For.ge აგრძლებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას.
იმხანად შევარდნაძის გარემოცვაში ერთი ალიაქოთი ჰქონდათ, მომავალი პირველობისთვის ერთმანეთს სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე და პარლამენტის თავმჯდომარე ზურა ჟვანია იბრძოდნენ. ჟვანია ლორთქოიფანიძის საპირწონედ განიხილებოდა, რაც ვაჟას ძალიან ანერვიულებდა.
ზურა ქართულ პოლიტიკაში ახალ ხაზს წარმოდგენდა, ეროვნული მოძრაობიდან, დისიდენტური მოძრაობიდან, საუნივერსიტეტო წრიდან წამოსულს. მან თავისი გზა ყოველგვარი კომკავშირულ-პარტიული სიმძიმეების გარეშე გაიარა, თანამედროვე ქართული პოლიტიკური ლიდერშიფის საუკეთესო შტოს წარმოადგენდა. მეორე მხარეს იყო ვაჟა, რომელიც ასევე საკმაოდ ძლიერი, აქტიური, ასე ვთქვათ, ბექგრაუნდის მქონე ადამიანია, მაგრამ მას სრულიად კომუნისტური, ნომენკლატურული წარსული ჰქონდა- საბჭოთა პერიოდში, ვაჟა ლორთქიფანიძე საქართველოს კომკავშირის კომიტეტის პირველი მდივანი იყო, შემდეგ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. შევარდნაძის სახელმწიფო მეთაურობის პერიოდში, ის მის კანცელარიას ხელმძღვანელობდა და შევარდნაძის გარემოცვაში ყველაზე გავლენიან კაცად ითვლებოდა. სახელმწიფო მინისტრობამდე მოსკოვში ელჩად რამდენიმე წელი იმუშავა.
პრესას ორივე მხარე მეტ-ნაკლები წარმატებით სათავისოდ იყენებდა. ამ მხრივ, საქმე ზურას უკეთ ჰქონდა აწყობილი: ჟურნალისტურ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, მისი ლიბერალური იდეები უფრო მოსწონდა, მას გამომცემლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მათ გრანტების მოპოვებაშიც ეხმარებოდა. ყოველივე ამის გამო ზურა მეტი პოპულარობით სარგებლობდა.
1999 წლის არჩევნები, მოგეხსენებათ, შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის გამარჯვებით დამთავრდა და სრულიად სამართლიანად: კამპანიის თვალსაზრისით მოქალაქეთა კავშირმა ძალიან სერიოზულად აჯობა მოწინააღმდეგეს. თუ დავაკვირდებით, ეს კამპანია ძალიან ჰგავდა 1996 წლის ელცინის კამპანიას, აქაც იგივე ტექნოლოგია გამოიყენეს: კომუნისტებისაგან შეიქმნა ე.წ. რევანშიზმისა და წარსულის უკან დაბრუნების საფრთხობელა, “საფრთხე”, კამპანიამ ხალხი ამ “საფრთხის” ირგვლივ გააერთიანა და ელცინი, რომელსაც მარტის დასაწყისში 7 პროცენტი უჭერდა მხარს, თუმცა მეორე ტურის შემდეგ, მაინც რუსეთის პრეზიდენტად “გაიყვანეს”. ელცინი, დავარდნილი, ფაქტიურად, ნახევრადცოცხალი ადამიანი.
აქ მთლად ასეთი სიტუაცია არ ყოფილა. შევარდნაძე, მიუხედავად 1997 წლის ტერაქტისა, საკმაოდ მტკიცედ იდგა ფეხზე, მაგრამ ასლან აბაშიძის სახით საფრთხობელის შექმნა მაინც საჭირო გახდა. რუსი იმიჯმეიკერების დახმარებით ამ საფრთხობელის და ზურა ჟვანიასა და მისი თანამოაზრეების გამოცდილების წყალობით მოქალაქეთა კავშირმა გაიმარჯვა და ზურა ჟვანიამ 1999 წლის მოწვევის პარლამენტის ახალი უმრავლესობა დააკომპლექტა და შევარდნაძეს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე გია არსენიშვილი დაანიშნინა.
პარლამენტი ჩამოყალიბდა და ექვსი თვის მერე, ანუ მარტში, პრეზიდენტის არჩევნებია დაგეგმილი.
შევარდნაძესთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. ჩვენი ტელეკომპანია ამ დროისთვის უკვე ყველაზე გავლენიანი გახდა.
ზემოთაღწერილი მოვლენების განვითარების დროს, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, შემოგვიერთდნენ - აკაკი გოგიჩაიშვილი და მისი გუნდი, ორი ჟურნალისტი: ეკა სარია და ლიკა ბასილია. ჩაფიქრებული ჰქონდათ ჟურნალისტური გადაცემა ეკონომიკაზე, დაახლოებით ისეთი, როგორიც აკაკიმ შემდგომ გააკეთა, მაგრამ მაშინ ეს იდეა უპერსპექტივოდ მომეჩვენა, ჩავთვალე რომ პროექტი წარუმატებელი იქნებოდა.
ეთერში სხვა გადაცემა გავიდა, აკაკი გოგიჩაიშვილის “60 წუთი”. პირველივე გადაცემების მთავარი გმირი შევარდნაძე გახდა. აკაკი სარგებლობდა იმ ინფორმაციით, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და კონტროლის პალატა აწვდიდა. ამ მასალის გამოყენებით მან შევარდნაძის ოჯახს რამდენიმე მძიმე ბრალდება წაუყენა. პირველად თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში ედუარდ შევარდნაძე - ღიად, მთელი ქვეყნის გასაგონად, მისი ნათესავების კორუმპირებულობისთვის დაადანაშაულეს. იყო მინიშნებებიც, რომ ცალკეულ შემთხვევებში არამარტო შევარდნაძის სახელით სარგებლობდნენ, არამედ უკანონო გარიგებებისთვის პირადად შევარდნაძესაც იყენებდნენ.
ამ გადაცემების ჩვენების შემდეგ შევარდნაძე გააქტიურდა. მან შეხვედრა დამინიშნა და საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პირისპირაც შევხვდი.
შევარდნაძე იმ დროისათვის ლეგენდარული ადამიანი იყო. გამჭოლი მზერა აქვს, უძლიერესი პოლიტიკოსი, “თეთრი მელა”, ადამიანი, რომელმაც ბერლინის კედელი დაანგრია, ადამიანი, რომელიც 30 წელი მართავდა და მართავს საქართველოს, ანუ მართლა ადამიანი-ლეგენდა, და ბუნებრივია, ვღელავდი.
მანამდე მხოლოდ ერთხელ შევხვედრივარ - როცა “რუსთავი 2”-ს ვიწყებდით, შევარდნაძის პრეს-მდივანი რამაზ საყვარელიძე იყო, და რამაზს ვთხოვეთ, დაგვხმარებოდა, რომ შევარდნაძეს რუსთაველებისთვის ახალი ტელევიზიის დაბადება მიელოცა. შეიძლება ითქვას, რომ “რუსთავი 2” მისი დალოცვილი იყო.
მახსოვს, არ ვიცოდი, რომ შევარდნაძეს ცალი ყურით გაგონება უჭირდა. მახსოვს, რაღაც კითხვა დავუსვი, ალბათ, ხმადაბლა მომივიდა და მან მხოლოდ გაკვირვებულმა შემომხედა, პასუხი არ გამცა. კიდევ ერთხელ გავუმეორე, კიდევ არ მიპასუხა და ცოტა ხმამაღლა მომივიდა, „გასაგებია?“ მაშინ ეს დიდი სამხიარულო თემა გახდა.
ახლა კი კვლავ შევარდნაძეს უნდა შევხვედროდი.
გავიარეთ “ცისანას ბარიერი”. ცისანა იყო ათწლეულების განმავლობაში შევარდნაძის პირადი მდივანი, თბილი, გაწონასწორებული ქალი. გავიარეთ “ცისანას ბარიერი” და მოვხვდი შევარდნაძესთან.
შევარდნაძის კაბინეტი მრავალს ახსოვს: შესასვლელში, ხელმარცხნივ - ძალიან გრძელი მაგიდა, კაბინეტის სიღრმეში - დიდი სამუშაო მაგიდა და ორი სავარძელი სტუმრებისთვის, მარჯვენა მხარეს - დივანი და ორი სავარძელი.
მე ველაპარაკე იმაზე, რომ პრესას დახმარება სჭირდება, რომ აი, როგორ ფიქრობთ? როგორ წარმოგიდგენიათ? და ჩვენ ასე წარმოგვიდგენია ქვეყნის მომავალი... მან კი სადღაც შუა საუბარში ისე, სხვათა შორის მკითხა, რას ფიქრობ, შენი ტელევიზია ვინმე რუს ოლიგარქს რომ მიყიდოო? აი, გუსინსკისნაირსო, მაგრამ არა გუსინსკისო.
გაკვირვებულმა შევხედე - რატომ-მეთქი?
- არა, სულ კი არა, რაღაც ნაწილი რომ მიჰყიდო.
- არ მიფიქრია, ბატონო ედუარდ, მაგაზე და არ ვიცი.
შევარდნაძემ უცბად სხვა თემაზე დამიწყო საუბარი.
სინამდვილეში, კი მას ტელევიზიის გაყიდვაზე სურდა საუბარი.
შევარდნაძესთან საუბრიდან კი რატომღაც დამამახსოვრდა, საუბრის ის ნაწილი, რომელიც ტელევიზიის გაყიდვას შეეხებოდა. ჩემი პოზიცია ძალიან დელიკატური მოსინჯეს. საერთოდ დავივიწყებდი ამ საუბარს, მას რომ რაღაც დროის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილამდე არ მივეყვანე.
პუტინის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პატარკაციშვილს და მის პარტნიორს, ბერეზოვსკის, პუტინთან ურთიერთობა გაუფუჭდათ. უფრო სწორად, ბერეზოვსკის გაუფუჭდა, რაც ბადრის მონაყოლის თანახმად, კურსკის ჩაძირვის ამბავს უკავშირდებოდა. ბადრი კურსკის ტრაგედიის გამო პირადად პუტინს ადანაშაულებდა.
მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა მაინც უფრო დიალექტიკური ხასიათისა იყო: იმ ხალხს, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღოდა მის აღზევებაში, პუტინი ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ იმით გადაუხდიდა, რითაც გადაუხადა, ანუ თავიდან მოიშორებდა.
მიუხედავად იმისა, რომ პირადად მას პუტინთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ბადრი უკვე საქართველოში წამოსვლას აპირებდა. ის ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა, მან ბერეზოვსკის, რომელზეც ძებნა გამოცხადდა და რომელიც გადაყვანილი ჰყავდათ ნომერ პირველ მტრის რეჟიმში სოლიდარობა გამოუცხადა და რუსეთი დატოვა. ბერეზოვსკის უარყოფის შემთხვევაში ბადრის რუსეთში ძალიან მშვიდი და ტკბილი ცხოვრება ელოდა. ისევე, როგორც აბრამოვიჩს, მასაც სიბნეფტის აქციებით ფრიად კომფორტულად შეეძლო თავი ეგრძნო.
მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოში ჩამოვიდა. 1999 წლის ბოლოს - 2000-ის დასაწყისში ის უკვე თბილისის დიდი ჭორების და ინტერესის საგანი იყო. წარმოიდგინეთ: 90-იანი წლების ბოლოს გაღარიბებული ქართული ინტელიგენცია, ქალაქი, რომელშიც ცხოვრების დონე მაღალი ნამდვილად არაა, და უცებ რუსეთიდან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ჩამოდის. ბადრის სიმდიდრე კი ასეთი იყო: სიბნეფტის აქციების დაახლოებით ერთი მესამედი ეკუთვნოდა მას, მესამედი - ბერეზოვსკის, მესამედი - აბრამოვიჩს.
სწორედ ამ დროსMუცნაური ამბავი შემემთხვა: უცხოეთიდან უცხო კაცმა დამირეკა და თქვა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მედია-მოთამაშის, ნიუს კორპორეიშენის ევროპის ფილიალის დირექტორს საქართველოში ჩამოსვლა და ჩვენთან საუბარი სურდა.
მართლაც, ამ ტელეკომპანიის ევროპის ფილიალის ვიცე-პრეზიდენტი მარტინ პომპადური ტელევიზიაში გვეწვია. სიმპათიური, მაღალი, ახოვანი, ელეგანტური დასავლელი, განათლებული, ბრწყინვალედ ჩაცმული, პროფესიონალი. მაშინ, 2000 წელს, როცა ასეთი უზარმაზარი მედია-კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი “რუსთავი 2”-ში, მე-17 სართულზე ამოვიდა, პატარა, სადაც ოფისი გვქონდა, თუმცა ჩვენ გვეგონა, რომ ძალიან დიდი იყო და კომფორტული.
გაოცებისაგან ენა გადავყლაპეთ და ყბა ჩამოგვივარდა. ამ კაცმა კი მშვიდად მოგვახსენა, რომ მას და ნიუს კორპორეიშენს ევროპის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის რუმინეთსა და ბულგარეთში სურთ ინვესტიციების ჩადება, რომ რუსეთშიც აქვთ რაღაც ინტერესი, მაგრამ იქ ტელევიზიების მოპოვება უჭირთ, მხოლოდ რადიოებით იფარგლებიან, და რომ შემდეგი მათ სიაში საქართველოა. აქ, რა თქმა უნდა, საუკეთესო ჩვენა ვართ და ამიტომ მზად არიან, ჩვენი საკითხი განიხილონ, მზად არიან, ინვესტიია განახორციელონ, მზად არიან, ხელი მოაწერონ ძალიან დიდი შეთანხმებას, რომელიც ტრენინგსაც გულისხმობს. პირადად ჩემთან რაღაც ხუთწლიანი ხელშეკრულების გაფორმება უნდათ, მე ამერიკაში დამპატიჟებენ, სადაც მედიის, ტელევიზიის მენეჯმენტს მასწავლიან - მოკლედ, კონკიას ამბავი.
ჩვენც სრულიად გულწრფელად, გახსნილები ვესაუბრებოდით, ვეუბნებოდით, რომ კი, გვესმის, რომ ჩვენ ძლიერი ტელევიზია ვართ, მაგრამ მარკეტი ძალიან პატარაა და მულტიპლიკატორი სულ სამი თუ ოთხია, და შეშინებულები ვუყურეთ თვალებში, მართლა სამი თუ ოთხია... ჩვენ ექვსჯერ-შვიდჯერ ნაკლებად დავაფასეთ საკუთარი თავი, რეალურად ტელევიზიის ღირებულება ბევრად მაღალი იყო.
აღტყინებულები ვართ პარტნიორები, უბედნიერესები. ეს რა გვეღირსა! ამერიკული ინვესტიცია! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება ამერიკული ქოლგა, ჩვენ დაცულები ვიქნებით და ვერანაირი შევარდნაძე, ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგვემუქრება! ცალკე ცოდნა, ცალკე ტელევიზიის განვითარება, ამერიკული ოცნება ახდა!
უცნაური ამბავი აეროპორტში შეგვემთხვა, როცა ჩვენს მაღალ სტუმარს ვაცილებდით. ძველ აეროპორტის შენობაში მარცხენა მხრიდან იყო ვიპი, არა სამთავრობო, არამედ ჩვეულებრივი ვიპი. აი, ამ ვიპში მივედი, რომ მომსახურების ღირებულება, რამდენიმე ათეული ლარი გადამეხადა, და მითხრეს, რომ სტუმრის მომსახურების ფასი გადახდილია. ძალიან გაკვირვებულმა ვიკითხე, ვინ გადაიხადა-მეთქი. აი, ბატონმა გოგი ჯაოშვილმა გადაიხადაო.
მივესალმე, ხელი ჩამოვართვი, წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო. ვკითხე, ეს რატომ გააკეთეთ-მეთქი, და უცბად მივხვდი, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს იცნობდნენ, ეს პომპადურის გარემოცვა და ჯაოშვილი ერთად არიან.
მაშინ ვერაფერს ვერ მივხვდი. რამდენიმე დღის შემდეგ რამდენიმე ჩემს ნაცნობს ვკითხე, ვინ არის გოგი ჯაოშვილი-მეთქი, და ბოლოს მითხრეს, რომ ის არის ბადრი პატარკაციშვილის თანაშემწე და უახლოესი მეგობარი იყო. ყველაფერი გაირკვა: შევარდნაძის ნათქვამი, რუსი ოლიგარქის ვინაობა, რომელსაც ტელევიზიის ნაწილი უნდა ეყიდა...
ბადრიმ სხვა სქემით ითამაშა, გადაწყვიტა, თვითონ არ გამოჩენილიყო და ამერიკელების სახელს ამოფაროდა. სწორად გათვალა - მიხვდა, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, ტელევიზიის ბიზნეს-ფასს დავასახელებდით, ის კი ჩრდილში დარჩებოდა და მთელი ისტორია, ასე ვთქვათ, რაფინირებულად იქნებოდა შეფუთული. მაგრამ ამ შემთხვევის გამო თვალები ამეხილა. კიდევ იყო რაღაც დეტალები, ჯერ კიდევ პამპადურის ჩამოსვლამდე, როცა ჩვენი კომპანიის შესასწავლად რამდენიმე ჯგუფი რატომღაც რუსეთიდან ჩამოვიდა. ძალიან მიკვირდა. მერე ერთ წევრს სავიზიტო ბარათი გამოვართვი, ზედ ეწერა: “ლოგოვაზ ნიუს კორპი”. ბერეზოვსკის და პატარკაციშვილის “ლოგოვაზი” ცნობილი კომპანია იყო, მაგრამ “ლოგოვაზი” და “ნიუს კორპი” თუ პარტნიორები იყვნენ, წარმოდგენა არ მქონდა. პასუხად კითხვაზე, ჩვენ “ნიუს კორპს” ველაპარაკებით თუ “ლოგოვაზს”-მეთქი, მოგვახსენეს: “იცით რა, თქვენ ხომ რუსულად ლაპარაკობთ, ინგლისურად ვერ ლაპარაკობთ, ამიტომ, ბუნებრივია, რუსულენოვან სპეციალისტებს ვგზავნით. მხოლოდ ამის გამო. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს მეგობრები რუსეთში, მაგრამ ეს თქვენ არ გეხებათ.”
საბოლოო ჯამში, ყველაფერი გასაგები გახდა და ბადრის შევუთვალე, რომ თუ საუბარი ტელევიზიის ყიდვა-გაყიდვას ეხება, მოდი, ჩვენ დავილაპარაკოთ და ამ ეშმაკობას თავი დაანებე-მეთქი.
2000 წლის გაზაფხულზე ბადრის შევხვდი.
(გაგრძელება იქნება)