შედეგი ის არის, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ მაღალი სტანდარტით მართლმსაჯულებამ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ექვემდებარება დასჯას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ასეთი მიდგომით გამოირიცხება საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ წუხილები.

ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წარდგენილ ბრალდებას თუ გადავხედვათ, როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე, პოლიტიკურ სიჩქარესთან თუ პროკურატურის არაკომპეტენტურობასთან?

- პროკურატურა ჩქარობს, შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს როგორც საქმის ხარისხზე, ასევე იმ აღქმის გაძლიერებაზე, რომელიც დაკავშირებულია სწორედ პოლიტიკურ დევნასთან. მაგალითისთვის გეტყვით, პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა სააკაშვილისთვის წასაყენებელი ბრალის 10-პუნქტიანი საქმე. როდესაც საქმე არ გაქვს აღძრული, არ გაქვს საკმარისი მტკიცებულებები შეკრებილი, რომ ეჭვი იქნას ვინმეს ქმედებაში შეტანილი და, როცა ამას შესაბამისი ქმედება არ მოჰყვება, რა არის ყოველივე ეს, რატომ აკეთებს პროკურატურა წინასწარ ასეთ განცხადებებს? ვინმემ აიძულა ჩვენი პროკურატურა და ხელისუფლება, რომ ასეთი რამ გაეკეთებინა?!

მინიმუმ ეს არის საბოტაჟი? რადგან, სააკაშვილი არ არის ერთადერთი ფიგურა, რომელის მიმართ აღრული საქმე პოლიტიკურ დევნად არის შეფასებული დასავლეთის მხრიდან, იგივე მოხდა ახალაიას, ადეიშვილის და კეზერაშვილის შემთხვევაში, სადაც სასამართლო პირდაპირ ამბობს, რომ მათ მიმართ ხორციელდება პოლიტიკური დევნა...

- ეს არის სახელმწიფოს პრობლემა, რომელიც შექმნა ხელისუფლების და პროკურატურის გამოძიების პოლიტიკური მოტივაციით ნაჩქარევმა და ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელმა დევნამ ყოფილ მაღალჩინოსანთა მიმართ და, რომელიც გამამართებელი განაჩენებით არის გამყარებული. სამწუხაროდ, დასავლეთის მხრიდან უკვე კეთდება განცხადება საქართველოში პოლიტიკური დევნის შესახებ.

ვითარება იმ კონდეციამდე არის მისული რაც გადაწყვეტილების მიღებაზე ახდენს გავლენას?

- ჯერჯერობით ამ დონეზე არ მივსულვართ. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს პრობლემის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. ჩვენი პოლიტიკოსების პოლიტიკოსობა სწორედ ის იქნება, რომ საკუთარი პოლიტიკური თუ პიროვნული ინტერესი მეორე პლანზე გადასწიონ და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამოვიდნენ. გადაარჩიონ სახელმწიფო პოლიტიკური დევნის აღქმის შედეგად მიღებული ნეგატიური გადაწყვეტილებებისგან. არ გამოვრიცხავ, რომ შიდა პოლიტიკური თავალსაზრისით, ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი იყოს ეს მდგომარეობა.

რაში მდგომარეობს ამ ვარაუდის საფუძველი?

- წინასაარჩევნო პერიოდი მოდის. ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება წინასაარჩევნო პოლიტიკური ბატალიებისათვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ აი საზიზღარი უცხოელები არ გადმოგვცემენო. ვთვლი, რომ ხელისუფლება დაინტერესებული არ არის ძებნილი მაღალჩინოსნები საქართველოში ჰყავდეს.

საქართველოს პროკურატურას, ამ დრომდე აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურიდან პასუხი არ მიღია სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების შესახებ. ამ ჟესტით დასტურდება, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულია ურთიერთობა?

- მოდით ისიც ვთქვათ, რომელი ხელისუფლების დროს შეიქმნა ეს ფონი? რა თქმა უნდა, 2012 წლის შემდეგ და ეს პირდაპირ უკავშირდება ენერგეტიკის საკითხებს. გვახსოვს ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების მოუზომელი განცხადებები. სამწუხაროდ, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა. არ შეიძლება მსჯელობა და იმ აზრის კულტივირება პოლიტიკოსების მხრიდან, რომ აზრებაიჯანმა სააკაშვილი არ დააკავა და არ გადმოგვცა.

დილით, რომ გააგზავნი დაკავების და ექსრტადაციის მოთხოვნის ფურცელს დოკუმენტების და მტკიცებულების გარეშე, უკაცრავად და აზერბაიჯანი შენი თვითმმართველობის ორგანოა, რომ 2 საათში გიპასუხოს? ვკითხოთ აბა პროკურატურას, სრულყოფილი დოკუმეტები და მტკიცებულება გაუგზავნეს? ან როდის გაუგზავეს ეს მოთხოვნა - მაშინ როდესაც გაიგეს, რომ სააკაშვილი მიფრინავდა და გზაში დააწიეს ეს წერილი, რაზეა ლაპარაკი?

ყველამ კარგად გაითვალისწინოს საქართველო-აზერბაიჯანის მდგომარეობა რეგიონალური და უსაფრთხოების თვალსაზრით, აღარაფერს ვამბობ საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებზე. ისე წარმართონ ურთიერთობა ამ სახელომწიფოსთან, რომ საბოლოოდ არ გაიფუჭონ ურთიერთობა, რადგან კავკასიის ფრაგმენტაცია, პირველ რიგში, ჩაყლაპავს საქართველოს, რადგან ყველაზე მძაფრი ინტერესი სწორედ საქართველოს მიმართ არის.